ერთხელ გერმანიაში...

ერთხელ გერმანიაში...

საბჭოთა კავშირის დროს ქართველ ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამშობლოს გარეთ უწევდათ. უცხო ქვეყანაში ყოფნა ქართველებისათვის მძიმე გახლდათ. ამის მიუხედავად ჩვენებურები საკუთარ ღირსებას არ კარგავდნენ და სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩენილები, წარმოქმნილ პრობლემებს თავს კარგად ართმევდნენ.

საბჭოთა ჯარში სამხედრო სამსახურის თემა ნებისმიერი ქართული ოჯახისთვის მტკივნეული გახლდათ. ამავდროულად, შინ დაბრუნებული ყოფილი ჯარისკაცები არაერთ სახალისო ისტორიებს ყვებოდნენ.

დღევანდელ წერილში ძველ დროში დაგაბრუნებთ და ყოფილი „დიადი სამშობლოს“ შეიარაღებული ძალების სამყაროს გაგახსენებთ.

ჩვენი „სამხედრო მოგონებების“ პირველი სტუმარი ყოფილი რიგითი ჯარისკაცი თემურ კირთაძე იქნება.

„გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქალაქ დრეზდენის სატანკო ნაწილში ვმსახურობდი. ბევრი სამუშაო არ გვქონდა. ჩვენი მოვალეობა გახლდათ, ტანკები მწყობრში ყოფილიყო. ეს იყო და ეს. ჩვენთან ერთი უზბეკი, ვინმე საიდ ყულიევი მსახურობდა. ის დღენიადაგ ანაშას აბოლებდა და ომის დაწყებას ნატრობდა, რომ თავისი ტანკით ბრძოლაში ჩაბმულიყო. ბოლომდე დალაგებული არ იყო და ხშირად დავცინოდით. თუმცა, ის ვერაფერს ხვდებოდა. ყულიევი განსაკუთრებულად აგდებული ჰყავდა პეტროს აბრამიანს, რომელიც საიდს სხვადასხვა ოინს უწყობდა ხოლმე. ერთხელ „კაპტიორკაში“ ვსხედვართ და ვსვამთ. ყულიევი კი ანაშით ბოლდება. ამ დროს აბრამიანი მოვიდა და ყულიევს ეუბნება:

– საიდ, ოცნება აგიხდა!

– რა ოცნება?

– ომი დაიწყო. ფაშისტებმა შემოგვიტიეს და რომ ტრაბახობდი, მტერს გავანადგურებო, აბა, გვიჩვენე შენი ვაჟკაცობა.

საიდი აღეგზნო და პეტროსს ჰკითხა:

– სად არიან ფაშისტები?

– ჩვენგან სამხრეთით ორ კილომეტრში, – მიუგო აბრამიანმა.

საიდი წამოხტა და გარეთ გავარდა. ხოლო რაც შემდეგ მოხდა, მტერსა და ავს... ჩვენგან სამხრეთით ორ კილომეტრში კინოსტუდია „დეფას“ გადასაღები მოედანი იყო, სადაც ომზე იღებდნენ ფილმს და 3 მილიონი მარკის ღირებულების დეკორაციებით იყო გაწყობილი. ყულიევი იქ ტანკით შეიჭრა და ყველაფერი გაანადგურა... საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რადგან ყველანი დაიმალნენ.

ყულიევი და აბრამიანი საველე ტრიბუნალმა გაასამართლა და ორივე ციხეში ჩასვეს“.

სამხედრო მოგონებების ესტაფეტას ყოფილი მედესანტე თემურ ნაჭყებია გააგრძელებს.

„პროფესიით მედესანტე ვარ და 1980-1984 წლებში ავღანეთში ვმსახურობდი, სადაც ¹2 საჰაერო-სადესანტო პოლკის მოიერიშეთა ქვედანაყოფს ვმეთაურობდი. 1981 წლის 13 მაისია, ის ისტორიული დღე, როდესაც თბილისის „დინამომ“ თასების თასი მოიგო და, როგორც ფეხბურთის თავგამოდებული ქომაგი, განსაკუთრებულად ველოდი თამაშის დაწყებას. თან, ვლოცულობდი, რომ „ჩეპე“ არ მომხდარიყო და რადიორეპორტაჟისთვის მშვიდად მომესმინა. იმ პერიოდში ქალაქ ყანდაღარში ვიყავით დისლოცირებულები, სადაც ჯოჯოხეთი ტრიალებდა და ცივილიზებულ ცხოვრებაზე, მით უმეტეს, ტელევიზორზე, ოცნებაც კი ზედმეტი იყო. რადიომიმღებიც ძლივს ვიპოვეთ, რომელიც დიდი წვალების მერე, დავაყენეთ შესაბამის ტალღაზე და თამაშის დაწყებამდე საათებს ვითვლიდით. მაგრამ, ხომ გაგიგონიათ: კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ჩვენც ასე დაგვემართა. სწორედ იმ დილას გადაგვისროლეს ახლომდებარე მთებში მოჯაჰედების მსხვილი დაჯგუფების გასანადგურებლად. ისეთი სასტიკი ბრძოლა გაიმართა, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. თუმცა, ამოცანა შევასრულეთ, მოჯაჰედები გავანადგურეთ, მაგრამ არც ჩვენ დაგვდგომია კარგი დღე – 11 კაცი დაგვიჭრეს, უფროსი ლეიტენანტი, ტაშკენტელი იუსუფ ბადაევი კი მოგვიკლეს. დაჭრილები ჰოსპიტალში გავამწესეთ. საცოდავი ბადაევის ცხედარი კი, თაკარა სიცხეში რომ არ გაფუჭებულიყო, შიშველი დავაწვინეთ სპეციალურ ოთახში, რომელშიც ისე ციოდა, „მაცივარს“ ვეძახდით. მეორე დღეს კი ცინკის კუბოთი სამშობლოში უნდა გაგვეგზავნა. საერთოდ, მიცვალებულებს მაშინვე „ცინკებში“ ვაწვენდით და ისე ვინახავდით გამგზავრებამდე. მაგრამ, ბადაევის შემთხვევაში, ცარიელი კუბო არ აღმოჩნდა და მისი ჩასვენება ამიტომ გადაიდო დილამდე. ამასობაში, ფეხბურთიც დაიწყო და მთელი ჩვენი პირადი შემადგენლობა რადიომიმღებს მივუსხედით რეპორტაჟის მოსასმენად. ალბათ, ყველას ახსოვს ვიტალი დარასელიას ისტორიული გოლი მატჩის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე, რამაც გამარჯვება მოგვიტანა. ჰოდა, ვიტალიმ რომ ის გოლი შეაგდო, ისეთი ყიჟინა და ავტომატების ბახა-ბუხი გავმართეთ სიხარულისგან, ლამის ყაზარმა დაინგრა. ეს გნიასი 2-3 წუთს გაგრძელდა და როცა დავმშვიდდით და გამარჯვების აღსანიშნავად მოვემზადეთ, რაც თამაშის დამთავრებისთანავე უნდა დაგვეწყო, ყაზარმაში შიშველი, „დაღუპული“ ბადაევი შემოვარდა და გვიღრიალა:

– აქ რას სხედხართ, ჩქარა წამოდით, დუშმანებმა შემოგვიტიეს!

მკვდრის დანახვაზე გავშრით და ყველას ენა მუცელში ჩაგვივარდა. უფროსმა ლეიტენანტმა კი, ავტომატს დაავლო ხელი და იარაღასხმული და შიშველი გაემართა საბრძოლველად. რა თქმა უნდა, თავს არავინ დაგვსხმია და „მკვდარს“ ჩვენი ყიჟინა მოეჩვენა თავდასხმად. თავად ბადაევს კი, თურმე, შოკისგან კლინიკური სიკვდილი ჰქონია და, რომ არა კუბოს დეფიციტი და ვიტალი დარასელიას მაცოცხლებელი გოლი, საცოდავ ბადაევს ცოცხლად დავმარხავდით“.

დღევანდელ ისტორიებს ცნობილი ქართველი მსახიობი, ბატონი გურამ ფირცხალავა დაასრულებს.

