„ვიწყებთ ხელისუფლების გადმობარებას, რადგან „ოცნება“ უკვე პოლიტიკურ მოუსავლეთშია“, - აცხადებს ნუგზარ წიკლაური, მიხეილ სააკაშვილი კი უკრაინულ მედიას არწმუნებს, რომ „პუტინის ემისარი-ივანიშვილი ხელისუფლების დაკარგვის“ რეალური საშიშროების წინაშეა, რასაც ყველა გამოკითხვა ადასტურებს, სადაც მისი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებლად ლიდერობს.
რას ეფუძნება ნაციონალთა შემართება, ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
ნუგზარ წიკლაური „ხელისუფლების გადმობარებას“ იწყებს. „ქართული ოცნების“ ძირითადი შეცდომა ის ხომ არ იყო, რომ მთავარ მეტოქედ სწორედ ნაცმოძრაობას შეგვაჩვია?
- „ოცნების“ შეცდომების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ნაცმოძრაობასთან „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებისას მთავარი შეცდომა შეიძლება ის იყო, რომ, ელემენტარულად, ვერ შექმნეს ცივილიზებული თანაარსებობის ჩარჩო. ვერ გათვალეს, როგორ მიიღებდა ევროპა „ქართული ოცნების“ კურსს ნაციონალებთან მიმართებით. ეს პროცესი კონტროლიდან გავიდა, სტიქიური ხასიათი მიიღო, რაც აკუმულირებულ იქნა მხოლოდ თანამდებობისთვის ბრძოლაში. არავითარი ფასეულობები, ღირებულებები, პრინციპი იყო ერთი - თქვენს დროს ყველაფერი თქვენი იყო, ახლა ჩვენ მოვედით და ყველაფერი ჩვენი უნდა იყოს. ამას მოჰყვა არაცივილიზებული სცენები, რეგიონებში კაბინეტებიდან გამოყრა, სკამების გადაყრა, ცემა-ტყეპა, ფიზიკური ანგარიშსწორება, კვერცხების სროლა. მერე უკვირთ, პროევროპული კურსი რატომ სუსტდება. დასუსტდება, აბა, რა იქნება, ევროპული კურსი არ არის კვერცხების სროლა. შენთვის მიუღებელი ოპოზიცია თუ მართლა დამნაშავეა, ან უნდა გაასამართლო, როგორც ფაშიზმი აიკრძალა, ან ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, რომ არჩევნებში ერთი ხმაც ვერ მიიღოს. ორი არჩევნები ჩატარდა და ორივეში ნაციონალებმა 20-20% დაიწერეს, ამდენი არცერთ ოპოზიციას ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში არასდროს არ უჩვენებია.
არაცივილიზებული მიდგომა ახსენეთ, მაგრამ კოჰაბიტაცია ზედმეტად ცივილიზებული იყო და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ უსუსურობაში გადაიზარდა.
- კოჰაბიტაცია არც ყოფილა. რა იყო კოჰაბიტაცია, ამ ტერმინის პირველმა გამოგონებელმაც არ იცოდა, რადგან კოჰაბიტაცია არის პატიება, პატიება კი არ არსებობს მონანიების გარეშე. ჩვენთან არავის მოუნანიებია.
სწორედ კოჰაბიტაციამ ხომ არ შეუწყო ხელი, რომ ნაციონალები არაფერს ინანიებდნენ? თორემ თავიდან ნაციონალები თვინიერად იქცეოდნენ.
- ეს მოჩვენებითი და იძულებითი თვინიერება იყო. ნაციონალები უცებ შოკში ჩაცვივდნენ, რადგან პატიოსანი არჩევნები წააგეს. ეს მათთვის წარმოუდგენელი იყო. ნაცმოძრაობაში იყო რამდენიმე ადამიანი, რომელთაც რწმენა ჰქონდათ, რომ ყველა საშუალებით, მათ შორის, ანტიკონსტიტუციურითაც დარჩებოდნენ ხელისუფლებაში. ზოგიერთ მათგანს გულწრფელად სწამდა, ჩვენ ისე კარგები ვართ, ხალხი ზურგს არასოდეს შეგვაქცევსო. უცებ ნახეს, რომ ხალხმა ზურგი შეაქცია. „ოცნებისთვის“ გადამწყვეტი ტრაგიკული როლი შეასრულა გადაჭარბებულმა დაპირებებმა, რომელთა შესრულებაც თავიდანვე შეუძლებელი იყო. ნაციონალებმა შიში უცებ ჩამოიფერთხეს და თავი წამოყვეს, როდესაც ნახეს, რომ „ოცნება“ დაპირებებს ვერ ასრულებდა, ხალხის ცხოვრება დღითი-დღე უარესდებოდა, ლარი უფასურდებოდა, მთელმა ევროპამ „ოცნებას“ ზურგი აქცია. რუსულად ამას „კრუგოვაია აბარონა“ - წრიული თავდაცვა ჰქვია, ჩვენმა მთავრობამ აღარ იცის, ვისგან დაიცვას თავი, ამ დამშეული უმუშევარი მასისგან თუ ევროსაბჭოსგან?! ნაცმოძრაობაზე აღარაფერს ვლაპარაკობ. თუმცა „ოცნებისთვის“ ზურგის შექცევა სულაც არ ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობას აირჩევენ. აქ ზიარჭურჭლის პრინციპი არ მოქმედებს, რომ რაც ერთს დააკლდა, მეორეს მიემატა. ამიტომ ნაცმოძრაობა და ნუგზარ წიკლაური დღეს ტყუილად არიან ეიფორიაში.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერები რაიონებშიც ხვდებიან პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების აქტივისტებს და NDI-ის დასკვნებს აცნობენ.
