ერთი მსახიობის თეატრი – გვარამიას პოლიტიკური სპექტაკლი

ერთი მსახიობის თეატრი – გვარამიას პოლიტიკური სპექტაკლი

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუქარა, ისევე როგორც შანტაჟი სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად, ნიკა გვარამიამ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რომ გაირკვეს ვინ ემუქრებოდა მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით.

„რუსთავი 2“-ს გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი შეხვდა ადამიანს, რომელიც სამთავრობო მესიჯებს აწვდიდა და რომელმაც მიანიშნა, რომ არსებობს აუდიო ჩანაწერები მისი პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე მიანიშნა, რომ მას ოჯახის წევრები ჰყავს ქვეყანაში.

„მითხრეს შემდეგი - არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ და ვერ მოვასწარი მათი ამერიკაში გაშვება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ ვიდეოზე გადაღებულია კონკრეტული ურთიერთობები და ეს გამოქვეყნდება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო საუბრები სააკაშვილთან და მე განადგურებილი ვიქნები ჩემი კოლეგების თვალში.

პირდპირ ვაცხადებ, ატვირთეთ რაც გნებავთ, ეს ჩემთვის ღრმად სულერთია, ფეხიც ჩემია და თავიც, ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება, თუ მე ვარ უკანონო თვალთვალის წინაშე, გაზღვევინებთ სასამართლოს წინაშე. გულწრფელად ვამბობ, არაფერი ცხოვრებაში არ ჩამიდენია ისეთი, რომლის გამოქვეყნებაც იქნებოდა იმაზე უარესი, ვიდრე „რუსთავი 2“-დან გაქცევაა, ჩემი კოლეგების ღალატი და რაც მთავარია, ჩვენი მაყურებელების ღალატი. ამას არ ჩავიდენ არავითარი შანტაჟის სანაცვლოდ, არც ერთი გადაწყვეტილების სანაცვლოდ, რომელიც არ უნდა გამოიტანოს ურთმელიძემ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გარდა ამისა, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დიპლომატიურ კორპუსს მიმართა, რომ მათი ხმა სათანადოდ ხმამაღალა არ ისმის. დილომატიურ კორპუსის მიმართ კრიტიკულები იყვენენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც გვარამიას საგანგებო ბრიფინგს ესწრებოდნენ.

როგორც ცნობილია სასამართლომდე ერთი დღით ადრე, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ უპასუხა, რომ „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

„ჩვენ ამის შესახებ აქამდეც გვისაუბრია. ჩვენი პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელი რჩება. ჩვენ ამ პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

როგორც ჩანს, „რუსთავი 2“-სა და ქიბარ ხალვაშს შორის დაწყებულ დავაში დიპლომატიური კორპუსი იმ დოზით არ არის ჩართული, რა დოზითაც ეს გვარამიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს და სწორედ ეს გაღიზიანება გამოსჭვიოდა მათ ტონში. დღევანდელი გვარამიას ერთი მსახიობის სპექტაკლიც ამის დასტური იყო - მთელი ეს მასკარადი სწორედ დასავლეთისთვის იყო დადგმული.

ექსპერტების განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟზე, სიტყვის თავისუფლებაზე და მის შეზღუდვაზე გვარამიას არგუმენტები დაგვიანებულია და მას, როგორც არგუმენტს, არც დიპლომატიური კორპუსი არ ღებულობს.

დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მკვლელები, ბანდიტები და დემოკრატიის დამსჯელები საზოგადოებას სიტყვის და მედიის თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და სამოქალაქო ღირებულებებზე გვესაუბრებიან. რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, ექსპერტი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა დადასტურდეს მართალაც ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი.

„ასე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააბრალოს სხვას ნებისმიერი რამ. მით უმეტეს ნიკა გვარამიას მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ნებისმერ საშუალებას გამოიყენებს იმისათვის, როგორმე სიტუაცია მისთვის სასარგებლოდ შემოატრიალოს. ესეც ერთ-ერთი მეთოდია იმისა, რომ საზოგადოებაში გარკვეული განწყობები ააგოროს. ამ განცხადებას დამტკიცება სჭირდება, მაშინ მან უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაასახელოს ვინ იყო ეს ადამიანი, ან საჯაროდ განაცხადოს თუკი ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ბოლოს და ბოლოს ხომ იცის ვინ ესაუბრა?“, - აცხადებს ზაალა ანჯაფარიძე.

