უნიადაგო დემოკრატიის მორიგი ყვავილობა: ღვარძლისა და ფშუტის კოაბიტაცია

უნიადაგო დემოკრატიის მორიგი ყვავილობა: ღვარძლისა და ფშუტის კოაბიტაცია

სამი წელიწადი შესრულდა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან. როგორც ჩანს, დაპირებული „გამაოგნებელი დემოკრატიის“ საოცნებო ნაყოფს ვერც ამ შემოდგომაზე ვიგემებთ. სამაგიეროდ მის ყვავილობას კი ნამდვილად მოვესწარით! დემოკრატიის ნაყოფს მემრის ამ დროს, საარჩევნოდ ისევ გვპირდებიან და ვაგლახ, ყვავილობაზევე ეტყობა, რა ხენეშიც იქნება ეს ნაყოფი!

მაშ როგორია ქართული დემოკრატიის დღევანდელი ყვავილობა? რასაკვირველია, თვალისმომჭრელად ორფეროვანი: აგერ „ოცნება“ - „ფშუტად“ ყვავილობს და კარგად ფესვგადგმული ნაცობის, ამ მეწამული ღვარძლის ფონზე, ლურჯადაც გადაპენტილა; ნაცური ეკალისა და ქოცური ფშუტის თანა-აბიბინება ანუ უცხოურად - კოაბიტაცია გარეთ მტერს უბრმავებს თვალს, შიგნით - მოყვარეს! სწორედ ესაა ჩვენებური დემოკრატიის ამ შემოდგომას ყვავილობის არცთუ მოკრძალებული ხიბლი!

...ქოცთა ფშუტაობასა, ე.ი. ჩვენებურ ფშუტ-მეიკერ ფშუტ-მახერობაზე უწინაც ბევრი დავწერე; დღევანდელ მკითხველს ფშუტი მართლაც მთის ყვავილი რომ არ ეგონოს და გამგებმა ეგებ გაიგოს, უნდა ერთხელ კიდევ ვრცლად გავიმეორო:

„ფშუტი“ ქართულ–ხალხური სიბრძნისაგან მომდინარე სახელია. მისი ეტიმოლოგია ერთ იგავ–ზღაპართანაა დაკავშირებული, რომელსაც თავისუფალი ინტერპრეტაციით, ე.ი. როგორც გამახსენდა, ახლა მოკლედ გიამბობთ.

ფშუტმახერის ამბავი

ერთმა წინდახედულმა გლეხმა, რომელსაც პროფესიული განათლების სიკეთე კარგად ესმოდა, ვაჟი გააგზავნა ქალაქად მჭედელის ხელობის დასასწავლად. გვარიანი ხარჯიც გაწია და სულმოუთქმელად ელოდა, როდის დაუბრუნდებოდა განსწავლული „მამის იმედი“, გახსნიდა ახალ სამჭედლოს და ტექნოლოგიური წინსვლა გლეხის ოჯახსაც სულს მოათქმევინებდა.

გამოხდა ხანი და ვაჟიც დიდი ამბით დაბრუნდა. გლეხმა წინასწარ დაიჭირა თადარიგი. წვრილად გამოკითხა სწორედ იმ გამოცდილ ქალაქელ მჭედელს, ვისაც ვაჟი სასწავლებლად მიაბარა და მისი რჩევით მოაწყო სამჭედლო – ქურა, საბერველი, გრდემლი, ურო თუ სხვა საჭირო ხელსაწყო–იარაღები, ასევე სამუშაო ნედლეულად ბლომად ლითონიც შეუძინა ვაჟს. ჰოდა, დაჰკრა საათმაც და დადგა ის ჟამიც, რომ ვაჟს, თავისი პროფესიული, როგორც დღეს ვამბობთ – „უნარ–ჩვევების“ დემონსტრირება მოეხდინა და მოხუცი მამის გული გაეხარებინა.

ვაგლახ! ფუჭი აღმოჩნდა მამის იმედი და წყალში გადაყრილი გაწეული ხარჯი, რადგანაც ახალგახსნილ სამჭედლოში პროფესიულ უნარებში „ტესტირება“ ასე სავალალოდ წარიმართა:

– აბა, შვილო, სახნისს ხომ გამოჭედავო? –იმედინად ჰკითხა ვაჟს მამამ.

