„რუსთავი 2“-მა მფლობელები 20-ჯერ შეიცვალა, თუმცა ეს ფაქტი აქამდე არავის გაუპროტესტებია

„რუსთავი 2“-მა მფლობელები 20-ჯერ შეიცვალა, თუმცა ეს ფაქტი აქამდე არავის გაუპროტესტებია

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად  სასამართლოს მიმართა, პიარში გამობრძმედილმა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ საქმეს პოლიტიკური ელფერი მისცა და მედიის თავისუფლების „დასაცავად“, ქვეყნის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ, საბრძოლველად გადადო თავი. მართალია, ხალვაში საჯაროდ აცხადებს, რომ არ აპირებს არხის ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს და მისთვის მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს თავისუფალ გარემოში მოუხდეთ მუშაობა, მაგრამ „რუსთავი 2“-სა და „ნაციონალური მოძრაობას“ არაფრის გაგონება არ სურთ - ეს მათი უფლებაა, თუმცა აქ მთავარი ისაა, რომ 2003 წლიდან დღემდე ტელეკომპანიამ უამრავი მფლობელი გამოიცვალა და არასოდეს არხის ხელმძღვანელობას ეს ფაქტი არ გაუპროტესტებია.

სხვათა შორის, არც მაშინ გამოუთქვამს პროტესტი ვინმეს, როცა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ძალდატანებით აყიდინეს. უფრო მეტიც, „რუსთავი 2“-ის კოლექტივი იმდენად ინდეფერენტული იყო მფლობელების ცვლილებების მიმართ, შესაძლოა, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების უმრავლესობას ყოფილი მფლობელების ვინაობაზე წარმოდგენაც არ აქვს. 

For.ge შეეცადა ტელეკომპანიის ჟურნალისტების და არხის პროდიუსერებისგან გაერკვია, რას ფიქრობენ ისინი „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, იციან თუ არა, ვინ იყვნენ და რატომ იცვლებოდნენ ტელევიზიის მფლობელები წლების განმავლობაში? როდესაც არხმა მფლობელი (მათ შორის - რამდენიმედღიანი) მრავალჯერ შეიცვალა და მათ ეს არასოდეს გაუპროტესტებიათ, რატომ არის მათთვის დღეს ასე „ტრაგიკული“ „რუსთავი 2“-ის მფლობელის თემა?

For.ge დაუკავშირდა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ნატა მახვილაძეს.

For.ge: ცნობილია თუ არ თქვენთვის 2003 წლიდან დღემდე ტელეკომპანიის ყველა მფლობელის ვინაობა?

ნატა მახვილაძე: მე ვერ გაგცემთ პასუხს, დაუკავშირდით პროდიუსერს გიორგი ლაფერშვილს, - და ჟურნალისტმა ტელეფონი გათიშა.

არხის პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

ამის შემდეგ დავუკავშირდით გადაცემა P.S.-ის საინფორმაციოს უფროსს ეკა სარიას  - „თათბირზე ვარ და ახლა ვერ გიპასუხებთ“, - გვიპასუხა სარიამ, თუმცა შემდეგ არც მან უპასუხა ჩვენს ზარებს.

ამის შემდეგ ჩვენ რამდენიმე ჟურნალისტთან კიდევ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა ამაოდ. არც იმის მოლოდინი გვქონია, რომ რომელიმე მათგანი ღიად დააფიქსირებდა საკუთარ პოზიციას იმის მიუხედავად, რომ ჩვენთან პირად საუბრებში ჟურნალისტები უკმაყოფილებას არ მალავენ არხის ახლანდელი ხელმძღვანელების მიმართ. რამდენიმე მათგანი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ მიესალმებიან არხზე ხალვაშის დაბრუნებას, რადგან -  „რუსთავი 2“ ისეთი თავისუფალი, როგორიც ხალვაშის დროს იყო, სხვა დროს არ მახსენდება და ამას ძველი ჟურნალისტები დაადასტურებენ“, - გვითხრა „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.

