სამინისტროსა და კომპანიების დავა სასამართლოში გადაინაცვლებს

სამინისტროსა და კომპანიების დავა სასამართლოში გადაინაცვლებს

უალკოჰოლო სასმელების მარკირებამდე ათიოდე დღე დარჩა. ფინანსთა სამინისტროს პოზიცია ურყევია, მაგრამ არც კომპანიები იხევენ უკან. არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები სასამართლოშიც კი აპირებენ ჩივილს.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, 1-ლი ნოემბრიდან ბიზნესს ახალი რეგულაცია დაუწესდება. უალკოჰოლო სასმელები ქართულ ბაზარზე ელექტრონული მარკირების წესს უნდა დაექვემდებაროს. სასმელებზე ნიშანდებას განახორციელებს შვეიცარიული კომპანია „სიქპა“, რომელიც, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფულს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიიღებს. რამდენის გადახდა მოუწევს შემოსავლების სამსახურს უცხოური კომპანიისთვის, ფინანსთა სამინისტრო არ ამხელს. მათი ინფორმაციით პროცესის დაწყების მერე გამოჩნდება, რა ოდენობის პროდუქტის ნიშანდება უნდა მოხდეს.

„მარკირების საფასური დამოკიდებულია მარკირებული პროდუქციის რაოდენობაზე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ზუსტი თანხის დასახელება. რაც შეეხება მარკირების სისტემის დანერგვას საწარმოებში, ამას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხარჯი იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე შემოსავლების სამსახურს თითოეული უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიის პერიოდული აუდიტორული შემოწმება უჯდება“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.…

საერთოდ კი, უალკოჰოლო სასმელების მარკირება წინა ხელისუფლების პროექტია, წინა მთავრობამ შვეიცარიული კომპანიის სასარგებლოდ მარკირების საფასურად მაღალი გადასახადი – 1 000 ბოთლზე 5,5 ევრო დააწესა. ეს იმ სამუშაოს თვითღირებულებას, რაც „სიქპას“ უნდა განეხორციელებინა, 200-ჯერ აღემატებოდა. ახლანდელმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა „სიქპასთვის“ დაპირებული მოგება ცოტა შეამცირა – 1 000 ბოთლზე 10 ლარამდე, დღგ-ს გარეშე.

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები სავალდებულო მარკირებას კატეგორიულად ეწინიააღმდეგებიან. ისინი სასამართლოშიც კი აპირებენ ჩივილს. „ნატახტარის“ კორპორაციული დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, ინდუსტრიის წარმომადგენლებს პოზიცია არ შეუცვლიათ და მარკირების იმ ფორმით შემოღებას, რომლითაც სახელმწიფო სთავაზობს, არ ეთანხმებიან.

კომპანიების კონკრეტული გეგმები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ინდუსტრიის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილ განცხადებაზე პასუხს მიიღებენ.

„ერთი თვის წინ მთავრობას, კერძოდ, პრემიერ მინისტრის აპარატს მივმართეთ, ველოდებით ამ კვირის განმავლობაში რა პასუხი იქნება, სავარაუდოდ, პასუხი ჩვენთვის ნეგატიური იქნება. შემდეგ უკვე ვნახავთ, არ არის გამორიცხული პირველი ინსტანციის სასამართლოში მოხდეს გასაჩივრება. ამის შემდეგ გადავწყვეტთ გვიღირს თუ არა სამართლებრივი გზით წასვლა პირველი ინსტანციის სასამართლოში“, - აცხადებს ხუნძაკიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას.

არაალკოჰოლურ სასმელებზე მარკირების შემოღებას უკვე დაეთანხმა კომპანია „ზედაზენი“. 29 სექტემბერს „ზედაზენის“ ქარხანაში დამონტაჟებული მარკირებისთვის საჭირო აპარატურა ნოდარ ხადურმა მოინახულა. შეხვედრაზე „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა განაცხადა, რომ ქარხანა ტექნიკურად მზადაა, სავალდებულო ელექტრონულ მარკირებას დაექვემდებაროს საწარმოს მიერ გამოშვებული უალკოჰოლო სასმელები.

ამ ფაქტმა ბიზნესმენ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელ თემურ ჭყონიასა და „ზედაზენის“ დამფუძნებელ ცეზარ ჩოჩელს შორის დაპირისპირებაც კი გამოიწვია.