– განა საკითხავიაო, ისეთი სახნისი გამოვჭედო, რომ სახნისის უნახავს გაგხდიო – თამამად მიუგო ვაჟმაც და საქმეს შეუდგა. ქურაში გაადნო ლითონი (სულ მოხუც მამას კი აბერვინა საბერველი), მერე გამდნარ ლითონს გრდემლზეც დაუწყო ვითომ ჭედვა და წრთობა. ერთი შეხედვით მჭედელივით კი ირჯებოდა, მაგრამ ნაწრთობს გასაცივებლად ბოლოს წყალი რომ დაასხა, მის ნაცოდვილარს სახნისთან იოტისოდენა მსგავსებაც კი არ ეტყობოდა...

– ვაჰ, შვილო, ვერ გისწავლია სახნისის ჭედვაო – უსაყვედურა იმედგაცრუებულმა მამამ.

– ეგ არაფერი, არა უშავს, სამაგიეროდ საუკეთესო თოხს გამოვჭედავ, სახნისზე მეტი გასავალი ეხლა თოხსა აქვსო – დაამშვიდა მამა ვაჟმა და უკვე გვარიანად დაპატარავებულ ლითონის ნაჭერს თავიდან დაუწყო წვალება შედარებით მომცრო, მაგრამ მაინც სასარგებლო ფორმის მისაცემად, თუმცა იმასაც წყალი რომ დაასხა გასაცივებლად, მის ნაცოდვილარს არც თოხთან არა ჰქონდა არავითარი მსგავსება...

ასეთი უშედეგო საწარმოო ციკლი რამდენჯერმე გამეორდა – თოხის შემდგომად არც უფრო მომცრო ნაკეთობათა: ჯერ არც ნამგალის, მერე არც ნალისა და ბოლოს არც სადგისის გამოჭედვა არაფრით გამოუვიდა ვაჟს. ყოველ ჯერზე ლითონიცა და მამის იმედიც თვალსა და ხელს შუა ილეოდა, ამ მწვალებლობის შემხედვარე მამას გული მოუკვდა. სადგისის გამოჭედვის მცდელობაც რომ ჩაიფუშა, გაჯავრდა კიდეც, მაგრამ შვილმა დასამშვიდებლად კვლავაც მიუგო:

– არა უშავს, აი ნახე, როგორი ხელთუქმნელი ნემსი გამოვჭედოო, არ მინდოდა თქმა, მაგრამ გამოგიტყდები, მარტო ნემსის ჭედვაში გავიწაფე, მეტის სასწავლად დრო არ მეყოო – და ისევ თავიდან შეუდგა სახნისის გამოსაჭედად დაწყებულ და ნემსამდე დაყვანილ საქმეს. ეს ნემსიც ვითომ ჭედა, ჭედა და სულ ბოლოს წყალი რომ დაასხა გასაცივებლად, გახურებულმა და ნაწვალებმა რკინამ „ფშუტ–ო“ ერთი კი ხმამაღლა დაიძახა, სულაც დაილია და გაქრა!

– აგერა მამი, შეხე, რა საოცარი „ფშუტი“ გავაკეთე, განა მსგავსი სადმე გინახავსო? ჩემი ხელობა მჭედლობა კი არა, „ფშუტის“ გაკეთება ყოფილა და ვისაც გინდა, ამ საქმეში გამაჯიბრეო! – მაინც არ გაიტეხა იხტიბარი უხეირო ვაჟმა ...

...აი, სწორედ ასე სამასხარაოდა და სამარცხვინოდ, „ფშუტაობად“ აღწერს პროფესიულ კრახს და დილეტანტურ თავხედობას ქართულ–ხალხური სიბრძნე.

სხვათა შორის, იმ უქნარათათვის, რომელთა ხელიდან ოდენ საქმის ჩაფუშვა და „ფშუტი“ თუ გამოდის, დალოცვილ ქართულ–ხალხურში ბევრი სათნადო სახელიც მოგვეპოვება, მაგ. „ფუქსავატი“... თუმცა, დღეს „ფუქსავატს“ „ფშუტმეიკერი“, უფრო კი „ფშუტმახერი“ ჯობს, რადგანაც „ჭეშმარიტად ქართულ“ თანამედროვე და საკმაოდ გასავლიან „პროფესიასა და მოწოდებას“ ასეთი ნეოლოგიზმი უკეთ გამოხატავს.

თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ, დიდი გერმანელი მეცნიერი, სოციოლოგიის მამა, მაქს ვებერი სახელგანთქმულ ნაშრომებსა წერდა განსაკუთრებით გამორჩეულ პროფესიულ უნარებზე. მის კალამს ეკუთვნის: „პოლიტიკა, როგორც პროფესია და მოწოდება“, ასევე: „მეცნიერება, როგორც პროფესია და მოწოდება“.

აი, ვებერი თანამედროვე ქართველი რომ ყოფილიყო, უთუოდ დაწერდა შთამაგონებელ ნაშრომს: „ფშუტმახერობა“, როგორც გამორჩეულად ქართული პროფესია და მოწოდება“. დაწერდა, რადგან არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ დროში მცონარათა თავხედი დილეტანტიზმი ისე მოდაში არ ყოფილა, როგორც ამჟამად ჩვენშია...“

ქოცების ხელიდან ნაყოფიერი საქმე არა და არ გამოდის, ფშუტი კი იცოცხლეთ, უხვად! რომელი ერთი გაგახსენოთ?! ყბადაღებული „სამართლიანობის აღდგენა“, რისი მაგალითიც ლამის ვაშლის გაფცქვნისათვის მსჯავრდებული ავაზაკია თუ ყოფილი მერის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებული ოინბაზობა? სამართლიანობის ამგვარი აღდგენასავით „წარმატებით“ შესრულდა სხვა საარჩევნო დანაპირებიც: კომუნალური გადასახადების გაიაფების, პენსიების მატების, დასაქმების, ეკონომიკური აღმავლობის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის, თუ რომელიც გნებავთ, სხვა საოცნებო ზღაპრის ახდენის შესახებ....

მწარედ მოტყუებულებმა თავი იმითღა უნდა ვინუგეშოთ, რომ კიდევაც კარგი, როგორც იტყვიან „ ოცნებას ჯერ კაცი არ მოუკლავს“, „ოცნებისაგან“ მხოლოდ ფშუტი აგვიყვავდა და იგივე ღვარძლი, რასაც ნაცობისგან ვართ ნაჩვევი, მისგან არ აღმოცენებულა;

თუმცა რა ბედენაა? ჩვენი დემოკრატიის ამჟამინდელი ყვავილობა ხომ მაინც ისევ ღვარძლნარევია? წითელი 5-იანის აჩრდილი ხომ მეწამულ ეკლად მოსდებია ფშუტიან არემარეს და „რუსთავი-2“-ის ეთერიდან ეს აჩრდილი მთელს საქართველოში დღედაღამ დაძრწის! ეთიმ გურჯისა არ იყოს: „სადაც ვარდი დამითესავს, იქ ეკალი ამოსულაო“ რომ ჩიოდა, ნაცური ღვარძლი და მისი სწორუპოვარი ხატება -რ-2 ჩვენც მოუშორებელ და უხვად აღმოცენებულ ჭირად გვექცა!

უნდა აღინიშნოს, რომ რ-2-ის გარშემო აგორებული მთელი ეს გნიასი და ყაყანი სწორედაც რომ სახეა ჩვენი დემოკრატიის ყვავილობისა! სიტყვის თავისუფლება რ-2-ის, ე.ი. ღვარძლიანი დეზინფორმაციული პროპაგანდის ამ მედია-მანქანისათვის იგივე შინაარსისაა, რაც დემოკრატია დემოსის გარეშე. დემოსის გარეშე დემოკრატიაში კი ფშუტიანი ქოცები სრულიად უძლურნი არიან რ-2-ის ზვავისებური ღვარძლის წინაშე!

რ-2, ე.ი „ERROR!“

„რუსთავი-2“ ოდენ ტელევიზია არ არის. იგი „ვარდების რევოლუციის“, შემდგომ სააკაშვილის კორპორაციული ტოტალიტარიზმის და დღეს ნაცური რევანშიზმის ოდენ პროპაგანდისტულ ტაბლოიდს არ წარმოადგენს. „რ-2“ ქართულ სინამდვილეში ფენომენალური სოციალური მოვლენაა.

