თურქეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ თურქეთმა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ რუსეთთან გაფორმებული კონტრაქტი გაწყვიტოს. რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თუ ატომურ ელექტროსადგურ „აქუიუს“ რუსები არ ააშენებენ, მას სხვები ააშენებენ. ერდოღანის ამ განცხდებიდან რამდენიმე დღეში, ოფიციალურმა ანკარამ გააკეთა განმარტება, რომ პრეზიდენტს სწორად არ გაუგეს.
თსუ-ს ამერიკის მცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა არ გამორიცხავს, რომ თუქრეთის ხელისუფლებამ დაიწყოს აღნიშნული საკითხის ინიცირება, ვინაიდან რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება საკამოდ დაძაბულია, რაც გამოწვეულია სირიაში რუსეთის ქმედებით.
„ვფიქრობ, რომ ერდოღანის ულტიმატუმში სიმართლის ელემენტიც არის და პიარიც. რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ დაიწყოს ამ საკითხის ინიცირება, მაგრამ მერე როგორ განვითარდება პროცესი, ეს უკვე სხვა საკითხია. მარტო პრეზიდენტის განცხადება არ არის საკმარისი, ამას თან ახლვს უამრავი პორცედურები.
ამ კონტრაქტის გაწყვეტა, კიდევ უფრო დაძაბავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, რადგან ეს უკვე უნდობლობის მაჩვენებელია. როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო თვეებია რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება საკმაოდ გართულდა, მართალია კონფლიქტამდე არ მისულა საქმე, მაგრამ პოლიტიკური დაძაბულობა სახეზეა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვასილ კაჭარავა.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია რასთან გვაქვს საქმე, მართლაც ვერ გაუგეს პრეზიდენტ ერდოღანს, თუ უბრალოდ უკან დაიხია. თუმცა, როგორც მენაღარიშვილი აცხადებს, ყველა შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობაში შესაძლებელია ბზარი გაჩნდეს.
„თურქულმა მხარემ 2 დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ პრეზიდენტს სწორად არ გაუგეს და საუბარი არ არის სამაგიერო ნაბიჯზე თურქეთის მხრიდან. პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის არსებობს სერიოზული ეკონომიკური კავშირები, რაც რუსეთის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტები, რაც ადასტურებს ჩვენს ურთიერთ დაინტერესებასო.
ძნელი სათქმელია რასთან გვაქვს საქმე, მართლაც ვერ გაუგეს ბატონ ერდოღანს, თუ უკან დაიხია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობაში შესაძლებელია ბზარი გაჩნდეს. ის, რაც რუსეთის მიერ სირიაში კეთდება, კატეგორიულად ეწინააღმდეგება თურქეთის ხედვას და მიდგომას სირიის საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.
რაც შეეხება თურქეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ კონტრაქტს, 2010 წელს რუსეთის ფედერაციასა და თურქეთის მთავრობას შორის შედგა ერთგვარი ურთერთგაგების მემორანდული, რომლის საფუძველზეც თურქეთის ენერგეტიკის სამინისტრომ და რუსეთის ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს სპეციალურ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც თუქრული მხარე ვალდებულებას იღებდა გადაეხადა 20 მილიარდი დოლარი სამი ბირთვული ელექტროსადგურის მშნებლობის საფასაურად.
კონტრაქტის მიხედვით მშენებლობა 2017 წელს იწყება და 2020 წელს უნდა დასრულდეს. საგულისხმოა, რომ ეს გახლავთ იგივე პროექტი, რომელიც რუსეთმა ირანთან გააფორმა. თურქული მედია წერს, რომ ერდოღანის ულტიმატუმი გათვლილია შიდა მოხმარებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება 1 ნოემბერს დაგეგმილ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ერდოღანის პოლიტიკური კარიერისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ აღნიშნული კონტრაქტის მოპოვებაში რუსეთს ბევრი კონკურენტი ჰყავდა, კერძოდ კი გერმანული „სიმენსის“ ფირმა, სამხრეთ კორეული კომპანიები და ერთ-ერთი ფრანგული ფირმა, თუმცა, მაშინ თურქეთმა არჩევანი რუსეთზე გააკეთა.
„ამ კონტრაქტის უკან დგას კორუფციული სქემები. როდესაც ასეთი მაღალი დონის კონტრაქტები იდება და მით უმეტეს როდესაც კონტრაქტი იდება რუსეთთან, რა თქმა უნდა, ე.წ. ატკატები ყოველთვის არის ჩადებული. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, არ მგონია, რომ ერდოღანმა უარი თქვას ამ საკმაოდ მნიშვნელოვან კონტრაქტზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
ერდოღანის მუქარას ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს თავად რუსეთი. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თვლის, რომ კრემლმა ამ შემთხვევაში სწორი სვლა გააკეთა, ვინაიდან, სათქმელი არაფერი აქვს.
„ამ შემთხვევაში რუსეთი რთულ მდგომარეობაშია. გამოვიდეს და თქვას, რომ ერდოღანი ტყუისო, ამით მხოლოდ საქმეს გააფუჭებს და გაართულებს ამ კონფლიქტის დარეგულირებას. თქვას, რომ დამნაშავე ვარო, ეს უკვე პუტინის პრესტიჟია. ამიტომ, არც ერთს აკეთებს და არც მეორეს. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა ისეთ ფაზაშია შესული, რომ 180 გრადუსით ვექტორის შეცვლა წარმოუდგენელია.
თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას უკვე მოჰყვა ადეკვატური რეაქცია ალიანსის მხრიდან. ნატომ დაამშვიდა ერდოღანი და დღეს მეტ დახმარებას უწევს, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რაც გამოიხატება იმით, რომ ნატოს გადაწყვეტილებით თურქეთში ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტები“ განათავსდება, რასაც ითხოვდა თურქეთი. ასე რომ, ერდოღანმა თავის მიზანს მიაღწია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.