“ეს იყო ეთნიკური წმენდა!.. ხალხს “გუდრონში” ყრიდნენ, ბეტონში ატანდნენ და მერე, ზედ “ბულდოზერით” გადადიოდნენ!”

“ეს იყო ეთნიკური წმენდა!.. ხალხს “გუდრონში” ყრიდნენ, ბეტონში ატანდნენ და მერე, ზედ “ბულდოზერით” გადადიოდნენ!”

რას ჰყვებიან სოფელ ერედვიდან დევნილები აგვისტოს ომზე - დოკუმენტური მასალები ჰააგის ტრიბუნალისთვის

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო, 2008 წლის აგვისტოს ომის დამნაშავეების გამოსარკვევად, გამოძიებას იწყებს. ამის მიზეზად ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ საქართველოს მთავრობის მიერ საქმის ძიების შეწყვეტა დაასახელა. თითქოს ყველაფერი ნათელია: ადამიანებს სახლ-კარი გადაუწვეს, აწამეს, პრაქტიკულად, მომავალი წაართვეს, თუმცა როგორც ჩანს, ბევრი რამ კარგად შეუნიღბავს ოკუპანტს, რადგან დამნაშავეების გამოვლენის პროცესი, როგორც ვარაუდობენ, დიდხანს გაგრძელდება. რაც უნდა იყოს, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ვინმეს დასჯა-არდასჯით არაფერი შეიცვლება... „ქართული სიტყვა“, დევნილებზე დაყრდნობით, სისხლიანი აგვისტოს მოვლენებს კიდევ ერთხელ აცოცხლებს - ეს მასალა ჰააგის ტრიბუნალისთვის თუ არა, ისტორიისთვის მაინც იქნება!  საქართველოში დევნილთა ბევრი დასახლებაა. მე კი, ქვემო ქართლში, სოფელ კოდის დევნილთა დასახლებას დილით ვესტუმრე... მართალია, წვიმდა, მაგრამ სოფლის ქუჩებში, აქა-იქ, ხალხი ჯგუფად მაინც იდგა. ვკითხე, ომზე ლაპარაკი თუ გსურთ-მეთქი. მომიგეს, ჩვენ არა, მაგრამ სხვები დაგელაპარაკებიან. ისე, ომი ომია და რაღა უნდა გითხრათ მეტიო. მერე, შორიდან მომავალი მოხუცი დაინახეს, აი, ტარიელი მოგიყვება ბევრ რაღაცას, ყველაზე ბოლოს სოფლიდან ეგ გამოვიდაო. ტარიელმა დაკოჟრილი ხელი გამომიწოდა... სკამებისკენ გადავინაცვლეთ, ყველაფერს მოგიყვები, რა მაქვს დასამალიო, - მითხრა. ჩემმა მეგობარმა ფოტოაპარატი მოიმარჯვა, თუმცა მოხუცის თხოვნით, „ჩხაკუნისაუბრის ბოლოსთვის გადავდეთ. მოკლედ, 2008 წლის 8 აგვისტო, სოფელი ქურთა და კიდევ ერთი, საკუთარ სამშობლოში დევნილი ადამიანის ისტორია:

- განა, ტყუილი არ შემიძლია, მაგრამ არაფერს მოგატყუებ, რაც იყო, იმას ვიტყვი. რაც თავს გადამხდა, ის დასამალი არაა. 8-ში, ცხინვალიდან რეკავდნენ, ქალაქი ქართველებმა აიღესო. ჯავაც მიწასთან გასწორებულიაო, ჩვენ გაგვიხარდა, ეიფორიაში ვიყავით, საქართველოს თავისუფლება ვის არ გაუხარდება?! გამარჯვებამ აღგვაფრთოვანა, მაგრამ იმავე ღამეს ტანკები კეხვის თავს მოადგნენ...

სრული განუკითხაობა იყო... ჩემმა ცოლმა სამშვიდობოზე გასვლა შემომთავაზა, ვუპასუხე, ჩვენ გამარჯვებულები ვართ და არსად წამოვალ-მეთქი. ცაში თვითმფრინავებიც დაფრინავდნენ, აზრზე არ ვიყავი, ვისი იყო, ჩვენების მეგონა, მაგრამ რუსების აღმოჩნდა.

