„ბიზნესის წარმოება“: ერთი რეიტინგი, ორი გაგება

„ბიზნესის წარმოება“: ერთი რეიტინგი, ორი გაგება

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული „ბიზნესის წარმოების“ წლევანდელ რეიტინგში საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის წამყვან პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა მცირედი უკუსვლა მაინც სახეზეა. საქართველო 9 პოზიციით ჩამოქვეითდა, მაგრამ ეს მეთოდოლოგიის ცვლილებას ბრალდება და არა ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუარესებას. ეს დაადასტურა კიდეც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა ივან ოჰალორანმა. მისი თქმით, წლევანდელ ანგარიშში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ინდექსის შინაარსისა და მეთოდოლოგიის კუთხით და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს 24-ე ადგილი 189 ქვეყანას შორის.

საქართველო მსოფლიოს თვრამეტი ქვეყნიდან ერთ–ერთია, რომელმაც გასულ წელს ორი რეფორმა გაატარა. კერძოდ, გაამარტივა ხელშეკრულებების აღსრულება სასამართლოს მომხმარებლებისთვის ელექტრონული წარდგენის სისტემის დანერგვით და შეამცირა მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო დრო.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ირწმუნება, რომ „დუინგ ბიზნესის“ რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი არ შეცვლილა.

„მსოფლიო ბანკმა შემოიტანა ახალი კატეგორიები და რეიტინგის დათვლა ამ კატეგორიების მიხედვით მოხდა. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში რეფორმები გატარდა, თუმცა ორი და მეტი რეფორმა მხოლოდ 18 ქვეყანაში განხორციელდა. საქართველო არის მათ შორის. ეს რეფორები უკვე აღიარებულია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილიც აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესს მაქსიმალურად კომფორტული გარემო აქვს შექმნილი და ის თავისუფალია გავლენისგან. შესაბამისად, ეს აისახა კიდეც საერთაშორისო რეიტინგზეც:

„ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ ბიზნესს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმენით, იგი დღეს არის აბსოლუტურად თავისუფალი. ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და ყველა ბიზნესდავა წყდება აბსოლუტურად სამართლიან გარემოში - იქნება ეს სასამართლო თუ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო“, - ამბობს ღარიბაშვილი.

მთავრობის მოხელეებისგან განსხვავებით ექსპერტები შედარებით კრიტიკულები არიან. საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა მეთოდოლოგიის ცვლილება შარშან დაიწყო და დაემატა ხარისხობრივი კრიტერიუმები. მაგალითად, ახალი მეთოდოლოგიით მოწმდება სამშენებლო ხარისხი, ელექტროენერგიის მიწოდების სანდოობა და სატარიფო პოლიტიკის გამჭვირვალობა, სამართლებრივი პროცესების ხარისხი და ა. შ.

ნამჩავაძე აცხადებს, რომ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი გაუარესდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხით.

„მსოფლიოში ვიყავით მე-4 ადგილზე და ახლა მეექვსეზე ჩამოვქვეითდით. ასევე, გაუარესება გვაქვს კრედიტების მიღების ნაწილში. ვიყავით მე-6 და ვართ მე-7-ზე. ასევე გაუარესებაა მინორიტარული ინვესტორების დაცვის თვალსაზრისითაც. ეს მოიცავს ინტერესთა კონფლიქტების კრიტერიუმს, სამართლებრივად რამდენად კარგად არის დარეგულირებული ბიზნსესპარტნიორებს შორის ურთიერთობები და ასე შემდეგ. ეს ცვლილება მეთოდოლოგიის გამოა, თუმცა, ვერ ვიტყვით, ძველი მეთოდოლოგია რომ დარჩენილიყო, სად ვიქნებოდით. ამის თქმა შეუძლებელია. გაუმჯობესება გვაქვს სამ კრიტერიუმში: ელექტროენერგიის მიღება. კონტაქტების შესრულება და ბიზნესის დახურვა,“ - აცხადებს ნამჩავაძე.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პროგრამების მენეჯერი ირინა გურული აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა ჩვენს ქვეყანას გაუმჯობესება ჰქონოდა გადასახადების გაუმჯობესების კუთხით.

„ამ რეიტინგის მიღმა, რა თქმა უნდა, არის მთელი რიგი ფაქტორები, რაც არსებობს, უმთავრესად, რეგიონში არსებული არასტაბილურობიდან გამომდინარე, რაც ხელს გვიშლის მეტი ინვესტორის მოზიდვაში. რაც შეეხება იმ ფაქტორებს, რომლის გაუმჯობესებაც კარგი იქნებოდა, ეს არის გადასახადების გადახდის კუთხით - არა იმდენად განაკვეთები, არამედ ის დრო, რაც ბიზნესმენს სჭირდება იმისთვის, რომ გადასახადების საქმე მოაწესრიგოს და აწარმოოს აღრიცხვა. ამ მხრივ მე-40 ადგილზე ვართ, ასევე საზღვრებშორისი ვაჭრობის მხრივ არცთუ ისე მოწინავე ადგილზე ვართ - 78-ზე. ეს გულისხმობს, რომ საექსპორტო პროცედურები ან ნაკლებად გამჭვირვალეა, ან ხელმისაწვდომი არ არის და მცირე და საშუალო ბიზნესს ექმნება სირთულე, რათა აწარმოოს ვაჭრობა საზღვარგარეთ“, - აღნიშნავს ირინა გურული.