ნიკა გვარამიას ჩვენების საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი - 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. მან დაადასტურა გვარამიასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა, ამ ურთიერთობის ფარგლებში მათი სხვადასხვა ვითარებაში ხშირი შეხვედრები და მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში 2015 წლის 21 ოქტომბერს შემდგარი შეხვედრის ფაქტი.
საკუთარ ჩვენებაში ახვლედიანმა კატეგორიულად უარყო რაიმე სახის სახელისუფლებო გზავნილების გადაცემის, მათ შორის სასამართლოში მიმდინარე პროცესებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების ანდა სატელეფონო საუბრების მასალების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით ხელისფულების მოთხოვნის გადაცემის ფაქტი.
ახვლედიანის განცხადებით, მათ შეხვედრაზე მსგავს თემებზე საუბარი არ ყოფილა და ყველა მათი შეხვედრის საუბარი ყოველთვის ატარებდა წმინდა მეგობრულ ხასიათს. ხოლო გვარამიას განცხადება, რომ მან შეხვედრისას ამ უკანასკნელს გადასცა ხელისუფლების ზემოხსენებული მოთხოვნა, ახვლედიანი ირწმუნება, რომ სიცრუეა.
ამ დროისთვის გვარმიას და ახვლედიანის ჩვენებიდან ოფიციალურად მხოლოდ ის დასტურება, რომ მათ შეხვედრებს სხვა მესამე პირი არ ესწრებოდა, ასევე არცერთი მხარის მიერ არ მომხდარა მათი საუბრის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გამოძიების მიერ სს-ს საქმეს დაერთო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სამეთვალყურეო კამერების ვიდეო ჩანაწერები, რომლებზეც დაფიქსირებულია ალექსი ახვლედიანის ტელეკომპანიის შენობაში შესვლის და გასვლის კადრები.
პროკურატურის ინფორმაციით, დათვალიერდა ნიკა გვარამიას მისაღები და სათათბირო ოთახი, სადაც 2015 წლის 21 ოქტომბერს ერთმანეთს შეხვდნენ ნიკა გვარამია და ალექსი ახვლედიანი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ტელევიზიის სათვალთვალო კამერების მიერ არ მომხდარა მათი საუბრის აუდიო-ვიდეო გადაღება, ვინაიდან შეხვედრის ოთახში არ არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები. ვინაიდან ნიკა გვარამიას და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, გამოძიება უახლოეს დღეებში მოწმის სახით გვარამიას დამატებით დაკითხავს.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისგან მესიჯი მას ალექსი ახვლედიანმა გადასცა. გვარამიამ თავისივე განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მტკიცებულებებით და ფარული ჩანაწერებით არ წარმართულა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე მისულმა ალექსი ახვლედიანმა დაადასტურა გვარამიასთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ ის არც მესინჯერია და არც შუამავალი.
„ნიკა გვარამია ჩემი მეგობარია და ალბათ, ეს იყო მე-100 ვიზიტი „რუსთავი 2“-ში. უახლოესი ორი კვირა არ ვიმყოფებოდი საქართველოში. გუშინწინ გვიან ღამით დავბრუნდი. გუშინვე უნდა შევხვედროდი ნიკას და ეს იყო ჩვეულებრივი, მეგობრული დაგეგმილი შეხვედრა იქიდან გამომდინარე, რომ ის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ის მართლაც იმყოფება ასეთ სიტუაციაში და მე არასდროს ვტოვებ ჩემს მეგობრებს. აქედან გამომდინარე, ჩამოვფრინდი თუ არა, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე დავუკავშირდი ნიკას. მიპასუხა, რომ მას მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა თათბირები და მეორე დღეს შევხვედროდით. მეორე დღეს, შესვენების პერიოდში მას დავუკავშირდი და ვადასტურებ, შეხვედრა მოხდა „რუსთავი 2“-ის ოფისში, სადაც ძალიან ხშირად ჩვენ ერთმანეთს შევხვედრივართ და გვისაუბრია.
ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მე თვითონაც. ჩემი დევიზია ყველა კითხვაზე ყოველთვის პასუხი იყოს გაცემული. როგორც კი დაკითხვას მოვრჩები და ნიკა გვარამიას შევხვდები, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული“, - ეს განცხდება ალექსი ახვლედიანმა მის დაკითხვამდე გააკეთა.