მეორე დღე რომ გათენდა, სოფელში ოსები შემოვიდნენ... აივანზე გავედი... სამი ოსი ჩემს სახლში შემოვიდა, არ ელოდნენ, რომ შინ ვინმე იყო და შეხტნენ. შენ აქ რა გინდაო, ქართულად მკითხეს, თუმცა ოსური აქცენტი ჰქონდათ. ვუპასუხე, ჩემი სახლია, სად უნდა წავიდე-მეთქი. ისიც არ ვიცოდი, რომ სოფელში მხოლოდ მე და ერთი კახნიაშვილიღა ვიყავით დარჩენილები...

ერთ-ერთი ოსი მეკითხება, ბიჭები თუ გყავს და რომელიმე ქართულ არმიაში ხომ არ მსახურობსო. ვუთხარი, ერთმა საბჭოთა ჯარი გაიარა, მეორეს კიდევ დეზერტირობის გამო, დასდევდნენ ქართველები-მეთქი. არადა, ჩემი პატარა ბიჭი ქართულ არმიაში მსახურობდა და მისი ფორმა საწოლის ქვეშ მედო დაკეცილი. ერთმა შემომხედა და მომახალა, უნდა მოგკლათო, უკვე მკვდარი ვარ-მეთქი, ვუპასუხე. მეორემ იარაღზე ხელი გაუკრა და ანიშნა, არ გინდაო... მერე, ფული მოითხოვეს. რომ არაფერი აღმომაჩნდა, ტელევიზორი და DVD წაიღეს...

სხვათა შორის, რატომღაც ნორმალურად მელაპარაკებობდნენ, რა თქმა უნდა, არაფრის ეშინოდათ... ჩემი შვილის ფორმა იქვე ახლოს იდო, ტელევიზორთან და გამიმართლა, რომ ვერ ნახეს, თორემ ნამდვილად მომკლავდნენ. საბედნიეროდ, გადავრჩი.

ოსები წავიდნენ... მე სახლში დავრჩი, არ ვიცი, ალბათ ნერვებმა მიმტყუნა, ვერ დავდიოდი, მუხლებზე ვიდექი და ვხოხავდი, 20 აგვისტომდე ასეთ დღეში ვიყავი...

ჩემი თვალით ვხედავდი, თუ როგორ დათარეშობდნენ ოსები ჩემს სოფელში, 2007 წელს სახლი დამეწვა, აღვადგინეთ, მაგრამ 2008-ში ოსებმა ისევ დაწვეს... თივით სავსე საბძელიც დამიწვეს, იმდენი საქონელი წაგვართვეს და ბალახს რაღას ერჩოდნენ?

ხეივანში, ბალახებში ვიყავი გაწოლილი, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ოსი დამადგა. ვიცანი, მკითხა, აქ რა გინდაო. მივუგე, წასვლა არ შემიძლია-მეთქი. საჭმელსაც ძლივს ვჭამდი - ხეივანში ყურძენს, ან ვაშლს თუ ვნახავდი... ამ ოსმა წყალი მომაწოდა, ჩვენი წყალი, თორემ მაგათ საერთოდ რა აბადიათ? ერთი მომთაბარე ხალხია, ყველაფერი ჩვენგან ისწავლეს.

ნელ-ნელა გამოვჯობინდი, წყლის ზიდვა დავიწყე ჭიდან. ერთხელ, ისიც ვიფიქრე, ბარემ, აქ გამოვიზამთრებ-მეთქი, მაგრამ სახლი აღარ მქონდა, საქონელიც წამართვეს, სხვაზე არაფერს ვიტყვი... მოკლედ, ჩემი იქ დარჩენა შეუძლებელი იყო. სოფელში რაღაც მანქანა შემხვდა და იქ მსხდომებმა მითხრეს, რომ კარალეთში იყო რუსების შტაბი, სადაც გადამცვლიდნენ და სამშვიდობოზე გამომიშვებდნენ.

გზაზე გავედი... რუსი რეპორტიორები შემხვდნენ, ფოტოები გადამიღეს, გვარი, სახელი და წარმომავლობა მკითხეს და წავიდნენ. მერე, სხვა მანქანამ გამოიარა, შიგ ოსები ისხდნენ. მათ რუსებს გადამცეს, რომლებმაც “ურალით” თამარაშენთან მიმიყვანეს... ისევ გამოვიცვალე ტრანსპორტი. საბოლოოდ, ოლქის „მილიციაში“ მიმიყვანეს. ველოდი, რომ კარალეთში გადამიყვანდნენ და ქართველებს ჩამაბარებდნენ, ამიტომ ცოტა დავწყნარდი, სტრესი მომეხსნა.