მართლაც გასაოცარია, რომ ამ მოვლენას სახელად იგივე ჰქვია, რასაც ტერმინი „ERROR!“ გამოხატავს. ვისაც კომპიუტერთან საქმე ჰქონია, მან ალბათ იცის - როდესაც ეკრანზე ეს გამაფრთხილებელი წარწერა: (ქართულად: “პროგრამული შეცდომა!”) გამოდის, პროგრამა ან სულაც მთლიანად სისტემა „გაიჭედა“ და უნდა გადაიტვირთოს!

რ-2-ის ფენომენი კომპიუტერული „ERROR!“ -ისგან მაინც განსხვავებულია: იგი „გაჭედილი“, მკვდარი სოციალური სისტემის ჯოჯოხეთურ ყოფიერებას გამოხატავს. როცა კომპიუტერი „გაიჭედება“, ის გაჩერებულია, მისი მოქმედება შეწყვეტილია. სოციალური „ERROR!“-ის შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთ ფენომენთან, როცა თითქოსდა მკვდარი სისტემა ცხოველმოქმედებას მაინც განაგრძობს. ამას ხრწნის ბიოლოგიურ პროცესს თუ შევადარებთ. რ-2-ის ცხოველმოქმედება განსაკუთრებულად ინტენსიურია და მისი ჰიპერაქტიურობა ღირშესანიშნქვი. ერორი „გაჭედილი“ სისტემის ღვარძლიანი, შხამისმფრქვეველი ჰიპერაქტიურობაა. მაგრამ ეს მხოლოდ საქმის ერთი მხარეა. მეორეს მხრივ, „ერორი“ ფსევდო-დემოკრატიის ის სისტემური კოლაფსია, როცა დეზინფორმაციაც ინფორმაციად და შესაბამისად, დეზინფორმირების თავისუფლება „სიტყვის თავისუფლებად“ საღდება.

ერორს ორი საწყისი აქვს: მისი მამა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიაა, ხოლო დედა-მშობელი, რომლის წიაღშიც ჩაისახა. მომწიფდა, იშვა და აღზევდა ერორი - პოსტ-საბჭოური სოციალური დესტრუქციაა. აქ ნიშანდობლივია, რომ ღვარძლიანი ნაცების, რომელთა ოპოზიციონერობისას მთავარი იარაღი ერორი, ე.ი. სისტემის „გაჭდვაა“, ხოლო ძალაუფლების მოპოვების შემდგომ კი ერორი ტ-ერორად გარდაისახება, ნამდვილი პოლიტიკური იდეოლოგია დესტრუქციონიზმი, ანუ „ერორიზმია“...

უნიადაგობა

...სახარებისეული იგავი ნაყოფის ნიადაგზე დამოკიდებულების შესახებ მკითხველს უთუოდ კარგად მოეხსენება. უნივერსალური ჭემარიტებაა: თუ ნიადაგია უვარგისი, რასაკვირველია, საუკეთესო თესლიც რომ დათესო და რაც არ უნდა მუშაკობა გასწიო, სასურველ მოსავალს მაინც ვერ მიიღებ....

ქართული დემოკრატიის ბედი ნიადაგის შესახებ ამ სახარებისეულ იგავს საკვირველად ემსგავსება: მერამდენედ ხდება, რომ დემოკრატიული არჩევნები ქართველ ხალხს კვლავაც პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებს და დემოკრატიის დაპირებული ნაყოფი - საზოგადოებრივი უსაფრთხოებაც და მით უმეტეს, კეთილდღეობაც ისევ ზღაპრული ოცნებასავით მიუწვდომელია!

იქნებ ეს სულაც იმის ბრალია, რომ ჩვენი დემოკრატია გამუდმებით დაუმუშავებელ, უვარგის ნიადაგზე და ზოგჯერ სულაც უნიადაგოდ ითესება, ეგებ სწორედ ამიტომაც არის მისი ნაყოფი ხენეში?!

დემოკრატიისას არჩევნები ოდენ თესვის პროცესს თუ შეედრება; ხოლო ნიადაგის ხვნის, მისი გაპოხიერებისა და მორწყვის, აგრეთვე მავნე სარეველების მოსპობის გარეშე რომ თესლი ნაყოფს არ გამოიღებს, განა საკვირველია?!

იქნებ ქართული დემოკრატიის მთავარი პრობლემა სწორედაც ცუდი ნიადაგი და სულაც უნიადაგობაა?

