ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი გამოკვეთილი სახე, კულტურის ექსმინისტრი და ექსდეპუტატი ნიკა რურუა ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ყველა აქტუალურ მოვლენას აფასებს. როგორც ექსკლუზიურ ინტერვიუში გავარკვიეთ, საზოგადოებრივმა მოძრაობამ ,,ივერია'', შეიძლება, ანონსის მიუხედავად, 2016 წლამდე პარტიად ჩამოყალიბება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს. თუმცა ეს პასიურობას არ ნიშნავსო, ამბობს ნიკა რურუა და მძიმე შეფასებების პარალელურად, გაუპატიურების უძიმესი კადრების შესახებ მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციასაც ექსლუზიურად გვიზიარებს. საუბარს კი საქართველოში დაანონსებული და ხშირად, არშემდგარი შეთქმულებებით ვიწყებთ.
- ქვეყანაში შეთქმულების თეორიები ისევ აქტუალურია. თუ აჭარაში, 2004 წელს გენერალ დუმბაძის აჯანყება რეალური იყო, ყველა შემდეგი ერთმანეთზე არასერიოზული ჩანდა. დუმბაძე 2008 წელს რუსეთმა ორ ქართველ ტყვეში გაცვალა, მერე დუმბაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რითაც, გარკვეულწილად, ღალატი დაადასტურა. ბურჯანაძეს, ბიწაძეს, ხაინდრავას, გიორგაძის 12 მომხრეს, ოქრუაშვილს, პატარკაციშვილს, დღეს უკვე ნაციონალებს, ასე იოლად უნდა ვუწოდოთ სამშობლოს მოღალატეები?
- რამდენიმე შემთხვევა ნამდვილად გადატრიალების მცდელობა იყო. ასლან აბაშიძემ, ფაქტობრივად, სეპარატისტული რეჟიმი დააანონსა და აჭარის შეიარაღებული ძალები კონსტიტუციის ფარგლებიდან გაიყვანა. დაუმორჩილებლობა იყო ისიც, რაც ზემო აფხაზეთში, კვიციანის თაოსნობით მოხდა. ეს გადატრიალების მცდელობა არ ყოფილა, მაგრამ სამხედრო დაუმორჩილებლობა იყო.
- მაშინ ხელისუფლებამ ჯერ თავად შეაიარაღა კვიციანი და მერე მისი დაჯგუფება უკანონო ფორმირებად სცნო. ეს არ იყო კვიციანის ბრალი.
- ასეა, მაგრამ, როცა უკვე უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება ხარ, ქვეყნის ხელისუფლებას უნდა დაემორჩილო.
- იმის მიუხედავად, რომ ფიქრობ, შენი ხელისუფლება კოდორს აბარებს?
- რას ჰქვია, აბარებს?! კვიციანის ვერცერთ სიტყვას ვერ დავიჯერებ, რადგან ამის მერე ისიც სწორედ რუსეთში იმალებოდა. სახელმწიფო გადატრიალებების საფრთხე საქართველოში სულ არსებობდა. იგორ გიორგაძე ჩვეულებრივი დივერსანტი იყო, რუსი კაგებეშნიკი და მისი პარტია ქვეყნის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ მუშაობას აწარმოებდა. ეს კაცი რუსეთზე მომუშავე, ქართველი გვარის მქონე რუსი ჩეკისტი იყო, რომელსაც სურდა, საქართველო რუსეთის გუბერნიად ექცია. პატარკაციშვილიგელბახიანის შემთხვევაც გადატრიალების მცდელობა იყო. არსებობს ჩანაწერები, სადაც პატარკაციშვილის გეგმები ისმის, მაშინდელი შს მინისტრის ჩამოგდების, არჩევნების ვითომ გაყალბებისა და სახალხო აქციების გზით მღელვარების გამოწვევის შესახებ. ნინო ბურჯანაძეს კი პროვოკაციის მოწყობა სურდა და მას ეს გამოუვიდა - ბურჯანაძე წარმატებული პროვოკატორია, რადგან მან 26 მაისს სახელმწიფო ამაზე წამოაგო! გვახსოვს ხიდების აფეთქება ასლანის დროს, შეიარაღებული დაუმორჩილებლობა კვიციანის დროს, ბურჯანაძისა და მისი ვაჟის სატელეფონო ჩანაწერები და უტიფარი გეგმები. ეს ყველაფერი ამ ადამიანების განზრახვაზე მიანიშნებს და არა უშუალოდ გადატრიალებაზე.
