ზურა ვაზაგაშვილის მკვლელების დასჯა  ყველა პარტიამ და ორგანიზაციამ ერთად მოითხოვა

ზურა ვაზაგაშვილის მკვლელების დასჯა ყველა პარტიამ და ორგანიზაციამ ერთად მოითხოვა

სანაპიროზე, დინამოს კორტებთან, 5 წლის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის მიერ ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ადგილას გამართულ აქციაზე, უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. 

ამ აქციის დაწყებამდე თბილისის ქუჩებში თითქმის სამი საათის განმავლობაში დადიოდა მანქანების კოლონა, სიგნალებით, სხვადასხვა პარტიების დროშებით და ასეთი შინაარსით პლაკატებით - ”დაისაჯნონ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელები”, ”არ შეგრჩებათ ზურა ვაზაგაშვილი”. კოლონას წინ მიუძღვოდა მიკროავტობუსი, რომელზეც გაკრული იყო 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის ფოტოკადრები და ასეთი შინაარსის პლაკატები: ”გადაარჩინე სიცოცხლე”, ”დაისაჯნონ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელები: ზურა ადეიშვილი, მერაბ ბაღათურია, გიორგი ცააძე, ირაკლი ქადაგიძე, ირაკლი ფირცხალავა, ოთარ მირზოევი”.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ახლოს, ზურა ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ ”ჯაზუსთან” შეკრება თორმეტის ნახევარზე დაიწყეს. პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა მანქანებზე დროშები დაამაგრეს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა - პლაკატები, ზურა ვაზაგაშვილის ფოტოთი. იქ იყო ”ეროვნული ფორუმის”, ”ქრისტიან-დემოკრატების”, ”ქართული პარტიის”, ”კონსერვატორების”, ”დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” და ”ხალხის პარტიის” დროშები. იქ იყვნენ ”ობიექტივის”, ”რატომის” და ”არას” აქტივისტები.

50-მდე მანქანისგან შემდგარი კოლონა, რომელსაც წინ მიუძღვოდა მიკროავტობუსი, ხმის გამაძლიერებლით, 11.48 წუთზე დაიძრა. მიკროავტობუსში, მძღოლის გვერდით ჯაბა ჯიშკარიანი იჯდა და თბილისის ქუჩებში გამვლელ-გამომვლელებს, თითქმის სამი საათის განმავლობაში მოუწოდებდა კორტებთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა მიეღოთ და ამით უარი ეთქვათ ძალადობისთვის და უსამართლობისთვის.

კოლონა ”ჯაზუდან” ვაჟა-ფშაველაზე ჩამოვიდა და გამზირის ბოლოსკენ გაემართა. მანქანების კოლონა მოდულის შენობას, რომ გაუსწორდა, ასეთი შეძახილები ისმოდა: ”საქართველო ვანო მერაბიშვილის გარეშე”, ”საქართველო დათა ახალაიას გარეშე”, ”საქართველო სააკაშვილის გარეშე”, ”დაისაჯნონ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელები”, ”მიეცით პროტესტის სიგნალი”, ”უთხარით არა ძალადობას”, ”უთხარით არა უსამართლობას”.

სიგნალების ხმა განსაკუთრებით გამაყრუებელი სწორედ მოდულის შენობასთან იყო, რადგან კოლონაში მდგომების გარდა გამვლელ-გამომვლელი მანქანებიც ასიგნალებდნენ. კოლონამ ვაჟას ძეგლთან მოუხვია და მოდულის შენობასთან მეორედ ჩაიარა, დაახლოებით იგივე შეძახილებითა და სიგნალებით, რის შემდეგაც სასჯელაღსრულების სამინისტროს ჩაუარეს, შეძახილებით - ”დაისაჯოს მკვლელი მინისტრი კალმახელიძე”, ”საქართველო სიკვდილის ბრიგადების გარეშე”, ”2 საათზე კორტებთან ზურა ვაზაგაშვილის ხსოვნის აქცია - მოდი, გააპროტესტე ძალადობა; მოდი გააპროტესტე უსამართლობა”, ”კიდევ ერთხელ მივცეთ პროტესტის სიგნალი”, ”დუმილი ნიშნავს თანამონაწილეობას”.

