ხელისუფლება მაიდანზე მეოცნებე ნაციონალებს აფრთხილებს

ხელისუფლება მაიდანზე მეოცნებე ნაციონალებს აფრთხილებს

უკრაინულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ადამიანების წამებისა და გაუპატირების ამსახველ ვიდეო კადრებს, უკვე მოჰყვა რეაქცია საქართველოში. კერძოდ კი, მოსახლეობა პროტესტის ნიშნად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებს წითელი საღებავით ღებავს და ამ ფორმით აპროტესტებს 9-წლიან რეჟიმს. ექსპერტების შეფასებით, არსებობს პროცესების დამატებითი ესკალაციისა და ძალადობრივი აქტების რეალური საფრთხე, რაც ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს ყველას, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავონ ემოციების ქუჩაში გადატანისგან, ვინაიდან ამას შეიძლება მძიმე შედეგი მოყვეს. კვირიკაშვილი სამართალდამცველებს მიმართავს და დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევებზე ექნებათ რეაგირება.

„აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობის კადრების ტირაჟირება. ეს არის დაბრუნება იმ საშინელ წარსულში, რომელიც საქართველომ გაიარა. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს ერთხელ და სამუდამოდ. არ ვიცი, ვინ აკეთებს ამას, ეს ნამდვილად არ შედის მთავრობის ინტერესში და ვინც აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, სად არის, სად მუშაობს, რომელი გუნდის თუ მიმართულების წევრია.

ეს არის ადამიანების ფსიქიკის დანგრევა. ახალგაზრდებს შეიძლება, ცხოვრება დავუმახინჯოთ მარტო იმითი, რომ ეს უბედურება ვაჩვენოთ, რაც გაიარა საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა. ამიტომ კატეგორიულად ვემიჯნები, მითუმეტეს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მასშტაბით ასეთი კადრების ჩვენებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა კომენტარი გააკეთა საპარლამენტო ოპოზიციის მოსახლეობისადმი მოწოდებაზე, რომ „რუსთავი 2“-ის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ.

„მინდა, „რუსთავი 2“- ის ხელმძღვანელობასაც და ყველა იმ ადამიანს მოვუწოდო, ვინც სააწინააღმდეგო პოზიციაზე დგას, ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანამ უნდა გადააბიჯოს იმ ზღვარს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, მოგწონს ეს თუ არა მოგწონს, მისაღები იქნება ყველასთვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს დგას ეს ადამიანი. სასამართლომაც უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებში არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს ამ მიმართულებით, თუნდაც ამისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის ელემენტები გახდეს საჭირო“, - აცხდებს გიორგი კვირიკაშვილი.

საპარლამენტო უმრაველსობის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, არის მცდელობა, „რუსთავი 2“-ის საქმეზე მანიპულირებით ქვეყანაში სიტუაციის ესკალაციას ჰქონდეს ადგილი. მისივე თქმით, არაერთხელ დადასტურდა, რომ „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა არის პოლიტიზირებული, არ მალავავენ, რომ არიან ერთი პოლიტიკური ძალის რუპორი და მხარდამჭერები და განცხადებებს ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების შესაბამისად აკეთებენ.

„აშკარად სახეზეა მცდელობა იმისა, რომ „რუსთავი 2“-ის თემით მოხდეს მანიპულირება ესკალაციის მიზნით. აქ არც ერთ შემთხვევაში არ ვგულისხმობ „რუსთავი 2“ - ის დღევანდელი ხელმძღვანელობის მხარდასაჭერად გამართულ აქციებს. ამის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, მაგრამ საუბარია იმის თაობაზე, რომ თითქოს მზად არიან, რაღაც დაგეგმილ ძალადობას ძალადობით უპასუხონ.

ხელისუფლების მხრიდან არანაირი ძალადობა არ იგეგმება. არც ისეთი ქმედება იგეგმება, რომელიც შეიძლება სამართლებრივ სივრცეს გასცდეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელისუფლების მხრიდან არ იგეგმება „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობის შეწყვეტა. მთავარია, არხის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ეს თავად არ გადაწყვიტოს, მოვლენების შემდეგი ესკალაციის მიზნით“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დასაცავად მასობრივი გამოსვლების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებებს გაემიჯნენ „თავისუფალი დემოკრატები“ და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. მათივე შეფასებით, პროცესები მკვეთრი დაპირირსპირების გზით მიდის, რასაც იოლად შეიძლება მოჰყვეს ძალადობრივი ქმედებები.

„მოვლენების ასეთი განვითარება ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“. განსაკუთრებით შემაშფოთებელია 22 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, რომელიც აშკარად შეიცავდა ძალადობისკენ მოწოდებას და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოქალაქეების წაქეზებას.

ჩვენთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებები შესაძლო მასობრივ გამოსვლებზე, რომელიც მათ ვიწრო პარტიულ ინტერესს ატარებს. მივმართავთ მოქალაქეებს, გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ გონების კარნახით და მხოლოდ კანონის ფარგლებში“, - აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატები.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს არ გავიდნენ კანონის ფარგლებიდან. მისივე განცხადებით, კარგია, როდესაც არასამთავრობო სექტორი პოლიტიკოსების განცხადებებს ყურადღებას აქცევს, მაგრამ, როცა მოქალაქეები ამბობენ, რომ თერმოსებს მოიმარაგებენ, ამ შემთხვევაში, იგივე არასამთავრობემა უნდა მიუთითონ, რომ კანონიდან არავინ არ უნდა გავიდეს.

„ის, რაც პარტიულ ოფისებზე თავდასხმებით, ბიბლიოთეკისა და წიგნების შეურაცხყოფით ხდება, ვანდალიზმია, მაგრამ ზუსტად ასეთი დონის ვანდალიზმია განათლებული, მოვლილი და ჭკვიანი ადამიანებისგან იმის ლაპარაკი, რომ თუ მათ მოსამართლის გადაწყვეტილება არ მოეწონებათ, კანონს დაარღვევენ. ეს განცხადებები კვერცხების სროლისგან და საღებავებისგან არ განსხვავდება და გაცილებით უფრო საშიშია. არასამთავროებს ვეთანხმები, მაგრამ ნაციონალებს მოვუწოდებდი, რომ კანონის ფარგლებიდან არ გავიდნენ და მაიდანზე ოცნებას თავი დაანებონ“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.