ერთი რუსი ოფიცერი მომიახლოვდა და მითხრა, ნუ გეშინია, ვიდრე აქ ხარ, ხმას ვერავინ გაგცემსო. ამის მერე ჩამიყვანეს პატიმრებთან... იქ სულ 6 ქართველი ვიყავით... ზედამხედველს ვკითხე, რას მიპირებთ-მეთქი, მიპასუხა, ჩვენი ტყვე გახდიო და აქ მოგიწევს ყოფნაო. გულიანად შევაგინე. გავბრაზდი იმიტომ, რომ მომატყუეს... 35 დღე მომიწია ტყვედ ყოფნა.

მერე, ცხინვალის ციხეში გადამიყვანეს, სადაც, ძირითადად, ოსები ისხდნენ. პატიმრები ცუდად არ გვექცეოდნენ, საჭმელსაც გვინაწილებდნენ, მტრები კი ვართ, მაგრამ ციხეში მშიერი არავინ უნდა იყოსო.

ერთი ქართველი პატარა ბიჭი მოიყვანეს, ყველაფერში ის მეხმარებოდა, ტუალეტშიც დავყავდი - ძალიან დავუძლურდი და ვეღარ ვუძლებდი  სიტუაციას. ექიმს გავესინჯე, მაგრამ ასე მითხრა, ისეთ წამლებს ვერ გამოგიწერ, რომ გეშველოსო...

იმ დღესვე, ზედამხედველის ყვირილი გავიგე, აბა, “დავაით”, “დაახვიეთ” აქედანო. გამიხარდა - იქ სამი დღეც რომ გამეტარებინა, ჩემი ძვლებიც აღარ იქნებოდა...

კარალეთისკენ უნდა წავსულიყავით... იქიდან გორში გადამიყვანეს, ჩემს შვილს შეატყობინეს ჩემი ადგილსამყოფელი და აქ ასე აღმოვჩნდი.

ორი გოგო გამითხოვდა, მაგრამ დანარჩენი ოჯახის წევრები ერთად ვართ, ორი შვილი ჰყავს ჩემს ბიჭს, ჩემი მეუღლეც ჩემთან ერთადაა.

- ბატონო ტარიელ, თქვენი აზრით, ეს ომი ვის კისერზეა?

- დღესაც ვერ ვაანალიზებ, თუ რა მოხდა... ყველაფერი, რა თქმა უნდა, რუსების ბრალია! ჩვენ რომ მართლები ვართ, ეგ ნამდვილად ფაქტია, ჩვენი მიწა წაგვართვეს და სახლები დაგვიწვეს, მეტი რაღა უნდა ექნათ?! ეს მხოლოდ დევნილების კი არა, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა! ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ უკან დავბრუნდეთ, სხვა მოთხოვნა არ გვაქვს, არც ფუფუნებით ცხოვრებას ვითხოვთ და არც სხვა რამე განსაკუთრებულს. აქ ყველა იმას ნატრობს, რომ საკუთარ სახლში დაბრუნდეს! ჩვენ მშვიდობა გვინდა! მთავარია, ჯანმრთელობა და ერთმანეთის მიმართ სიყვარული გვქონდეს. რთულია, შენს სამშობლოში დევნილი რომ ხარ. იქ, სადაც დავიბადე, ფეხი ავიდგი, გავიზარდე, დღეს ვეღარ მიმესვლება... მეტი არაფრის თქმა აღარ მინდა, ეს არის ჩემი გულის წადილი.

მოხუცს დავემშვიდობეთ და დასახლების ცენტრისკენ გავწიე... ისე, ომის შესახებ გამოძიებების ჭეშმარიტებაში ცოტა ეჭვი შემეპარა - მე, რიგითმა მოქალაქემ აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებიც თავიანთ უბედურებასა და ოკუპანტის სისასტიკეზე ჰყვებიან და სახელმწიფო, ან საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორ ვერ ახერხებენ რუსი მაღალჩინოსნების დადანაშაულებას? - ფიქრში გართული სამ ჭარმაგ მამაკაცს მივადექი:

- გამარჯობა, უფროსო, ჟურნალისტი ვარ... მიამბობთ, რა გადაგხდათ 2008-ში?

