მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია რუსთავი2-ის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა, არხის ოფიციალური მფლობელებისგან განსხვავებით, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი გააფთრებით იბრძვის და ცდილობს ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს. პოლიტიკური სარჩულით მართლაც შესაძლებელია ყველა იმ „წვრილმანის“ გადაფარვა, რაც რეალურად ხდება ტელეკომპანიის მმართველობაში. დასამალი და გადასაფარი კი როგორც სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, არც თუ ცოტაა - თუნდაც ბოლო პერიოდში ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის უსაშველოდ გაზრდილი ხელფასები.
„ბოლო პერიოდში „რუსთავი 2“ სულ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდა პოლიტიკურ სუბიექტად, ამიტომ ის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ისე გამოიყენება პოლიტიკოსების მიერ და არაფერი მოულოდნელი და გაუგებარი ამაში არაფერია. მოლოდინი იმისა, რომ „რუსთავი 2“ იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური ზეწოლისაგან და პოლიტიკური პროცესებისგან, საზოგადოებაში არც არსებობს“,- მიიჩნევს ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, ნიკა გვარამიას გვერდით დგას მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ტელეკომპანიის ძველი მფლობელისთვის დაბრუნებით არა მხოლოდ გავლენიან ტრიბუნას დაკარგავს.
გვარამიას მსგავსად, პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ „რუსთავი 2“- ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ეს მათ მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებიდანაც კარგად ჩანს. მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის მითითებით ხორციელდება.
„საქართველოში დღეს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს. შეტევა არის მიმართული არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, არამედ თავისუფალი სიტყვის, საქართველოს თავისუფლების და მომავლის წინააღმდეგ“, აცხადებს წიკლაური.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა თავისუფალ მედიას და თავისუფალ სიტყვას.
„ვფიქრობ, ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ისა და ოპოზიციური ძალებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის“, - მიიჩნევს რატიანი.
თანაგუნდელების მსგავსად, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმაც „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სამართალწარმოება ხელისუფლების ინტერესებს დაუკავშირა.
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ტაქტიკაა ასეთი და ისინი ცდილობენ, თავი დაიცვან ისე, როგორც შეუძლიათ.
„ეს გასაგებიცაა, ნებისმირი მათ ადგილზე ასე მოიქცეოდა, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად აქვთ მათ ამისი მორალური უფლება. გვარამიას ხელფასი და ა.შ. ამასთან შედარებით მეორეხარისხოვანი თემებია. სხვა საკითხია, რომ თვითონ გვარამიას წარსულში არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი - მისი საპროკურორო მოღვაწეობა თუ იგივე, მედიასთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება. შეცდომები თუ დანაშაული ყველას მოეკითხება - მასაც, თავისი ქმედებები „იმედთან“ დაკავშირებით ბუმერანგივით დაუბრუნდა“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.
მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლად რომ არ შეფასდეს, „რუსთავი-2“ ის ხელმძღვანელობა ცდილობს, სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიმხროს. ნიკა გვარამიამ მიმდინარე სასამართლო პროცესის თემაზე, რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, შეხვედრაში მონაწილე ყველა მხარე თანხმდება, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები ქვეყნის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის შეფასებით კი „რუსთავი 2“-ზე შეტევით ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსს უტევს. ზოგი თვლის, რომ ხელისუფლება წითელი ხაზის გადაკვეთას აპირებს.
ოპოზიციური პარტიების პოზიცია ამ შემთხვევაში გასაგებია, მრავალი მათგანი წლების მანძილზე „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტად მოიაზრებოდა. ამასთან, ტრიბუნის შენარჩუნება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია.
