ღამის საათებში ხმაური დასჯადი უნდა გამხდარიყო. თუმცა იმის გამო, რომ პარლამენტმა ამის შესახებ კანონი არ მიიღო და მოსახლეობის მყუდროების დარღვევაზე ჯარიმა არ დააწესა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ძილი დაუფრთხოს მობინადრეებს და ამაზე პასუხს ვერავინ მოსთხოვს. არადა თბილისი ევროპული ქალაქების მსგავსად, წყნარი ქალაქი უნდა ყოფილიყო.
კაფე-ბარებიდან გამომავალ აუტანელ ხმაურს ბაიკერების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაც ემატება, რომლებიც მოტოციკლის ძრავით მოსახლეობას ღამის 2-3 საათზე ძილს უფრთხობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით დაუცველი ძველი თბილისის მოსახლეობაა.
For.ge-სთან საუბარში ბროსესა და ლაღიძის ქუჩის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათი ცხოვრება მას შემდეგ გართულდა, რაც ამ ქუჩაზე ე.წ. ბაიკერების კაფე გახსნეს. შესაბამისად, ამ უბანში მოტოციკლების განუწყვეტელი გადაადგილება ისედაც დანგრევის პირას მყოფ ისტორიულ შენობებს აზიანებს, ძლიერი ვიბრაციის გამო მათი სახლები ირყევა, ხოლო იმის გამო, რომ მოტოციკლისტებს ე.წ. გლუშიტელი ჩახსნილი აქვთ და ამით ხმაურს აძლიერებენ, მობინადრეებს შუაღამის საათებში მოსვენება დაკარგული აქვთ. ეს კი მათ ჯანმრთელობაზე აისახება. მოსახლეობისთვის გაუგებარია, რას აკეთებს მერია და საკრებულო და როგორ აპირებენ ისინი დედაქალაქელებზე ზრუნვას?!
ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მოტოციკლების გამოყენება ღამით აკრძალული უნდა იყოს. სამწუხაროდ, საქართველოში ხმაურის ლიმიტირებული ნორმები არ არსებობს, რაც ყველა ევროპულ ქვეყანაშია, სადაც კანონის დამრღვევები ისჯებიან.
„კაფეებში რომ საშინლად ღრიალებენ, ამაზე პასუხს ვინმე აგებს? ხმაური ისევე მავნეა ადამიანისთვის, როგორც დაბინძურებული ჰაერი, შეიძლება, უფრო მეტადაც მავნეა. ამ ხმაურის ერთ-ერთი გამომწვევია მოტოციკლი, თორემ დიდ ქალაქებში კიდევ ათასნაირი ხმაური არსებობს. მაგალითად, დაუშვებელია უზარმაზარი კონდიციონერების მუშაობა, რომელიც აგრილებს ჰაერს მრავალსართულიან შენობაში და მთელი დღის განმავლობაში გუგუნებს. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამას არ დაუშვებდნენ, იმ წუთშივე დახურავდნენ ასეთ დაწესებულებებს. ჩვენთან კი უბერავენ. აგერ, ჩემს წინ არის „გუდვილი“ ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს ბანკი „რესპუბლიკა“, ორივეს უზარმაზარი კონდიციონერი აქვს დამონტაჟებული და ყურთასმენა აქვთ წაღებული. თბილისში დენი რომ ჩაქრება, გენერატორებს ჩართავენ და აგუგუნდება მთელი ქუჩები. ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და ასეთი დაწესებულებები უნდა დაჯარიმდნენ. სანამ ამას კომპლექსურად არ გააკეთებენ, მანამ მოტოციკლეტების გუგუნის გამო არავინ დაისჯება“.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე ჩვენთნ საუბარში აცხადებს, რომ ხმაურის შესახებ ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ მოქალაქეებისგან განცხადება არ შესულა. ამიტომ მოსახლეობამ უნდა მიმართოს მერიის შესაბამის სამსახურს, ადგილი და დრო მიუთითონ, სადაც ღამის საათებში მათ მოსვენებას არ აძლევენ და რეაგირება მოხდება.
„მეც მქონდა პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა, ჩემთან არის სუპერმარკეტი და მოსახლეობა შეწუხებული იყო კონდიცირების სისტემის ხმაურით. ზედამხედველობის სამსახურმა სუპერმარკეტის ხელმძღვანელობა გააფრთხილა და ამის შემდეგ მოსახლეობამ მადლობა გადაგვიხადა. ნებისმიერი ობიექტისთვის კანონი ჩვენს ქვეყანაში ერთი უნდა იყოს“,-აცხადებს რიმა ბერაძე და განმარტავს, რომ ბაიკერების მხრიდან გამოწვეული ხმაურის გამო მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიმართონ საპატრულო პოლიციას.
დედაქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე, რომელიც თავის დროზე აღნიშნული ინიციატივის ავტორი იყო და აცხადებდა, რომ ღამის საათებში ხმაური დასჯადი უნდა გამხდარიყო, დღეს განმარტავს, რომ, სამწუხაროდ, ეს კანონი ძალაში არ შესულა. არადა, მისი პროექტით, ხმაურის პირველ გამოვლენაზე ჯერ გააფრთხილებდნენ ობიექტის მეპატრონეებს, შემდეგ 500-დან 1000 ლარამდე დააჯარიმებდნენ.