- აბა, ვინ იტყვის, შვილო, რამეს, რომელი გეტყვის? - მომიგო ერთ-ერთმა, - ხალხი არეულია, რამე რომ გაიხსენოს, შეიძლება, გაგიჟდეს კიდეც. ქვეყანა რამე დავტოვე, მთელი ჩემი ნაწვალები, მოყოლა რომ დავიწყო, ნორმალურად არ ჩამთვლი... 42 წელი ვიწვალე და ყველაფერი წყალმა წაიღო.

- ფოტო რომ გადაგიღოთ, თანახმა ხართ?

- არა!..

- ის მაინც მითხარით, საით წავიდე, ვინ დამელაპარაკება?

- აი, იქით, მადონას მაღაზიისკენ...

ვიდრემადონას მაღაზიამდემივიდოდი, წინ დიაცები შემომხვდნენ. თხოვნამ არ გაჭრა - ინტერვიუზე მათაც უარი მითხრეს დასხვა მადონამიმასწავლესაქეთ-იქით ყურებაში, რესპონდენტებიც გამოჩნდნენ:

 

- ბერუაშვილი გიორგი ვარ, სოფელ ერედვიდან. სხვათა შორის, ილია ჭავჭავაძის “განდეგილი” ჩვენი სოფლის მოძღვარზეა დაწერილი, ჩვენს ეკლესიაში მოღვაწეობდა ის პიროვნება...

მოკლედ, ერედვი ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი სოფელია საქართველოში და სამწუხაროა, რომ დღეს ოკუპანტების ხელშია.

ომის ისტორია გაინტერესებთ, არა? - ომი 2008-ში არ დაწყებულა, 20 წელი ომში მოგვიწია ცხოვრება... 60 წლის კაცი ვარ და მახსოვს, კვირაობით, ჩრდილოეთიდან მომავალ ოსებს ვუსაფრდებოდით ხოლმე, გვაინტერესებდა, როგორები იყვნენ და რას აკეთებდნენ. ისინი ჩვენს ტერიტორიაზე არ ცხოვრობდნენ, ამის უტყუარი მოწმე მე ვარ და ჩემი თაობის იქაურები. შემდეგ დავასახლეთ, მივიღეთ და ახლა რომ ვუფიქრდები, ბრძენი კაცი იყო ჯავახიშვილი, ჯაყოსავით მოგვექცნენ ოსები. ჩვენი მდგომარეობა მთლიანად რუსების ბრალია, დღეს სამაჩაბლოში არცთუ ბევრი ოსი ცხოვრობს და ისინი ჩვენ დაჩაგვრას ვერასოდეს მოახერხებდნენ. რა თქმა უნდა, ეს რუსული სცენარი იყო, რომელიც მათთვის წარმატებულად გათამაშდა.

დიახ, რუსების გარეშე ოსები ვერაფერს იზამდნენ, მაგათ შრომა არ უყვართ, მიწას ვერ ამუშავებენ...

- ჰააგის სასამართლოსგან რას ელით, ან ვინაა კონფლიქტში დამნაშავე?

- პუტინი!

კონფლიქტში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის კოკოითსაც, რომელსაც კარგად ვიცნობდი, ადრე კომკავშირში იყო და მერე, ჩვეულებრივ ყაჩაღად გადაიქცა, ბანდა შექმნა, ხალხს თავს ესხმოდა, ოსებიც დახოცა და ქართველებიც. ახლა კიდევ, ოსებმა ლამის ეროვნულ გმირად აქციეს ეგ ბანდიტი. კულახმეტოვსაც კარგად ვიცნობდი, ნავზოროვსაც, ეს ხალხიც დასასჯელია... მაგათი ბანდა ხშირად ჩვენს სკოლაში იჭრებოდა და გვაწიოკებდა.

1990 წლიდან ომში ვართ, ხან ვის გაიტაცებდნენ და ხან - ვის... 2008-ში სხვა გზა არ დაგვიტოვეს, თორემ კიდევ დავრჩებოდით იქ და ქართულ სულს შევინარჩუნებდით. თითქმის ყოველ ღამე სროლები იყო, უკვე დაღლილები ვიყავით... რასაც მოასწრებდნენ, ყველაფერს იტაცებდნენ, ადამიანები მიწის დასამუშავებლად ვერ გადიოდნენ, საქონელს ვერ ვუშვებდით თავისუფლად, ძალიან ბევრი დახოცეს, აწამეს, დააკავეს და ყველაფერი ეს 2008-მდეც ხდებოდა.