ხალხის მმართველობის მისაღებად საყოველთაო და თანასწორ არჩევნებს ხომ მხოლოდ მაშინ თუ ექნება აზრი, თუკი ეს დალოცვილი დემოკრატია საზოგადოებრივი თვითორგანიზებისა და თვითმმართველობისგან ისაზრდოებს და მხოლოდ ასეთი თუ იქნება დემოკრატიის ნაყოფიერი ნიადაგი! სადაც თვითორგანიზება და თვითმმართველობა არ არის, იქ დემოკრატიის ნიადაგი მწირი და უნაყოფოა! რასაკვირველია, ხალხის მმართველობა ფუჭ ოცნებადვე დარჩება, თუკი ამ ხალხის ყოველი ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფი საკუთარი ინტერესების შესაბამისად თვითორგანიზებას ვერ ახერხებს, თავი „თავადვე არ ეყუდვნის“ და საკუთარ საქმეებს თავადვე არ განაგებს!

განა ჩვენში არსებობს ასეთი ნაყოფიერი ნიადაგი?! ბევრი გინახავთ თვითორგანიზებისა და თვითმმართველობის პრინციპებზე შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც საკუთარი საქმე, გინდ საჯარო, გინდ კერძო, თავადვე წარმატებით გაუმართავს?! დიდი გამჭრიახობა არაა საჭირო, რომ სწორედ საპირისპირო დასკვნა გამოიტანოს მიუკერძოებელმა დამკვირვებელმა.

განა პირიქით არაა საქმე?! თუკი საერთოდ მოხერხდა და რაიმე ინტერესით, სულ ერთია, ეს ინტერესი კერძო იქნება თუ საჯარო, საზოგადოებრივი ჯგუფი შედგა, შეიკრიბა და თავისი საქმე წამოიწყო, იგი საქმის გასამართად იმთავითვე გავლენიანი და შემძლე გარეშე პატრონის ძიებაშია. თუ ბედმა გაუღიმა და იპოვა ასეთი პატრონი, ხომ კარგი და თუ ვერა, რაც უმრავლეს შემთხვევაში კიდეც ხდება, რადგან პატრონი ძალზე იშვიათია, ხოლო „კაი პატრონის“ მაძებარი კი უთვალავი, საქმეც ჩაიფუშება და არა გამოდის რა. ხოლო იქ, სადაც საქმისათვის პატრონია საძებარი და საკუთარ საქმეს მილიონში ერთი თუ ვინმე ეპატრონება, დემოკრატია, ცხადია, ვერ იხეირებს. ასეთი, ანუ „უპატრონოთა დემოკრატია“, სწორედაც რომ უმაქნისთა ცარიელი ყაყანი და გნიასია!

ისიც კარგად გვინახავს და ვიცით, რომ ამ ყაყანსა და გნიასში ბოლოს მაინც გამოჩნდება ხოლმე პატრონი თუ ბელადი; და მაშინ კი უნიადაო დემოკრატიაც ხენეშ ყვავილსა და ნაყოფს გამოიღებს: ფშუტსა ან ღვარძლს. ღვარძლსა ან ფშუტს. ესეც პატრონს და მის „მარიფათს“ გააჩნია.

დღევანდელ ე.წ. დემოკრატიას ორი პატრონი ჰყავს და ამიტომაც არის მისი ყვავილობა ფშუტისა და ღვარძლის კოაბიტაცია! ასეც იქნება, სანამ ვინმე არ მიხვდება და ნიადაგს არ მიხედავს! თუმცა ნიადაგის მოვლის აბა, რა იმედი უნდა გქონდეს, როცა ისევ საარჩევნო სისტემების, მაჟორიტარული თუ პროპორციული არჩევნების ავ-კარგიანობის შესახებ ყაყანი და გნიასია ახლა დემოკრატიაზე თურმე უმთავრესი საზრუნავი?!

