საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი მოხარულია, რომ სწორედ მისი მთავარი პროკურორობის დროს, პირველად საქართველოს პროკურატურის ისტორიაში თითოეულ პროკურორსა და გამომძიებელს შესაძლებლობა ეძლევა, თავად გადაწყვიტოს, ვინ უხელმძღვანელებს მთავარ პროკურატურას. ამის შესახებ გიორგი ბადაშვილმა სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ საკონფერენციო დარბაზში გამართულ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს რვა წევრი უნდა შეირჩეს, რომელიც, თავის მხრივ, მონაწილეობას მიიღებს მთავარი პროკურორის არჩევაში, რომელიც 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს პროკურატურას.
რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს წევრებს, არანაკლებ 4 წლის ვადით, ეს პოზიცია შეიძლება დაიკავოს პროკურორმა ან პროკურატურის გამომძიებელმა, რომელსაც იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება აქვს. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილე, თბილისის ან საოლქო პროკურორი, ასევე, მთავარი პროკურორის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი.
„წარმოდგენილი იყო 12 საინიციატივო ჯგუფი, საპროკურორო საბჭოს 17 კანდიდატით, შესაბამისად, ალბათ, ხვალ ავირჩევთ საპროკურორო საბჭოს 8 წევრს. თითოეულ პროკურორს, გამომძიებელს შესაძლებლობა ეძლევა, თავად აირჩიოს მთავარი პროკურორი და გვერდიდან არ დააკვირდეს არჩევნებს. იუსტიციის მინისტრს დაწყებული აქვს კონსულტაციები ამ თემაზე, რაც 12 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ იქნება უკვე საბჭოს კენჭისყრა, შემდგომ იქნება მთავრობაზე წარდგენა და პარლამენტის მიერ დამტკიცება“,-აცხადებს გიორგი ბადაშვილი, რომელიც, პარალელურად, ე.წ. კასრების საქმესაც ეხმაურება და განმარტავს, რომ სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი, განიხილება მრავალი ვერსია, თუმცა სხვა მიმართულებებთან ერთად, საინტერესოა იმის დადგენაც, როგორ მოხვდა კადრები უკრაინის მედიასივრცეში. ამავდროულად, ბადაშვილი ადასტურებს, რომ ეს კადრები დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც იძიებდა შს სამინისტრო, პროკურატურის ზედამხედველობით. შესაბამისად, ეს კადრები გადაცემულია მხარეებზე და დართულია სისხლის სამართლის საქმეს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის დანიშვნა თუ გათავისუფლება უნდა იყოს ღია, დამსახურებაზე დაფუძნებული, ობიექტური, გამჭვირვალე, თავისუფალი ყოველგვარი შეუსაბამო პოლიტიკური ჩარევებისგან. მისივე განმარტებით, ევროკავშირი ფართო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პროკურატურას რეფორმირების პროცესში და მოხარულია, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გასცა, ასახულია წესებში. თუმცა, რეფორმების დიდი ნაწილის გათვალისწინების მიუხედავად, არსებობს რეკომენდაციებიც, რომელთა ასახვაც ცვლილებებში არ განხორციელებულა.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, აღნიშნული პროცესი პროკურატურის გამჭვირვალობისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და პროკურატურა თავისუფალი იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გალენისგან.
მისივე თქმით, კონფერენციას 438 პროკურორი ესწრება და საბჭოს წევრობის კანდიდატები სწორედ მათგან ფარული კენჭისყრით დასახელდება.
პროკურორი თორნიკე ნადირაძე აცხადებს, რომ საპროკურორო საბჭოს წევრი სამართლიანი, ობიექტური, სანდო რეპუტაციის მქონე ადამიანი უნდა იყოს, რომელიც კარგად გათვითცნობიერებულია პროკურატურის სისტემაში. „დარწმუნებული ვარ და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ასეთი ადამიანები არაერთია და არ აკლია პროკურატურას. მიმაჩნია, რომ ღირსეულ კანდიდატებს ავარჩევთ“.
პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე ნდობას უცხადებს საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, რომლებიც დასახელებულნი არიან უშუალოდ პროკურატურის თანამშრომლებისგან.
„ამ ადამიანებს თითოეული პროკურორი კარგად იცნობს. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ისინი გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, უნარ-ჩვევებით და ავტორიტეტით საზოგადოებაში. შესაბამისად, მათგან წარვადგენთ რვა საუკეთესოს“.
დღის ბოლოს საპროკურორო საბჭოს წევრობის 17 კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდა, საიდანაც, სავარაუდოდ, ხვალ საპროკურორო საბჭოს წევრი რვა პროკურორი შეირჩევა. უფრო კონკრეტულად, მთავარი პროკურატურის პირველ კვოტაზე წარდგენილნი არიან მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორები გიგა ძნელაძე და ნანა ხუნჯუა. მეორე კვოტაზე-უწყების საგამოძიებო ნაწილის სამმართველოს უფროსი ნათია სონღულაშვილი და მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორი ზაზა ქორიძე. მესამე კვოტაზე დასახელდნენ მთავარი პროკურორის დეპარტამენტის პროკურორი დავით ბუკია და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოჩა ფარულავა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნომერ მეოთხე კვოტაზე-ოზურგეთის რაიონული პროკურორი შოთა კვაჭანტირაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე ანზორ უსტიაძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების მეხუთე კვოტაზე წარდგენილნი არიან: თბილისის პროკურატურის პროკურორი ხათუნა მოდებაძე და რუსთავის რაიონული პროკურორი კონსტანტინე სირაძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურისა და რაიონული პროკურატურის მეექვსე კვოტაზე-თბილისის პროკურატურის პროკურორი ანა კალანდაძე და გორის რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურისა და რაიონული პროკურატურების ნომერ მეშვიდე კვოტაზე დასახელდნენ კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი გიორგი ბაჩიაშვილი და თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო და რაიონული პროკურატურების მე-8 კვოტაზე კი წარდგენილია დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორი ქეთევან თალაკვაძე, ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილე გრიგოლ კეზელაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი მამუკა ფიფია.