გვარამია მოსამართლეს ემუქრება - გვარამიას კი, 2006 წლის ავარია შეახსენეს, რომელიც მძიმე შედეგით დასრულდა

გვარამია მოსამართლეს ემუქრება - გვარამიას კი, 2006 წლის ავარია შეახსენეს, რომელიც მძიმე შედეგით დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე სასამართლო სხდომა ჩანიშნულ დროს ხმაურით დაიწყო და ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზიდან გაძევებით დასრულდა, რასაც წინ უძღოდა გვარამიას მიერ მოსამართლისადმი გაკეთებული განცხადება.

„...ბათუმში ჩააბარეთ, გასაგებია, როგორც ჩააბარეთ, არაფერი თქვენ არ იცით!“, - ასე მიმართა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს. მოსამართლემ მანდატურებს უბრძანა, რომ გვარამია წესრიგს დარღვევსთვის დარბაზიდან გაეძევებინათ. გვარამიამ სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა და მას დარბაზში დამსწრეების დიდი ნაწილიც გაჰყვა.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის გაღიზიანება გამოიწვია მოპასუხე მხარის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობამ. კერძოდ, გვარამიას მხარე ითხოვდა მოპასუხე მხარეს დრო მიეცეს ექსპერტიზის დასკვნის გასაცნობად, რომელიც 2005-2006 წლებში „რუსთავი 2“-ის წილების ღირებულებაზე ჩატარდა.

ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. უარის შემდეგ ურთმელიძეს ასევე შეეპასუხა მოპასუხე მხარის, კერძოდ, ყარამანიშვილების ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი, რომელმაც მიმდინარე სხდომას ცირკი უწოდა და განმარტა, რომ მოპასუხე მხარე არათანაბარ პირობებშია.

მაშ ასე, სასამართლო პროცესის ხმაურისა და ურთიერთბრალდების ფონზე მიმდინარეობდა.  ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სასამართლოზე მოსულმა ერთ-ერთმა ქალბატონმა, ლიზი ყაულაშვილმა შვილის მკვლელობაში დაადანაშაულა. როგორც ყაულაშვილმა აღნიშნა, 2006 წელს გვარამიას მოუხდა ავარია, რა დროსაც მისი შვილი, რამაზ გაბოშვილი გარდაიცვალა.

„გვარამია იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და სასტუმრო „აფხაზეთთან“ ავარია მოხდა. სამი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ჩემი შვილი სასტუმროს აივანზე იდგა, გადმოიწია და გადმოვარდა. დასჭირდა სასწრაფო დახმარება, ჭიპაშვილი იყო მაშინ მინისტრი და ჩემი შვილი საავადმყოფოში აპარატიდან გამორთეს, რომ არ მომხდარიყო ეს ავარია, ჩემი შვილი გადარჩებოდა“, - განაცხადა ლიზი ყაულაშვილმა.

დღევანდელი სასამართლო პროცესიც ჩვეულ სტილში წარიმართა. საქმის განმხილველმა მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ კითხვით მიმართა მოსარჩელე და მოპასუხე მხარეს - ჰქონდათ თუ არა წარმოდგენილი შუამდგომლობები? მოსამართლის ამ კითხვას, კითხვითვე უპასუხა „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა: „თქვენ არ გაქვთ თვითაცილების შუამდგომლობა“?

მურადაშვილის ამ კითხვას მოსამართლემ მოკლედ უპასუხა: „არ მაქვს, სანამ მხარის შუამდგომლობას არ მოვისმენ“. ურთმელიძის ამ პასუხს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის და ადვოკატების მხრიდან სიცილი მოჰყვა.

მოსამართლის აცილების შუამდგომლობას მოპასუხე მხარემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტები დაურთო, რომელშიც თამაზ ურთმელიძის დედის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზეა საუბარი. გარდა ამისა, მოპასუხე მხარემ სიუჟეტების გარდა, სასამართლოში წარადგინა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება, სადაც მინისტრი საუბრობს, რომ ეს არ არის რიგითი საქმე და ყველა მოსამართლეს, პირველ რიგში, ამ მოსამართლეს უნდა მიეცეს ოჯახური საკითხების საჯაროდ გამორკვევის გარეშე, მშვიდ გარემოში საქმის წარმართვა.

ამასთანავე მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მანანა კობახიძის მიერ for.ge-სთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებას. გარდა ამისა, მოპასუხე მხარემ შუამდგომლობას დაურთო თამაზ ურთმელიძის მეუღლის, გურანდა გურგენიძის ფეისბუქზე გაკეთებული პოსტები, სადაც იგი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიმართ კრიტიკულია.

მოსამართლეს თვითაცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოსთხოვა ნიკა გვარამიამ და ამის მიზეზად მოსამართლის პირადი დაინტერესება დაასახელა.