რაც შეეხება გვარმიას განცხადებას, რომ მას დაემუქრნენ მისი პირადი ცხოვრების შესახებ აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებით, ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ გვარამიას განცხადების ადრესატი დასავლური აუდიტორია იყო, სადაც ასეთ ფაქტებზე ძალიან მწვავედ რეაგირებენ.

„განცხადება გამიზნულია დასავლური აუდიტორიისთვის, რადგან იქ ასეთ ფაქტებზე ძალიან მწვავედ რეაგირებენ. მით უმეტეს იმ პერიფრაზირებული ინფორმაციის ფონზე, რაც მათ მიწოდებული აქვთ უკვე იგივე „რუსთავი 2“-ის და ნაცმოძრაობის მიერ. რაც შეეხება დიპლომატიურ კორპუსს, ელჩი არ გააკეთებს ამაზე განცხადებას მანამ, სანამ არ მიიღებს სარწმუნო ინფორმაციას. მარტო გვარამიას განცხადება ნამდვილად არ არის სარწმუნო ინფორმაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი.

„რუსთავი 2“-ის და ქიბარ ხალვაშს შორის დაწყებულ ქონებრივ დავაზე ელჩებთან საუბარი ჰქონდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილს, რომლის განცხადებით, არაფერი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი არ არსებობს. მინისტრის განცხადებით, ამ საკითხს პოლიტიკურად პირველ რიგში, სწორედ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები აქცევენ.

„სხვათა შორის, რამდენიმე ელჩმა მითხრა და ყველა დავაწყნარე, რომ არავინ არ ებრძვის არც ერთ ტელევიზიას, მათ შორის, „რუსთავი 2“-ს და არავინ აპირებს ტელევიზიის დახურვას. საუბარია დამფუძნებლებს შორის ურთიერთობაზე. რა შუაშია აქ პოლიტიკა? ტელევიზიის წილები დააყადაღა მოსამართლემ, ანუ, ეს არის, როგორც წესი, სამართლიანი გადაწყვეტილება. რატომაა ეს პოლიტიკური? სამართლებრივი დავა მიმდინარეობს დამფუძნებლებს შორის და არც ერთი სახელმწიფო არ იკადრებს ამაში ჩარევას“, - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით დასავლეთის მხრიდან კორექტულ ფორმაში რამოდენიმეჯერ გაიელვა განცხადებამ, რომ არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება იმისა, რომ ეს არის ზეწოლა.

„თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის გაფრთხილება - არიქა, ხელი არ ახლოთ „რუსთავი 2“-ს. ეს არის მხოლოდ გაფრთხილება, გააკეთე ისე, რომ არავის დარჩეს მედიაზე პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილება და, რომ არგუმენტირებული იყოს ის სამართლებრივი მხარე, რომლითაც მიდის პროცესი. როცა ჩემს წინაშე 19 მფლობელი გამოიცვალა „რუსთავი 2“-მა, ყველა ეს ცვლილებები სწორედ, რომ პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. ამ პროცესში რომ დანაშაული იქნებოდა ჩადენილი, ეჭვი არ მეპარება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

პოლიტიკური კონსულტანტი ვალერიან გოგრილაძე აცხადებს, რომ ეს არის დავა კერძო სუბიექტებს შორის.

„არის ყოფილი მეპატრონე ქიბარ ხალვაში, რომელიც ედავება „რუსთავი 2“-ს. ეს არის კერძო დავა, მაგრამ ეს არც იმას გამორიცხავს, რომ პოლიტიკური ელფერი ჰქონდეს ამ ყველაფერს. ვინც არ უნდა თქვას, რომ ზეწოლა არის თავისუფალ მედიაზე, ამ არგუმენტს ვერ მივიღებ, ვინაიდან, „რუსთავი 2“ არ არის თავისუფალი მედია. ეს არის იდეოლოგიური რუპორი, რომელიც ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარჩელზე სასამართლო სხდომა ხვალ დილის 10:00 საათზე განახლდება. პროცესზე „რუსთავი 2“-ის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, შოთა ივანაშვილს დაკითხავს, რომელმაც 2005-2006 წელს „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშის წილები დაითვალა და შეაფასა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და თავისუფალი სიტყვის „დამცველები“ მიმართავენ მოსახლეობას, დაიცვან „რუსთავი 2-ის თავისუფალი სიტყვა.