„ჩვენ ყველამ ვიცით ამ ქვეყანაში ვისი რა არის, ჩვენ ისიც ვიცით დღევანდელი ხელისუფლება რა შეცდომებს უშვებს, რა არის მის საქმიანობაში მართალი და რა არის სახელისუფლო რესურსის გამოყენება, რა შემთხვევაში ხდება და ამაზეც ხშირად ვსაუბრობთ, კიდევ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ. მხოლოდ ამ გზით შეიძლება „რუსთავი 2“-ის, როგორც მაღალი რანგის და ავტორიტეტული ტელეკომპანიის შენარჩუნება და არა პროვოკაციებით და ქვეყნის გარედან დადგენილი არეულობის ორგანიზების მეშვეობით,“ - აცადებს „აიპრესთან“ საუბრისას ექსპერტი ვაჟა ბერიძე.
- „რუსთავი 2“-მა ახალი ინიციატივა გააჟღერა, ეს გახლავთ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა ტელევიზიაში. როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა განაცხადა: ეს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა განაპირობა. როგორ ფიქრობთ რამდენად გადაჭრის ეს იმ პრობლემებს, რის წინაშეც ტელეკომპანია ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი ჩანაწერების გავრცელების შემდგომაც დადგა?
- ვიდრე ამ ინიციატივას შევაფასებდე, უნდა მომცეთ საშუალება, რომ რამდენიმე მომენტზე გავამახვილო ყურადღება, ვიდრე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებდე. პირველი - არ უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ, რომ „რუსთავი 2“ მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებული თავისი პროდუქტით არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია. ეს არის ამოსავალი ჩვენი შემდგომი მსჯელობისა და დამოკიდებულების. მეორე - აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა ბოლო დღეებში ფართოდ გამოყენებულ ტერმინს „კრიტიკული მედია“, რაც არის უკიდურესად პირობითი, იმდენადად რამდენადაც, ჩემი აზრით, თავისუფალი მედია ან არსებობს ან არ არსებობს. მედია ან არის თავისუფალი ან არის რაღაც აზრების, კითხვების, გამოთქმების პროპაგანდისტული ან სხვა სახის ყვითელი ამბავი.
კრიტიკულობა ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა მედიისთვის, როგორიც მაგალითად, სუნთქვა ადამიანისათვის. ამიტომ აქ მანიპულირება და სიტყვების თამაში აბსოლიტურად ზედმეტია. „რუსთავი 2“ წლების განმავლობაში იყო ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი. ამის აღიარების და შეფასების გარეშე ყველანაირი გულწრფელი განცხადება იქნება კონიუქტურული მანევრი, მათ შორის ისეთი გონიერი პიროვნების და კარგი ჟურნალისტისგან, როგორიც არის გიორგი ლაფერაშვილი.
- თვითონ საბჭოს შექმნა იმ შემადგენლობით, როგორითაც დასახელდა, რამდენად შეუწყობს ხელს ტელეკომპანიის მიერ გაცხადებული მიზნის განხორციელებას?
- საბჭოს წევრებზე მაინც და მაინც არ მაქვს დიდი სურვილი გამოვთქვა მოსაზრება, თუმცა, რადგან მკითხეთ, გეტყვით. დასახელებული პირები და ორგანიზაციები, ჩემი აზრით, პროფესიული თვალსაზრისით, კომპეტენტურები არიან, მაგრამ ხაზს ვუსვამ ასევე, ჩემი აზრით, თავისუფალი მედიის, რომელიმე ტელეკომპანიის ან ბეჭდური მედიის გამოცემის საზოგადოებრივი საბჭოსათვის ისინი არიან შეუსაბამო, რადგან არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული ან მათთან კავშირში მყოფი პირები და ორგანიზაციები.
ისინი ყველა ეტაპზე თავისი საქმიანობის, აფიქსირებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვებთან, საქმიანობასთან, მათ პოლიტიკასთან ახლოს მდგომ შეხედულებებს.
აი, 26 მაისის დარბევასაც თუ გავიხსენებთ, როდესაც ბურჯანიძის მიერ ორგანიზებული აქცია იქნა დარბეული, მაშინაც ეს ყველაფერი „გააპრავა“ თამარ ჩუგოშვილის მიერ რამდენიმე საათით ადრე გაკეთებულმა განცხადებამ. ის საიას ლიდერი გახლდათ მაშინ, რომელმაც თქვა აი, იწურება 12 საათი, ნებისმიერი მეთოდით და საშუალებით შეუძლია გაწმინდოს ხელისუფლებას მოედანიო. და გახსოვთ, სასტიკი მეთოდები იქნა გამოყენებული, რომელიც შემდეგ საიას არ დაუგმია მაინცდამაინც მკაფიოდ და ცალსახად. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თუ ამ ფორმით და ამ შემადგენლობით ჩამოყალიბდება ეს საბჭო, იქნება ისევ მიხეილ სააკაშვილის და ე.წ. ფსევდომფლობელების ყარამანიშვილების მიერ რეკომენდებული შემადგენლობა და ისევ ნაციონალების და ოდესის გუბერნატორის ქვეშ დარჩება „რუსთავი 2“.