მაშინ, როდესაც გვარამია თავის პოზიციას აყალიბებდა, თუ რატომ არ უნდა გენეხილა ეს საქმე კონკრეტულ მოსამართლეს, მან მოსამართლისგან სასამართლოს უპატივცემულობისთვის და კერძოდ კი, მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მოსამართლისგან გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღო.

„ჩამოშორდით ამ პროცესს და მიანდეთ ის სხვა მოსამართლეს, რომელსაც არ ექნება დატყვევებული ოჯახის წევრის და ანტიგვარამიულად განწყობილი მეუღლის პრობლემები. „რუსთავი 2“ პერსონალურად თქვენს გამო საფრთხეშია. ვწუხვარ, რომ თქვენს დანიშვნაზე ხელი მაქვს აწეული. ეს ყველაზე უფრო ცინიკური და ირონიული შეცდომაა, რაც დამიშვია. ჩემი ხმა, თქვენ რომ მოსამართლე გამხდარიყავით, იყო გადამწყვეტი. ეს იყო ჩემი მძიმე შეცდომა“, - განაცხადა მოსამართლის მისამართით ნიკა გვარამიამ, სწორედ ამ განცხადების გამო გვარამიამ ურთმელიძის მხრიდან შენიშვნა და გაფრთხილება მიიღო და კორექტულობისკენ მოუწოდა, რაზეც გვარამიამ აღნიშნა, რომ არაკორექტული და შეურაცხმყოფელი განცხადება მას არ გაუკეთებია და უბრალოდ, საკუთარი აზრი დააფიქსირა, რომ მოსამართლეს პატივს არ სცემს.

„მაქვს კითხვა, მოსამართლის დედამ მოუქნია თუ არა ნაჯახი სიძეს. თუ ეს „რუსთავი 2“-მა მოიგონა? არის თუ არა საფუძველი, რომ ეს მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური „რუსთავი 2“-ის მიმართ? ჩვენი სიუჟეტის გამო დედათქვენი მისცეს პასუხისგებაში და რა გინდათ თქვათ, რომ მიუკერძოებელი იქნებით ჩვენს მიმართ? მე თქვენ გიწოდებთ კორუმპირებულს და მგონია, რომ გარიგებაში ხართ შესული ხელისუფლებასთან. თქვენი მეუღლე მიწოდებს მე არამზადას და ნაძირალას.

ხართ თუ არა გარიგებაში ხელისუფლებასთან, ამას სხვა დროს, სხვა გარემოებაში, სხვა ადამიანები დაადგენენ. ჩვენ ვართ თქვენი მხილების რეჟიმში იმ კორუფციულ გარიგებებთან მიმართებაში, რომელიც თქვენთან მიმართებაში არსებობს. სამართლიანი გადაწყვეტილებაც რომ მიიღოთ, ეს ჩემთვის იქნება უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება.

არავის არ სურს, რომ თქვენ განიხილოთ პროცესი, - „რუსთავი 2“-ის არც ერთ თანამშრომელს, ეს გსურთ მხოლოდ თქვენ და მოპასუხე მხარეს. ჩვენ გპირდებით, რომ ვაწარმოებთ მონიტორინგს დედათქვენის საქმეზე, ჩამოშორდით ამ პროცესს და მიენდეთ სხვა მოსამართლეს, რომელსაც არ ექნება დატყვევებული ოჯახის წევრის პრობლემა, ასევე არ ექნება ანტიგვარამიულად განწყობილი მეუღლის პრობლემა“, - ასე მიმართა მოსამართლეს ნიკა გვარამიამ.

მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები. მიუხედავად გვარამიას განცხადებებისა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავის 2“-ის საქმეზე თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა ის მიზეზი, რატომ არ დააკმაყოფილა აცილების შუამდგომლობა.

„მირანდა გურგენიძე არის ჩემი მეუღლე, მისი განცხადება გამოწვეული იყო ნიკა გვარამიას განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, მან მოსამართლეს უწოდა კორუმპირებული და თქვა, რომ თვითმკვლელობას მოაწერა ხელი მოსამართლემ, რომ მას არ მისცემს საქართველოში დარჩენის საფუძველს და ა.შ. ამაზე იყო სავარაუდოდ მირანდა გურგენიძის რეაქცია.

მის თვალსაზრისს მე არ ვიზიარებ, თუმცა იგი არ არის მოსამართლე. თუკი რაიმე კონკრეტული პრეტენზია გაგაჩნიათ მირანდა გურგენიძესთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის სამსახურს. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მირანდა გურგენიძის განცხადებების შემდეგ მოსამართლის აცილებისა“, - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება მისი დედის ფაქტორს, მოსამართლემ განმარტა, რომ მდინარა გიორგიბიანი არ ითვლება მისი ოჯახის წევრად. თამაზ ურთმელიძის თქმით, იგი არ ყოფილა დაინტერესებული დედის საქმით და ადვოკატისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სიძის მხრიდან დედამისის შეურაცხყოფის შემდეგ მოხდა აფექტური ქცევა, რაც იყო მსუბუქი ფაქტი და უნდა მომხდარიყო განრიდების პრცედურით ამ საქმის დასრულება.

