გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაშლა-დაქუცმაცებას შედეგად ის მოჰყვა, რომ სულ მოკლე ხანში ტყის კოდექსში ცვლილებები შევიდა და ჯარიმების ოდენობა გაორმაგდა. ამიერიდან ტყის უკანონოდ მჩეხავებს გამოჭერის შემთხვევაში დიდი დავიდარაბის გადატანა მოუწევთ. სამაგიეროდ, ვისაც ნაჯახი “კანონიერად” აქვს მომარჯვებული, მისთვის ვადებიც ხანგრძილვდება და პირობებიც უმჯობესდება.
მას შემდეგ, რაც მთავრობამ გარემოს დაცვის სამინისტრო დაშალა, მისი ფუნქციების სხვადასხვა უწყებებისთვის გადანაწილებას ცდილობს. ამ რეფორმის ფარგლებში კი პირველი ის გააკეთა, რომ ტყით სარგებლობის ლიცენზიებით სარგებლობის ვადა გაზარდა. სამაგიეროდ, ვისაც ეს ლიცენზია არ გააჩნია და ისე მოიპოვებს ხე-ტყეს, მათთვის სანქციები გაამკაცრა.
პარლამენტი იწყებს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტის განხილვას, რომელიც “ტყის კოდექსში” ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. პირველი და ძალზე საინტერესოა ის, რომ ტყითსარგებლობის ვადები ხანგრძლივდება. დღეს მოქმედი ნორმით, საქართველოს ტყის ფონდი გაიცემა მოკლევადიანი - 1 წლამდე და მათ შორის, სეზონური და გრძელვადიანი - 20 წლამდე სარგებლობისათვის.
“ტყის კოდექსში” ცვლილებების პროექტით, მოკლე ვადით გაცემის ვადა იგივე რჩება, თუმცა ტყის ფონდი გრძელვადიანი პერიოდით სარგებლობაში 20 წლის ნაცვლად, 49 წლით გაიცემა. ასევე, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გაგრძელებული იყოს ტყის ფონდის სარგებლობის ვადა.
სამაგიეროდ, იზრდება სანქციები უკანონო ტყით სარგებლობაზე. თავისთავად ეს ცვლილება, შესაძლოა, დადებითიც იყოს, მაგრამ, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, პრობლემას ქმნის ის, რომ სრულიად დაუცველი რჩება სოფლის მოსახლეობა, რომელიც, ცხადია, არ ფლობს ტყითსარგებლობის ლიცენზიას და მას ტყეში უკვე აღარაფრის მოპოვების საშუალება არ ექნება. მკაცრდება და ორმაგდება ის ფულადი ჯარიმა, რაც აქამდე არსებობდა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით ხე-ტყის უკანონოდ სარგებლობისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 400-500 ლარის ოდენობით. ეს ჯარიმა კი, კანონპროექტით, 1000 ლარამდე იზრდება.
კანონპროექტით ასევე შემოდის კანონდარღვევის ახალი დეფინიცია, რომელიც ითვალისწინებს “ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და ტყითსარგებლობის გრძელვადიანი ხელშეკრულების პირობათა დარღვევას”. ამისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, კანონპროექტში ცალკე დანაშაულად არის განსაზღვრული “სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით გაცემული სათანადო ლიცენზიის პირობების დარღვევა”. ეს ქმედება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.
მთავრობის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი განმარტებები არ კეთდება და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საკუთარ არგუმენტებს საკომიტეტო განხილვისას დააფიქსირებენ.