თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელსა და საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეს საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებენ

თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელსა და საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეს საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებენ

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კომპანია „კავკას რეესტრის“ აქციონერი ვახტანგ სვანაძე სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით ბანკების მიერ კონკურენტი დარგის განადგურებაზე საუბრობს. როგორც ვახტანგ სვანაძემ და მისმა ადვოკატმა აკაკი ჩარგეიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადეს, ბანკების მიერ კონკურენტი დარგის მითვისებაში კონკრეტული სამთავრობო სტრუქტურები და მათი ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. კერძოდ, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია, საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე.

როგორც კომპანია „კავკას რეესტრის“ აქციონერი განმარტავს, სწორედ ამ უწყებებისა და მათი ხელძღვანელების ქმედებების შედეგად ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურასა და ინსტიტუტებზე სრული კონტროლი საბანკო ჯგუფმა დააწესა, რომელშიც ლომის წილი „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნის. სვანაძისა და ჩარგეიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ და საზოგადოებამაც დაინახოს ის სისტემური პრობლემები, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს ჩინოვნიკებს, ერთი მონოპოლისტური დაჯგუფების ინტერესების სასარგებლოთ, მართონ საკანონმდებლო პროცესი და სახელმწიფო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, კერძო სტრუქტურებში ადმინისტრაციული წესით დანიშნონ და მმართველობა ხელში ჩაუგდონ მესაკუთრეთა მიერ არ არჩეული პირებს.

„1998-2000 წლები აშშ მთავრობის დაფინანსებით და წამყვანი ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობით მომზადდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობა, ჩამოყალიბდა ამ სფეროს დამოუკიდებელი რეგულატორი და შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელმაც სწრაფად დაიწყო ზრდა და საბანკო ინდუსტრიისთვის კონკურენციის გაწევა; 2007 წელი „საქართველოს საფონდო ბირჟის“ აქციონერებს აქციების გამოსყიდვის წინადადება გაუკეთა მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საბირჟო ოპერატორმა – NASDAQ OMX-მა (ბირჟის ღირებულება მათ მიერ შეფასებულ იქნა დაახლოებით 4 მილიონ აშშ დოლარად), მაგრამ „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელთა წინააღმდეგობის შედეგად გარიგება ჩაიშალა; ამავე წელს მათ ხისტი ზეწოლით მიაღწიეს საფონდო ბირჟის საშემოსავლო ბაზის 4-ჯერ შემცირებას და დაიწყეს ახლად ფეხადგმული ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის დამანგრეველი საკანონმდებლო ცვლილებების ლობირება. ამავე წელს „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

2008 წელი „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელთა „ლობირებით“ კანონმდებლობაში შევიდა დამანგრეველი ცვლილებები, რომლითაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება ეროვნული ბანკის ხელში გადავიდა, ბანკებს მოეხსნა შეზღუდვა საფონდო ბირჟის საკუთრებაში ჰქონოდათ 10%-ზე მეტი, ხოლო მთლიანად საბანკო სექტორს 50%-ზე მეტი; 2013 წელი „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლების და მათი ყოფილი თანამშრომლის თანაინვესტირების ფონდის დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის „ლობირების“ შედეგად საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგიდან მოიხსნა ზემოხსენებული ცვლილებების გაუქმების მიზნით ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც უკვე ოთხი საკომიტეტო მოსმენა ჰქონდა გავლილი; 2014 წელს ზემოხსენებულმა საბანკო ჯგუფმა დანარჩენი აქციონერების სრული იგნორირებით 100%-ით დააკომპლექტეს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ მმართველობა, რომელსაც სათავეში სწორედ გიორგი ბაჩიაშვილი მოექცა; დაიწყეს შეთანხმებული მოქმედება ბირჟის სხვა მესაკუთრეების განსადევნად, რაშიც არანაირ მეთოდს არ თაკილობენ პიროვნული დევნის ჩათვლით“, – განაცხადა ადვოკატმა.

2014 წლიდანვე ადვოკატის განმარტებით, დაიწყო საქართველოს საფონდო ბირჟის მიზანმიმართული ძარცვა დაიწყო, რაც მისი აქტივების გადაქაჩვაში გადაიზარდა. 2015 წელს მათ მიერ ახლად დაფუძნებულ კონკურენტ „თბილისის საფონდო ბირჟაზე“, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ, ზემოხსენებული აქტივების გადაცემაზე სასამართლოს მიერ დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, მაინც მიანიჭა საბირჟო ლიცენზია;

2014 წელსვე იმავე ჯგუფმა ხელში ჩაიგდო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის მმართველობაც და დაიწყო შეტევები ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორ „კავკასრეესტრზე“. სს „კავკასრეესტრის“ მთავარი კონკურენტია „საქართველოს ბანკის“ 100%-იანი შვილობილი კომპანია (რომელმაც უკვე შთანთქა 6 დამოუკიდებელი რეგისტრატორი). მათ განიზრახეს „კავკასრეესტრის“ მმართველობის ხელში ჩაგდება და სამეთვალყურეო საბჭოს სამივე წევრის და დირექტორის (რომელთაც დაააფუძნეს კომპანია, 17 წლის განმავლობაში ხელმძვანელობდნენ მას და უზრუნველყვეს აქციონერთა კაპიტალის უპრეცენდენტო 8000%-ით ზრდა) თავისი წარმომადგენლებით ჩანაცვლება, რისთვისაც მათი მოთხოვნითა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ოთარ ნადარაიას ჩარევის შედეგად ორჯერ იქნა იძულებით მოწვეული აქციონერთა რიგგარეშე კრება. მიუხედავად ამისა ვერცერთ კრებაზე ვერ მიიღეს სასურველი გადაწყვეტილება, ვინაიდან, სს „კავკასრეესტრის“ წესდების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი წევრების გადარჩევასა და ახალი წევრების არჩევას ესაჭიროებოდა აქციონერთა კრებაზე დამსწრე ხმების 75%-ის თანხმობა, რაც მათ არ გააჩნდათ. მას შემდეგ, რაც კანონიერი გზებით ვერ მოახერხეს სს „კავკასრეესტრის“ მმართველობის ხელში ჩაგდება, ზემოხსენებულმა ჯგუფმა კრიმინალური მეთოდები გამოიყენა.