- ყველა ჯერზე იყო საკმარისი არგუმენტი შეთქმულების მუხლით გამოძიების დასაწყებად?
- კი, საკმარისი იყო... ბევრ ადამიანს მაშინ ბრალი არც წაყენებია. არის რაღაც დეტალები, რაზეც, სჯობს, მაშინდელ ძალოვნებს ესაუბროთ.
- დღეს რა ხდება? მახსოვს, დაწერეთ, რომ ხელისუფლებას ჰალუცინაციები დაეწყო.
- დღეს რაც ხდება, სიბრიყვის ან რუსეთის პროვოკაციაზე შეგნებულად წამოგების ფაქტია. საქმის აღძვრა იმაზე, რაც ე.წ. ვიკილიქსზე, რუსეთში დარეგისტრირებულ გაყალბებულ საიტზე დაიწერა, უბრალოდ, კომიკურია. რეალურად, ადამიანები ვისაც იქ იხსენიებენ, ბოკერია და სააკაშვილი, ღიად ესწრებოდნენ სახალხო პარტიის თავყრილობას და ბილეთების რიგში სალაპარაკო ნამდვილად არაფერი სჭირდათ. დღევანდელი ,,შეთქმულება'' არასერიოზული, სამარცხვინო და პანიკურია.
- თუმცა, ხელისუფლების ნაწილი ოპოზიციის ისეთ განცხადებებზე აპელირებს, როგორიცაა: თუ არ იქნება ,,რუსთავი 2'', არ იქნება 2016 წლის არჩევნები; თუ ,,რუსთავი 2'' სასამართლოს წააგებს, არსებობს ,,გეგმა ბე'' და ა.შ. ეს არაფერს ნიშნავს?
- ამაში ისეთს ვერაფერს ვხედავ... ნიკა გვარამიას განცხადებას რაც შეეხება, სწორია და მეც ასე ვფიქრობ. ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა, რადგან თუ არ იქნება ტელევიზია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან არ კონტროლდება, მაშინ არც 2016 წლის არჩევნები ჩატარდება ობიექტურად და ის მასობრივად გაყალბდება. გვარამიას ამ განცხადებას მე ასე ვკითხულობ.
- ხელისუფლებაში რომ იყოთ, მაშინაც ასე წაიკითხავდით?
- დიახ, აუცილებლად და არც თავისუფალ სიტყვას დავუწყებდი ბრძოლას.
- ე.ი. რაც ,,იმედზე'' მოხდა 2007 წელს, ეს გადატრიალების მცდელობის ჩახშობა იყო და არა ტელევიზიასთან ბრძოლა?
- ეს იყო პატარკაციშვილის გეგმის ნაწილი, თუმცა ძალიან უშნოდ აღსრულებული ოპერაცია, რომელიც არხზე უხეშად ჩატარდა - დაზიანდა ტექნიკა, გაილახა ხალხი და, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მომხდარიყო. თუმცა, ზოგადად, ,,იმედი'' მაშინ ნამდვილად აპირებდა სამხედრო გადატრიალებას, მასობრივი მღელვარების გამოწვევას ტყუილების თქმით, ვითომ ეკლესიაში შეფარებულ ხალხს არბევდნენ, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევარდნილიყო და ა.შ. ეს ანტიკონსტიტუციური მოწოდებები და გეგმა იყო, რაც შემდეგ პატარკაციშვილის ფირებმაც დაადასტურა. ასე რომ, ,,იმედსა'' და ,,რუსთვი 2''-ზე მომხდარს შორის არანაირი პარალელის გავლება არ შეიძლება. ,,რუსთავი 2''-ს ხელისუფლება იმიტომ გუდავს, რომ ის სარკე დაამსხვრიოს, რომელშიც საკუთარ მინუსებს ხედავს.
