თბილისში საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა

თბილისში საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა. აღნიშნული ინიციატივით მთავრობის მეთაურმა თბილისის მერს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მზის პანელების დამონტაჟება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ენერგოეფექტურობის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პროცესში.

For.ge ორი წლის წინაც წერდა, რომ ჰელიოსისტემების დამონტაჟებით ჩვენს მოსახლეობას გადასახადები 30%-ით შეუმცირდებოდა. იმ პერიოდში აღნიშნული საპილოტე პროექტი განხორციელდა თემქაზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც იგეგმებოდა.

ზოგადად, მზის პანელების დამონტაჟება ხელსაყრელია იქ, სადაც ელექტრომომარაგება მიუწვდომელია. გარდა ამისა, ელექტროენერგიის ალტერნატიულ წყაროს - ე.წ. მზის ბატარეებს ენეგოდამოუკიდებლობის მიღწევის მიზნითაც იყენებენ. თუმცა, როგორც ამბობენ, მზის ბატარეებს ორი ნაკლი აქვს- ღამით და ღრუბლიან ამინდში არ მუშაობს, თანაც ძალიან ძვირია.

გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს. პირველ პრობლემას გადაჭრის დღისით გამომუშავებული ენერგიის აკუმულატორში დაგროვება და ღამით მისი გამოყენება. რაც შეეხება მეორე პრობლემას, მზის ბატარეების სიძვირეს, მართალია, 12-ვოლტიანი და 100-ვატიანი მზის პანელი 200 დოლარამდე ღირს, მაგრამ, თუ მხოლოდ მზის ელემენტებს ვიყიდით, ერთი კომპლექტი გაცილებით იაფი დაჯდება.

პრობლემაა ისიც, რომ მზის ენერგიის მოპოვებას შეიძლება რამდენიმე ათეული კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დასჭირდეს, მაგრამ საქართველოს მთიან რეგიონებში მზის ენერგია მოხერხებული იქნება. ვინაიდან მთაში დასახლებული პუნქტები ცოტაა და მოსახლეობის რაოდენობაც არც ისე დიდია, შეიძლება, როგორც ქარის, ასევე, მზის ენერგიის გამოყენება.

რამდენად მნიშვნელოვანია დედაქალში მზის პანელების დამონტაჟება?

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წევრი, ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ავთანდილ გელაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრემიერის ინიციატივა მზის პანელის დამონტაჟებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია, ხოლო პრიორიტეტები ამ თემის ირგვლივ სახელმწიფო დონეზე ნულია. პირიქით, არსებობს უამრავი ხელის შემშლელი გარემოება. არანაირი ნორმატიული ბაზა არ არის ამ პროექტის განსახორციელებლად და არქიტექტურის სამსახურისგან რომ მიიღოთ თანხმობა მზის პანელის დასამონტაჟებლად, ეს ნერვებთან, დროსთან არის დაკავშირებული და შედეგიც არ არის გარანტირებული.

„წინასწარ ვიცოდით, რა სიტუაციაც იქნებოდა თბილისში, ამიტომ დედაქალაქში მზის პანელის მონტაჟის მცდელობაც არ გვქონია. თუმცა სოფლებში, სადაც ხელის შემშლელი გარემოებები არ იყო, საკმაოდ წარმატებულად განვახორციელეთ ეს პროექტი. მარტო ჩვენ 200-ზე მეტი პანელი გვაქვს დამონტაჟებული სოფლებში. კომპაქტურად, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში ასზე მეტი პანელი დავამონტაჟეთ, ასევე, საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში 40-ზე მეტია დამონტაჟებული. ცხელი წყლის შემთხვევაში, მინიმუმ, 15%-იანი ეკონომია გარანტირებულია. გათბობის შემთხვევაში კი, შეიძლება, 20-დან 25%-მდე ავიდეს ეკონომია. თუმცა ამ ეტაპზე არა მგონია, რომ პირდაპირ სახლის გათბობის სისტემას უნდა „ვეცეთ“. თავდაპირველად აბაზანისა და სამზარეულოს ცხელი წყლით მომარაგებაც საკმარისია და ეს დიდი შეღავათი იქნება, როგორც ცალკეული ოჯახის ბიუჯეტისთვის, ასევე, ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ავთანდილ გელაძემ.

მანვე გააქარწყლა მოსაზრება, თითქოსდა, მზის პანელი ღამით და ღრუბლიან ამინდში არ მუშაობს. ექსპერტის თქმით, სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყოველი მეხუთე დღე შეიძლება იყოს ღრუბლიანი, ანუ 365 დღიდან 250-280 დღე მზიანია, გააჩნია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს. ასე რომ, ღრუბლიანობა ხელის შემშლელი ნამდვილად არ არის და მთელი წლის განმავლობაში ამ პანელიდან შეიძლება მივიღოთ ოჯახისთვის სრულიად საკმარისი ცხელი (და არა უბრალოდ თბილი) წყალი, თანაც, 80 გრადუსამდე.

რაც შეეხება მზის პანელის ფასებს, ავთანდილ გელაძის თქმით, ფასები განსხვავებულია. 4-5-სულიანი ოჯახის ცხელი წყლით მომარაგებისთვის სამყოფი დანადგარი 1000-1500 ლარის ფარგლებშია, პლუს ამას, საექსპლუატაციო ხარჯი მომავალი 10-15 წლის განმავლობაში ნული იქნება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუკი სახელმწიფო პოლიტიკა ამ საქმეში პროტექციონისტული გახდება, მოსახლეობას დიდი ხარჯის გაღება არ დასჭირდება. უბრალოდ, საჭიროა, სახელმწიფომ დაბალპროცენტიანი, 3-4%-იანი კრედიტი გასცეს და მოსახლეობა ამ განვადებას ძალზე მარტივად დაფარავს.

ამასთან, ავთანდილ გელაძე აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის დანადგარის წარმოება ჩინეთზე უკეთ საქართველოს გამოუვა და შეიძლება, ამ მხრივ ჩინელებს კონკურენციაც გავუწიოთ. თუმცა ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან ლობისტური შეღავათია საჭირო.

„2000 წლამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებული იყო შეღავათები მსგავსი პროდუქციის წარმოებაზე. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი ეს შეღავათები გააუქმეს და დღეს გათანაბრებულია სხვა ნებისმიერ წარმოებასთან. თუ პრემიერს ნამდვილად სურს, ამ წარმოებამ გაიხაროს და გაფართოვდეს, მაშინ აუცილებელია ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა და საგადასახადო შეღავათების დაწესება“.

„მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე რუსუდან სიდამონიძე ჩვენთნ საუბარში აცხადებს, რომ დღესდღეობით ისრაელში სახლი არ შენდება, თუ იქ წყლის გამაცხელებელი არ დგას. თბილისშიც მსგავსი პროექტის განხორციელება ძალიან კარგი იდეაა და ეს „მწვანეების“ მრავალწლიანი მოთხოვნა იყო.

„საქართველოს ამ მხრივ ძალიან დიდი რესურსი გააჩნია, საქართველოში დაახლოებით 300 დღე მზიანია. რეგიონებში, სადაც ეს კეთდება, აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით, ადამიანები წყლის გასაცხელებლად სხვა ტიპის ენერგიას არც იყენებენ“.

ჰელიოსისტემების დანერგვასთან დაკავშირებით For.ge-ს საკრებულოს წევრი კახა ბროკიშვილი ესაუბრა, რომელიც თავის დროზე ამ სისტემის დანერგვის ინიციატორი გახლდათ.

დღეს კახა ბროკიშვილი აცხადებს, რომ ეს სისტემა მუშაობს, გამართულია, ამიტომ ახალ ინოვაციებს ნუ გამოიგონებენ. მისი თქმით, დედაქალაქის ხელმძღვანელობას მზის სისტემის გამოყენების სურვილი რომ ჰქონოდა, ამას აქამდეც განახორციელებდა.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება შევთავაზეთ თბილისის ვიცე-მერს, დიმიტრი ქუმსიშვილს. იმ პერიოდში გრანტის სახით 50% მოდიოდა მუნიციპალიტეტისთვის, მაგრამ მათ უარი თქვეს. დედაქალაქში ყველა კორპუსზე მთლიანად რომ გაკეთდეს ეს სისტემა, დაახლოებით ერთი მილიარდი დაჯდება, მაგრამ ამის ნახევარს ჩვენი დონორი ორგანიზაციები გრანტის სახით ფარავენ, როგორც ენერგოეფექტურ პროექტს. მოსახლეობას თანამონაწილეობა მოუწევს და, ჩვენი ანგარიშით, ეს იქნება 10%-იანი თანამონაწილეობა, ანუ 200-დან 250 ლარამდე შეიძლება დაუჯდეთ მზის პანელის დამონტაჟება“, - აცხადებს კახა ბროკიშვილი და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინოვაციის დანერგვის შემდეგ ენერგომატარებლებზე გადასახადი 30-40%-ით შეუმცირდება დედაქალაქის მოსახლეობას. ზაფხულში, ფაქტობრივად, გაზს აღარ მოიხმარენ, ხოლო ზამთარში 25-30%-იანი შეღავათი ექნებათ გათბობაზე.

„ყოველთვის, როცა მზე არის, მზის ენერგიას გამოიყენებს მოსახლეობა. ზამთარში ეს ნაკლებად ეფექტურია, რადგან მზე ყოველდღიურად ნაკლებად არის და ამიტომ ცენტრალური ქვაბები ჩაერთვება საქმეში“.