„ჯარში ყოფნისას მორიგეობა ხშირად მიწევდა. ერთხელაც ავედი სათვალთვალო თუ საყარაულო კოშკურაზე. მიჭირავს ჩემზე გაპიროვნებული ავტომატი და ვოცნებობ: „რა იქნება, ახლა დაიწყოს ომი, შემოვიდეს მტერი, აგერ არ მაქვს ავტომატი (იარაღი დიდი იმედია, საერთოდ), ავტომატიდან გმირობამდე ერთი ნაბიჯია!“ ამ ფიქრებში რომ ვარ მე უბედური, დაახლოებით ღამის 2-3 საათია და, არ განათდა ამ უკუნ ღამეში მთელი ცა?! ნათდება და ციმციმებს თვალის საწიერზე.

„აუუ! გურამჩიკ! მტერი მოდის!“

„მიშველეთ!“ – უნდა ვიყვირო, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილები –  გმირობა რო მინდა, მიშველე გიშველის?

არადა, ანათებს და ანათებს მთელი ცა...

ცოტა კი შევშინდისავით...

რაღა ვქნა ახლა?

ავტომატი – კი, მაგრამ, ვის ვესროლო, რომ არავინ ჩანს?!

საერთოდ, ნადირობის ტრფიალი გახლდით. თავის დროზე სურების ტყეში დათვისთვისაც მისვრია; არ მოხვედრია, მაგრამ მაინც ეწყინა...  თუმცა, ის დათვი ჩემს თვალში მაინც მკვდარია.

ის კი იყო დათვი, მაგრამ, ახლა ვის ვესროლო, კაცო, ცას?! გუმანი მეუბნება, რომ ამერიკელი იმპერიალისტები დაგვესხნენ თავს...

ჩამოვცოცდი კოშკურიდან და ვეცი ოპერატიულ ტელეფონს. უფრო განათდა და განათდა ცა... გადავირიე.

– ალო, ალო!

ყურმილი „კომბატმა“ აიღო.

– ჩტო ტაკოე, კაცო? – მეკითხება „კომბატი“ ნამძინარევი, მშვიდი, მოთენთილი ხმით.

– რა ჩტო ტაკოე, ჩტო ტაკოეს დროა ახლა? – გადავირიე მეგრულად. – ტავარიშ სინიაევსკი („კომბატის“ გვარია), ნებო გარიტ! ნებო გარიტ (ხლებ გარიტო – გიორგი მახარაშვილი რომ ყვიროდა, ისე)! – ჩავძახე ყურმილს.

– კაკოე ნებო, ბლიად?! – შეშინდა „კომბატი“.

– ნაშა, სავეტსკი... გარიტ! კაკ დეისტვოვატ?

ყურმილის იქითა მხრიდან მხიარული ხარხარი მომესმა.

ვიცი ახლა, რომ „კომბატი“ ამ მოულოდნელი ამბით შოკში ჩავარდა და ნერვიული სიცილი დაეწყო...

– და... და... გარიტ!

ისევ ხარხარი:

– ეხ, გრუზინ, გრუზინ... ტი ვ შკოლე ხოდილ?

– რის შკოლა, რა შკოლა, ტავარიშ ნაჩალნიკ... ვრაგ ნა გრანიცე!

– ოი, სმეშნოი ტი... – ისევ ხარხარებს ის კაცი, – ეტო ჟე სევერნოე სიანიე („ჩრდილოეთის ციალი“ – გამახსენდა სკოლაში ნასწავლი)... მაგრამ, სად სკოლის შავ-თეთრი ფურცელი და, სად – „ცეცხლწაკიდებული“ ცა!

მოკლედ, პირველი „ფიასკო“ ვიგემე. დაიკარგა გმირობის აშკარა შანსი.

ახლა მიკვირს:

თუ მკვლელობის მცდელობისთვის კაცს უმაღლეს სასჯელს უსჯიან, გმირობის მცდელობისთვის რატომ არ უნდა მისცენ გმირობა? მაგრამ, რას იზამ, „პატარა კაცსა დიდ კაცთან („კომბატთან”) როდის გასვლია მართალი?“