ქართველი ხელოვანები ყოველთვის შესანიშნავი იუმორის გრძნობით იყვნენ დაჯილდოებულები. ამ თვისების გამო სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილან.
დღევანდელ წერილში რამდენიმე სახალისო ისტორიას გავიხსენებ.
ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი წლების განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდა. ქვემოთ მოყვანილი ამბავი ამ ქვეყანაში შეემთხვა.
„როგორც იცით, გერმანიის თეატრში ვმოღვაწეობ. როგორც ყველა ჭკვიანმა გურულმა, მეც ჭკუა ვიხმარე და ჯერ მარტო წავედი გერმანიაში, გარკვეული დროის შემდეგ კი, ცოლ-შვილიც ჩავიყვანე.
აიკლეს ბავშვებმა ნახევარი გერმანია. ჩემთვის მუშაობაში ხელი რომ არ შეეშალათ, უნიკალური მეთოდი შევიმუშავე: გადავიღე პირზე საჩვენებელთითმიდებული სურათი. ქვეშ მივაწერე – „ჩუმად, ვმუშაობ!“ გავადიდე და გავაკარი ჩემი ოთახის კარზე.
რად გინდა, მერე! – ამ მეთოდზე იმდენი იცინეს, კინაღამ ნაწლავები გადაეხლართათ.
ახლა სხვა ხერხს მივმართე. დავუდე ქართულ-გერმანული ლექსიკონი – დროა, გერმანული ისწავლოთ-მეთქი. კი არ დაინტერესდნენ?! განსაკუთრებით უფროსი: „იჰ ბინ გურული“ – იმეორებს ყოველ წუთს (ენაცვალოს მამა!). ძალიან მოინდომა და ერთ კვირაში იმდენი იმეცადინა გერმანულად, რომ... ქართული კინაღამ დაავიწყდა.
გერმანია უცნაური ქვეყანაა. თუ მარჯვედ არ ხარ, სულ თავისუფლად შეიძლება, გაგერმანცდე. ა, ბატონო, აგერ მოგახსენებთ:
ძალიან მიყვარს დილით ადრე ველოსიპედით სეირნობა-ტრენინგი.
ან კი რაა უკეთესი. ადრე, ქუჩებში რომ არავინაა, მე მივქრივარ ჩემი ველოსიპედით და თავი თბილისში წარმომიდგენია.
ცოლ-შვილს რომ ტკბილად ეძინათ, მოვახტი ჩემს ველოსიპედს და შევუტიე გერმანულ შტრასეებს.
პირველ-მეორე და მესამე შტრასეს მშვიდობიანად გავცდი. ახლა მეოთხეც და მერე ვრცელი მინდვრები იწყება, სადაც მოტორიანი ავტოტრანსპორტი არ მოძრაობს. მარცხი ერწამასაა. ქუჩიდან მეორე მხარეზე რომ უნდა გადავიდე, როგორც ჭეშმარიტმა ქართველმა, მოძრაობის წესი „წავარღვიესავით“. პირდაპირ (მისი გზა იყო) წესიერად მომავალმა „ფოლკსვაგენის“ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, კი დაამუხრუჭა, მაგრამ ჩემი ველოსიპედის უკანა ბორბალს წაჰკრა წინა „კრილოს“ ბოლო.
მე „რული” ამიკანკალდა და რბილად ამოვტრიალდი. ის უბედური სულ დაიბნა და მიაჭყლიტა „პერედოკი“ ხეს.
გამაცია და გამაცხელა. არ გინდა, ახლა ამის გაკეთება? წაქცეული ვარ და ხმას არ ვიღებ (როგორც კინოფილმ „ჩიორაშია“).
მომვარდა დაფეთებული ფრიცი – ჰანსი რქმევია – წამომაყენა.
„ახლა მომკლავს!“ – გამიელვა გონებაში. მაგრამ არა... თან, მე მიყურებს, თან თავის მიჭყლეტილ მანქანას.
