კონკურენციის სააგენტომ მეხორბლეებში მონოპოლისტები ვერ იპოვა

კონკურენციის სააგენტომ მეხორბლეებში მონოპოლისტები ვერ იპოვა

ხორბლისა და ფქვილის ბაზარის კვლევის დაასრულების შემდეგ კონკურენციის სააგენტომ მონოპოლისტების კვალი ვერსად აღმოაჩინა.  სააგენტოში დომინანტობა დაადასტურეს, მაგრამ აზერბაიჯანული კომპანია თურმე მას „ბოროტად არ იყენებდა“.

„მოკვლევის ჯგუფის მიერ განხორციელებული ანალიზის შესაბამისად, არ გამოიკვეთა მოპასუხე ეკონომიკური აგენტების (შპს „აგროსისტემები“, შპს „კარმენი“, შპს „კარმენ K“) ცალსახა კონკურენტული უპირატესობა სხვა ძირითად კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებაში, არც ხორბლის იმპორტის ფასის და არც ფქვილის სარეალიზაციო ფასის მიხედვით, ვინაიდან ბაზარზე მოქმედ სხვა კომპანიებს რიგ შემთხვევებში უფიქსირდებათ უფრო დაბალი ფასები ხორბლის იმპორტსა და ფქვილის რეალიზაციაში“, -აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში.

ბაზრის თითქმის 1-წლიანი კვლევა მარეგულირებელმა საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „გლობალაგროს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო.

ასოციაცია მიიჩნევდა, რომ აზერბაიჯანული კომპანიის „კარატ ჰოლდინგი“-ს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა ხდებოდა.

განმცხადებლის ინფორმაციით, 2009 წლიდან აზერბაიჯანულმა კომპანიამ „კარატ ჰოლდინგმა“ დაიკავა ბაზარზე პრივილეგირებული მდგომარეობა. მის მფლობელობაშია: შპს „აგროსისტემები“ - მარნეულის წისქვილკომბინატი (სიმძლავრე 600 ტ - დღეში; შემნახველი სიმძლავრე - 80 000 ტონა); ყოფილი „მზეკაბანი“ (200 ტ - დღეში; შემნახველი სიმძლავრე - 50 000 ტ.); შპს „კარმენი“ - გორის წისქვილკომბინატი „ფორტე“ (სიმძლავრე 350 ტ - დღეში; შემნახველი სიმძლავრე 42 000 ტ.); შპს „კარმენი - K“ -კაჭრეთის წისქვილკომბინატი (სიმძლავრე 200 ტ - დღეში; შემნახველი სიმძლავრე - 120 000 ტ.);

მათივე მტკიცებით, ჰოლდინგი ბაზარზე ოპერირებდა პერიოდულად არასამართლიანი ფასით და იქმნებოდა ხორბლის სტრატეგიული მარაგების ერთი კომპანიის ხელში თავმოყრის საფრთხე, რაც მათი მოსაზრებით აისახებოდა ფქვილის ფასზეც.

მიუხედავად წარმოდგენილი მასალის სიუხვისა, კონკურენციის სააგენტომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან წარმოებულ საფასო პოლიტიკაში არ იკვეთება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ნიშნები და წინაპირობები. 

„შესაბამისად, არ დადასტურდა შპს „აგროსისტემების“, შპს „კარმენისა“ და შპს „კარმენი-K“-ს, როგორც ურთიერთდამოკიდებული ეკონომიკური აგენტების მიერ ერთობლივი ქცევის გაგებით, საქართველოს ხორბლის ფქვილის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი. ამასთან, საქართველოს მთავრობას წარედგინა რეკომენდაცია ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისათვის“, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

„კარატ ჰოლდინგის“ წარმომადგენელი რენა ბაბაევა ამბობს, რომ ისინი ქართულ ბაზარზე კანონს არ არღვევდნენ და შესაბამისად, არც უარყოფით დასკვნის გამოტანის ეშინოდათ. ბაბაევას აზრით, საქართველოში თავისუფალი კონკურენციაა და ისინიც სწორედ თავისუფალი ბაზრის პრინციპების დაცვით მუშაობენ.

მისი განცხადებით, ბაზარზე სხვა პრობლემაა - რუსეთიდან და უკრაინიდან უხარისხო დაბალხარისხიანი ფქვილი შემოდის, რასაც ადგილობრივი მწარმოებლები ვერ უწევენ კონკურენციას. ბაბაევა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადგილობრივი ბაზარი უნდა დაიცვას, როგორც ამას სხვა ქვეყნები, იგივე რუსეთი აკეთებს.

ამასობაში ხორბლის ბაზარზე ბოლო პერიოდში მდგომარეობა ისედაც შეიცვალა. კომპანია „ჯეომილის“ ამოქმედების შემდეგ, „კარმენის“ პოზიცია შესუსტდა. როგორც მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობენ, ამჟამად აზერბიჯანული კომპანიების საბაზრო წილი ბაზრის საერთო მოცულობის 30%-ს აღარ აჭარბებს.