კოლონა ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან 12.52 წუთზე ასეთი შეძახილებით მივიდა: ”საქართველო ადეიშვილის გარეშე”, ”საქართველო მკვლელების გარეშე”, ”საქართველო ზურა ვაზაგაშვილის მკვლელების გარეშე”. სიგნალების ხმა ჯაბა ჯიშკარიანის თხოვნით შეწყდა - ”შევწყვიტოთ სიგნალები და მოვასმენინოთ როგორ ესროდნენ 2006 წლის 2 მაისს ზურა ვაზაგაშვილს”. კოლონა ორი წუთის განმავლობაში პროკურატურასთან გაჩერებული იყო. ჯიშკარიანის მოწოდებების ნაცვლად ისმოდა აუდიოჩანაწერი, სროლის ხმით - ”აი, ასე ესროდნენ პოლიციის და სპეციალური რაზმის თანამშრომლები ჩვენს თანატოლს, ზურა ვაზაგაშვილს, ხუთი წლის წინ”.

პროკურატურიდან კოლონამ შსს-ს ძველ შენობასთან გადაინაცვლა და იქაურობას გამაყრუებელი სიგნალებით წრე ოთხჯერ დაარტყა, შეძახილებით - ”დაისაჯნონ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელები, ქართული პოლიცია მკვლელების გარეშე”, ”საქართველო მერაბიშვილის გარეშე”, ”ქართული პოლიცია ზურა ვაზაგაშვილის მკვლელების გარეშე”. ბუნებრივია, არ ვიცით როგორ იმოქმედა შენობის შიგნით მყოფთა განწყობაზე საპროტესტო სიგნალებმა, შეძახილებმა, მაგრამ ისინი, ვინც შსს-ს შენობის აივნებიდან და ფანჯრებიდან იყურებოდნენ, მშვენიერ ხასიათზე ჩანდნენ - გაღიმებულები და გაბადრულები...

სააკაძის მოედნიდან საბურთალოს ბაზრის მიმართულებით შარტავას ქუჩაზე კოლონამ, რომ გაიარა, 13.27 წუთი იყო. იმ პირთა ჩამონათვალში, ვის გარეშეც საქართველო უნდა იყოს, გიგი უგულავაც მოხვდა - ”საქართველო გიგი უგულავას გარეშე”.

სიგნალებმა და შეძახილებმა ბავშვები ძალიან გაამხიარულა - ისინი კოლონის გამოჩენას ”გადადექი, გადადექის” შეახილებით ეგებებოდნენ.  შუახნის და ხანშიშესულები ადამიანები კოლონის გამოჩენაზე პირჯვარს იწერდნენ, ზოგი ტაშს უკრავდა და მუშტს შემართავდა, სოლიდარობის ნიშნად.  

კოლონა კორტებთან 14.25 წუთზე მივიდა. მოძრაობა ცალმხრივად ხალხის სიმრავლის გამო გადაიკეტა.

მეხუთე წელია ვაზაგაშვილი-ხუბულოვის მკვლელობის ადგილას აქცია იმართება, მაგრამ ასეთი ხალხმრავალი და მრავალფეროვანი არასდროს ყოფილა - იქ იყო ყველა პოლიტიკური პარტია, ”ნაცმოძრაობის” გარდა. ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგნენ დანასისხლად წაკიდებული პოლიტიკური პარტიების ლიდერები. საათზე დაწყებული მიტინგი ოთხის 20 წუთზე დასრულდა. აქვე შევიტყვეთ ისიც, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციების მონაწილოებით მორიგი აქცია 6 მაისს, 16 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება და მიეძღვნება ევროსასამართლოს მიერ გირგვლიანი-ენუქიძის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.