- 2001 წელთან თუ შეიძლება პარალელის გავლება - მაშინ შესვლას ,,რუსთავზე'' სამთავრობო ცვლილებები, ჟვანიას გადადგომა მოჰყვა. დღეს რა შეუძლია ,,რუსთავი 2''-ს?
- ,,რუსთავი 2''-ს ახლა ბევრად მეტი გავლენა აქვს, ვიდრე 2001-ში, რასაც ციფრები და რეიტინგი ამტკიცებს. არხს ბევრად მეტი მაყურებელი ჰყავს, ბევრად მეტი შოუ აქვს და უფრო მდიდარი და მნიშვნელოვანი კომპანიაა. წარმოიდგინეთ, 2001 წელსაც ვერ მიაღწია მიზანს ხელისუფლებამ და ამას ახლა, მით უმეტეს, ვერ შეძლებენ. ,,ოცნებამ'' ამდაგვარი სცენარის განვითარება დაიწყო, მაგრამ მგონი, ამ გზის აბსურდულობას მიხვდა და ნელ-ნელა გამოსავალს ეძებს. ვიდრე საქართველო ნატოს სტრუქტურებში არ იქნება ინტეგრირებული, ყოველთვისაა საშიშროება, ჩვენს დემოკრატიას საფრთხე დაემუქროს - იქნება ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა თუ ჩვენი ევროპული მიმართულების ცვლილება.
- კურსის შემობრუნება ახსენეთ. ამის ნიშნებს ხედავთ? თითქოს, ამაზე სხვადასხვა ცნობილი გამოცემის სტატიებში გაფრთხილებაც კი მივიღეთ, თუმცა ხელისუფლება, დეკლარირებულად, არ ცვლის საგარეო კურსსა და მისწრაფებებს.
- პირველ რიგში ,,ვაშინგტონ პოსტმა'' მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე გავლენიანმა გაზეთმა, არაორაზროვნად დაწერა, რომ თავისუფალი სამყარო საქართველოს მთავრობას საკუთარი და ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს. თუ ,,ოცნება'' ამას არ შეისმენს, შესაძლოა, მათ წინააღმდეგ სერიოზული რეაგირების მექანიზმები ჩაირთოს, სანქციებიდან დაწყებული, ანგარიშების დაყადაღებით დამთავრებული. დასავლეთი ამაზე პუტინის წინააღმდეგ წავიდა და რამენაირად, ივანიშვილის წინააღმდეგაც წავა.
- ანუ ეს იყო მესიჯი, რომ საქართველოში რაღაც შეიცვალა?
