„ნოემბრიდან ნოემბრამდე“ – სეზონი N2

„ნოემბრიდან ნოემბრამდე“ – სეზონი N2

„რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო. გვარამია პროკურატურაში დაიბარეს და სავარაუდოდ, უნდა გაირკვეს ჰქონდა თუ არა მის მიმართ მუქარასა და შანტაჟს ადგილი. 

მანამდე კი ვიდრე გამოძიება სიმართლეს დაადგენს, სხვადასხვა ვარაუდები და ვერსიები ჩნდება - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება არის მცდელობა, „რუსთავი 2“-ის საქმეზე მანიპულირებით ქვეყანაში სიტუაციის ესკალაციას ჰქონდეს ადგილი.

ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ეს გარკვეულწილად პრევენციული განცხადებაა.

„შესაძლოა, გვარამიას აქვს ინფორმაცია, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები არსებობს. ამ განცხადებას გარკვეული პოლიტიკური ძალები თუ ეხმაურებიან, ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო პროცესზე რაც შეიძლება მეტი ხალხი მივიდეს. თუ მოსამართლემ ის განაჩენი არ გამოიტანა, რასაც გვარამია ვარაუდობს, გამოდის რომ შანტაჟი არ ყოფილა? ვფიქრობ, ეს არის სცენარი, რომელიც ვითარების ესკალაციას ემსახურება, აგრეთვე იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოვიდეს - მეორეა, მივა თუ არა ხალხი“ - აცხადებს ძაბირაძე.

მოსწონს თუ არა ვინმეს „რუსთავი 2“, ალბათ, საზოგადოება მოითხოვს ხელისუფლებისაგან განუმარტოს და დაუდასტუროს იბრძვის თუ არა იმავე მეთოდებით რისთვისაც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა უარი.

მანამდე კი, ვიდრე გამოძიება ამას მოიკვლევს, არასამთავრობო ორგანიზაციათა და პოლიტიკოსთა ნაწილს აქვს საბაბი, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები აღიქვას „რუსულ პოლიტიკად“, „რუსეთის კოლონიად ქცევად“, როგორც ამას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, პაატა დავითაია და ნიკა გვარამია აცხადებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მოძმე არასამთავრობოებმა კი, ხალხს მოუწოდონ, რომ ფიზიკურად დაიცვან „რუსთავი 2“ და შენობაში არ შეუშვან ახალი მფლობელი, თუ სასამართლო საქმეს მის სასარგებლოდ გადაწყვეტს, მოუწოდონ საზოგადოებას შეიკრობოს სასამართლოსა და „რუსთავი 2“ ის შენობებთან.

„რუსთავი 2-ს აქვს იმხელა ტერიტორია, რომ შეიკრიბოს „ნაციონალური მოძრაობა“ და ენაც მოიფხანოს და გულიც. სხვა მხრივ, ასეთი აქციების აუცილებლობას ვერ ვხედავ, უბრალოდ, ველოდები, რომ გვარამიას მიერ გაჟღერებულმა ძალიან სერიოზულმა ბრალდებამ სახელმწიფოს წინააღმდეგ აქტიურად დააინტერესოს ჩვენი სამართალდამცავები; დადგინდეს იმ არაკაცის ვინაობა, ვინც ასე შეგვიშინა, დაგვიშინა და გული დაწყვიტა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ დროს სერიოზულ პროკურორს“ - აცხადებს ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი.

როგორც გვარამიამ განაცადა, მას არ აქვს მტკიცებულებები, რომ ხელისუფლების წარმომადგენელსა და მას შორის შეხვედრა შედგა, რადგან ფარული კამერით არავის გადაუღია და არც დიალოგია დაფიქსირებული. ასეთი „ლაფსუსი“ კი ბუნებრივია, ბადებს ეჭვს, შედგა თუ არა საერთოდ ასეთი დიალოგი. თუ გვარამია ვა-ბანკზე მიდის, გასაგებია, რომ სიტუაცის ესკალაციით სასამართლოზე ზეწოლას გეგმავს, თუმცა მეორეა, რა რესურსის მობილიზება შეუძლია თუნდაც მსხვერპლის როლში მოვლენილ გვარამიასა და მის უკან მდგომ „ნაციონალურ მოძრაობას“.

„მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა „რუსთავი 2“-ის მიმრთ, მაინც მგონია, რომ ხელისუფლება უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი, რადგან საქმე ეხება მედია საშუალებას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს პარტიული ტელევიზია.

რაც შეეხება რესურსს, შესაძლოა „რუსთავი 2“- ის დასაცავად ხალხი გამოსულიყო, მაგრამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მას აღიქვამს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის გაგრძელებას და შესაბამისად, დაახლოებით იგივე მხარდაჭერა ექნება „რუსთავი 2“-ს, შესაძლოა, ცოტა მეტიც, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. სხვა მხარდაჭერა „რუსთავი 2“ -ს არ ექნება, რადგან ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ შედიან.

ადრე რაც მოხდა და რასაც მუდმივად იხსენებენ, ამ პროცესებს აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური მოცემულობა ჰქონდა. დღეს აბსოლუტურად სხვა პირობებია, ამიტომ არ მგონია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლოს და იგივე მასშტაბის აქციები დაიწყოს „რუსთავი 2“-ის მეშვეობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ეს სიტუაცია უნდა გამოიყენოს ტელეკომპანიის წინააღმდეგ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

„რუსთავი 2“- ის სტუდიაში შეკრებილი მომხრეები გვარამიას მიერ ხელისუფლების „მხილების“ შემდეგ არ შეზღუდულან პოლიტიკური განცხადებების კეთებაში - ზოგიერთმა კი მოვლენები 7 ნოემბერს შეადარა და საზოგადოებას მოუწოდა, არ დაუშვან ახალი 7 ნოემბერი. სხვათა შორის, ნოემბრის ხსენებაზე არც ერთ მათგანს არ გახსენებია გვარამიას „შედევრი“ „ნოემბრიდან ნოემბრამდე“. 

