რატი მაისურაძესა და ავთანდილ ზუმბაძეს ორწელიწადნახევარი დაუმატეს

რატი მაისურაძესა და ავთანდილ ზუმბაძეს ორწელიწადნახევარი დაუმატეს

რატი მაისურაძესა და ავთანდილ ზუმბაძეს, ერეკლე დეისაძის წიგნის წარდგინებისას მოწყობილ საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ”ხულიგნობისთვის”, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილმა 2 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ”ობიექტივი.ნეტ”-ს რატი მაისურაძის უფლებების დამცველმა ადვოკატმა, მანანა კობახიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ,  2010 წლის 7 მაისს, ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარი ინცინდენტის გამო რვა ადამიანი დააკავეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ხულიგნობის მუხლით გაასამართლეს და 2010 წლის აგვისტოში 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

2010 წლის სექტემბერში რვა მსჯავრდებულიდან ორის - ავთანდილ ზუმბაძისა და რატი მაისურაძის წინააღმდეგ პროკურატურამ ხულიგნობის მუხლით გამოიძიება დაიწყო. ბრალდების მხარის და მათი მოწმეების მტკიცებით, ”კავკასიაში” მომხდარ ინცინდენტამდე სამი დღით ადრე, ანუ 2010 წლის 4 მაისს, ზუმბაძემ და მაისურაძემ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან, ერეკლე დეისაძის წიგნის მხარდამჭერ აქციაზე იხულიგნეს.

საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომებზე, ბრალდების მხარის მოწმეებად გამოდიოდნენ: ”ტაბულას” და ”ლიბერალის” თანამშრომლები, პოლიციელები და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ”ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი. მაისურაძის და ზუმბაძის უფლებებს მანანა კობახიძე და ბესარიონ ქარცივაძე იცავდნენ. პროკურორი სოფო ბარაბაძე გახლდათ, რომელიც მაისურაძისა და ზუმბაძისთვის 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.

როგორ შეხვდნენ  განაჩენს რატი მაისურაძე და ავთანდილ ზუმბაძე?

მანანა კობახიძე: განაჩენს შეხვდნენ შეგნებით და იმ იმედით, რომ რაღაცეები მალე შეიცვლება. ძალიან საინტერესო ბოლო სიტყვა თქვეს. მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და რაც არ ჩაუდენიათ, იმას ბუნებრივია, არ აღიარებენ. თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს იმ  წიგნის მიმართ, რომელიც მათი აზრით მართლმადიდებლური მრწამსის საწინააღმდეგოა. მათ ამისთვის სჯიან!

რატი მაისურაძემ თქვა, რომ 20 წელიც, რომ მიუსაჯონ, ეს მისთვის მისაღები იქნება, იმ მხრივ, რომ ის ხვდება ამ განაჩენს, როგორც უსამართლობის ერთ-ერთ ფორმას. მან თქვა, რომ არა აქვს მისთვის მნიშვნელობა იქნება გარეთ, სადაც ერთი დიდი ციხეა, თუ იქნება იმ პატარა ციხეში, სადაც ამჟამად არის.

ამ საქმეში ორი დაზარალებულია. მაგალითად, ვასილ გაბუნიას დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებულია 118-ე მუხლი, ანუ სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, მაშინ, როცა არც ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, არც სამედიცინო ცნობა, ექიმისთვის არ მიუმართავს, არავითარი სხეულის დაზიანება მის მიმართ დადგენილი არ არის და საერთოდ, დაზარალებულის სტატუსი რა საფუძვლით, რა პრინციპით აქვს, ესეც გაუგებარია და ამ დროს, ადამიანს ასამართლებენ.

თავიდან აი, ამ 188-ე მუხლით მოხდა ქმედების კვალიფიკაცია, ხოლო შემდეგ საქმეში ამ ბიჭების ქმედება ხულიგნობის მუხლით დააკვალიფიცირეს. თუ ხულიგნობა იყო, პოლიციელებმა იქვე რატომ არ აღკვეთეს?! 4 მაისის ფაქტზე გაბუნია დაზარალებულად სექტემბერში ცნეს. გეკითხებით, გამოძიება 4 თვე რას აკეთებდა?

თქვენი აზრით რატომ მოიქცნენ ასე სამართალდამცავები?

- ეს არის ამ ბიჭების მიზანმიმართული დევნა, უნდათ მათი პოზიციის გამო სამაგალითოდ დასაჯონ.

ვინ დაესწრო განაჩენის გამოცხადებას?

- დარბაზში იყვნენ: ოჯახის წევრები, მამაოები და მრევლის წევრები. დარბაზი სავსე იყო. ორმა მამაომ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, უთხრეს ხელს გვიშლითო. ხელის შეშლა კი ის იყო, რომ მამაოები, ისევე, როგორც დანარჩენები, ხედავდნენ როგორი ტენდენციური იყო ეს პროცესი - ბრალდებას ხელში, არც ერთი მტკიცებულება არ ეჭირა და ცხადი იყო, რომ განაჩენი წინასწარ, გასული წლის მაისშივე ჰქონდათ გამოტანილი. ეს პროცესი ფორმალური იყო, უბრალოდ, ბოლომდე უნდა გაგვეტანა, თორემ, არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ 27 აპრილს მათ ვინმე გაამართლებდა.