„სრულიად გასაგებია, რადგან „რუსთავი 2“ არის ყოფილი ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტრუმენტი, მათი პროპაგანდის ნაწილია და თუკი აღმოჩნდება, რომ ახლანდელ მფლობელებს არ ეკუთვნით ეს ტელევიზია - (არ აქვს მნიშვნელობა ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის თუ მის შემდეგ კიდევ სხვა მოდავე გამოჩნდება), რისი ძალიან დიდი შანსიც არის, მაშინ გამოდის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პროპაგანდის სივრცე შედარებით ჩამოეჭრება. ეს აღელვებთ და არა ის, რომ მედიის თავისუფლებას რამე ემუქრება. ეს არის პოლიტიკურ ძალთა ჭიდილი ოღოდ ეს ყველაფერი განსხვავებით წინა ხელისუფლების ეპოქისგან, მიმდინარეობს კანონის ჩარჩოებში. ამიტომაც, ბუნებრივია, „რუსთავი 2“- ის ინტერესია, ამ ყველაფერს მიცეს ის იერი, რასაც აძლევს.
ბუნებრივია, პროცესში ჩართულები არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც წლების მანძილზე დასავლეთის სხვადასხვა წრეებს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასარგებლო ინფორმაციით კვებავდნენ.
შედეგები კი არც თუ უმნიშვნელოა - საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი იან კელი „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.
„მე დავარწმუნე „რუსთავი 2“, რომ აშშ-ის საელჩო მოვლენებს ყურადღებით აკვირდება“- განაცხადა ელჩმა.
მისივე შეფასებით, შეერთებული შტატების მთავრობას ხშირად აღუნიშნავს საქართველოს ღია მედიაგარემო, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება რეგიონში სანიმუშოდ აღიარებს.
„ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც ისე ჩანს, რომ ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და მედიამრავალფეროვნებას, სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას“, - განახცადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.
რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა აღნიშნა, რომ ზოგადად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშშ-ის ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება დადებითად აფასებდა საქართველოს თავისუფალ და პლურალისტულ მედიაგარემოს, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული, როგორც სამაგალითო მთელი რეგიონისთვის.
„ქმედებები, რომელიც ისე ჩანს, თითქოს ზღუდავს ამ გარემოს, მედიის თავისუფლებას ან მედიაპლურალიზმს, გულწრფელად გითხრათ, შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ამას სერიოზულად ვეკიდებით და ვაკვირდებით“, - განაცხადა მარკ ტონერმა.
„რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმესთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს ნატოს გენერალურ მდივანსაც, რომელმაც აღნიშნა, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოსთვის არსებითია.
„კონკრეტულ საქმეებზე თუ ვისაუბრებთ, ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, რადგან საფუძვლიან ინფორმაციას არ ვფლობ და როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი, ეს ჩემი ფუნქცია არ არის, ეს არის საქართველოს სამართლებრივი უწყებების გადაწყვეტილება. პრესის გამოხატვის, აზრის გამოთქმის თავისუფლებას ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. რეფორმების პროცესმა უნდა აჩვენოს, რომ ეს ღირებულებები დაცულია და სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
„მიზანი ამ კამპანიის გახლავთ დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაცია, რასაც მარტივად აღწევენ, რადგან პასუხის გამცემი თუნდაც იმ ჩვენი პარტნიორი სტრუქტურებისა და ქვეყნებისთვის, საიდანაც მოდის „რუსთავი 2“- ის მიერ შეთხზული ტექსტები, ნათარგმნი ინგლისურად, არავინ მეგულება. რამდენადაც დუმილი თანხმობის ნიშანია, ამ ფორმულით ევროპა სულ უფრო დარწმუნებული იქნება იმაში, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გაჟღერებული ბრალდებები ხელისუფლების მიმართ არის სამართლიანი. ვინ არის ის ადამიანი ჩვენს ხელისუფლებაში, ვინც უნდა აცნობოს სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეებს, რეალურად რაშია საქმე, ნამდვილად არ ვიცით და ეჭვი მეპარება, რომ ასეთი საერთოდ არსებობს“, - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.
„ძალიან სენსიტიურია ყველაფერი რაც მედიას ეხება, ამიტომ, დასავლეთი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებებს, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს“,- მიიჩნევს გია ხუხაშვილი.
მისასალმებელია, როდესაც დასავლეთი ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დუმდნენ იმ 9-წლიანი შტურმის დროს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართულ მედიას მოუწყო.