- არ მინდა აღმოჩნდეს, რომ დეკლარირებულად, ,,ოცნება'' უარს არ ამბობდეს ძველ კურსზე, მაგრამ პრაქტიკულად, ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებდეს, თუმცა ამის ნიშნები სახეზეა. რუსეთისკენ სვლა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმა ნიშნავს და თუ ვინმეს, თავის უჭკუო თავში, ასეთი ილუზია აქვს, დიდი განხიბვლა ელის, რადგან მონობას მონატრებულ ხალხზე ბევრად მაგარმა ადამიანებმა იბრძოლეს ჩვენი თავისუფლებისთვის! შესაძლოა ვიღაცას, უბრალოდ, არასწორი რიტორიკა აქვს და ამას თავადაც ვერ ხვდება, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, ,,ოცნებაში'' შეღწეული რუსული ძალები მიზანმიმართულად მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ,,ოცნებას'' დიპლომატიური ენა არ ესმის, როგორც ჩანს, მათთან ასეთი მუქარაა საჭირო და იმედია, ამ მუქარას მაინც გაიგებენ. ამ დაძაბულ ვითარებაში კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლევს მოწოდებები დაპირისპირების წახალისების შესახებ. მთავრობის მხრიდან სრულიად ველური განცხადებები მოვისმინეთ. ხელისუფლებამ ხალხის ერთ ნაწილს, ფაქტობრივად, მოუწოდა, მეორე ნაწილს დაერიოს. ეს ძალიან საშიში განცხადებაა და ნორმალურ ქვეყანაში, ამის გამო, შესაძლოა, პრემიერი გადამდგარიყო კიდეც. მთავრობას არ სურს აღიარება, რომ ქვეყანაში მართლა დაძაბული ვითარებაა. ხელისუფლება მთელი ერის საყვარელ ტელევიზიას დაპყრობით ემუქრება და სურს, იმას გადააბაროს, ვინც მისი მომავალი ლაქია იქნება.
- და რა დარჩენია ამ ვითარებაში მეორე მხარეს, ,,ერისთვის საყვარელი ტელევიზიის'' მხარდამჭერებს, არის ეს ის თემა, რომლის გამოც, შეიძლება რეალური სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს?
- რა თქმა უნდა... სიტყვის თავისუფლება არის უფლება, რომლისგანაც ყველა სხვა უფლება მომდინარეობს და ის ყველაზე მაღლა დგას! ამიტომ დიახ, ხალხის მხრიდან ეს უფლება მთელი ენერგიითა დასაცავი, რაც ხელისუფლებასაც უნდა აგრძნობინოს! ხელისუფლება სამუდამოდ არ ფლობს ძალაუფლებას, ის დროებითაა დაქირავებული და ეს არ უნდა დაავიწყდეს.
- მერე, ნაციონალურ მოძრაობას ახსოვდა ბოლომდე, რომ ცოტა ხანში შეიცვლებოდა?
- რა თქმა უნდა, მას ჰქონდა გადაცდომები. ნაწილს ნამდვილად ახსოვდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაწილს არ ახსოვდა. ამ ძალის მინისტრთა კაბინეტის წევრი მეც გახლდით და ყოველთვის მახსოვდა, რომ ყველა მთავრობა დროებითია. ამის დღესაც მჯერა - მთავარობაში ყოფნა დროებითი სერვისია. ხალხს თუ კარგად მოემსახურები, მერე კიდევ აგირჩევენ, თუ არადა, შეიძლება, აღარ აგირჩიონ.
- ან შეიძლება, გააყალბო არჩევნები, შეიჭრა უბნებზე, მოიპარო ბიულეტენები და ა.შ. ეს უკვე მოხდა ნაციონალების დროს, წავა ,,ოცნებაც'' იგივე გზით?
- ამას ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ჰქვია, მაგრამ ნაციონალების დროს მსგავსი არაფერი ყოფილა - მან წააგო და მშვიდობიანად გადააბარა ძალაუფლება. წინა მთავრობასაც ჰქონდა გადაცდომები და ამისთვის დიდი პოლიტიკური ფასიც გადაიხადა, ფაქტობრივად, მთელი სახელისუფლო ვერტიკალი დაკარგა. შესაბამისად, დღეს ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაშია და თავი დავანებოთ. ,,ოცნებაა'' ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, ხოლო თუ ,,რუსთავი 2'' არ იქნება, აუცილებლად ასეც მოიქცევა და ამას ვერავინ გაიგებს.
- არადა, დღეს ,,ოცნებას'', პროკურატურას, ძალოვნებს უნიათოებს უწოდებენ, ნაციონალების დროს კი, პირიქით, პოლიციური სახელმწიფო, ძლიერი პროკურატურა გვქონდა. სად არის ოქროს შუალედი, როგორ ფიქრობთ?