„მეგონა, რომ აღნიშნული საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ ბოლო პერიოდში გავიგე იმის შესახებ, რომ საქმე არ იყო დასრულებული. მოსამართლის მიბმა პროკურატურის ტყვეობასთან არის უსაფუძვლო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქმე არის კერძო დავა და ამაში არ არის ჩართული პროკურატურა.

რაც შეეხება მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, მოსამართლეს მართებს, გამოიჩინოს მაქსიმალური მოთმინება და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ მაღალი თანამდებობის პირებმა, ეს განცხადებები სასამართლოზე ზეწოლას ვერ მოახდენს“, - ასე დაასაბუთა თამაზ ურთმელიძემ თვითაცილების შუამდგომლობის არდაკმაყოფილება.

თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ნიკა გვარამიასთვის და აღნიშნა, რომ აღნიშნული განჩინება თამაზ ურთმელიძის დაწერილი არ არის. გვარამიას ეს რეპლიკა მოსამართლემ უკომენტაროდ დატოვა.

გარდა ამისა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის ადვოკატების შუამდგომლობა პროცესის ერთი კვირის ვადით გადადების თაობაზე. ეს ვადა მოსარჩელე მხარემ „რუსთავი 2“-ის გადაცემების საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენისთვის ითხოვა.

საუბარია გადაცემებზე „ჯეობარი“, „ფორდბოიარდი“ და „უკანასკნელი გმირი“. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს გადაცემები მისი ავტორობით მომზადდა. გარდა ამისა, მოსამართლემ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა აღნიშნულ გადაცემების ავტორების წერილების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით.

ქიბარ ხალავშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, ამ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებით, მათ გამოეცალათ გარკვეულ მოთხოვნებთან მიმართებაში მტკიცების საფუძველი. რაც შეეხება სასამართლო სხომაზე განვითარებულ მოვლენებს, სალია აცხადებს, რომ ეს არის მიზანმიმართული ზეწოლა სასამარათლოზე.

„მათი კომენტარებიდან ცალსახად ჩანდა, რომ არა თუ ურთმელიძეს, არამედ სასამართლო სისტემას არ ენდობიან. „რუსთავი 2“-ის მიზანია სასამართლო დავის გადატანა მოხდეს სხვაგან, ალბათ, მათ ტელე-ეთერში. ჩვენ ვთვლით, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებ. ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მოსამართლე. სასამართლოში არის სამი ინსტანცია და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პაატა სალიამ.

ქიბარ ხალვაშის გერმანელი ადვოკატის, პიტერ სებასტიან ლაუმის განცხადებით, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განმხილველი მოსამართლე მოსყიდული იყო, მისი დედის საკითხის გახმაურების შემდეგ, ეს გამორიცხა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც მოსამართლის მიმართ ხორციელდება, გადამეტებულია.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის გადამეტებული, რაც მოსამართლესთან დაკავშირებით ხდება. ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ აქციებით, რასაც მოპასუხე მხარე აკეთებს. ორი კვირის წინ „რუსთავი 2“ ამტკიცებდა, რომ მოსამართლე იღებდა ფულს და იყო გარიგებაში ბიძინა ივანიშვილთან. დღეს ამბობს, რომ პროკურატურამ დედამისის მიმართ სარჩელი შეიტანა და მასზე ზეწოლა მოახდინეს.

ეს ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტებია და ზუსტად იმას ამტკიცებს, რომ მოსამართლე არანაირ გარიგებაში არ არის ივანიშვილთან. გარდა ამისა, მოსამართლე, ჩვენი დაკვირვებით, ძალიან ორგანიზებულია და კარგად უძღვება პროცესებს. თუ ვინმეს ეჭვი გააჩნდა, რომ მოსყიდული იყო, ამ ფაქტის მერე, რაც დედამისის თაობაზე მოხდა, რაც არ ვიცი, მართალია თუ არა, მტკიცდება, რომ მათ შორის არანაირი გარიგება არ ყოფილა“, - განაცხადა პიტერ სებასტიან ლაუმ, რომლის განცხადებით, პროცესის მალე დამთავრება „რუსთავი2“-ის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, ყადაღიდან გამომდინარე.

მოსამართლის გადაწყვეტილებით მომდევნო სასამართლო პროცესი 22 ოქტომბერს 10:00 საათზე განახლდება. ადვოკატი პაატა სალია ვარაუდობს, რომ საქმის მოცულობიდან გამომდინარე, მომდევნო პროცესზეც არ მოხდება მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.