- ხელისუფლების გადაბარება მხოლოდ არჩევნების წელს ხდება. თუკი ნაციონალებს მადლობა შეიძლება ვუთხრათ, ის არის, რომ 2012 წელს მათ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პრეცედენტი შექმნეს.
გეეჭვებათ, რომ ნაციონალებს შეიძლება, ქუჩაში უნდოდეთ პროცესების გადატანა? ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ნაცებს და „ოცნებას“ ცივ სამოქალაქო ომის რეჟიმში გადაჰყავთ პოლიტიკური ცხოვრება და გამორიცხული არაა, ცხელ სამოქალაქო ომშიც გადაიზარდოს მოვლენები.
- როდესაც ექსპერტს არაფერი აქვს სათქმელი, ის ამბობს, მე ამას არ გამოვრიცხავო - ეს ყველაზე კარგი ფრაზაა. ამ საკითხში მაინც ოპტიმისტი ვარ და არა მგონია, საქართველო სამოქალაქო ომის რეჟიმში გადავიდეს. მაშინდელი სამოქალაქო ომის შოკიდან დღემდე ვერ გამოვსულვართ. 150 წელი გავიდა ამერიკაში სამოქალაქო ომის შემდეგ და დღესაც სამხრეთისა და ჩრდილოეთის დაპირისპირება დროდადრო მაინც თავს იჩენს. ჩვენს უბედურებაში ყველაზე დიდი დამნაშავენი არიან ის ძალები, რომლებიც მაშინ კომკავშირულ-პიონერული აღტაცებით გადაეშვნენ სამოქალაქო ომის უფსკრულში. სამოქალაქო ომი იწყება იქ, სადაც ხელისუფლება კარგავს მართვის უნარს და მოვლენები კონტროლიდან გამოდის.
როცა დღევანდელ ხელისუფლებას „უნიათოს“ უწოდებენ ნაციონალები, ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ ცალკეული ექსპერტებიც ამბობენ, რომ ნაციონალთა სადისტური ხელისუფლების შემდეგ მაზოხისტური ხელისუფლება მივიღეთ. ამ ფონზე ხალხის აღშფოთების ხარისხი შეიძლება გაიზარდოს?
- არ მესმის, რატომაა უნიათო ეს ხელისუფლება? უნიათო ხელისუფლება ისაა, რომელიც არც თავის თავს არგია, არც- სხვას. ესენი საკუთარ თავს მშვენივრად არგიან, ძალიან მარიფათიანები არიან. უნიათო ჩვვენთვის, ხალხისთვისაა. პარლამენტში მოხვდნენ პარტიები, რომლებიც არჩევნებში 0%-საც არ მიიღებდნენ, - „კონსერვატორები“, „სოციალ-დემოკრატები“. ისინი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები არიან, მანქანა ემსახურებათ, უცხოეთში მოგზაურობენ, მაღალი ხელფასები აქვთ.
დასაწყისში ახსენეთ კვერცხების სროლა ნაციონალების ოფისის მისამართით, რასაც ევროპელები ვერ გაიგებენ. ნაციონალების დროს წამების და უსამართლობის ზეიმსაც ვერ იგებდნენ ევროპელები. ესეც „ოცნების“ უნიათობის დემონსტრირება ხომ არ არის, რომ დასავლეთში ნაციონალების ლობისტებმა იმარჯვეს? არადა, ეს ხელისუფლებაც ნაკლებს არ ხარჯავს ლობისტების მომსახურებაზე.