ყველაფრის თავიდათავი რუსია, ოსი ვერაფერს გაგვიბედავდა. აგვისტოს ომშიც, რომ არა ავიაცია, მაინც გავუმკლავდებოდით ყველას, მაგრამ ზევიდან გვბობავდნენ და სხვა რა გზა გვქონდა? - იქიდან ერთი ჩვენთაგანიც იმ განცდით არ გამოსულა, რომ არასოდეს დავბრუნდებით, ის არის ჩვენი მამა-პაპის მიწა, იქ არიან ჩვენი წინაპრები დამარხულები. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით!

ბოლოს, ქართველობა უკვე დანაშაულად ითვლებოდა! ეს იყო ეთნიკური წმენდა და ამის მოწმე მე ვარ. ოსი “მორადიორები” ჩემს სკოლას ძარცვავდნენ, რუსებს ვუთხარი ყველაფერი, მაგრამ რახან ქართველი ვიყავი, იძულებული გამხადეს, სოფლიდან წამოვსულიყავი. ვინც იქ დარჩა, თითქმის ყველა დახოცეს.

90-იანებშიც ხალხს სასტიკად აწამებდნენ, “გუდრონში” ყრიდნენ, ბეტონში ატანდნენ და მერე, ზედ “ბულდოზერით” გადადიოდნენ. აი, იმ ქალის ქმარს, იქ რომ ცხოვრობს, ჯერ დროშის ტარი გადააყლაპეს, შემდეგ კი, ქვები ჩაუტენეს პირში. ახლა სააკაშვილს აბრალებენ ყველაფერს, მაგრამ სად იყო მაშინ მიშა, ჩვენ რომ ათასი უბედურების ქვეშ ვიყავით?!

ქალებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, კაცები ყველა მტრად მიაჩნდათ. ამას რუსები და ოსები კონბინირებულად აკეთებდნენ, კაზაკებიც ჰყავდათ... ჩარხებზე ჭრიდნენ ადამიანებს, მიწის ჭამას აიძულებდნენ...

ესე იგი, არ იციან, ვინ არის დამნაშავე, არა? უბრალოდ, ბრმა უნდა იყო, ეს რომ ვერ დაინახო. ძველი ფაქტებიდან დაიწყონ გამოძიება, 1989 წლის 9 აპრილიდან! არც ერთი ქართველი აღარ ცხოვრობს სამაჩაბლოში, ყველას დაუწვეს სახლები, ყველა კვალის წაშლას ცდილობენ. სამი ჯგუფი დადიოდა ჩვენს სოფელში საძარცვავად, ჯერ რუსები მოვიდოდნენ და ძვირფასეულობისგან დაგვაცარიელებდნენ, მერე, ოსები ჩამოივლიდნენ და ბოლო ნაბიჯი იყო სახლ-კარის გადაწვა.

ოსებთან შერიგება ლამის მოახერხა ერგნეთის ბაზარმა, მაგრამ აქაც რუსებმა გააფუჭეს ყველაფერი, მაგათ არ აწყობთ ჩვენი მოძლიერება. ლაპარაკი რად უნდა: ყველაფერი საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოიძიოს, ჩემი აზრით, ნამდვილად მოხდა ეთნიკური წმენდა სამაჩაბლოში და ეს ფაქტები ჰაერში გამოკიდებული არ უნდა დარჩეს!

ამასობაში, პროდუქტებით დატვირთული მანქანა მოგვიახლოვდა და იქ მყოფებმა ყურადღება სატვირთოსკ გადაიტანეს, წარმატება ისურვეს და დაემშვიდობნენ... წამოსვლას ვაპირებდი, კიდევ ერთი დევნილი გამომელაპარაკა და მითხრა, ყველაფერი რუსების მოწყობილია და ცხინვალი თავიანთი ბაზებისთვის უნდათ. ერთი ხელწერა აქვს ამ პუტინს და რით ვერ გაიშიფრაო.

გამაკვირვა დევნილთა შემართებამ და იმედმა... მათ ყველაფერი წაართვეს, იმედის გარდა...