სინამდვილეში არა საარჩევნო სისტემების, არამედ საერთოდაც არჩევნების არსზე ღირს მეტად დაფიქრება. გვაქვს კი უნიადაო დემოკრატიის ყვავილობის მომსწრეებს რაიმე არჩევანი? მკითხველმა თავად განსაჯოს:

არჩევნების შინაარსი

ჩვენი საზოგადოების დეინდუსტრიული დიფერენციაცია და ფრაგმენტაცია სააკაშვილის კორპორციულმა რეჟიმმა საბოლოოდ დაასრულა. ახლა სამ იერარქიულ კასტად ვართ დაყოფილები: პატრონები; კლიენტელა; კონსურმერიარტი, ანუ - უპატრონოები. ინდუსტრიული პლურალიზმი ფორმალურად არის შენარჩუნებული და სიმბოლურ-პირობითია: რეალურად ახლა ორ-პატრონიანი სისტემაა და არა ორ-პარტიული ან მით უმეტეს, არა მრავალ-პარტიული. ორ პატრონს შორის კონკურენცია უდავოდ არსებობს და ამ კონკურენციის საგანი, რასაკვირველია, იმ სახელმწიფო ძალაუფლების მოპოვებაა, რომელიც არა მხოლოდ დაუნაწილებელი, დაუბალანსებელი და შეუზღუდავია, არამედ პერსონალური და არა ინსტიტუციონალიზებული.

ინდუსტრიული ტიპის პარტიებს დე-ინდუსტრიული კლიენტელები ცვლიან; ესაა პატრონის გარშემო კორპორაციულად ორგანიზებული, იერარქიულ-ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც მხოლოდ პატრონს ემსახურება და რომელსაც პატრონი არჩენს. ძალაუფლება და რესურსები ამ დახურული ტიპის კლიენტელას შიგნით პირადი ერთგულების პრინციპით, იერარქიულ-ცენტრალიზებულად, საუკეთესო შემთხვევაში - „დემოკრატიული ცენტრალიზმით“ (ბოლშევიკური პარტიის ერთგვარი ცუდი ანალოგია) პერსონალურად ნაწილდება;

რასაკვირველია, არა მხოლოდ ე.წ. პოლიტიკური პარტიები, არამედ ე.წ. ბიზნესი და ე.წ. ასოები, სინამდვილეში სწორედ ასეთი კლიენტელებია.

კლიენტელური ფენის (უფრო სწორედ -კასტის) ნაწილია ასევე მედიაც, რომელსაც განსაკუთრებული სოციალური ფუნქცია აკისრია. აქ უკვე ისეთ საინტერესო ფენომენთან გვაქვს საქმე, როგორიც დე-ინდუსტრიული და პოსტ-ინდუსტიული წყობების და სისტემების უნიკალური სიმბიოზია. მედია, თავისი ტექნიკურ-ტექნოლოგიური თანამედროვე ინსტრუმენტებით საინფორმაციო ეპოქის სტანდარტებს მეტნაკლებად აკმაყოფიებს, თუმცა მისი სოციალური როლი კლიენტელას ფუნქციებს არ სცილდება. მედია, ისევე როგორც ბიზნეს-ორგანიზაციები ან ე.წ. პარტიები და აგრეთვე ასო-ები, რასაკვირველია, მხოლოდ პატრონს ემსახურება და მისგანვე საზრდოობს. მედიის ფუნქცია პატრონის ნებისამებრ ვირტუალური რეალობის, ანუ მოჩვენებათა შექმნა და თავსმოხვევაა კონსურმერიარტისათვის, რომელმაც მედიის მიერ შექმნილი ვირტუალური ალტერნატივების გარდა , სხვა არჩევანი არ უნდა დაინახოს.

ხაზგაგასმელია, რომ მედიის პოსტ-ინდუსტრიული როლი დე-ინდუსტრიულ პატრონ-კლიენტელურ წყობაში რეპრესიულია; მნიშვნელადია არა ფაქტი, რეალური მოვლენა, არამედ ის ინფორმაცია,უფრო სწორედ - დეზინფორმაცია, რომელსაც პატრონის ნების კარნახით ქმნის მედია და კონსურმერიარტში ტოტალურად ნერგავს; რეალური ფაქტი, ისევე როგორც კანტის „საგანი თავისთავად“ აბსოლუტურად მიუწვდომელი, მოუხელთებელი და ტრანსცენდენტულია კონსუმერისათვის; მას ის მოჩვენება ანაცვლებს, რასაც მედია ქმნის და მას სთავაზობს. ამიტომ, კონსუმერს საკუთარი ნება, გემოვნება, განწყობა და არჩევანიც არა აქვს - მათი ფორმირების წყარო პატრონის ნებაა, რომელიც მედიის მიერ არის გაშუალებული. პატრონის ნების ტრანსფერი და მის მიერ კონსუმერის ნების ტოტალური დათრგუნვა არის მედიის არსებითი სოციალური ფუნქცია და რასაკვირველია, ეს რეპრესიული ფუნქციაა. ამ ფუნქციის ეფექტიანი განხორციელებისათვის მას პატრნი კარგად ასაზრდოებს.

