აზერბაჯანული კომპანია ამტკიცებს, რომ საქართველოს ბუნებრივი აირით მომარგების პრობლემა არ არსებობს. სპეციალისტები კი მიუთითებენ, რომ მთავარი ფასია. რუსული გაზი ამ ეტაპზე კომერციული სექტორისთვის შეიძლება უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდეს. მისი მოცულობა კი იმდენი არ იქნება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა შეუქმნას.
„სოკარ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისთვის აუცილებელი გაზის მიწოდებას. მამედოვის განმარტებით, ყოველდღიურად საქართველოს 5 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიეწოდება, რასაც ემატება 1 მილიონი კუბური მეტრი შაჰ-დენიზის საბადოდან. საქართველოს მიერ მოხმარებული გაზის მოცულობა კი დღეში 6,2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
„ასე რომ, ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ მოთხოვნილ მოცულობას“, - განაცხადა მამედოვმა.
საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ „სოკართან“ გრძელვადიანი ხელშეკრულება მოსახლეობის მოხმარებისთვის საკმარისი ბუნებრივი აირის მოწოდებაზეა გაფორმებული. რაც შეეხება კომერციულ გაზს, აქ ბაზარი თავისუფალია, შესაბამისად, ბიზნეს სექტორს ექნება საშუალებაა არჩევანი რესურსისა და ფასის მიხედვით გააკეთოს. ვალიშვილი ამბობს, რომ საქართველოს დღიური მოხმარება მამედოვის მიერ დასახელებულ 6.2 მილიონ კუბურ მეტრზე მეტია, რადგან ზამთრის სეზონის დაწყების გამო თბოსადგურებიც ჩაირთო, შედეგად, მოხმარება თანდათანობით 10-11 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ამიტომ, შესაძლოა, საქართველოს იმპორტირებული გაზის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს.
„სოკარ ჯორჯიასს“ გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის განცხადებას გამოეხმარა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავაც. მისი აზრით, საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა მთლიანდ რუსულ გაზზე გადავა, გამორიცხულია.
„არის რისკი, რომ გაზრდილი მოთხოვნილების პირობებში, აზერბაიჯანიდან მიღებული გაზი, არ ეყოს კომერციულ მომხმარებელს, ესაა დაახლოებით 10%. კახა კალაძე მოლაპარაკებებს აწარმოებდა „გაზპრომთან“, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გაზის გატარებასთან, ტრანზიტთან დაკავშირებით. მოხმარება მარტო მოსახლეობა და ენერგეტიკა არაა, ამის გარდა არის უამრავი პატარა და დიდი საწარმო, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ბუნებრივი აირი, სწორედ ამაზეა საუბარი.
საუბარია 10-15%-ზე გაზის კომერციულ ნაწილზე, სადაც შესაძლოა, აზერბაიჯანს პრობლემა შეექმნას მოცულობების მოწოდებაში. აზერბაიჯანში შარშან მეთანილის ქარხანა გაიხსნა, რომელმაც თვითონ დადო ხელშეკრულება რუსეთთან გაზის 2 მილიარდი მოცულობის მოწოდებაზე. კომერციულ ნაწილში რომელიმე კომპანია თუ კონკურენტულ ფასად იყიდის „გაზპრომიდან“ გაზს, ეს მოცულობაც მხოლოდ 10-15% იქნება. საქართველოში არის კომერციული კომპანიები, რომლებიც კომერციულ გაზს ყიდულობენ, რაც საკმაოდ ძვირია“, - განაცხადა მირცხულავამ.
იგი მიიჩნევს, რომ გასათვალისწინებელია წინა ისტორია რუსეთიდან მოწოდებულ გაზზე, უამრავი პრობლემა იყო, თუმცა დღეს როცა საუბარია კომერციულ გაზზე, ეს ვერანაირ პრობლემას ვერ შექმნის.