მე ვურჩევ პირადად „რუსთავი 2“-ს, რომ ასეთი საბჭო თუ შეიქმნება, შექმნილი იქნას საზოგადოებაში თავისი მიუკერძოებელი პოზიციის მქონე ადამიანებისგან. იმათგან, ვისაც საზოგადოებაში ავტორიტეტი აქვს და არა იმავე ყოფილი გენ.პროკურორის, რომლის დროსაც მართმსაჯულებას რა პრობლემებიც ჰქონდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მისით და რამდენიმე ელიტარული ჟურნალისტით ეს საბჭო არ უნდა დაკომპლექტდეს. მე ვურჩევ აი ამ კვალიფიციურ ჟურნალისტებს, მე ძალიან მომწონს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების კვალიფიკაცია, მაღალი დონის პროდუქტს აკეთებენ, დამსახურებული ავტორიტეტიც აქვთ, მათ ვურჩევ, რომ პირველ რიგში დაგმონ ის საინფორმაციო პოლიტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებდა „რუსთავი 2“, ის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრაქტიკა, რაც არსებობდა ამ არხზე.
ჩვენ ვიცით და გვინახავს ადამიანები, რომლებიც მოწმეები ყოფილან, თავის კაბინეტში კედელზე როგორ მიდიოდა გადაცემები და როგორ კარნახობდა ამ თუ იმ გადაცემის პროდიუსერს მიხეილ სააკაშვილი თავისი კაბინეტიდან რა უნდა ეთქვა გადაცემის წამყვანს. ეს პრაქტიკა უნდა დაგმონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასონ ყველაფერი.
შეფასების გარეშე განცხადება იმისა, რომ ჩვენ ამიერიდან არ ვიქნებით არც ერთ პოლიტიკასთან ასოცირებულებიო, ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის არ არის დამაჯერებელი. საერთოდ, რაღაც აპოკალიპსის შექმნას სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით, ვფიქრობ, არანაირი ნიადაგი არ აქვს, რადგან ამ განაჩენის გასაჩივრება შეიძლება, შეიძლება აღსრულების გადადება, შეიძლება მოითხოვო საერთაშორისო დონეზე ამ საქმის მიყოლა და ასე ვთქვათ, ამ გზით სიმართლის პოვნა თუ ეს სიმართლე არის იმ მხარეს, რომელსაც „რუსთავი 2“-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა გულშამატკივრობს. ჩვენ ყველამ ვიცით ამ ქვეყანაში ვისი რა არის, ჩვენ ისიც ვიცით დღევანდელი ხელისუფლება რა შეცდომებს უშვებს, რა არის მის საქმიანობაში მართალი და რა არის სახელისუფლო რესურსის გამოყენება, რა შემთხვევაში ხდება და ამაზეც ხშირად ვსაუბრობთ, კიდევ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ. მხოლოდ ამ გზით შეიძლება „რუსთავი 2“-ის, როგორც მაღალი რანგის და ავტორიტეტული ტელეკომპანიის შენარჩუნება და არა პროვოკაციებით და ქვეყნის გარედან დადგენილი არეულობის ორგანიზების მეშვეობით.
- უამრავი მაგალითია იმის, რომ სხვა ქვეყნებშიც არის ტელევიზიები რომლებიც შესაძლოა ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს გამოხატავდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე სახის ზეწოლა უნდა განხორციელდეს ამ ტელევიზიაზე. ეს არის კონკრეტული ტელევიზიის გადაწყვეტილება ვის სამსახურში გადაწყვეტს ყოფნას. ამასთან დაკავშირებით რა პასუხი გექნებოდათ?
- ამასთან დაკავშირებით პასუხი მაქვს ცალსახა. კანონი არ ზღუდავს არცერთ ტელეკომპანიას მოსწონდეს ან მხარს უჭერდეს რომელიმე პარტიის პოლიტიკურ კურსს და ეს აისახებოდეს მის თუნდაც საინფორმაციო პოლიტიკაში ან საეთერო პოლიტიკაში. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში არსებობს საინფორმაციო პოლიტიკა, რომელსაც აქვს კანონზომიერებები. ეს საინფორმაციო პოლიტიკა პირდაპირ ბმაშია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან. არსებობს საინფორმაციო სივრცეზე მოქმედი უამრავი თანამედროვე ფორმები და მეთოდები, რომლებიც შეუმჩნეველია ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, რაღაც 25-ე კადრამდე აყვანა ამ თემის არ იქნება მიზანშეწონილი, მაგრამ ხდება ზეწოლა გარკვეული მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირების.
აქ საჭიროა გარკვეული ზღვარის გავლება. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგად იციან იმავე ევროპაში და აქვთ ამის უზარმაზარი გამოცდილება იმიტომ რომ ევროპული დემოკრატიის თანამედროვე დონე ერთ მშვენიერ დღეს არ დაბადებულა. მაგალითად, ნატოს წევრ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში თურქეთში ორი ტელეკომპანია და ორი ბეჭდური გამოცემა შტურმით აიღო სახელმწიფო ძალებმა და შეაჩერა მათი ფუნქციონირება. ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ფაქტებისაგან. ეს არის დასაგმობი და ცუდი, მით უმეტეს ისეთ ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიის გზაზე ახალი შემდგარნი ვართ. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ ასეთი უხეში მეთოდებით მედიის თუნდაც კანონის ჩარჩოებიდან გასვლა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიყენებული ზიანი არ დაისაჯოს, მაგრამ ყველაფერი უნდა ხდებოდეს საჯაროდ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ტელევიზიას უნდა ჰყავდეს კონკრეტული მფლობელი და არა ცრუმაგიელი პირები. თქვენ გახსოვთ ალბათ როგორ იყო ეს ტელევიზიები ობშორებში დარეგისტრირებული, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში, როგორ ეპატია მრავალიმილიონი იმავე რუსთავი2-ს. ეს თავისთავად ძალიან საინტერესო მოვლენებია და ამას სჭირდება საზოგადოებრივი განსჯა და ჩაღრმავებული ანალიზი.