აზერბაიჯანული მედია საქართველოში კომპანია „გაზპრომით" „სოკარის“ ჩანაცვლებაზე და კომპანიებს შორის შესაძლო „ომზე“ ალაპარაკდა.
„ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადება ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „გაზპრომი“ და „სოკარი“ ქართული ბაზრისთვის ახალ ბრძოლას იწყებენ. უნდა აღინიშნოს, რომ „სოკარს“ ბუნებრივი აირის ქართული ბაზრის 90% უკავია. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში გადაწყვიტეს, აზერბაიჯანის გაზის მონოპოლიას ბოლო მოუღონ“, - წერს გამოცემა „ჰაქინ.აზი“. ამ თემზე საუბარი აზერბაიჯანულმა მხარემ მას შემდეგ დაიწყო, რაც ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ცუდი არ იქნება, თუ ქართული მხარე რუსეთიდან გაზის მეტ რესურსს მიიღებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი საქართველოთვის გაზის მთავარი მომწოდებელია და გაზის საფასური საქართველოსთვის გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე რუსული გაზის საფასური სომხეთისთვის. სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ „გაზპრომის“ 1%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართული მხარის „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების დაწყებაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს სრულად გამორიცხავს და მოლაპარაკების დეტალების გახმაურებას ენერგეტიკის სამინისტროს უთმობს.
„რაც შეეხება ჩემს მიმართულებას, ქვეყნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ისევე როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლება ამ პროცესში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში სახიფათოს ვერაფერს ხედავს.
„თუ გაზის მოწოდება გაიზრდება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. კარგი იქნება, დამოკიდებული ვიყოთ არა ერთ, არამედ რამდენიმე მომწოდებელზე“, - აცხადებს პარლამენტარი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიმდინარე პროცესებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და მიაჩნია, რომ საუბარი ყველასთან საჭიროა, რათა მოხდეს მეორე მხარის ინტერესების და შეთავაზებების გაგება და მხოლოდ შემდეგ მოხდეს შედეგებით მსჯელობა.
„ვერ ვხედავ საკმარის საფუძველს იმისთვის, ვივარაუდო, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ აზერბიჯანთან გვაკავშირებს გრძელვადიანი ხელშეკრულებები. პირობები იდეალურთან ძალიან მიახლოებულია. ასე რომ, ჩვენ გაზს ისეთ ფასში ვყიდულობთ, რომ არსად ასეთი ფასი არ არებობს. ვნახოთ, „გაზპრომი“ რას გვთავაზობს, რა ინტერესი აქვს მას ეკონომიკური თუ პოლიტიკური . ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით და არა პროცესით. გასაგებია, რომ პროცესი მარტო ეკონომიკური არ არის და პოლიტიკური ფაქტორები არის, მაგრამ უარის თქმა ლაპარაკზე არასდროს არ შეიძლება, უნდა ველაპარაკოთ ყველას, მათ შორის მტრებსაც“, - აცხადებს ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში.
ექსპერტის აზრით, იმ შემთხვევაში თუ „სოკარის“ „გაზპრომით“ სრული ჩანაცვლება მოხდება, ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც ქვეყანა, ენერგომატარებლის ფუნქციას ვკარგავთ და ვერანაირი ეკონომიკური სარგებელი ამ ფაქტს ვერ დააკომპენსირებს.
„სრულად ჩანაცვლება ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენი, როგორც ქვეყნის, ერთადერთ ფუნქციას დასავლეთის თვალში წარმოადგენს ის, რომ რუსეთის გვერდის ავლით, ჩვენ ვართ ენერგომატარებლების მნიშვნელოვანი გამტარი. თუ ეს ფუნქცია არ გვექნა, ვერანაირი ეკონომიკური სარგბელი ამას ვერ დააკომპენსირებს და სამყარო დაკარგავს ინტერესს ჩვენს მიმართ. ასეთი ფასის გადახდისთვის საქართველოში არცერთი ხელისუფლება არ იქნება მზად“,- აღნიშნავს ექსპერტი და აცხადებს, რომ ამის საფრთხე არ არსებობს, რადგან მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას ესმის.
ექსპერტს ეკონოიკის საკითხებში დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ ეს პროცესი ენერგეტიკასთან ასოცირებული გარკვეული დაინტერესებული ჯგუფების უფრო დიდი ინტერესია, ვიდრე რაღაც პოლიტიკა.
„ჯერ ერთ, საქართველოს ღია ბაზარზე ძალიან ცოტა ბუნებრივი აირი აქვს შესაძენი, იმიტომ, რომ სხვა დანარჩენს ტრანზიტით ღებულობს, პლუს ამას შეღავათი გააჩნია. რჩება დანარჩენი ნაწილი, რომელსაც აზერბაიჯანიდან ვიღებთ. რა საჭიროა მოწოდების დივერსიფიკაცია, როცა აზერბაიჯანი გვერდითაა და ფაქტიურად, მასთან ურთიერთობის პრობლემები არ არის?“, - აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ თვითონ რუსეთიც თავს არ იკლავს „გაზპრომის“ საქართველოში შემოყვანით.
„რუსეთს ისედაც საკმარისად გააჩნია ობიექტები, რომლებიც მათ პოლიტიკურ ბერკეტებს არ აძლევთ, მაგრამ ადგილები დაკავებული აქვთ. ასე რომ, არ მგონია აქ პოლიტიკაზე საუბარი იყოს, აქ საუბარია ჩვეულებრივ ქართულ ინტერესებზე“,-განუცხდა ექსპერტმა For.ge-ს.
გიორხელიძე თვლის, რომ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის 1%-იანი წილი „გაზპრომში“ ბევრს არაფერს ცვლის, რადგან საქართველოს დიდი მოცულობის შესყიდვები სულაც არ სჭირდება.
„მიუხედავად დღეს არსებული პრობლემებისა, „გაზპრომი“ მაინც რჩება ძალიან მსხვილ კომპანიად. ამიტომ საქართველოსმაგვარი ქვეყანა, მით უმეტეს იმ მოცულობის შესყიდვებით, რომელიც საქართველოს სჭირდება, ამ მკვდარ ეკონომიკაში დიდი არ არის. ამიტომ, ის გინდ ყოფილა, გინდ არა, ამიტომ ივანიშვილის 1%-იანი წილი „გაზპრომში“ ბევრს არაფერს ნიშნავს. აქ საუბარია ბაზრის გადათამაშებზე და იმ ქართული ჯგუფის ინტერესებზე, რომელთაც ჰყავთ სერიოზული მხარდამჭერები თვითონ ქვეყნის შიგნით“,-აცხადებს გიორხელიძე.