„გამიჭირდება იმის თქმა, რომ ანალოგი იქნება, თუკი საერთოდ რამე იქნება, რადგან 7 ნოემბერს სხვადასხვა რაიონში ნაცმოძრაობის მიერ ნაცემი მოსახლეობა იყო გამოსული. დღეს ხელისუფლება ჯერჯერობით ქუჩაში არავის სცემს“, - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

ის მოწოდებები, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერიდან ისმოდა გვარამიას განცხადების შემდეგ, 7 ნოემბერს ნაკლებად, 2003 წლის მოვლენებს კი უფრო მეტად გვახსენებს, როდესაც ტელეკომპანია ცდილობდა, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაეტანა. სხვაობა ის არის, რომ ერთ დროს მართლაც პოპულარულმა ტელეკომპანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის მუდმივი ტირაჟირებით, შეიძლება ითქვას, მომხრეები დაკარგა.

ძნელი სათქმელია, როგორ მოახერხებს საზოგადოების მობილიზებას მაშინ, როდესაც თავისი სარედაქციო პოლიტიკით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი სხვა მედიასაშუალებების გულისწყრომაც კი დაიმსახურა.

„კამათისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიზუსტეს. უზუსტობა, თუნდაც მცირე, პოზიციას მკვეთრად ასუსტებს“, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოელიშვილი სოციალური ქსელით გიორგი გაბუნიას თოქ შოუ - „არჩევანში“ ჟურნალისტების მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჩერგოლეიშვილი წერს, რომ „რუსთავი 2“ ნამდვილად არ არის ერთადერთი კრიტიკული არხი.

„ნუ გავიწყდებათ თქვენი კოლეგები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აკეთებს საქმეს. ამით თქვენ პოზიციებს ისუსტებთ. თორემ ტაბულაში იმიტომ ნამდვილად არავინ მუშაობს, რომ ვიღაცამ დაუფასოს“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

„რუსთავი 2“-ის მიერ ერთადერთი კრიტიკული არხის სტატუსის დაჩემებამ როგორც ჩანს, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც საკმაოდ გააღიზიანა.

„იმედის“, „მაესტროს“, „1 არხის“, „კავკასიის“, „პალიტრის“ და ყველა სხვა ტელევიზიის ხელმძღვანელბს და ჟურნალსიტებს მინდა ვკითხო: „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა, თანამშრომლები და ყველა მათი მხარდამჭერი ეს დღეებია ყველა თავის გამოსვლაში ამბობენ და აქტიურად ამკვიდრებენ აზრს, რომ დღეს მთავრობისგან არაკონტროლირებადი ერთადერთი ტელევიზია არის „რუსთავი 2“ და თუ ის სხვა მფოლებელს გადაეცემა, ქვეყნაში სიმართლის მთქმელი აღარ დარჩებაო. თქვენგან რომ პასუხი არ ისმის, რა გამოდის, ეთანხმებით? მეც ვფიქრობ, რომ ახლა მათთან დაპირისპირების და საქმის გარჩევის დრო არ არის, მაგრამ როდესაც კოლეგებისგან სოლიდარობას ითხოვ, მათთვის მთავრობის ჟურნალსიტების ძახილი არ ტეხავს? დაპირისპირება სულაც არ არის საჭირო, მაგრამ რაღაცის თქმა, განცხადების გაკეთება აუცილებელი მგონია. თქვენს დუმილს მაყურებელი თანხმობად აღიქვამს და ეს აზრი დამკვიდრდება კიდეც, მითუმეტეს, თუ ამის საწინაარმდეგოს არავინ არაფერს იტყვის. ან იქნებ მარტო მე ვფიქრობ სხვანარად და თქვენ ყველანი ეთანხმებით? ესეც გამაგებინეთ“! - წერს მეტრეველი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ერთი რამ ცხადია, თუ გამოძიება ვერ დაადგენს, ვინ აშანტაჟებდა გვარამიას, შესაძლოა ის კოლეგებიც კი, ვინც დღეს მზად არიან „რუსთავი 2“- ის „უტიფრობა“ დაიცვან, სავარაუდოდ, თავს შეიკავებენ მის გვერდით დგომისგან, თუმცა, დაველოდოთ მოვლენებს, არც ისე ბევრი დროა დარჩენილი კვანძის გახსნამდე.

სოსო ცისკარიშვილის აზრით, თავისუფალ სიტყვას რაც შეეხება, აქ ჟურნალისტებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირებაც შეუძლიათ.

„ძალიან შთამბეჭდავია რაოდენობა ჟურნალისტების, რომლებიც ამ არხზე მუშაობენ და ცხადია, არ იმალება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამჟამად აქტიური დამცველები „რუსთავი 2“-ისა არიან ის ჟურნალისტები, რომლებიც თავის დროზე მისტიროდნენ ხალვაშს და მოსთქვამდნენ, რომ თავისუფალი სიტყვა აღარ გაჟღერდებოდა, რადგან მათგან წავდა ხალვაში. დღეს ისინი სხვანაირად ამღერდნენ. იმედი მაქვს მალე დამშვიდდება სიტუაცია და გვარამიას დამშინებლის ვინაობაც გაირკვევა“,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.