...კლიენტელაში მოხვედრა რჩეულთა ხვედრია და უდიდესი მასა (მოსახლეობის ცხრა მეათედი) პასიურ მომხმარებლებს, კონსუმერებს, ლუმპენიზებულ უპატრონოებს წარმოადგენენ. ამათ არა აქვთ არც საწარმოო საკუთრება, არც ბაზარზე გამოსატანი რაიმე საქონელი და პროლეტარიატისაგან განსხვავებით, არც გასაყიდი სამუშაო ძალა, რადგან შრომის ინდუსტრიული ბაზარი დახურულია, ასევე არც საფონდო და სასაქონლო თავისუფალი ბაზარი არ არსებობს. ამიტომ, ისინი თავიდან ბოლომდე, საკუთარი სურვილების, ინტერესებისა და ნებელობის ფორმირების დონემდეც კი, დამოკიდებულნი არიან პატრონ-კლიენტელურ ორ კორპორაციაზე; რასაკვირველია, მათთვის ყოველგვარი შანსი თვითორგანიზებისა და დამოუკიდებელი ნებით მოქმედებისა მოსპობილია.

ლუმპენიზებულ, საკუთრების და სამუშაოს გარეშე შთენილ უპატრონოთა ნამდვილი და ერთადერთი ინტერესი, რის დასაკმაყოფილებლადაც ისინი ყველაფერს იღონებენ, ისაა, რომ რომელიმე კლიენტელას მიეკედლონ და თუ გაუმართლათ, მისი ნაწილი გახდნენ. ამ საქმეში კი კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ ეს თითქმის შეუძლებელია; რიგითი კონსუმერი მაშინაც კი კმაყოფილია, თუკი ერთ-ერთი კლიენტელასგან მცირეოდენ დროებით შემოსავალს, თუნდაც ლუკმა პურს მიიღებს. რასაკვირველია, ამისათვის იგი ე.წ. არჩევნებში საკუთარ ხმას დიდი ენთუზიაზმითაც გაყიდის, რა თქმა უნდა, თუკი მყიდველი გამოუჩნდება. მისთვის ესეც კი სანატრელია!

მაშ რა შინაარსი აქვს ამ პირობებში ე.წ. საყოველთაო არჩევნებს?! ორიდან ერთ-ერთის, უფრო მისაღები პატრონის „არჩევა“ მხოლოდ ხაზს უსვამს არჩევნების ჭეშმარიტ ფუნქციას:

 არჩევნებს ერთადერთი, მხოლოდ და მხოლოდ ლიტურგიული შინაარსი აქვს: ესაა ერთგვარი „დემოკრატიული წმინდა რიტუალი“ რითაც ჩვენი საზოგადოების კასტური დიფერენციაციისა და ფრაგმენტაციის, მათი სოციალური როლების და ფუნქციების ლეგიტიმაცია ხდება.

ყველა კმაყოფილია და არც არაფერი შეიცვლება, რადგან ჯერჯერობით მაინც სხვა არჩევანი არ არსებობს!

...და ბოლოს: რადგან აღარც ვიცი, ჩვენებური დემოკრატიის ეს უთავბოლო „სამდურავი“ რითი დავასრულო, ვიფიქრე, რომ უნიადაგო დემოკრატიის ყვავილობას ყვავის დაყრანტალება მოუხდებოდა:

ღვარძლნარევი ფშუტიანი დაყრანტალება დემოკრატიის ყვავილობაზედ

დემოკრატია ისევ

ხალხის გარეშე ყვავის!

ღვარძლნარევ ფშუტიანად

თავზე დასჩხავის ყვავი:

 „ორ პატრონს დარჩენია

 დემოკრატიის მდელო -

 ფშუტი და ღვარძლი მოჰყავთ

 მათ ჩვენდა სასახელოდ!