უნდა სარგებლობდეს თუ არა ყველა ადამიანი სახელმწიფო დაზღვევით?

უნდა სარგებლობდეს თუ არა ყველა ადამიანი სახელმწიფო დაზღვევით?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯი მკვეთრად მატულობს და უკვე წელს ნახევარ მილიარდს გადააჭარბებს. უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ მთავრობის უშურველი დახმარებით ყველა მოქალაქე თანაბრად არ უნდა სარგებლობდეს.

2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 88 მლნ ლარს შეადგენდა, საიდანაც 70 მილიონი ლარის ათვისება მოხერხდა. 2014 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ის მიზნობრივი ჯგუფებიც მოექცა, რომლებიც ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ. პროგრამის საყოველთაო ხასიათის გამო ბენეფიციართა რიცხვი და საავადმყოფოში მიმართვიანობის რაოდენობა გაიზარდა. 2014 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დახარჯულმა თანხამ 338.5 მლნ ლარი შეადგინა. 2015 წლის ბიუჯეტში საყოველთაო ჯანდაცვაზე 470 მლნ ლარია გამოყოფილი და როგოც ჩანს, ეს საკმარისი არავითარ შემთხვევაში არ იქნება.

მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში საყოველთაო ჯანდაცვაზე გამოყოფილი ხარჯი 231.5 მლნ ლარი იყო დაგეგმილი, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯმა 268.7 მლნ ლარი შეადგინა. ჯანდაცვის წლიური ბიუჯეტიდან (470 მლნ), 30 სექტემბრის მონაცემებით, 416 მლნ ლარი უკვე დახარჯულია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გაწეული საშუალო თვიური ხარჯი 46 მლნ ლარია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში, როგორც წესი, საავადმყოფოებში მიმართვიანობა იზრდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ხარჯვის ტემპი არ შემცირდება და წლის ბოლომდე დამატებით მინიმუმ 100 მლნ ლარის დამატება გახდება საჭირო.

ასეთივე მოსაზრებისაა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„470-მილიონიანი წლიური ბიუჯეტი 100 მლნ ლარითაა გასაზრდელი, რომ დღემდე არსებული ხარჯვის ტემპით გააგრძელოს საავადმყოფოების ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტრომ, თუმცა ეს 100 მლნ ვერ ეყოფა იმ დაახლოებით, 200 მლნ ლარზე მეტ დავალიანებას, რომელიც სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დაუგროვდა. დავალიანების ნაწილი მომავალ წელს გადავა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომავალი წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვან პორციას იანვარ-თებერვალშივე „შეჭამს“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

რაც შეეხება მომავლ წელს, სახელმწიფო დაზღვევისთვის განკუთვნილი ხარჯი კიდევ უფრო იზრდება და 570 მლნ ლარამდე ადის. ეს ნიშნავს, რომ მთლიან მშპ-ში ჯანდაცვის მიმართულებით გაწეული საბიუჯეტო ხარჯი 2%-ს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

სპეციალისტები თვლიან, რომ  ყველა მოქალაქე არ უნდა სარგებლობდეს საყოველთაო დაზღვევით. ექიმი ირინა ხეჩიკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფოს გააჩნია შესაძლებლობა, რომ ყველა მოქალაქე მონოტორულად წელიწადში ერთხელ გაგზავნოს თერაპევტთან, ამაზე კარგი არაფერია, მაგრამ, ფაქტია, ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია შესაბამისი ბიუჯეტი, რომ მთელ საქართველოში მოსახლეობისთვის რენტგენიდან დაწყებული სისხლის ანალიზებით დამთავრებული, ყველა ტიპის კვლევა დააფინანსოს.

„ყველა ადამიანი საყოველთაო დაზღვევით არ უნდა სარგებლობდეს, რადგან არსებობს ისეთი ოჯახებიც საქართველოში, რომელსაც ღირებულების 30 პროცენტის გადახდის შესაძლებლობაც არ გააჩნიათ“, - აღნიშნავს ხეჩიკაშვილი.

სხვათა შორის, მოსახლების თითქმის ნახევარი ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ საკუთარი ჯანმრთელობისათვის თანხა თავისი ჯიბიდანაც გადაიხახადოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მინიმუმ 1.5 მილიონი ზრდასრული მოქალაქე მზად არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ფინანსური ტვირთი სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს.

„მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯანსაღად აფასებს ჯანდაცვაზე როგორც საკუთარ, ისე სახელმწიფოს ფინანსურ პასუხისმგებლობას. კერძოდ, გამოკითხულთა დაახლოებით 46% (საქართველოს მინიმუმ 1.5 მილიონი მოქალაქე) ჯანდაცვაზე ფინანსურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოსთან ერთად საკუთარ თავსაც აკისრებს. მთავრობას მოსახლეობის ამგვარი განწყობა საშუალებას აძლევს არსებული გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით შეცვალოს და გამოთავისუფლებული რესურსი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანდაცვისკენ მიმართოს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2013 წელს ასეთი ხალხის რაოდენობა 5%-ით მეტი იყო“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.