„მსურს, რუსეთს ყველაფერი გამოუვიდეს!“ - ამ სიტყვებთან ერთად ბარაკ ობამამ რუსეთს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ რადიკალ ისლამისტებთან ბრძოლა აშშ-სა და რუსეთს შორის მეტოქეობას არ ნიშნავს.
რუსეთის მიმართ ბარაკ ობამას რევერანსს ერთი დღით ადრე უძღოდა თეთრი სახლის უკმაყოფილება რუსეთის ქმედებით, როცა თეთრმა სახლმა სირიაში რუსეთის იერიშებს „განურჩეველი“ და სირიის ოპოზიციის ჩამოყალიბების წინააღმდეგ მიმართული უწოდა. პარალელურად, ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტების წინააღმდეგ მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც აშშ მეთაურობს, თურქეთთან და მის პარტნიორებთან ერთად, მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს თავდასხმები სირიის ოპოზიციის რაზმებზე და ბრძოლა მიმართოს ექსტრემისტი ისლამისტების წინააღმდეგ.
თეთრი სახლის კატეგორიულობის ფონზე, რატომ შერბილდა ბარაკ ობამას განცხადება და რამდენად გახდება რუსეთი აშშ-ის ეფექტური მოთამაშე, რომელიც ამერიკასთან ერთად გაიყოფს რადიკალ ისლამისტებთან ბრძოლის ტვირთს?
ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge-ს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
- ობამას ეს სიტყვები, რომ რუსეთი უკვე გახდა პარტნიორი და, შესაბამისად, უფრო ეფექტური იქნება ბრძოლა ხალიფატის წინააღმდეგ, ნიშნავს იმას, რომ, როგორც ჩანს, ამერიკელები უკვე შეეგუებიან რუსების ყოფნას სირიაში, ხოლო რუსების სირიაში დარჩენა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება. ეს ამერიკელებმა უკვე აღიარეს, რადგან, ეფექტურობის კუთხით, რუსების დაბომბვები გაცილებით ქმედითი აღმოჩნდა. რუსები ეყრდნობიან სირიის, ანუ ბაშარ ასადის რეჟიმის არმიის სადაზვერვო ინფორმაციებს, მათ იქვე აქვთ კომუნიკაციური ხაზი. რუსებმა დაბომბეს „სირიის თავისუფალი არმიისა“ და ტერორისტიული დაჯგუფება „ჯებჰატ ან-ნუსრას“ ბაზები. ეს მაშინ, როცა „სირიის თავისუფალი არმიის“ მებრძოლებს თავად აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიურო („ცე-ერ-უ“) წვრთნიდა. ამით რუსებმა ერთგვარი ზეწოლა განახორციელეს ამერიკელებზე, ეს ფაქტი უკვე შემდგარია და ამერიკელები ახლა იძულებულნი არიან, შეეგუონ რუსების ყოფნას სირიაში. გარდა ამისა, სულ ახლახანს მოხდა საინტერესო ფაქტი, ერაყის მთავრობამაც მისცა ნებართვა რუსებს, იმოქმედონ ერაყის ტერიტორიაზე. ეს უკვე პარადოქსული ფაქტია. თქვენ წარმოიდგინეთ, პროამერიკული რეჟიმი, რომელიც მოქმედებდა ერაყში, უკვე გადაუდგა ამერიკელებს. ფაქტობრივად, ერაყში შეიქმნა საინფორმაციო და გაერთიანებული სამხედრო შტაბი და ირანი, ერაყი, სირია (ასადის რეჟიმი) და რუსეთი უკვე კოორდინაციას ახორციელებენ. ის, რომ ერაყის პროამერიკული მთავრობის წარმომადგენელი რუსეთს ეპატიჟება და აძლევს იმის ნებართვას, რომ ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ სამხედრო პოტენციალი სირიაშიც გამოიყენოს, ეს უკვე ყოველგვარ საზღვრებს სცილდება.
სხვათა შორის, ევროკავშირის პოზიციაც საკმაოდ შეიცვალა. ორიოდე დღის წინ, მაგალითად, ნორმანდიული ოთხეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოლანდმა და მერკელმა პირდაპირ განაცხადეს, ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობა სასარგებლო იქნებაო, ანუ მათაც აღნიშნეს, რომ სირიაში რუსეთთან თანამშრომლობა აუცილებელია.
იმ ფონზე, როცა ცოტა ხნის წინ თეთრმა სახლმა რუსეთის იერიშებს „განურჩეველი“ და სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული უწოდა, ობამას რბილი განცხადება რით აიხსნება? ეს აშშ-ის პოზიციის დათმობა ხომ არ არის სირიაში და, ამ შემთხვევაში, ამერიკელებმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს?