ვინ არის ალექსი ახვლედიანი და იყო თუ არა ის მთავარობის შუამავალი გვარამიასთან, ამ კითხვებს პასუხი საგამოძიებო უწყებამ უნდა გასცეს. თუმცა, როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, ალექსი ახვლედიანი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირია, მას კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ამავე წყაროს ცნობით, ახვლედიანი ხშირად სტუმრობს უკრაინას. ამავე წყაროს ინფორმაციით, ახვლედიანი გვარამიას უახლოესი მეგობარია და ისინი ოჯახებით არიან ახლოს.
„ახვლედიანზე ხელის დადება გვრამიასთვის ძალიან მძიმე თემა იყო. იმიტომ, რომ ოჯახებით ძალიან ახლოს არიან. სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი იყო და თქვა ის, რაც თქვა. არ არის გამორცხული, რომ ახვლედიანს ამ შემთხვევაში ნაციონალების თამაში ეთამაშა, მითუმეტეს, რომ ის ძალიან დაახლოებულია ნაციონალებთან და უშუალოდ სააკაშვილთან“, - აცხადებს ახვლედიანთან დაახლოებული წყარო.
გვარამია-ახვლედინის შევედრის ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია. გვარამია აცხადებს, რომ მას არ გააჩნია აუდიო-ჩანაწერი, რითაც დადასტურდება, რომ ახვლედიანი მას ხელისუფლების სახელით აშანტაჟებდა. ეს მაშინ, როდესაც თავად „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრმლები აცხადებენ, რომ ტელევიზიაში დამონტაჟებულია ფარული კამერები.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ გვარამიასა და ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი არსებობს, რომელიც შესაძლებელია, მალე გამოქვეყნდეს.
„რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი არსებობს და უახლოეს პერიოდში ველოდები ამ ჩანაწერის გამოქვეყნებასაც. საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელზეც ალექსი ახვლედიანი ამტკიცებს, რომ არ ყოფილა, მგონია, გვარამიამ მას პატარა ხაფანგი დაუგო, რომელშიც ის, როგორც ჩანს, გაება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ახვლედიანი ხელისუფლების და ამ შემთხვევაში პრემიერის სახელით მოქმედებდა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისივე განცხადებით, ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს ამ საქმის დეტალური და დროული გამოძიება. ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ახვლედიანმა ყოფილი ხელისუფლების თამაში ითამაშა.
„გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებას სისხლხორცეული ინტერესი აქვს, რომ ეს საქმე გამოიძიოს. თუმცა, ახვლედიანი არ გავს ისეთ პიროვნებას, რომ ასეთი მაღალი რისკის ზონაში შესულიყო, მითუმეტეს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც საკმაოდ კარგად გრძნობს თავს. ის საკმაოდ თბილ ადგილებში თანაშრომლობდა დღევანდელ ხელისუფლებასთან. ასე რომ, ვერ ვიქნები ძალიან კატეგორიული ვერც ერთი მიმართულებით.
ფაქტია, რომ ძალიან არადამაჯერებელია მისი განცხადება, წინააღმდეგობაში შედის საკუთარ თავთან, მეგობარს უწოდებს ადამიანს, რომელზეც ასევე ამბობს, რომ ცილს მწამებს მძიმე დანაშაულშიო. თუ ადამიანი ცილს გწამებს მძიმე დანაშაულში, ის შენი მეგობარი ვერ იქნება, ამიტომაც ახვლედიანის განცხადება თავიდან ბოლმდე არის ყალბი. მაშინ უნდა ეთქვა, რომ გვარმია მეგობარი მეგონა და ნაძირალა ყოფილაო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
პოლიტიკურ კულუარებში კიდევ ერთი ინფორმაცია ვრცელდება ახვლედიანთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია, თითქოს, ოლიმპიადის დროს მას გაფლანგული აქვს რამდენიმე მილიონი და აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ ახვლედიანს პრევენციისთვის, გვარამიასთან ერთად დაგეგმა ამ ინფორმაციის გახმაურება. იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო ორგანოები მისით და დაინტერესდებოდნენ, საქმეს პოლიტიკურ ელფერს მისცემდა. თუმცა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა ხაბარელის კომენტარი არ ადასტურებს ამ მითქმა-მოთქმას. ხაბარელის განმარტებით, ალექსი ახვლედიანი „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო და აქედან გამომდინარე, მას ოფიციალური ურთიერთობები ჰქონდა, რომელიც კონკრეტულ შეჯიბრს უკავშირდებოდა. ამ პროცესში სახელმწიფო იყო ჩართული და ამ დიდ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა.
