როგორც მოსალოდნელი იყო, საყოველთაო დაზღვევის პროგრამას წლის ბოლოს თანხა დააკლდა. წლევანდელი ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა ნოემბრის დასაწყისში თითქმის მთლიანად ამოწურულია. ჯანდაცვის სამინისტრომ შიდა რესურსით რაღაც თანხა კი გამოძებნა, მაგრამ იგი საკმარისი არ იქნება. სავარაუდოდ, საქმეში ფინანსთა სამინისტრო უნდა ჩაერთოს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის პროგრამების 12 თვის ბიუჯეტის გეგმა 21 მილიონი ლარით გაზარდა. აღნიშნული თანხა სამინისტრომ მოიძია სხვა პროგრამების ხარჯების შემცირების შედეგად, კერძოდ ადმინისტრაციული ხარჯების გეგმა შემცირდა 2.3 მილიონი ლარით, სოციალური დახმარებების გეგმა შემცირდა 14 მილიონი ლარით, ხოლო სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის და აღჭურვის ბიუჯეტი შემცირდა 5.8 მილიონი ლარით.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი უკვე 21 მილიონი ლარით გაიზარდა, წლის ბოლომდე ამ მიმართულებით სამინისტროს დასახარჯად დარჩენილი აქვს 30 მილიონი ლარის რესურსი, როცა იანვარ-ოქტომბერში თვეში, საშუალოდ, 65 მილიონი ლარი იხარჯებოდა. აქედან გამომდინარე, სამინისტროს მოუწევს დამატებით 100 მილიონამდე ლარი მოიძიოს. ასეთი მოცულობის რესურსის მოსაზიდად კი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება იქნება საჭირო.
ყველაზე მეტი თანხა, რასაკვირველია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას აკლდება. ე.წ. სახელმწიფო დაზღვევას თვეში დაახლოებით 45 მლნ სჭირდება. რამდენადაც 2015 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით 470 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და ეს თანხა თითქმის მთლიანად ათვისებულია, დასამატებელი თანხის ლომის წილი სწორედ საყოველთაო ჯანდაცვაზე მოდის.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძეც ადასტურებს, რომ თანხის დამატება აუცილებლად დასჭირდება. ოღონდ თუ რა დამატებითი რესურსი იქნება საჭირო, მინისტრის მოადგილე ასე აკონკრეტებს:
„ეს ძნელი დასათვლელია, ანაზღაურების მექანიზმიდან გამომდინარე. თვის დასრულების შემდეგ, მომდევნო თვის განმავლობაში კლინიკა წარმოადგენს შესაბამის ანგარიშს სოციალური მომსახურების სააგენტოში. მას აქვს უფლება, სამი თვის განმავლობაში წარმოადგინოს საბუთები და ეს თავად მისი მენეჯმენტის გადასაწყვეტია. ამის შემდეგ იწყება ანგარიშის დამუშავება. ხელაღებით, მხოლოდ კლინიკის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს ვერ დავეყრდნობით. ამ მონაცემების დამუშავებისთვის 30 სამუშაო დღეა განსაზღვრული. დამუშავებას, შესაძლოა, თანხების კორექტირება მოჰყვეს“, - აცხადებს სოფრომაძე.
როგორც აღვნიშნეთ, წელს პროგრამის ბიუჯეტი 470 მილიონ ლარს შეადგენს: „სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაგვჭირდება თანხის დამატება. მთავრობა, ცხადია, საქმის კურსშია და თუ პროგრამას რესურსი დააკლდა, იგი იქნება მოძიებული, რათა არ შეწყდეს პროგრამის განხორციელება“, - აცხადებს სოფრომაძე.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად აქვს. ბოლო რამდენიმე თვეა ხელისუფლების ოპონენტები და სპეციალისტთა ნაწილი ამაზე აქტიურად საუბრობს. ნაცმოძრაობაში ამბობდნენ, რომ პროგრამას ფული არ ყოფნის და წლის ბოლოს ბენეფიციარებს ჯანდაცვაზე ხარჯის გაწევა საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. საპირისპიროს ამტკიცებდნენ ჯანდაცვის სამინისტროში.
სოფრომაძის თქმით, პროგრამის სრულყოფილად განხორციელებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება: „სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაგვჭირდება თანხის დამატება. მთავრობა, ცხადია, საქმის კურსშია და თუ პროგრამას რესურსი დააკლდა, იგი იქნება მოძიებული, რათა არ შეწყდეს პროგრამის განხორციელება“.