კნინობითსახელიანთა შოუები და დაკნინებული ბავშვები

კნინობითსახელიანთა შოუები და დაკნინებული ბავშვები

საქართველოს ტელემაუწყებლობებს დიდი ხნის განმავლობაში დღეში რამდენიმე საათს მაინც ვუყურებდი. 1994 წლის შემდეგ საფრანგეთში ვცხოვრობ და ქართული ტელევიზია თითქმის ერთადერთი ცოცხალი კავშირი გახლდათ ჩემს ქვეყანასთან. რასაც ვეღარ ვიტყვი ბოლო წლების შესახებ. პირადად ჩემთვის უკვე დროის დაკარგვაა ევროპული და ამერიკული კომედიური ტელეშოუების ქართული კალკების ყურება, ინგლისურენოვანი ფილმები წვრილი და თვალის დამღლელი ქართული ტიტრებით, საინფორმაციო გადაცემები, რომლებიც ოპერატიული თვალსაზრისით ბევრად ჩამორჩებიან ქართულენოვან ინტერნეტსაიტებს, ხოლო მათი ორიგინალები მხოლოდ ადამიანების ურთიერთ ხოცვა–ჟლეტის მატიანეს წარმოადგენენ. ყოველთვის ასე ვფიქრობდი: რას ვიზამთ, როგორც ჩანს, ასეთი გახდა ჩემი ქვეყანა, რომელსაც წელიწადში ერთხელ სადღაც ერთი თვის განმავლობაში ვნახულობ. დანარჩენ დროს კი ვშორდები და ვშორდები.

პროფესიით იურისტი გახლავართ და ერთ–ერთ კომპანიაში ვმუშაობ ბავშვთა უფლებების კუთხით. შესაძლოა, არასდროს გამჩენოდა ქართულ პრესაში აზრის გამოთქმის სურვილი, ამ სამშაბათს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გადაცემული შოუ რომ არ მენახა. „ნანუკას შოუ“, საერთოდ, ბევრ შეკითხვას ბადებს პირადად ჩემში. ერთი რამ უდავოდ გამოუვიდა ამ შოუს წამყვანს - ფერებითა და ალერსით ლამის მთელ საქართველოს წარმოათქმევინებს თავის სახელს, ფამილარულად ფეხშიშველ ქალს პატივსაცემი სტუმრები სერიოზული სახეებით რომ მიმართავენ: “ქალბატონო ნანუკა...“

აქედან ეს ოდნავ მხიარულად მოჩანს და მეტი არაფერი, საქართველოში კი ამაზე სევდიანი ამბებიც მომისმენია, რომ ტელეარხზე დიდი გავლენა და „ხვედრითი წილი“ გარკვეული დამსახურებისთვის მიიღო შოუს კნინობითსახელიანი წამყვანის ოჯახმა, რომ ამ დამსახურების შედეგი იყო „იმედის“ ყოფილი მეპატრონის გაყვანა არენიდან. ასეთების შესახებ ვერაფერს გეტყვით, ეს ის სინამდვილეა, საიდანაც შორს გახლავართ. მაგრამ ამ სამშაბათის გადაცემა, კერძოდ, კერძო დეტექტივის შესახებ მომზადებული ნაწილი, ქართულ და ფრანგულ სინამდვილეებად ვეღარ დაიყოფა. ყველა ქვეყანაში გამოითქმებოდა აზრი იმაზე, გამართლებულია თუ არა, რომ ჯეიმს ბონდის სათვალესა და შავ კოსტუმში გამოწყობილი ათიოდე წლის ბავშვი გამოჰყავთ შოუში, როგორც ადამიანების მოთვალთვალე, დაქირავებული მზვერავი. გამიკვირდა, რომ ქართულმა მედიამ ასეთ მახინჯ სიუჟეტზე ხმა არ ამოიღო. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? ის, რომ ხმის ამოღება უკვე წყლის ნაყვად მიაჩნიათ? თუ ის, რომ ამ შოუს ძლიერად საშიში ზურგი აქვს?

მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ შოუს ეს ნაწილი გახლდათ სერიოზული გადახრა კანონისა და ეთიკის ნორმებიდან, ჯერ ერთი, ალბათ საქართველოს კანონმდებლობაშიც იქნება რაღაც მაინც იმის შესახებ, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და, აქედან გამომდინარე, იმ კერძო კომპანიის რეკლამა, რომელიც პირად ცხოვრებაზე ნადირობს, და დაინტერესებულ პირებზე ყიდის კომპრომატებს, სულ მცირე, არხის იმიჯს ლახავს – ცხადია, იმის მიუხედავად, როგორი სოლიდური თანხაც უნდა იყოს გადახდილი ამ რეკლამაში.

მეორე არის რეკლამაში ბავშვის გამოყენება მისი უფლებებისა და ღირსების შელახვის გზით. მე კიდევ ერთხელ არ გავიმეორებ ამ ბავშვის სახელს, რათა სადღაც ზედმეტად არ დაფიქსირდეს ეს სახელი, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ასეთ ასაკში ბავშვები ხშირად ვერ აცნობიერებენ ან ბოლომდე ვერ აცნობიერებენ საკუთარ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს. ამაზე პასუხისმგებლობა უფროსებს აკისრიათ.

უფროსებმა კი ისე გადაწყვიტეს, რომ ბავშვმა შესაძლოა, გაიკეთოს სათვალე, მოირგოს კარგი კამუფლიაჟი, აედევნოს მითითებულ ობიექტს და დღეში 10 ლარის ფასად, გადაიღოს ობიექტის ყველა საეჭვო ნაბიჯი. შემდეგ ამით საჯაროდ მოიწონოს თავი, რადგან ის ასეთი ქცევით შეამჩნიეს და თავის ქნევით (სათვალავი რომ აგერევა) თქვას, ასე 30-მდე ადამინი მყავს ნადევნი და კომპრომეტირებულიო.

შოუს წამყვანს ჰქონდა ორი ვარიანტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ავთო ბექაურის, რეკლამის გასაკეთებლად. მას შეეძლო, ამ საქმეში ბავშვის აგენტურული საქმიანობის შესახებ მხოლოდ მოეთხრო, მესამე პირში, აუდიტორიის წინაშე ბავშვის წარდგენის გარეშე, მაგრამ, როგორც ჩანს, მეტი ხალისისა და მაყურებლის ჩართულობის გაზრდისათვის მოთვალთვალე ბავშვიც მოიწვიეს ეთერში. ის მართლა ჩვეულებრივი ბავშვი იყო, რომელიც მზვერავობანას თამაშობდა, ტელევიზორში აჩვენებდნენ და ამის გამო სიამაყეს განიცდიდა. მას არ შეეძლო ეფიქრა, რომ მის სკოლაში, კლასსა და ქუჩაში ყველა ბავშვს არ უყვარს აგენტები და მოთვალთვალეები, რომ შესაძლოა, მეორე დღეს მისკენ თითი გაეშვირათ ზიზღით: მოერიდეთ, აგენტი და ჩამშვებია,

რას აკეთებენ საქართველოში ბავშვთა უფლებათა დამცველები? რას აკეთებენ კანონდამცველები? მშობლები? მედია?

და მაინც სახტად დამტოვა შოუს წამყვანის საფინალო შეძახილმა: “ქართულ შოუში კერძო დეტექტივი გამოჩნდა და მე კმაყოფილი ვარ ამით .“ კმაყოფილება ისეთია, ვინ რითი მოიგვრის მას, რას გაიგებ!