„ის, რაც მოვისმინე, ვფიქრობ, ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ უნდა იყოს. პრემიერი იმას არ იკადრებს, რომ ვიღაც გააგზავნოს და ასეთი მესიჯები დააბაროს. თუკი გვარამიას რაიმე პრეტენზია აქვს, ოფიციალური ჩანაწერი ხომ წარადგინა და საუბრის ოფიციალური ჩანაწერიც დადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას შეუძლია, რომ მეგობარი ფარად გამოიყენოს და „ჩაუშვას“. გვარამიას ასეთი რაღაცეების გაკეთება შეუძლია, მაგრამ მან უნდა დაამტკიცოს, მათ შორის რა საუბარი იყო. არ ვიცი, ახვლედიანსა და გვარამიას შორის რა ურთიერთობაა, მაგრამ ახვლედიანი ამბობს, რომ ის მისი მეგობარია. ადამიანი სულელი უნდა იყოს, რომ ასეთი არადეკვატური ნაბიჯი გადადგას და ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ასეთი გზავნილები მიიტანოს.
ვფიქრობ, რომ გვარამიას მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას, რათა საკუთარი ქმედებები გაამართლოს. ხელისუფლება მსგავს გზავნილებს არასოდეს გააკეთებს, რადგან ეს გამართლებული არ არის. ასეთი პროცესები 2012 წელს დავამთავრეთ, როცა ვიღაცას შანტაჟს უწყობდნენ და რაღაცით აშინებდნენ. მსგავსი რამ ქვეყანაში აღარ მოხდება.
რაც შეეხება ოლიმპიური კომიტეტის მიერ დახარჯულ თანხებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ალექსი ახვლედიანს არ შევხვედრივარ, მაგრამ ინფორმაცია მოვიძიე. ყველა თემა, რომელიც პრობლემატური იყო და უფრო ანგარჟირებული, მოვიძიე. ყველაფერი ხელშეკრულებებით იყო გაფორმებული, რომელიც მთავრობამ იცოდა. აუდიტიც ჩატარდა, ყველაფერი გასწორებულია და არანაირი დავალიანება არ არის. ყველამ წინასწარ იცოდა, სად რა უნდა გადახდილიყო“.
მოქმედებდა თუ არა ახვლედიანი ხელისუფლების დავალებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ოთარ აბესაძე ამბობს, რომ ეს უნდა დაადასტუროს საგამოძიებო ორგანომ.
„მას გვარამიასთვის რომ პრემიერის დანაბარები გადაეცა, ამას გამოვირცხავ. გამოვრიცხავ, რომ პრემიერს შეეთვალა ამ პიროვნების მეშვეობით ის, რასაც თვითონ ებრძოდა. რაც შეეხება შეხვედრას, კონტაქტი და კომუნიკაცია ეს არის წმნიდა წყლის პოლიტიკური პროცესი, ამაში ალოგიკური არაფერია, ეს ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მაგრამ ის, რომ პრემიერს გვარამიასთვის ეთქვა, რომ ეს ადამიანი იქნება ჩემსა და შენს შორის საკომუნიკაციო საშუალება, ამას გამოვრიცხავ. ეს არის მორიგი ბლეფი, მსგავსი შოუების დადგმას მიჩვეული ვართ ჩვენ „რუსთავი 2“-სგან და მითუმეტეს ნიკა გვარამიასგან“, - აცხადებს აბესაძე.
მისივე განცხადებით, აშკარაა „რუსთავი 2“ ცდილობს, რომ ორ კერძო პირს შორის დავაში წარმოჩინოს სახელმწიფოს როლი და პოლიტიკურ პროცესში შეიყვანოს ვითარება.
„იმისათვის, რომ სიტუაციას შემატონ პოლიტიკური ელფერი, არ გამოვრიცხავ, რომ მსგავი ტიპის ბრალდებით დაკავდნენ. ფარული ჩანაწერები, შანტაჟი, მიყურადღება და ა.შ. ეს მათი პოლიტიკური ცხოვრების მეთოდია, ყოველთვის იყვნენ ბრალდების რეჟიმში. ესეც შეიძლება, იყოს მორიგი პოლიტიკური ფარი, რომ პოლიტიკურად კიდევ უფრო დაამძიმონ სურათი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ოთარ აბესაძე.