სხვა გზა არაა, წავედი გარიგებაზე:
– რა დაჯდება მაგ მანქანის გაკეთება? – ვეუბნები რუსულად (ახლაც არ ვიცი, რატომ რუსულად?)
– დენგი დამ... რუსო-ტურისტო! მარკა... მარკა... მანიშნებს ხუთ თითს და ცერისა და საჩვენებელი თითით გაკეთებულ ნულს – ხუთასი მარკაო.
გამაცია და გამაცხელა მეორედ. სადაა ახლა ამდენი მარკა?
– ადრეს, ადრეს! – ამოიღო ბლოკნოტი.
„რას იზამ?“ – ჩავაწერინე ჩემი მისამართი.
– დანკე შოონ! დანკე! – მომიტყაპუნა მხარზე ხელი და რომ დარწმუნდა, ყველაფერი რიგზე იყო, დაქოქა თავისი მიჭყლეტილი „ფოლკსვაგენი“ და წავიდა.
ერთი კვირა არ მიძინია...
მე თუ დამიჭირეს, ცოლ-შვილს რა ეშველება?
მეშვიდე დღეს დილაადრიან კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა.
კართან სპეცფორმიანი ბიჭი დგას. ხელში ქვითრისმაგვარი ფურცელი უჭირავს.
– ჩქიქვიშვილი?
– და... და... (ვსიო, დამერხა!)
– აგერ ხელი მომიწერეო.
ნუ, ჩავარდნილი ვარ! – აქანა ოზურგეთი კი არაა, ბიძია, დისციპლინაა და კანონს უნდა დაემორჩილო.
მოვუწერე ხელი ქვითარზე და... ქვემოთ ჩამოდი, ეზოშიო, – მეუბნება. ვფიქრობ ჩემთვის, – „ხელი მოვუწერე, მე ხელგასახმობმა, რა მეჩქარებოდა? ახლა, ალბათ, ჰანსმა თავისი ძმაკაცი კურტები და ოტოები მომიყვანა და ერთი მაგრამ მიმჟეჟავენ“, – ვიფიქრე, მაგრამ გურული და შიში? ჩემი „იჰ ბინ გურულები“ არ გავაღვიძე (მარტოც ვეყოფი მაი ნემეც ყაზილარებს).
ჩავედი ეზოში და...
– აი, ჩაიბარე აგი ველოსიპედი. ჰანსმა გამოგიგზავნაო, – მომაჩეჩა ხელში „ცელოფნიანი“ უმაღლესი მარკის ცინცხალი ველოსიპედი.
ჰანსი უძახე შენ და მე ჩემი გადამხდა.
გერმანია უძახე შენ და...
ფრიცი უძახე შენ და...
ეჰ, რა კარგია შეგნებული ხალხი, ჩემო ქართველებო!“
რეზო ჩხიკვიშვილის გერმანული მოგონების შემდეგ ნება მომეცით ბატონ ბიძინა კვერნაძის თავს გადამხდარი ერთი ამბავი მოგიყვეთ. ცნობილია რომ ქართველი კომპოზიტორი იუმორის განსაკუთრებული გრძნობით გამოირჩეოდა.
მოსკოვში კომპოზიტორთა საკავშირო ყრილობაზე ერთმანეთს შეხვდნენ რუსი და ქართველი დელეგატები: შოსტაკოვიჩი, კაბალევსკი, ხაჩატურიანი, ხრენნიკოვი, ნასიძე, კვერნაძე და სოხუმიდან მოსკოვში საცხოვრებლად გადასული კომპოზიტორი – კულა ნარიმანიძე.
ცოცხალ კლასიკოსებს შორის მოხვედრილი კულა გატრუნულა. ბიძინა კვერნაძეს უთქვამს: რა გინდოდა, კულა, მოსკოვში, დატეულიყავი აფხაზეთში და იქ ა-კულა მაინც იქნებოდიო.