კავკასრეესტრის“ ერთ ერთი აქციონერის განმარტებით, 2015 წლის 29 ივლისს შედგა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ყალბი ოქმი, რომლის მიხედვით, არარჩეული თვითმარქვია პირები თავს მოიხსენიებენ სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად. ხსენებული ყალბი ოქმი 2015 წლის 30 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო წარმოებაში, თუმცა სს ,,კავკასრეესტრის’’ აქციონერთა კრების თავმჯდომარემ და კრების ოქმის შემდგენელმა ნოტარიუსმა წერილობით დაადასტურეს, რომ კრებაზე ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა არ მომხდარა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა წარმოედგინათ დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრთა არჩევის ფაქტი. ვინაიდან ასეთი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოხდა, 30 დღის გასვლის შემდეგ სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

ამის შემდგომ, მათივე განმარტებით, საჯარო რეესტრს (რომელსაც პაპუნა უგრეხელიძე ხელმძღვანელობს) საქართველოს ბანკის“ შვილობილი რეგისტრატორის („კავკასრეესტრის“ კონკურენტის) მმართველი ორგანოს ყოფილმა წევრმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოქმედმა მოადგილემ, მიმართეს თხოვნით ეხელმძღვანელა არა ოქმში დაფიქსირებული გადაწყვეტილებით, არამედ მათი მოსაზრებებით. ბუნებრივია, ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში მათ უნდა მიემართათ სასამართლოსთვის, მაგრამ მათ ძალიან კარგად იცოდნენ თუ ვინ იქნებოდა მათთვის „ხელსაყრელი ადრესატი“ და მართლაც, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ამ შემთხვევაში იგნორირება გაუკეთა თავისივე 10 დღის წინანდელ გადაწყვეტილებას, ნოტარიუსის მიერ შედგენილ კრების ოქმში დაფიქსირებულ გადაწყვეტილებას, კრების აუდიო ჩანაწერს, აქციონერთა მიერ გამოხატულ ნებას, ნოტარიუსისა და კრების თავჯდომარის წერილებს და მხოლოდ ზემოხსენებული ორი აქციონერის ,,განმარტებაზე“ დაყრდნობით, კანონდარღვევით, რეკორდულად მცირე დროში (14 წუთში!), დააკმაყოფილა ზემოხსენებული პირების მოთხოვნა და კრების მიერ არ არჩეული თვითმარქვია პირები სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დაარეგისტრირა. ყველას ესმის, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც დიამეტრალურად საწინააღმდეგოა კრების ოქმში დაფიქსირებული გადაწყვეტილებისა, უეჭველად გაუქმდება, მაგრამ მინიმუმ ორწლიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში ,,კავკასრეესტრის“ ძარცვისა და განადგურებისათვის გზა ხსნილია. ასევე უკანონოდ, თვითმარქვია პირების მიერ შედგენილი ყალბი დოკუმენტის საფუძველზე შეცვლილ იქნა სს ,,კავკასრეესტრის დირექტორიც. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებისთანავე, ამ გადაწყვეტილებით „შეიარაღებულმა“ პირებმა ორ დღეში (შაბათ-კვირა) სს ,,კავკასრეესტრის’’ ოფისიდან მთელი დაცული დოკუმენტაცია და ინფორმაციის ელექტრონული მატარებლები გაიტანეს. შედეგად, ის კომპანიები (მათ შორის ბანკები), რომელთაც არ სურდათ, რომ მათი ფასიანი ქაღალდების რეესტრების ინფორმაციასთან „საქართველოს ბანკს“ ჰქონოდა წვდომა, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საჯარო რეესტრის მიერ „დანიშნული“ ახალი ხელმძღვანელობის რეალური გეგმებიც სწრაფადვე გამოჩნდა უკვე მოწვეულია აქციონერთა კრება ,,კავკასრეესტრის“ კაპიტალის უდიდესი ნაწილის გატანის მიზნით, რასაც, კანონიერი ხელმძღვანელობის წინააღმდეგების შედეგად, მათ წინა კრებებზე ვერ მიაღწიეს. ამ პრესკონფერენციის მიზანია ხელისუფლებამ და საზოგადოებამაც დაინახოს ის სისტემური პრობლემები, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო ჩინოვნიკებს, ერთი მონოპოლისტური დაჯგუფების ინტერესების სასარგებლოდ, (ა) მართონ საკანონმდებლო პროცესი და სახელმწიფო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, (ბ) იგნორირება გაუკეთონ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, (გ) კერძო სტრუქტურებში ადმინისტრაციული წესით დანიშნონ და მმართველობა ხელში ჩაუგდონ მესაკუთრეთა მიერ არ არჩეული პირებს.

„მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და განსაკუთრებით აშშ საელჩოს სათანადო რეაგირებისათვის“- აცხადებს ვახტანგ სვანაძე.