„ღამის საათებში ხმაური დასჯადი უნდა გამხდარიყო. ამის შესახებ უამრავი განცხადება იყო შემოსული მოსახლეობისგან, 300-500-ხელმოწერიანი განცხადებები გადაცემული გვქონდა პარლამენტისთვის, მათ ვატყობინებდით, ხალხი რა დღეში იყო და ეს არ ხდებოდა მარტო პეროვსკაიაზე, ტაბიძეზე, არამედ დიდუბის, ვაკის, საბურთალოს მოსახლეობა ხმაურისგან შეწუხებული იყო. რატომ არ აღასრულა ხალხის ნება საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, კონკრეტულად, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა, ჩემთვის გაუგებარია. არადა, ჩემი ავტორობით მომზადებული პროექტი მივაწოდეთ საქართველოს პარლამენტს, სადაც ინიციატორად გამოვიდა ჯანდაცვის კომიტეტი. ამაზე საპარლამენტო საკომიტეტო მოსმენებიც გაიმართა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონეს ეს საკითხი, ქალბატონმა ეკა ბესელიამ დადებითი დასკვნა გასცა, თუმცა, სამწუხაროდ, ზურაბ ტყემალაძის კომიტეტმა ეს საკითხი ჩააგდო. მოსახლეობა ისევ დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ გაგრძელდება ამაო ზარები საპატრულო პოლიციაში, თვითმმართველობის ორგანოებში, ზედამხედველობის სამსახურში და რეაგირება ვერ განხორციელდება. ეს მაშინ, როცა ნებისმიერ ევროპულ ქალაქში დაცულია დეციბალის ნორმები. ჩვენ ვართ ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფო, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს პირდაპირი მოთხოვანაა, რომ არ შეიძლება ვიღაცამ აკეთოს ბიზნესი სხვისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის ხარჯზე. თვეების განმავლობაში განგრძობადი ხმაური უმძიმეს ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, გულსისხლძარღვთა დაავადებები იქნება ეს, ფსიქიკური აშლილობა თუ სხვა რამ. პირდაპირ ანგრევს ადამიანს. ამიტომ გვინდოდა, შევშველებოდით ჩვენს მოსახლეობას. თვითმმართველობას და პარლამენტს იმიტომ ირჩევს ხალხი, რომ მათი სათქმელი გაიზიარონ. 21-ე საუკუნეში არსებობს ისეთი საშუალებები, რომ სხვა არ შეაწუხონ გამომავალი ხმაურით“, - აღნიშნა თედო კობახიძემ For.ge-სთან საუბარში.
მანვე მეზობელი თურქეთის მაგალითი მოიყვანა, სადაც სხვადასხვა ტიპის ბარების აკუსტიკა ისეა მოწყობილი, რომ ქუჩაშიც კი არ აწუხებთ ხმაური. შიგნით 40 დეციბალს კი არა, თუ უნდათ, ასი ათას დეციბალს გადასცდნენ, მაგრამ გარეთ ხმა არ უნდა გამოვიდეს. რაც შეეხება ბაიკერებს, ასევე, სპორტულ მანქანებს, რომლებიც ძალიან დიდ ხმას გამოსცემენ, თედო კობახიძის თქმით, ამ ტიპის მანქანებმა და მოტოციკლებმა შეიძლება ღამის სამ საათზე ფეხზე წამოაგდოს მძინარე ადამიანი. არადა, ზოგს ბავშვი ჰყავს, ზოგს მოხუცი, ზოგს დაავადებული. მართალია, მანქანის გაუმართავი ძრავის საკითხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დღესაც არეგულირებს და დასჯადია, როცა ხელოვნურად ამოაცლი მანქანიდან დეტალებს, რომ უფრო მეტი ხმაური გამოიწვიო, მაგრამ იმავე პატრულმა როგორ უნდა დასაჯოს პირი, თუ იგი არ იქნება აღჭურვილი ხმაურმზომით?!
„ხმაურმზომების შესახებ სხვადასხვა უწყებებთან კონსულტაცია გავიარეთ, შს სამინისტრო პროგრესულად მიუდგა ამ საკითხს, მინისტრის მოადგილესთან, ბატონ იზორიასთან, ბატონ ხუციშვილთან მქონდა საუბარი და მათ თანხმობა განაცხადეს, რომ ყოველი მესამე საპატრულო ეკიპაჟი წელს ხმაურმზომებით აღიჭურვებოდა და ქალაქში ხმაურს გააკონტროლებდა. მომავალ წელს კი, სავარაუდოდ, ყველა ეკიპაჟი აღიჭურვებოდა ხმაურმზომით. შიდა ასიგნებებიდან იყოფოდა თანხა და ამას 15 ათასი ევრო სჭირდებოდა. ამავდროულად, ბატონ იზორიასთან მქონდა შეთანხმება, რომ შინაგან საქმეთა აკადემია შიდა ასიგნებებიდან გამონახავდა იმ თანხებს, რითაც საპატრულო ეკიპაჟებს გადაამზადებდა ამ სიტუაციისთვის, თუმცა ტყემალაძის კომიტეტმა ეს ყველაფერი გააუქმა“.
იმის გასარკვევად, თუ რატომ დაბლოკა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ხმაურისთვის ჯარიმის დაწესება, For.ge „მრეწველთა“ ერთ-ერთ ლიდერს გოგი თოფაძეს დაუკავშირდა. მან დაადასტურა, რომ ეს საკითხი მართლაც დაისვა პარლამენტში, რაც „მრეწველების“ ინიციატივა არ ყოფილა, თუმცა პირადად მათ არაფერი დაუბლოკავთ და ინფორმაციასაც არ ფლობს საკითხის დაბლოკვის შესახებ.
„შესაძლოა, „მრეწველებს“ ამის შესახებ ჩვენი აზრი გვქონოდა, მაგრამ ჩვენ არაფერი დაგვიბლოკავს“, - გვითხრა გოგი თოფაძემ.