2015 წლის პირველ ნახევარში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 20-25%-ით არის შემცირებულია. ამის მიზეზი უამრავია, ლარის გაუფასურებით დაწყებული, მეზობელ ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვებით დამთავრებული. აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და სომხეთში საქართველოდან ძველი ავტომობილები აღარ გადის. ამასთან, აზერბაიჯანმა და განსაკუთრებით სომხეთმა, თავად დაიწყეს ავტომობილების გადატანა თავიანთი გადამზიდავი საშუალებებით ფოთიდან. ამ შემთხვევაში ისინი საქართველოს უბრალოდ, სატრანზიტო ქვეყნად იყენებენ.
ბოლო მონაცემებით, სეტემბერში მანქანების ექსპორტ/რეექსპორტი მკვეთრად შემცირდა და თითქმის 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელსაც კი ჩამოცდა. რუსთავის ავტობაზრობის მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის სექტემბერში ავტომანქანების ექსპორტ/რეექსპორტმა 1771 ავტომობილი შეადგინა, რაც 465 ერთეულით ნაკლებია აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით. წლევანდელ მაჩვენებელთან ყველაზე მიახლოებული რიცხვი 2010 წელს დაფიქსირდა. 5 წლის წინათ, სექტემბერში მანქანების 2614 ავტომობილი შემოვიდა. 2011 წელს მანქანების ექსპორტ/რეექსპორტი 3652 ერთეული იყო, 2012 წელს - 6556, 2013 წელს - 7305, ხოლო 2014 წელს - 3532.
გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის სექტემბერში, ამავე წლის აგვისტოსთან შედარებით, შემცირებულია ავტომობილების იმპორტიც. თუ მიმდინარე წლის აგვისტოში მანქანების იმპორტის მაჩვენებელი 7525 იყო, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 5923-მდე დაეცა. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში, ავტომობილების იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010 წლიდან 2015 წლამდე, 2014 წელს დაფიქსირდა და 10034 ავტომობილი შეადგინა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2010 წელს იყო - 4588.
უკვე რამდენიმე თვეა ავტომობილებზე ფასები, ძირითადად, უცვლელია. უბრალოდ, მყიდველი ახლა უკვე ცდილობს გაცილებით იაფად და თან უფრო ეკონომიური მანქანები შეიძინოს, მაგალითად, ჰიბრიდები. რაც შეეხება დიდხარჯიან მანქანებს („მერსედესი“, „პასატი“, „აუდი“) ისინი უკვე აღარ იყიდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მსუბუქი ავტომობილების ბიზნესს უკავშირდება, არ იგეგმება.
„რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ავტომანქანებს, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ამ საკითხზე და, ზოგადად, კომპლექსურად - უსაფრთხო გადაადგილების მოწესრიგებაზე, მუშაობს შსს და საკმაოდ დიდ პროექტს ამზადებს“, - აღნიშნავს ლაშქარაძე.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილებით მოვაჭრეებისთვის წელს მნიშვნელოვანი შეღავათი იყო ის, რომ პირველი მარტიდან პირველ სექტემბრამდე ავტომობილების გაყიდვის ან განბაჟების შემთხვევაში ავტომობილის მფლობელებზე საჯარიმო სანქციები არ გავრცელებულა. პარალელურად განბაჟების უფასო ვადა 45 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა. თავად ავტოიმპორტიორებს ამ მხრივ მაინცდამაინც დიდ შვება არ უგრძვნიათ. ბაზაზრზე რეალიზაციის კლების კომპენსირება მხოლოდ 15-დღიანი შეღავათით შეუძლებელი აღმოჩნდა. კავკასიის ბიზნეს ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი სურგულაძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა სხვა მიმართულებით უნდა გააქტიურდეს.
„ამ ცვლილებას დიდი შეღავათი არ მოუტანია. ეს არ არის ბაზრის დახმარება, დროებითი ღონისძიებაა. დილერები უფრო უარეს დღეში ჩავარდნენ იმიტომ, რომ ვინც ავტომანქანა ვერ გაყიდა, ერთიანად სექტემბერში მოუწიათ თანხების გადახდა.
ხელშეწყობა მე სხვანაირი ვიცი. აუცილებელია რეგიონალურ ბაზრებთან სიტუაციის რეგულირება და დალაგება. სწორედ ესაა მნიშვნელოვანი ფაქტორი. რაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მას ბიზნესი ვერ გააკეთებს. აზერბაიჯანმა საქართველოდან მანქანების იმპორტისთვის, პრაქტიკულად, თავისი ბაზარი ჩაკეტა. ამის პარარელურად, სახელწიფომ ადეკვატურად უნდა იმოქმედოს, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობები დაალაგოს“, - აცხადებს გიორგი სურგულაძე.