- დღეს ხელისუფლება უნიათო კი არა, არაკომპეტენტურია. პროკურატურა ამათ ხელში სადამსჯელო ორგანოდ გადაიქცა. რის გამოც დღეს უგულავა ციხეშია, ,,ოცნება'' თავად აკეთებს. რატომ ზის ციხეში ბაჩო ახალაია, როცა 12 საქმიდან 11 ვერ დაუმტკიცეს?! კაცი ქვეყანაში დაბრუნდა და შეგნებულად წარსდგა სასამართლოს წინაშე, მათ კი სასწრაფოდ ციხეში ჩასვეს. ,,ოცნება'' ვერ მუშაობს კი არა, არასწორი მიმართულებით მუშაობს, რადგან ახლა ბევრად რეპრესიული სახელმწიფო გვაქვს, ვიდრე ადრე. ტყუილია, რომ უნიათოები არიან, უბრალოდ, არასწორად, არადემოკრატიულად იქცევიან. ნახევარი ოპოზიცია ციხეში ზის და 10 000-ობით კაცია დაკითხული!
- და რა მიიღეს ამით, ნახევარი ოპოზიცია ციხეშია და სამართლიანობის აღდგენის განცდა მაინც არ არის.
- კარგი არაფერი მიუღიათ. ეს არის გზა არსაით - ეს ჩიხია! სამართლიანობას დაჭერებით ვერ აღადგენ, ის დამსხვრეული კოკა არ არის, რომ შეაწებო. ყველას თავისი სამართლიანობა აქვს და ეს ცნებაც ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის. სამართლიანობის აღდგენა ხელისუფლებისთვის შურისძიებას ნიშნავს და არა სამართლის დაცვასა და კანონის უზენაესობას. ,,სამართლიანობის აღდგენა'' კი პოეტური, ბელეტრისტიკული ტერმინია, რაც უბრალოდ, უსინდისო და ტყუილი დაპირება იყო. ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის დაპირებები, თუნდაც ,,იაფი ფულის'' შესახებ, ხალხის გაძლიერების კი არა, მისი ,,გაპარაზიტების'' მცდელობა იყო. ეს კაცი ამ ფოკუსებითა და კიდევ, ,,ცოცხების'' დადგმული კადრებით, რაფალიანცის ტრაგედიით მოვიდა ხელისუფლებაში.
- დადგმული კადრი შეიძლება, იყო ცოცხები, მაგრამ არა ,,კარანტინის დაშლა'' და გაუპატიურების, წამების ფირები, რაც ხელახლა დატრიალდა.
- მთავარი სწორედ ცოცხების კადრი იყო, რომელმაც ყველაფერი გადაწონა. რაც შეეხება ახლა გავრცელებულ კადრებს, მეც მაინტერესებს მოტივების ბოლომდე დადგენა.
- კონკრეტულად რისი დადგენა გსურთ, რატომ ინახავდა ამ კადრებს ნაციონალური მოძრაობა?
- არა, ნაციონალური მოძრაობა აქ არაფერ შუაშია. მაინტერესებს, რა მოტივით გაავრცელა ეს კადრები ,,ქართულმა ოცნებამ''; მაინტერესებს, საერთოდ რა არის ამ კადრების გადაღების, ამ სადისტური საქმის ჩადენის მოტივი და რატომ გაკეთდა ეს მაინცდამაინც საოკუპაციო ხაზთან. ჩემი ინფორმაციით, ეს არის კონტრდაზღვერვის ერთი, გალში მომუშავე ჯგუფის ინიციატივა. მათ ამ სრულიად კრეტინული მეთოდით, რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და სეპარატისტებს გადაუხადეს სამაგიერო, რადგან ისინი ქართველ აგენტებს სწორედ ასევე იჭერდნენ, აუპატიურებდნენ, უღებდნენ და შემდეგ ხვრეტდნენ კიდეც. ამ ჯგუფმა, ამის ჩადენითა და გადაღებით, თავისი ჭკუით, ,,აბაროტი'' აიღო. ჯერჯერობით, სულ ეს ინფორმაცია მოვიპოვე ამ თემაზე. რა თქმა უნდა, ეს არავის დანაშაულს არ ამსუბუქებს. უბრალოდ, როგორც გავარკვიე, ასეთია ამ კადრების წარმომავლობა. აი, ეს არის სპეცსამსახურების მხრიდან სამსახურეობრივი გადაცდომისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ქეისი, რაც აღარ უნდა განმეორდეს.