საქართველო არის ქვეყანა, სადაც ნებისმიერ ფაქტზე შეუძლიათ ადამიანი  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ, მიუხედავად იმისა, არსებობს მტკიცებულება, თუ არ არსებობს.

პროცესზეც გააკეთეთ ასეთი განცხადებები?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი ვთქვი. უკმარისობის გრძნობით არ გამოვსულვარ - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რატი მაისურაძე ნამდვილად დაცული იყო. ამ ბიჭებმა იციან, რომ ადვოკატებს უკან არაფერზე დაგვიხევია, მათი დაცვისთვის ყველა სამართლებრივი საშუალება გამოვიყენეთ. იციან, რომ მათ წინააღმდეგ, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ იციან ისიც, რომ დღეს ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არის - დღეს ის ნება ბატონობს, რაც აქვს პროკურორს და რაც შეიძლება გააჩნდეს ”თავისუფლების ინსტიტუტის” რომელიმე წევრს; მათ აქვთ ახირებული აზრი, რომ ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრი უნდა დაისაჯოს, რადგან ეს თურმე ფაშიზმია და რასაც ერეკლე დეისაძე თავისი წიგნით ქადაგებს, ის - ლიბერალიზმი. აი, ასე უნდა დაეტაკნონ შვილები დედებს, დედები შვილებს და ასეთი საზოგადოებაა თურმე მისაღები.

განაჩენის გამოცხადებისას მართლა იტირეთ?

- ამ განაჩენის გამოცხადების დროს არ მიტირია. მე წინა განაჩენზე ვიტირე, როცა ეს რვა ბიჭი იდგა და გალობდა. ამჯერად წინასწარ ვიცოდი, რაც იქნებოდა და ემოციებისგან თავი შევიკავე. ახლა, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ - არ არის სასამართლო, არ არის მართლმსაჯულება და რაც არის, ჩვენ ყველამ ვნახეთ 26 აპრილს, გირგვლიანის საქმეზე  ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელმაც დაადასტურა ის, რომ ქვეყანაში არის კრიმინალური სამართალდამცავი სისტემა.

27 აპრილს, განაჩენის გამოცხადების დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ პროკურორი და მოსამართლე. დღეს ქუჩაში მდგომი, აბსოლუტურად ღატაკი ბოგანოს მდგომარეობა სჯობს მანტიამოსხმული მოსამართლის მდგომარეობას, რომელიც ხელაკანკალებული აწერს განაჩენს ხელს, რადგან სხვა გზა არა აქვს. პროკურორის მდგომარეობაში შევდივარ, იმიტომ რომ 27 აპრილს ის იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ის არის სისტემის მსხვერპლი, ისევე, როგორც მოსამართლე.

გასაჩივრებას აპირებთ?

- ალბათ, გავასაჩივრებთ. პირველ პროცესზე, როცა ამ რვა ბიჭს მიუსაჯეს 4 წელი და 6 თვე, გავასაჩივრეთ, მაგრამ აპელაციამ ერთი დღეც არ მოაკლო, ხოლო კასაციას ჯერ პასუხიც არ მოუცია და ალბათ, დაუშვებლად ცნობენ.

მე უკვე დაკავებული ვარ იმით, რომ მთელ მსოფლიოს - ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა საელჩოს გავაგებინო, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არის, რის შესახებაც  ისედაც იციან. სხვა ფუნქცია ადვოკატს აღარ აქვს, რადგან საქართველოში ადვოკატს პროფესია დააკარგვინეს, სასამართლო დარბაზებიდან გაგვიყვანეს და საერთოდ, არ ვიცი რომელ სივრცეში ვართ და რას ვაკეთებთ.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ - როდესაც დაცვით სიტყვას ამბობ და ითხოვ შენი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებას, იქვე, პარალელურად, განაჩენის გამოცხადებამდე, განსასჯელის სახელით წერ, რომ ”გთხოვთ, განაჩენის გამოცხადებისთანავე მომცეთ უფლება შევხვდე ჩემს ახლობლებს”, რის უფლებასაც მათ კანონი აძლევს. ეს ნიშნავს იმას, რომ ფორმალურად საუბრობ და წინასწარ იცი, რომ ეს ხალხი გამტყუნდება, ციხეში წავა.

აი, ასეთი მარაზმია დღეს სასამართლო. 27 აპრილს პროკურორი მგონი სათათბირო ოთახიდან გავიდა. ბოლო დროს ასე იქცევიან - სათათბირო ოთახებიდან იპარებიან, რადგან იმ საზოგადოებასთან შეხვედრას ერიდებიან, რომელიც უკანონო განაჩენების გამო უკმაყოფილებას გამოხატავს.

მე ბევრად ამაყი ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩემი საქმე გავაკეთე და გამოვედი. პროკურორს ჰგონია, რომ ეს ბიჭები დაიჭირა. მოვა დრო და ამისთვის მას მოეკითხება. 2006 წელს არავის ეგონა, თუ ევროსასამართლოში გირგვლიანი-ენუქიძის საქმე ასეთი წარმატებული იქნებოდა. სამწუხაროდ, ის ხალხი აღარ არის თორემ, სამართალი თავის გზას იპოვის.