„ბუნებრივია, რომ წყაროები როცა არის მრავალი, ეს კარგია ქვეყნის ენეგოუსაფრთოებისთვის, ასევე გასათვალისწინებელია ჩვენი წინა ისტორია რუსეთიდან მოწოდებულ გაზზე, ჩვენ უამრავი პრობლემა გვქონდა, თუმცა დღეს როცა საუბარია კომერციულ გაზზე, ეს ვერანაირ პრობლემას ვერ შეგვიქმნის.
თეორიულად, რაც უფრო მეტი მომწოდებელი ჰყავს ქვეყანას და მოწოდება დივერსიფიცირებულია, ეს ბუნებრივია, ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ გვახსოვს რუსეთიდან პრობლემური მოწოდებები და აქედან გამომდინარე გვაქვს შიში. შესაძლოა, არცერთმა კომპანიამ არ იყიდოს, რადგან ფასი მიუღებელი და არაკონკურენტუნარიანი იყოს საქართველოს ბაზარზე“, - განაცხადა მირცხულავამ.
ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, რევაზ არველაძე საინფორმაციო სააგენტო „პირველთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება, მეტი ბუნებრივი აირის უკეთესი პირობებით მიღებაზე, გასაკვირი არ არის.
„მამედოვი, ეტყობა, ვერ ითვალისწინებს იმ ამბავს, რომ საქართველოში უკვე არის ახალი თბოელექტროსადგური, რომელიც გარდაბანში მალე ჩაირთვება და მას დამატებით, დღე-ღამეში, 1 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დასჭირდება. მეორეც, მამედოვმა ძალიან კარგად იცის, რა ფასად იღებს საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს“, - ამბობს არველაძე და განმარტავს, რომ ეს არის 5% „შაჰ-დენიზიდან“, რომელსაც უფასოდ ვიღებთ. ამას ემატება, 500 მილიონი კუბური მეტრი, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად ვიღებთ 55 დოლარად, პლუს 1.5% წელიწადში და ეს დაახლოებით 70 დოლარია. შემდეგ მოდის სოციალური გაზი, რომელიც ასევე 500 მილიონი კუბური მეტრია და მისი ფასია 189 დოლარი.
„ამის ზევით ვიღებთ ძვირ გაზს, რაც დაახლოებით 250 დოლარია 1000 კუბურ მეტრზე. როცა საქართველოს მოხმარება გაიზრდება, სწორედ ის ძვირი გაზი უნდა მიიღოს იმიტომ, რომ შეღავათიანი მოცულობა ამოწურულია. ამიტომ საკვირველი არ არის, რომ მოლაპარაკება გაიმართოს რუსეთიდან, თუკი უკეთესი პირობები იქნება. სხვა შემთხვევში, ალბათ, აზერბაიჯანს, იმ 250 დოლარად შესაძლებლობა ექნება, კიდევ დაგვიმატოს გაზი“, - განაცხადა არველაძემ.
ექსპერტის თქმით, „შაჰ-დენიზი 2“ ჯერ კიდევ ვერ ამოქმედდა. ამ გაზსადენს პირველ ეტაპზე უნდა გაეტარებინა 15 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და შემდეგ 30 მილიარდამდე ასულიყო. საქართველოს წილი (5%) პირველ ეტაპზე გამოდიოდა 750 მილიონი კუბური მეტრი წელიწადში და საბოლოოდ 1.5 მილიარდი კუბური მეტრი იქნებოდა.
„სინამდვილეში ამ გაზსადენში 6 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს არ გაუვლია და საქართველოს 60 მილიონზე მეტი არ მიუღია. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის მხარის მტკიცება, რომ საქართველოს ჰყოფნის, მეტი არ სჭირდება და ა.შ. ეს არ არის სწორი. მით უმეტეს, მომავალში კიდევ დაგეგმილია 500-მეგავატიანი ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელსაც დღეში არანაკლებ 2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დასჭირდება“, - აცხადებს არველაძე.