- როდინდელია ეს კადრები, ან ხელისუფლებამ თუ იცოდა მისი არსებობის, სამალავების შესახებ?
- სხვა არაფერი ვიცი. იმ კადრებში სეპარატისტები და რუსების აგენტები არიან. ეს ყველაფერი მაშინ გავიგე, როცა კადრები პირველად დატრიალდა. თუმცა ამის გამოყენება პოლიტიკურ თამაშებში, ვფიქრობ, სრულიად ამორალურია. ეს დიდი საზიზღრობაა!
- დარწმუნებული ხართ, რომ ამ კადრებს ,,ოცნება'' ავრცელებს და არა რუსული სპეცსამსახურები, ქვეყანაში დაპირისპირების გამოსაწვევად?
- შესაძლოა, ამას აკეთებდეს ,,ოცნება'' ოპოზიციის წინააღმდეგ, თითქოს, დაკითხვების ეს კონკრეტული კადრები მთელ ქვეყანაში დაკითხვების პროცესის მიმდინარეობას ასახავდეს. ეს სრული სიცრუეა! ვიმეორებ, ეს იყო ერთი თავზეხელაღებული ჯგუფის სადიზმი, რომელიც მხოლოდ გალის მიმართულებით მუშაობდა. ეს ყველაფერი შესასწავლი, გამოსაძიებელია და ბრძანების გამცემიცა და შემსრულებელიც სასტიკად უნდა დაისაჯოს! თუ ,,ოცნება'' ბრძოლას ამ მეთოდებით აპირებს, მაშინ იმაზე ცუდად დაამთავრებს, ვიდრე ნაციონალურმა მოძრაობამ დაასრულა 2012 წლის არჩევნებში. თუმცა ნამდვილად არსებობს იმის დიდი შანსი, ამ კადრებს რუსეთი აკეთებდეს. მაშინ ამაზე მით უმეტეს არ უნდა წამოვეგოთ! ახლა რუსეთს ერთი სურვილი აქვს - ,,ოცნების'' გამარჯვება კი არ უნდა, სურს, საქართველო აღარ არსებობდეს. ამიტომ თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, რადგან ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ერთ სივრცეში საცხოვრებლად ვართ განწირულნი.
- დღეს თანაცხოვრება ოფისების შეღებვაში, მეორე მხრივ, ოფისებზე ცოცხების მიკვრაში, ლოკალურ აქციებში გამოიხატება, მერე წამების კადრების მოედნებზე საჯაროდ ჩვენებაში - სად არის გამოსავალი?
- ეს ყველაფერი გულისამრევია, ვინც უნდა აკეთებდეს. თუმცა როცა ამას ადგილობრივი ხელისუფლებაც აკეთებს, პირველ რიგში, სწორედ ისაა დამნაშავე ვითარების დაძაბვაში. ერთმანეთისთვის კვერცხების სროლა მერე, შეიძლება, აგურებისა და თოფის სროლაში გადაიზარდოს - ეს არის გზა არსაით! ამიტომ იმედი მაქვს, შემდეგი არჩევნები უფრო რეალისტურ დაპირებებზე ორიენტირებული იქნება და არა ფსიქოლოგიურ ქიმერებსა და ემოციურ პორნოგრაფიაზე.