ექსპერტი, არჩილ გამზარდია თვლის, რომ დასავლეთს არ მისდის სრული ინფორმაცია, მიმდინარე პროცესებზე და რა ინფორმაციასაც ფლობენ, იმითი ხელმძღვანელობენ.
„ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტად უნდა იაქტიუროს და მეტი ინფორმაცია მიაწოდოს უცხოეთს. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, მას ბევრად უფრო ადეკვატური ინფორმაცია აქვს და ამიტომ არ ემთხვევა საქართველოს მოსახლეობისა და დასავლეთის პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს“, - მიიჩნევს არჩილ გამზარდია.
არავისთვის დაფარული არ არის, რომ ქართულ მედიაზე შეტევა სააკაშვილმა პრეზიდენტად არჩევისთანავე დაიწყო - 2004 წელს ქართული საინფორმაციო სივრციდან გაუჩინარდა რამდენიმე გაზეთი და ტელეკომპანია - ტელეკომპანია „იბერია“, გაზეთი „ახალი ეპოქა“, „დილის გაზეთი“, „მთავარი გაზეთი“, ჟურნალი „ომეგა“, საინფორმაციო სააგენტო „ინტერ-პრესი“; დაიხურა წამყვანი ანალიტიკური გადაცემები - „ღამის კურიერი“, „ღამის მზერა“, „რა ხდება“, „ტაიმაუტი“, „ცაიტნოტი“; განსაკუთრებით აღსანიშნავია „60 წუთი“, შევარდნაძის დროს მაღალ რეიტინგული ყოველკვირეული ჟურნალისტური გამოძიება, რომელსაც მაშინდელი ოფიციოზის რამდენიმე პირის კარიერა ემსხვერპლა.
2005 წელს დაიხურა ტელეარხ „მზის“ საინფორმაციო გადაცემები იმ მოტივით, რომ საჭირო იყო გასართობი არხი, და რომ მოსახლეობას არ უნდოდა ზედმეტი ინფორმაცია. იმავე პერიოდში დააკავეს ჟურნალისტი და ტელეკომპანია 202-ის დირექტორი შალვა რამიშვილი, ხოლო არხი, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა, დაიხურა. 2005 წლის დეკემბერშივე კრიტიკით გაღიზიანებულმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ქართულ პრესას თითქმის არ კითხულობს. მანვე გასცა არაოფიციალური ზეპირი ბრძანება, რომლითაც სამთავრობო ორგანიზაციებს აეკრძალათ ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოსაწერად ხარჯების გაწევა.
ჩამონათვალი ძალიან დიდია და შორს წაგვიყვანს, თუმცა გაუგებარია მედიაზე ზეწოლის 9-წლიანი პროცესის მონაწილე ნიკა გვარამია დღეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე რატომ საუბრობს, როდესაც მისთვის არავის წაურთმევია უფლება, ხელისუფლებას დამხობით დაემუქროს ან ხალხს ფული სთხოვოს ტელეკომპანიის შესანახად.
რამდენიმე კვირის წინ გაზეთმა „კვირის ქრონიკამ“ „რუსთავი 2“-ის დირექტორის შემოსავლებზე გამოაქვეყნა ინფორმაცია. სტატიაში მის შემოსავლებზეა საუბარი. შესაძლოა, ეს ფაქტორიც იყოს „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მოტივაცია.
სტატიის მიხედვით, მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა, პირველი, რაც გააკეთა, რეორგანიზება იყო - ფინანსური საკითხები მისი ნდობით აღჭურვილ პირებს გადააბარა.
თუმცა, მანამდე, „რუსთავი 2“-ზე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – ნიკა გვარამიას ყველზე მეტად დისკომფორტს უქმნიდა ტელევიაზიაში ძმებ ყარამანაშვილების ფაქტორი.
გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნა, რომ ყარამანაშვილების გარეშე ტელეკომპანიას პოლიტიკურად და ფინანსურად უფრო მომგებიანს გახდიდა. გვარამია ირწმუნებოდა, რომ მას ყარამანაშვილები ხელს უშლიდნენ და მის ამ მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია – სააკაშვილმა ყარამანაშვილები ტელევიზიას ჩამოაშორა და მისი ფინანსური მხარე მთლიანად გვარამიას გადააბარა. ე.წ. რეორგანიზაციაც სწორედ ამ თემის გაგრძელება იყო.