- ვერცერთი ლობი იმდენ სიკეთეს ვერ მოუტანს, რა ვნებასაც საკუთარი სისულელით აყენებენ საკუთარ თავს. დანაშაულის 90%, რომ ევროპამ ვერ გაუგო „ოცნებას“, ქართულ დიპლომატიაზე მოდის. არავის აინტერესებდა, ისე ნიშნავდნენ ელჩებს. მოვიდა ივანიშვილი, რომელიც შორს იდგა დიპლომატიისგან. ამ სფეროს ერთი პროფესიონალი ჰყავს - თედო ჯაფარიძე, რომელსაც არაფერს ეკითხებოდნენ და თვითონაც თავს არ იკლავდა, წინა რიგში გამოჩენილიყო. „ოცნებას“ ეგონა, რომ უცხოეთი არ იყო მთავარი, მათთვის მთავარი საქართველოში ფულის კეთება იყო. ჩვენი ქვეყანა ღარიბია, მაგრამ აქ არის ენერგეტიკის სფერო, ვაჭრობა, ბიუჯეტი. ევროპაში ხომ ეს რესურსები არ არის?! დანიშნეს საფრანგეთში ქალბატონი ელჩად, ორი გვარი რომ აქვს და, საერთოდ, ელჩობის გაგებაში არ არის. ამიტომ საფრანგეთი ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ აძლევს ხმას. თქვენ გინდათ, დეპუტატი გამოდიოდეს და ამბობდეს ევროსაბჭოს თავმჯდომარეზე, დაბერდა, გამოპრუტუნდა, საწყალი ევროპელები, ეს იდიოტი უნდა მართავდესო?! მეორე დეპუტატი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გამოდიოდეს და ამბობდეს, მე ბრალს ვდებ მთელ ევროპასო?! კი მაგრამ, ეს ხალხი ევროპელების არჩეულია. შენ რომ დეგენერატს და გამოპრუტუნებულს ეძახი, ევროპელებისთვის ის ხანდაზმული, მაგრამ გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც შეცდომას აღარ დაუშვებს. ბოლოს და ბოლოს, 50 წლის წინ ევროპელებმა 74 წლის კაცი აირჩიეს კანცლერად - ადენაუერი და ახალი გერმანიის მშენებლობა ანდეს, ბრწყინვალედ ააშენა. ევროპელი სიძულვილს არ გამოხატავს. არასოდეს მოგერინი და სახალხო პარტიის ლიდერები კვერცხის სროლას არ დაიწყებენ. ისინი ევროპელები არიან, ჩვენ ქართველები ვართ. ამ შედეგით მაინც ვერ ისარგებლებს ნაცმოძრაობა, ხალხის თვალში ნუგზარ წიკლაური მაინც ნუგზარ წიკლაურად დარჩება.
მხოლოდ წიკლაური არ აკეთებს ასეთ განცხადებას, ნიკა გვარამიასგანაც მივეჩვიეთ ხმამაღალ ტონს - „არჩევნები ან „რუსთავი 2“-თან ერთად ჩატარდება, ან ეს არჩევნები საერთოდ არ იქნება“.
- განცხადებებისთვის გადასახადი არ არსებობს.
რამდენად თანმიმდევრულია „ოცნება“? საინტერესოა, „გაზპრომთან“ მოლაპარაკების გამართვა უღირთ ნაციონალებისთვის საბაბის მიცემად?
- აქაც მათი სისულელეა, ჯერ მოსახლეობისთვის უნდა აესხნათ, რომ აზერბაიჯანიდან გაზი მართლაც მცირდებოდა. მართლაც 30%-ით გაიზარდა გაზის მოხმარება? ეს მე არ ვიცი. თუ გაიზარდა, უნდა თქვან, რომ ახალი საწარმოები გაიხსნა და ამიტომ გაიზარდა და აზერბაიჯანი საქართველოს გაზრდილ მოთხოვნებს ვეღარ დააკმაყოფილებსო.
კახა კალაძე ამას დივერსიფიცირების აუცილებლობით ხსნის, მაგრამ დივერსიფიცირების დროს იაფად არ უნდა მოგვყიდონ გაზი? რაიმე უპირატესობა ხომ უნდა ჰქონდეს გაზის მოწოდების ახალ წყაროს?
- დივერსიფიკაცია აუცილებელია არა მხოლოდ გაზის საკითხში. ხალხი მხარს დაუჭერდა იმავე „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას, ოღონდ კალაძის უწყებას გასაგები ენით უნდა აეხსნა ქსენია დიასახლისისთვის, ამდენი გაზი გვჭირდება, რუსეთის გარდა არავინ მოგვყიდის, სიცივეში ჯდომა გირჩევნიათ, თუ რუსული გაზი? არავინ იტყოდა, გავიყინოთ, რუსული გაზი არ გვინდა და სიცივეში ვისხდეთო. ამის ნაცვლად, ჩუმად შედგა მოლაპარაკება, თითქოს ამ ქვეყანაზე რამე იმალებოდეს, შემდეგ გასკდა ეს ამბავი და კალაძემ მხოლოდ ორი კვირის მერე ახსნა, რაც მოხდა. რუსეთმა კი არა, ბინ ლადენმა და ისლამურმა სახელმწიფომაც რომ გამოგზავნოს გაზი, მაინც ყველა ამჯობინებს ამას სიცივეში ჯდომას.