ინტერნეტის მონოპოლიზების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა

ინტერნეტის მონოპოლიზების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადება კომპანიების წილების შერწყმის თაობაზე წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ განუხილველად დატოვა. აქედან გამომდინარე, ინტერნეტ სივრცეში დიდი მონოპოლიური გაერთიანება არ შედგა.

კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2015 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაიწყო. კვლევის ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაციის წარმოსადგენად კომპანიებს ვადა 2015 წლის 20 სექტემბრამდე მიეცათ. გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით კომისიას კომპანიების შერწყმის შემთხვევაში ინტერნეტ ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის ალბათობა უნდა შეესწავლა.

კომისიას უნდა შეეფასებინა მდგომარეობა ბაზარზე და დაედგინა, უქმნიდა თუ არა კომპანიების გაერთიანება საფრთხეს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. ამისათვის მარეგულირებელმა ორგანომ თხოვნით მიმართა ინტერნეტ-პროვაიდერებს, რომ წარმოადგინათ სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია. განმცხადებელმა მხარეებმა 3 თვის განმავლობაში არ წარმოადგინეს საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც კომისიას საკვლევად სჭირდებოდა. ამის გამოც, კომისიამ მათი განცხადება განუხილველად დატოვა და შეწყვიტა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიები უახლოეს პერიოდში ვეღარ გაერთიანდებიან.

„სილქნეტმა“ და „კავკასუს ონლაინმა“ თავის მხრივ კომისიას თხოვნით მიმართეს და განხილვის 11 ნოემბრამდე გადადება მოითხოვეს, რაზეც კომისიის თავმჯდომარისგან უარი მიიღეს. როგორც ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, განხილვისა და საჯარო მოსმენის გადავადების შემთხვევაში, კომისია საქმის ანალიზს ვერ მოასწრებდა.

„2 კვირით მოსმენის გადავადების შემთხვევაში, კომპანიებს რომც წარმოედგინათ დოკუმენტაცია, ჩვენ დრო არ გვრჩებოდა მის შესასწავლად. გადავადების შემთხვევაშიც, გადაწყვეტილებას მაინც ვერ მივიღებდით“, - აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.

კომისიაში გამართულ სხდომას არ ესწრებოდნენ „კავკასუს ონლაინის“ წარმოადგენლები, ხოლო „სილქნეტის“ წარმომადგენელმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ამიტომ უცნობია, აპირებენ თუ არა ინტერნეტ- პროვაიდერები განახლებული განცხადებით მიმართონ კომისიას.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავიდან იმსჯელებს, განიხილოს თუ არა „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის შესახებ განცხადება, თუკი პროვაიდერები ხელახლა მიმართავენ კომისიას, რასაც დამატებით 3 თვე დასჭრიდება.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე ასევე წარადგინეს „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელის მამია სანადირაძის განცხადება, რომლითაც სანადირაძე მოუწოდებს კომისიას, არ მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის საკითხზე, ვიდრე „კავკასუსის“ წილების დავა სასამართლოს გზით არ გადაწყდება. მამია სანადირაძე აცხადებს, რომ კომპანია მას იძულების წესით დაათმობინეს, რის გამოც საჩივარი პროკურატურაში აქვს შეტანილი.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წილებზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, სანამ წილები დაყადაღებული არ არის, შერწყმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია. თუმცა, გაითვალისწინებს თუ არა კომისია სანადირაძის განცხადებას, უცნობია.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, რომ საჭიროა, დამატებითი ინფორმაცია, თუ რამდენად იქონიებს გავლენას მამია სანადირაძის სასამართლო დავა კომისიის მიერ საკითხის განხილვაზე.

„გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია, თუ რაზეა საუბარი ლონდონის სასამართლოს შემთხვევაში, ასევე პროკურატურაში აღძრული საქმის თაობაზე. გამოვითხოვთ ამ ინფორმაცაის და შევაფასებთ, რამდენად შეიძლება იქონიოს ბატონი მამიას მიერ მოხსენიებულმა ფაქტებმა გავლენა საქმის განხილვაზე“, - აცხადებს აბაშიძე.

სხვათა შორის, „კავკასუს ონლაინი“ „მაგთიკომთან“ შერწყმასაც განიხილავს. ამ ეტაპზე, კომისიაში განსახილველად შეტანილია ანალოგიური წერილი შპს „მაგთიკომთან“ დაკავშირებით. კომისია ამ საკითხს 5 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს.