მილიციონერი „კლოსის“ გმირობა

მილიციონერი „კლოსის“ გმირობა

დღევანდელი საკვირაო მოგონებების მთავარი გმირები კვლავ ადგილობრივი სამართალდამცველები არიან. წინა ისტორიებისაგან განსხვავებით ამჯერად რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველოში დაფიქსირებულ „ხმაურიან“ ამბებს გავიხსენებთ.

თავდაპირველად სიტყვას პოლკოვნიკ ვარლამ ჯელაძეს გადავცემთ.

„საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში მორიგ ჩხრეკას ვატარებდით ერთი სპეკულანტის სახლში. ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა, რომ დიდძალი ოქრო და ძვირფასეულობა ჰქონდა გადამალული და სწორედ მის მოსაძებნად ვიყავით მისულები.

ძებნა-ჩხრეკას ყველა წესის დაცვით ვაწარმოებით, ამიტომ მოწმეებად ამ კაცის მეზობლები მივიწვიეთ. სამსაათიანი წვალების შემდეგ ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა ქალის ქვედა საცვალი გამოიტანა, რომელიც გადამყიდველის მეუღლეს ეკუთვნოდა. მასში ორი ცალი ბრილიანტი და რამდენიმე ოქროს ბეჭედი იყო გახვეული. ამ დროს ის ქალი სახლში არ იმყოფებოდა.

გადამყიდველს ნაპოვნი ნივთები ვუჩვენეთ და დანარჩენი ძვირფასეულობის გამოჩენა მოვთხოვეთ. მან მხრები აიჩეჩა, მის სახლში ძვირფასეულობის არსებობაზეც უარი განაცხადა და არც ის უღიარებია, რომ ნაპოვნი საცვალი მის ცოლს ეკუთვნოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბინაში შემოვიყვანეთ ჩვენი მეგობარი ძაღლი – გერმანული ნაგაზი, მეტსახელად „კლოსი,“ რომელსაც მანქანაში ეძინა და მანამდე ჩხრეკაში არ მონაწილეობდა. კლოსმა ქალის საცვალი დაყნოსა. შემდეგ ზანტად შეტრიალდა და იქითკენ გაემართა, სადაც ეჭვმიტანილის მეზობლები იდგნენ. კლოსმა სათითაოდ ჩამოუარა მათ და აყეფდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქალის ტრუსის სუნმა მიიყვანა იქ... ამ სურათის შემხედვარე ეჭვმიტანილი ჯერ მიტკალივით გაფითრდა, მერე ადგილიდან მოწყდა, მეზობელს ეტაკა, ძირს დასცა, ცემა დაუწყო და თან უყვიროდა:

– შე ვერაგო, მოღალატე და გამყიდველო!

კლოსის ყნოსვამ სამ საიდუმლოს ახადა ფარდა: პირველი საიდუმლო ის იყო, რომ გადამყიდველის ცოლი და ჩხრეკის მოწმედ მოწვეული მეზობელი საყვარლები აღმოჩნდნენ და ქალის ტრუსის სუნმა იმიტომ მიიყვანა კლოსი ვერაგ მეზობელთან. მეორე ის იყო, რომ ქალი სინამდვილეში სწორედ იმ მეზობელთან იყო დამალული და არსად წასულა. მესამე საიდუმლო კი ის იყო, რომ გადამყიდველს მთელი ქონება სწორედ იმ ვერაგ მეზობელთან ჰქონდა გადამალული, ტრუსში გახვეული რამდენიმე ნივთი კი სიჩქარეში იატაკის ფართო ჭრილში ჩავარდნია, რაც შემდგომში კლოსმა ამ საიდუმლოებათა ჯაჭვის სათავედ გამოიყენა“.

ბატონი ვარლამი კიდევ ერთ „შემთხვევას“ გაიხსენებს.

„ახალგაზრდობაში პლეხანოვზე ინსპექტორად ვმუშაობდი. ჩემი მონაკვეთი მქონდა და სხვადასხვა წვრილმანი კონფლიქტის მოგვარება მევალებოდა. ყველაზე ხშირად გევურქოვებთან მიწევდა სტუმრობა. სირანა და ბენო უშვილოები იყვნენ. ხშირად ჩხუბობდნენ ფულის გამო, რადგან მეწაღე ბენო ყოველ საღამოს გროშებით, თანაც გალეშილი ბრუნდებოდა.

ერთ მშვენიერ დღეს, გევურქოვების ეზოსთან რომ გავიარე, ხმები მომესმა. ეზოში შევედი და რას ვხედავ, მთელი ეზოს წინ სირანას ბენო წიხლქვეშ გაუგდია და ურტყამს. მე რომ დამინახა, პაუზა გააკეთა, ბენომ კი ამით ისარგებლა და ხელიდან გაუსხლტა ცოლს. კიბისკენ გაიქცა და მიაძახა: მე შენ გიჩვენებ სეირს. თავს მოვიკლავ და დაგიჭერენო.

