რუსული გაზის დაბევების შემდეგ ენერგეტიკის სამინისტრო ირანისკენ გადაერთო. როგორც ჩანს, მთავრობა ორ მომწოდებელზე შეჩერებას არ აპირებს. ამიტომ 3 კვირაში თეირანში სპეციალური ვიზიტი იგეგმება.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გაზის დამატებითი მოცულობების იმპორტის შესაძლებლობის თაობაზე ირანში ჩასვლას გეგმავს.
„პირადად მე ვგეგმავ ირანში ვიზიტს და შესაბამისად, გვექნება საუბარი რამდენად შესაძლებელია ბუნებრივი გაზის წამოღება და ელექტროენერგიის ლობის გაკეთება“, - განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია, მაგრამ ამ ქვეყანასთან მიმართებაში საერთაშორისო ასპარეზზე ჯერ კიდევ არის განსხვავებული მიდგომები.
„ის რესურსი, რომელიც ირანს გააჩნია, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ უახლოეს მომავალში, ნოემბრის შუა რიცხვებში ვგეგმავთ ირანში ჩასვლას, სადაც გვექნება მოლაპარაკებები. სწორედ მაშინ გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია ბუნებრივი აირის წამოღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვათა შორის, ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის საკითხი საკმაოდ პერსპექტიულად მიაჩნია ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსაც. მან ხაზი გაუსვა, რომ თავად არის ჩართული ირანული გაზის საქართველოში შემოტანის საკითხების მოგვარებაში..
„ის, რომ შეიძლება ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული და ჩვენს ბიზნესმენებს მივცეთ უფლება იმისა, რომ გაზი იყიდონ, სადაც მოესურვებათ და ბაზარი იყოს თავისუფალი, ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ. რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება დღეს და საქართველომ რომ ეს გაზი იყიდოს დღეს ამაში კრიმინალი არაფერია. ჩვენ უნდა გვქონდეს არჩევის საშუალება. ჩვენ ვცდილობთ და მე აქტიური ვარ ამ მიმართულებითაც, რომ ირანული გაზი შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ენერგეტიკის მინისტრს კი „სოკარის“ რესურსებში ისევ ეჭვი ეპარება. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანულმა კომპანიის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს საკმარისი მარაგის შესახებ, კალაძე კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი.
„ჰკითხეთ „სოკარს“. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პრობლემები აქვთ, რადგან მათ გააფორმეს ხელშეკრულება „გაზპრომთან“ იმისთვის, რომ აზერბაიჯანში მიიღონ რუსული გაზი“, - აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ენერგეტიკის მინისტრი ადასტურებს, რომ ქართული მხარის მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ დეკემბრის ბოლომდე დასრულდება. აქედან გამომდინარე, ახალი წლიდან რუსული ბუნებრივი აირით ადგილობრივი კომერციული ობიექტების მომარაგება შესაძლებელი გახდება.
შეღავათიანი ფასის შემთხვევაში „გაზპრომისგან“ დამატებითი მოცულობის გაზის მიღებაში საფრთხეს ვერ ხედავს ეკონომისტი ლევან კალანდაძე. თუმცა, აღნიშნავს, რომ „გაზპრომთან“ ურთიერთობებმა საქართველოს აზერბაიჯანთან პარტნიორობა არ უნდა დააზარალოს.
„საქართველოს ახლა იძლევა შესაძლებლობა, რომ სომხეთში ტრანზიტის მოცულობის გაზრდით საქართველომ დამატებითი სარგებელი მიიღოს და ამაზე უარის თქმა, ჩვენი მხრიდან, იქნება ძალიან არარაციონალური და არაპრაგმატული. ერთი საკითხია გასათვალისწინებელი - ეს არის ფასის თემა“, - აცხადებს კალანდაძე.
ფასთან დაკავშირებით კი ასეთი სურათია: აზერბაიჯანი საქართველოს ე.წ. სოციალურ გაზს აწვდის 1000 კბ/მ-ს 189 დოლარად, ხოლო კომერციული ობიექტებისთვის ტარიფი 240 დოლარია. რუსული ბუნებრივი აირის ღირებულება ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ მეზობელ სომხეთს იგი 1000 კბ/მ 165 დოლარად მიეწოდება, ხოლო ევროპა 2015 წლიდან „გაზპრომისგან“ აირს 200 დოლარად მიიღებს. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვისაც ფასი დაახლოებით ამ დიაპაზონში დადგინდება.