რას ნიშნავს „რუსთავი 2“-ის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი, ემუქრება თუ არა ტელეკომპანიის ჟურნალისტების თავისუფლებას საფრთხე და რატომ გახდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისთვის ასეთი მნიშვნლოვანი მფლობელების ცვლილების თემა, პოლიტიკოსებს და ექსპერტებს თავიანთი მოსაზრებები აქვთ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს: „ჟურნალისტური საქმიანობა ჩვენი კანონმდებლობით დაცულია მესაკუთრის ვინაობის მიუხედავად. არანირი მნიშვნელობა არ აქვს ხალვაში იქნება ის, სააკაშვილი თუ კეზერაშვილი. როგორც ჩანს, დღევანდელი მესაკუთრეები - სააკაშვილი და კეზერაშვილი ძალიან დაიძაბნენ, როდესაც ვიღაც სასამართლოს გზით შეეცადა, თავისი უფლებების დაცვას“.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს, არჩილ გამზარდიას მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ხმაურით ცდილობს ხელიდან არ გაუშვს ის მომენტი, რაც მის, როგორც პარტიის ინტერესებს ეეწინააღმდეგება.

„ქიბარ ხალვაშის თემა არის პროპაგანდისტული თემა, რომელსაც იყენებს ტელევიზია და ხელოვნური ფორმატებით ქმნიან აყალ-მაყალს. როგორც არავინ, „რუსთავი 2“ ისე იყო ყოველთვის დამოკიდებული კონკრეტულ პარტიის ინტერესებზე და არასოდეს ის ასოცირებული არ ყოფილა სიტყვის თავისუფლებასთან. ისინი ცდილობენ გახსნან სივრცე - ვინც ჩვენ გვებრძვის, მიხეილ სააკაშვილს ებრძვის, ვინც სააკაშვილის წინააღმდეგ წავიდა, ევროპული ღირებულების წინააღმდეგ წავიდა, ვინც „რუსთავი 2“-ს ებრძვის, ის თავისუფალ მედიას ებრძვის. ეს ერთი და იგივე პასაჟებია, თუმცა არც ერთი მათგანი ეფექტური არ აღმოჩნდა, ვინაიდან იმდენად ყალბი იყო დამაჯერებელი არ აღმოჩნდა მაყურებლისთვის“, - აცხადებს გამზარდია.  

მოდი, ახლა კი გადავხედოთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელების ისტორიას, რომელიც 2004-12 წლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, 20-ჯერ შეიცვალა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ისტორია 1994 წელს დაიწყო, როდესაც ჯარჯი აქიმიძემ, დავით დვალმა და ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია დაარსეს.

1994 წლიდან 2004 წლამდე „რუსთავი 2“-ის თითოეული დამფუძნებელი – ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე – არხის 33,3%-ის მფლობელები იყვნენ. ნიკა ტაბატაძე კი, არხის გენერალური დირექტორი, კომპანიის 10%-ს ფლობდა (3,33%-ს თითოეული დამფუძნებლიდან).

2004 წლის 16 ივნისს პაატა კარსანიძე იძენს „რუსთავი2“-ის 60%- ს და შემდეგ მას ქიბარ ხალვაშზე ყიდის. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კარსანიძემ თითოეულ მფლობელს 100,000 აშშ დოლარი გადაუხადა, ხალვაშს კი წილები 200,000 აშშ დოლარად მიყიდა. ხალვაშის კომპანია შპს „პანორამამ“ ნიკა ტაბატაძის 10% და ეროსი კიწმარიშვილის 30%-იც შეისყიდა.

სულ მალე ქიბარ ხალვაშს ურთიერთობა დაეძაბა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ისინიც ტელეკომპანიის წილების გადაფორმებას სთხოვენ.

2005 წლისთვის, მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში არსებული ბიზნესები - „პროქტერ&გემბლის“ სადისტრიბუციო ქსელი და „პეპსი“ „დაიწვა“, კომპანიის წილები ძმები ბეჟუაშვილების ხელში აღმოჩნდა.

2005 წელს „რუსთავი 2“-ის 22 %-იანი წილი პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამის, რობერტ ბეჟუაშვილის კომპანია „საქცემენტმა“ სულ რაღაც 131 994 ლარად შეიძინა.

