„09“-სა და „08“-ს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

„09“-სა და „08“-ს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

საინფორმაციო სატელეფონო ცენტრების მიერ ფიზიკური პირების საცხოვრებელი სახლის ტელეფონის ნომრის გაცემას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ კანონდარღვევად აფასებენ.

როგორც წესი, კონკრეტული ადამიანის ტელეფონის ნომრის სხვა პირისთვის გადაცემა მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაშია დასაშვები. ამის სანაცვლოდ, როდესაც საია-მ გადამოწმება სცადა, პიროვნების ბინის ტელეფონთან ერთად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურში ისიც კი აცნობეს, ვის სახელზე იყო კონკრეტული ბინა რეგისტრირებული.

საია-ს საპარლამენტო მდივანი სოფო ჭარელ For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საინფორმაციო-საცნობარო სამსახურის მიერ კონკრეტული პიროვნების ბინის თუ მობილური ტელეფონის ნომრის გაცემა აბსოლუტურად არასწორია, რადგან შესაძლოა, ნომრის მფლობელი ამ ინფორმაციის გაცემას ორივე შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდეს.

„08-სა და 09-სთან დაკავშირებით გამოვთქვით ეჭვი, რომ შესაძლოა, ხდებოდეს პერსონალურ მონაცემთა დარღვევა. ჩვენთვის ამ ეტაპზე არ არის ნათელი, დამუშავების რა საფუძველს ექვემდებარება საცხოვრებელი სახლის ტელეფონის ნომრის გაცემა (ანუ კანონი ჩამოთვლის დამუშავების საფუძვლებს, როგორიცაა პირის თანხმობა, მისი სასიცოცხლო ინტერესები და ა.შ.), „08“-ს და „09“-ს კი ეს საფუძველი არ აქვთ. ამიტომაც ვურჩიეთ ადამიანებს, რომლებიც შეწუხებულნი არიან უცხო პირებზე საკუთარი ტელეფონის ნომრების გაცემით, მიემართათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე კონკრეტულ საკითხებს ინსპექტორი სწავლობს. ბინის ნომერი თუნდაც იმიტომ არ უნდა გაიცეს, რომ ბუნებაში არ არსებობს ტელეფონების ნომრების რეესტრი, განსხვავებით, საჯარო რეესტრისგან, რომელიც ფუნქციონირებს და, რომლის თანახმადაც, ქონება ვისზეცაა რიცხული, ეს ინფორმაცია საჯაროა. შესაბამისად, „08“-საც და „09“-საც აქვს უფლება, გასცენ ინფორმაცია, თუ ვისზეა ბინა რეგისტრირებული, ეს საჯარო ინფორმაციაა, მაგრამ სატელეფონო ნომერთან დაკავშირებით კვლავაც რჩება კითხვის ნიშნები“,-აღნიშნა სოფო ჭარელმა.

მანვე განმარტა, რომ პერსონალური ინფორმაციის კუთხით, ამ ეტაპზე ყველაზე სუსტ წერტილად მაინც რჩება მოსმენასთან დაკავშირებული საკითხები. მართალია, ორეტაპიანი სისტემა შემოვიდა, რომლის თანახმადაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ყველა იმ მოსმენის დადასტურება უწევს, რომელიც სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ხორციელდება, მაგრამ გასაღები კვლავაც შსს-ს ხელშია და უცნობია, რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებს შსს მოსმენებს.

გარდა ამისა, დღესდღეობით საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა პირდაპირი მარკეტინგი, როცა სმს-ები ყოველდღიურად მოგვდის სხვადასხვა კომპანიებისგან. ამას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ებრძვის, მაგრამ არსებობს გარკვეული ბაზები, რომელთა ერთმანეთისადმი მიყიდვაც ხდება, რაც კანონსაწინააღმდეგოა.

პერსონალური უფლების დარღვევის მხრივ სოფო ჭარელი იმ ფაქტსაც გამოყოფს, როცა შსს-ს თანამშრომლები მონაცემთა ბაზებს გოგონების გაცნობის მიზნით იყენებენ, მათივე მანქანის ნომრებით იგებენ მანქანის მფლობელთა ტელეფონის ნომრებს და მათ უკავშირდებიან.

მისივე თქმით, სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვას შეეხებოდა სააფთიაქო ქსელის დაჯარიმება იმის გამო, რომ ისინი არასწორად ახორციელებდნენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, ანუ ახდენდნენ კონსულტანტსა და მოქალაქეს შორის არსებული საუბრის ჩაწერას.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვა ცალკეული ქვეყნისთვის ინდივიდუალურია და ყველა ქვეყანა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე იცავს ადამიანის პერსონალურ უფლებებს. მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში დაშვებულია პერსონალური ინფორმაციის გაცემა, ზოგან კი ამას კანონი კრძალავს. მაგალითად, კომუნისტების პერიოდში, არსებობდა მთელი უწყება, სადაც თითოეული ადამიანის გვარი, სახელი, მისამართი ეწერა და მათ შესახებ ინფორმაციის გაცემა პრობლემა არ იყო. უფრო მეტიც, სატელეფონო ცნობარიც არსებობდა და 5 მანეთად რუსულენოვან ცნობარს შეიძენდით.

„დღესდღეობით კი კანონი უნდა არეგულირებდეს და განსაზღვრავდეს დაცულობის ხარისხს. ის ფაქტი, რომ „09“ და „08“ ბინის ნომბრებს გასცემენ, ტრაგიკულად არ მიმაჩნია. თუმცა მობილურის ნომრების უცხო პირებისთვის გადაცემას არ ვეთანხმები, ეს მაინც პირადი დაცვის მომენტია, პირადი დაცულობის სქემას მოიცავს, ამიტომ მობილურის გაცემა არ იქნება სწორი. რაც შეეხება საჯარო რეესტრის მონაცემებს, რომლითაც ამა თუ იმ პირის ქონება საჯარო ხდება, ეს პერსონალურ მონაცემთა დარღვევად არ მიმაჩნია, რადგან ქონების დეკლარაცია ყველასთვის ღიაა, მათ შორის, პირველ რიგში, სახელმწიფო მოხელეები ავსებენ ქონების დეკლარაციას და აფიქსირებენ ამას საჯარო დოკუმენტებში. მანქანის ნომრით სასურველი ადამიანის მობილურის ნომრის დადგენა კი კანონდარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულია. არ უნდა განმეორდეს სააკაშვილის მიერ დანერგილი პრაქტიკა, როდესაც ვისზეც მოეპრიანებოდათ, ყალბი საბუთებით ხდებოდა საქმეების შეკერვა და მერე მიყურადება. მაგალითად, ჩემზე მიყურადება დაიწყეს ვიღაც ოთხი ცხინვალელი ოსის ე.წ. „თანამზრახველობის“ საფუძველზე, რაც ბუნებაში არ არსებობდა. ეს მარაზმია, როცა სპეცსამსახურს პირადი ანგარიშის მიზნით იყენებენ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში.