ბიზნესს სულ უფრო უჭირს თანამშრომელთა შენარჩუნება

ბიზნესს სულ უფრო უჭირს თანამშრომელთა შენარჩუნება

საქართველოში ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა, სამსახურის მაძიებელთა რიცხვი კი გაიზარდა. ამ დროს ოფიციალური სტატისტიკა სულ სხვა ტენდენციას აჩვენებს. ბიზნესს კი სულ უფრო უჭირს თანამშრომელთა შენარჩუნება. ეს ყოველივე მოსახლეობის გაღარიბების წინაპირობას ქმნის.

როგორც დასაქმების სააგენტოებში ამბობენ, სამუშაოს მაძიებელთა რიცხვმა 10%-ით იმატა. თავისუფალი ადგილებისა და ხელფასების რაოდენობა კი, პრაქტიკულად, განახევრდა. hr.ge-ის მენეჯერის ინგა შახბაზიანის თქმით, მათ საიტზე მომხმარებელთა ყოველდღიური რაოდენობა 14 000-დან 16 ათასამდე გაიზარდა.

„სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობას ვადგენთ შემომსვლელთა რაოდენობიდან გამომდინარე. ჩვენს საიტს ყოველდრიურად 14 000-მდე შემომსვლელი ჰყავდა, ბოლო პერიოდში ეს რიცხვი 16 000-მდე გაიზარდა. პარალელურად ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს საიტზე ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა. გასათვალისწინებელია, რომ ვაკანსიების 5% ტრენინგებს უკავია, რომელიც დასაქმებას არ ითვალისწინებს. ერთსა და იმავე პოზიციაზე რეზიუმეს 8000-მდე მსურველი აგზავნის, მათგან კი მხოლოდ 5-6 მსურველს უკავშირდებიან“, - განუცხადა „ბიპიენს“ ინგა შახბაზიანმა.

დასაქმების სააგენტოებში ასევე ამბობენ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიებზე ხელფასების რაოდენობა შემცირდა. „დამსაქმებლები ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები თანხა გადაუხადონ დასაქმებულებს. თუ ადრე კომპანია წერდა, რომ ერთ გამოცხადებულ ვაკანსიაზე ანაზღაურება 1000 ლარი იქნებოდა, ეს თანხა 600-700 ლარამდე დავიდა“, - ამბობენ დასაქმების სააგენტოებში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური კი ამტკიცებს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე მცირდება. ოფიციალური მონაცემებით, 2012 წელს უმუშევრობის დონე 15%-ს შეადგენდა, 2013 წელს - 14,6%-ს, ხოლო 2014 წელს 12.4%-მდე ჩამოვიდა.

საინტერესოა იისც, რომ ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა 3,8-მილიონიან ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების მთლიანმა რაოდენობამ 592.1 ათასი კაცი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ მთლიანად ბიზნესი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 16 პროცენტის დასაქმებას ახერხებს. ამასთან, ამავე სტატისტიკის თანახმად, დასაქმება ბიზნესში მამაკაცისთვის უდრო ადვილია, ვიდრე ქალისთვის. საწარმოებში დასაქმებულთა 39.3 პროცენტი ქალია, ხოლო 60.7 პროცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 56.2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 15.4 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 28.4 პროცენტი.

ბოლო პერიოდში ბიზნესი არათუ თანამშრომლების დამატებაზე, არამედ მის შემცირებაზე ალაპარაკდა. ეს განსაკუთრებით იგრძნობა წვრილ და საშუალო საწარმოებში. მსხვილი კომპანიები კი ჯერჯერობით ზღვარზე მუშაობენ. არ არის გამორიცხული, პრობლემა მათაც გაუჩნდეთ.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რომ როდესაც ქვეყანაში ასეთი ეკონომიკური ვითარებაა, ბიზნესკომპანიებში თანამშრომლების შემცირების თეორიული რისკი ნამდვილად არსებობს. უშუალოდ მასთან ეს საკითხი არ დგას, რადგანაც კომპანიამ უკვე მოახდინა ხარჯების ოპტიმიზაცია, ასევე დაკორექტირდა საინვესტიციო გეგმები. ქოქოლაძე აცხადებს, რომ თუ ადრე კომპანია განვითარებაზე იყო ორიენტირებული, მიმდინარე წელს მისი დევიზი ეფექტურობის გაზრდაა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილს ზუსტი ციფრების თქმა არ შეუძლია, მაგრამ მიმდინარე პროცესები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია და თან მუდმივად ღარიბდება.

„თუნდაც დევალვაციის ფაქტორი ავიღოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა, დევალვაცია სამომხმარებლო კალათაზე პირდაპირ აისახება გაჭირვების თვალსაზრისით. ამ დროს არ ხდება ძირითადი სოციალური ჯგუფების შემოსავლების ინდექსაცია და, შესაბამისად, ვიღებთ გაღარიბების ტენდენციას. არც დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის მხრივ გვაქვს სახარბიელო სიტუაცია და სოციალურად დაუცველი ფენების შემოსავალიც არ იზრდება და ეს ყველაფერი ქმნის სურათს, როდესაც გაღარიბების ტენდენცია უფრო და უფრო მძაფრდება და, შესაბამისად, სოციალური რისკიც იზრდება“, - აცხადებს ხუხაშვილი.