ერთი სიტყვით, ბენო სახლში შევარდა, კარი ჩარაზა და მიყუჩდა. ჩვენ ზევით ავედით, მაგრამ ბინაში შესვლა ვერ შევძელით. ამ დროს ხეზე მყოფმა ბავშვმა, რომელიც გევურქოვების ბინაში იჭყიტებოდა, დამიყვირა: ძია ვარლამ, ბენომ ჭაღს თოკი ჩამოაბა და თავს იხრჩობსო. მე კარისკენ გავვარდი, შევანგრიე და დავინახე, როგორ დაენარცხა იატაკზე ყულფში თავგაყრილი ცოცხალი ბენო, რადგან ჭერი ჩამოინგრა და ჭაღიც ჩამოვარდა. ჭაღთან ერთად მომცრო ყუთიც დაენარცხა იატაკს, საიდანაც რამდენიმე ოქროს მონეტა გამოგორდა... სირანამ ყუთს ხალათი გადააფარა და ყველანი გარეთ გამოგვისტუმრა. კარი ცხვირწინ მოგვიხურა და მას მერე ცოლ-ქმარს აღარასოდეს უჩხუბია, მდიდრულად ცხოვრობდნენ. მეზობლების თქმით, განძით სავსე ყუთი ბენოს ბაბუას დაუმალავს, რომელიც ვაჭარი ყოფილა“.

დღევანდელ „ისტორიებს“ მაიორი თემურ ჯაში დაასრულებს.

„ჩემი თაობის მილიციელებს კარგად ემახსოვრებათ ცნობილი „დომუშნიკი“ გურამ ბაქრაძე, მეტსახელად „კოშკა“. გასული საუკუნის სამოციან წლებში ის რისხვად მოევლინა თბილისს. ბინას ბინაზე ქურდავდა, თან სწრაფად და ეფექტურად მუშაობდა: შეძვრებოდა ხოლმე ცარიელ ბინაში აივნიდან ან ფანჯრიდან, გაასუფთავებდა იქაურობას, შემდეგ კი კარს გააღებდა, გამოვიდოდა და უკვალოდ ქრებოდა. მთელი მილიცია ფეხზე ვიდექით, მაგრამ ვერ ვიხელთებდით.

ერთ მშვენიერ დღეს, გმირთა მოედანზე მდებარე თერთმეტსართულიანი სახლიდან დაგვირეკა ერთ-ერთმა მობინადრემ და გვითხრა, რომ მის ბინაში ქურდი იმყოფებოდა. გამოძახების ადგილზე სწრაფად მივედით. ბინის პატრონი სადარბაზოში აკანკალებული დაგვხვდა და მითხრა:

– უფროსო, რძეზე ვიყავი გასული, ათიოდე წუთში უკან დავბრუნდი და, რომ შევედი, ვიღაც უცნობ მამაკაცს მოვკარი თვალი, რომელიც ოთახებში ბუჯარაობდა. მან ვერ დამინახა და მე უკან გამოვედი. კივილი კი იმიტომ არ ავტეხე, რომ ბინაში მძინარე ჩვილი წევს, ჩემი შვილიშვილი და ბავშვს შეეშინდებოდა, – დაასრულა ბებომ, რომელიც თან გავიყოლეთ და ბინის კარი გავაღებინეთ. ის გარეთ დავტოვეთ, ჩვენ კი ბინაში შევედით.

შევედი თუ არა, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: ქურდს ატირებული ჩვილი ხელში ეჭირა და „იავნანას” უმღეროდა, რომ დაეძინებინა და, ისე იყო გართული თავისი საქმით, ვერც კი შეგვამჩნია. ჩემს კოლეგებს ვანიშნე, რომ ადგილიდან არ დაძრულიყვნენ. ქურდმა ბავშვი დააძინა, საწოლში ჩააწვინა და დააკვირდა, ხომ ღრმად ჩაეძინაო. ამასობაში მე მივუახლოვდი. ზურგზე ხელი დავადე და, რომ შემობრუნდა, ჩუმად ვუთხარი:

– აბა, კოშკა-ჯან, გაემზადე, „კაპეზეში“ მოგიწევს ამაღამ ძილი-მეთქი.

კოშკას ჩაეცინა. ტუჩებზე თითი მიიდო და მითხრა:

– ჩუმად, უფროსო, ბავშვი არ გააღვიძო, ძლივს დავაძინეო.

სიმართლე გითხრათ, კოშკა შემეცოდა, მაგრამ, ხომ არ გავუშვებდი და მილიციაში წავიყვენე, თუმცა, ხელბორკილების გარეშე“.