2005 წელს ტელეკომპანიის წილები „საქცემენტისგან“ ისევ რობერტ ბეჟუაშვილის მფლობელობაში მყოფმა კომპანიამ - ჯგუფმა „ჰოლდინგი საქართველო ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეიძნა, რომელიც თავის მხრივ მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანია „ჩემქსიმ ინტერნეიშენელის“ მფლობელობაშია.

2006 წელს „რუსთავი 2“-ის 78%-იანი წილის მფლობელი „ჯეო-ტრანსი“და მ ისი მფლობელი ბიძინა ნიჟარაძე ხდება.

ბიძინა ნიჟარაძემ მისი 55% ათ დღეში ვირჯინიაზე დარეგისტრირებულ კომპანია Delgado Resources-ს მიჰყიდა. ამ კომპანიის წარმომადგენელი კი ლევან ყარამანიშვილი გახლდათ. ტელეკომპანიის დანარჩენ 23%-ან წილს იძენს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელიც უკვე ფლობდა ტელეკომპანიის 22%-ს.

 2008 წელს ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც 2007-09 წ.წ არხის გენერალური დირექტორი გახლდათ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 30% შეიძინა, თუმცა საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არსებულ არქივის დოკუმენტებში ეს გარიგება არ იძებნება.

2009 წელს ირაკლი ჩიქოვანი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ინიშნება და თავის წილებს ისევ „ჯეომედიაგრუპსა“ და „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფზე” ყიდის, თუმცა ელექტრონულად ხელმისაწვდომ ოფიციალურ დოკუმენტებში არც ამ გარიგების შესახებ არის ცნობები.

2011 წელსსაქართველოს პარლამენტი ოფშორული კომპანიების მიერ მაუწყებლების ფლობას კრძალავს და ტელევიზიებსა და რადიოებს ბენეფიციარი მფლობელების გამჟღავნებას სთხოვს. ცვლილებები ძალაში 2012 წლის დასაწყისში შედის.

2012 წელს, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ლევან ყარამანიშვილმა „რუსთავი 2“-ში Degson Limited-ის 60% და „ჩემექსი ინტერნეიშენალის“ 30% შეიძინა, გეგეშიძის მფლობელობაში კი, რომელიც Degson Limited-სწარმოადგენდა, დანარჩენი 10%-ი რჩება.

2012 წლის 4 ოქტომბერს ტელკომპანია „რუსთავი 2“-ის 40% დავით კეზერაშვილის კომპანია „მედია ჯორჯიაზე“ 500 000 ამერიკულ დოლარად გასხვისდა.

წილები ხუთ დღეში ისევ გიორგი ყარამანიშვილის ხელში აღმოჩნდა, თანაც იგივე ფასად.

ვინ არიან დღეის მდგომარეობით ტელეკომპანიის წილის მფლობელები?

2015 წლის ოქტომბერი- ლევან ყარამანიშვილი წილების 22%-ს ფლობს, გიორგი ყარამანიშვილი კი - 18%-ს. „რუსთავი 2“-ის 51%-ის მფლობელია ტელეკომპანია „საქართველო“, რომლის 60%-ის მფლობელი ისევ ლევან ყარამანიშვილი, 40%-ის კი ისევ გიორგი ყარამანიშვილია. დარჩენილი 9% გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის.

2012 წლის ნოემბრიდან „რუსთავი 2“-ის დირექტორი განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამიაა.

ძალიან რთულია ტელეკომპანიის წილების ამ დაუსრულებელ გადაფორმება-გაყიდვა-გასხვისების სიაში რეალური სურათის ან რეალური მფლობელის გარკვევა, თუმცა დღეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა, ჟურნალისტები და მათი მხარდამჭერები მხოლოდ ერთ-ერთი ყოფილი მფლობელის-ქიბარ ხალვაშის მოთხოვნას აპროტესტებენ და წილების დაბრუნების მცდელობას თავისუფალ მედიაზე და სიტყვაზე ზეწოლად აფასებენ.