სტატიის თანახმად, შემდეგ, რაც გვარამიამ ყარამანაშვილები გზიდან ჩამოიშორა, მისი ფინანსური აღმასვლა რეაქტიული სისწრაფით განვითარდა. ნიკა გვარამიას ხელფასი დღეისათვის თითქმის, ნახევარ მილიონ დოლარს უტოლდება და მისი ყველა გართობა თუ ვოიაჟი „რუსთავი 2“-დან ფინანსდება. გვარამიამ მისთვის და მეუღლისთვისაც „პორშეს“ მარკის ჯიპებიც კი „რუსთავი 2“-ის ხარჯზე შეიძინა. ორივე ავტომობილი დღემდე „რუსთავი 2“-ის ბალანსზე ირიცხება.
„რუსთავი 2“-ის შემოსავლები გვარამიას უფლებას აძლევს პარიზის, ლონდონის, იტალიის და ა.შ. საკურორტო ქალაქებში, სადაც მხოლოდ მილიარდერები დადიან, ფეშენებელურ სასტუმროებში დაისვენოს და რესტორნებში ივახშმოს.
მედიის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია საიდან აქვს „რუსთავი 2“-ს იმხელა შემოსავალი, რომ გენერალური დირექტორის ამხელა ხელფასი და ხელფასთთან ერთად ტელევიზიის ხარჯები დაფაროს.
მედია ექსპერტი ლელა კურდღელაშვილი: „ძალიან მეეჭვება ქართული სარეკლამო ბაზარი ამდენად დიდი იყოს, რომ გენერალური დირექტორის ამხელა ხელფასი და ხელფასთთან ერთად ამხელა ხარჯები დააფინანსოს, მიუხედავადა იმისა, რომ „რუსთავი 2“-ს ყველაზე დიდი წილი აქვს რეკლამების“.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლის დეკემბერში „რუსთავი-2“-ის დირექტორმა 62.500 ლარი აიღო, რამდენიმე დღეში, აღებულ თანხას 35.073 ლარი მიუმატა, ანუ ერთ თვეში თითქმის ასი ათასი ლარი გამოუვიდა.
2014 წლის აგვისტოში გვარამიას ხელფასი 80.907 ლარი გახლდათ, სექტემბერში - 45.304 ლარი. ტელეკომპანიისთვის გაჭირვების წელს მისი ხელფასი კვლავ შთამბეჭდავია - 2015 წლის იანვარში მისი ხელფასი 62.691 ლარი გახლდათ, მარტი-53 ათასი, აპრილი – 45.742, მაისი – 87.639, ივნისი – 6.510, ივლისი – 16.691, აგვისტო – 34,493...
ეს ნიშნავს, რომ ასეთ ხარჯებს მხოლოდ სარეკლამო თანხები ვერ აუვა და ტელეკომპანიაში ნაციონალების პარტიული ფულიც მიდის. ფინანსები კი „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოზე მეტი აქვს.
რამდენადაც ცნობილია, „რუსთავი 2“-ში ჟურნალისტებისთვის ხელფასების შემცირებაზე მიდის მსჯელობა, თუმცა ეს ტელეკომპანიის ძირითად ბირთვს არ ეხება.
პარადოქსია, მაგრამ ამ ფონზე გვარამია ხალხს თითო ლარის ჩარიცხვას სთხოვს ტელევიზიის შესანახად.
სხვათა შორის, ტელეკომპანიის განცხადებას დახმარების თაობაზე, „საქართველოს გზის“ ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსთავი-2“-ის მესვეურები ისევ ცდილობენ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ - „კონცერტების ჩასატარებელი თანხები აქვს ტელევიზიას და ხელფასების ფულს ხალხისგან ითხოვს?!“
ეს ტაქტიკა კი ისევ საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ემსახურება - „რუსთავი 2“-ის მეშვეობით პიარს ყოველთვის კარგად ახერხებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და სავარაუდოდ, მომავალშიც გააგრძელებს.