- მართალს ბრძანებთ, ამ შემთხვევაში, ამერიკამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. ამერიკელებს აწყობთ რუსების ჩართვა სირიაში. რუსეთმა, ფაქტობრივად, დაიწყო ახალი გეოპოლიტიკური თამაში. ნახეთ, რუსებმა როგორ მოატყუეს ამერიკელები? რუსებს იმდენად სურდათ, მალული ფორმით გადაესროლათ სამხედრო ტექნიკა სირიაში, რომ ამერიკელებმა ეს ბოლო წუთს დააფიქსირეს. ანუ რუსები ამერიკელებს ისევე მოექცნენ, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირმა მოატყუა ამერიკელები, როცა კუბაში განალაგა ტაქტიკური რაკეტები და მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ისინი ტაქტიკული რაკეტები ყოფილა. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, რადგან რუსებმა მოახდინეს ამერიკელების გადათამაშება სირიაში. ამიტომ ძალთა ბალანსი გათანაბრდა, რუსებმა აჩვენეს თავიანთი პოტენციალი. აქედან გამომდინარე, ამერიკელები შეეგუენ, რომ რუსები სირიაში არიან. მეორეც, მაკკეინმა, რომელიც აშშ-ის სენატის შეიარაღების კომიტეტის თავმჯდომარეა, ობამას პოლიტიკას კაპიტულანტური უწოდა და თავის ინტერვიუში „სი-ენ-ენ“-თან წარმოაჩინა ხარვეზები ამერიკის საგარეო პოლიტიკის სფეროდან.
როგორც ჩანს, რუსეთი ნატოს ბაძავს და მსოფლიო სამართლიანობისთვის მებრძოლის იმიტაციას ქმნის, მაგრამ საინტერესოა, სირიის გარდა, ახლო აღმოსავლეთში თუ იქნება ისეთი ტერიტორიები, სადაც რუსეთი შემდგომ ეტაპზე მოინდომებს „სამართლიანობის დამყარებას“?
- ცხადია, „სამართლიანობის აღდგენა“ მოხდება რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, ალბათ, ასეთი ტერიტორია იქნება ავღანეთი. შესაძლოა, სწორედ ავღანეთში გააქტიურდეს რუსეთი, რადგან თალიბებმა, ფაქტობრივად, ავღანეთი დაიკავეს, ავღანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქი -მაზარი-შარიფი თალიბების კონტროლქვეშაა. ავღანეთში არსებული ვითარება ცალკე საუბრის თემაა. იქაც უკვე ამერიკელების პოზიცია საკმაოდ მყიფეა. თუ სირიაში რუსებს მუსკულების დემონსტრირება სჭირდებოდათ და სურდათ, ამერიკელებისთვის დაემტკიცებინათ, რომ მათი პოზიციები ჯერჯერობით ძლიერია, ავღანეთი რუსებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქ არის რუსების ინტერესი გეოპოლიტიკურ პლანში, რადგან, თუ აქედან თალიბები გადავიდნენ და ცენტრალურ აზიაში თავიანთი რეჟიმების დამყარება დაიწყეს, შეიძლება, რუსეთმა პოზიციები დათმოს ცენტრალურ აზიაში. მოგეხსენებათ, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში და, საერთოდ, ამ რეგიონში ძალზე მყიფე პოლიტიკური სიტუაციაა. საკმარისია, თალიბები და ისლამური ხალიფატი გადავიდეს უზბეკეთში და შეუერთდეს უზბეკეთის ისლამურ მოძრაობას, მოხდეს იქ რეჟიმების ცვლილება, მაშინ რუსეთს მართლაც შეექმნება დიდი პრობლემა. უბრალოდ, რუსეთმა ახლა გამოიყენა სირიაში თავისი ჩართულობა თავისი გეოპოლიტიკური ჰეგემონიზმის ასოცირებისთვის, თორემ რუსეთს ნამდვილად არ აინტერესებს, დამყარდება თუ არა სამართლიანობა ცხელ წერტილებში. როგორც ნახეთ, რუსეთმა დაარტყა იმ დაჯგუფებებს, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ბაშარ ასადის რეჟიმს და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელა დარტყმა ისლამური ხალიფატის დაჯგუფებებზე. სხვათა შორის, ამას თვითონ რუსებიც აფიქსირებენ. გეიდარ ჯემალმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ექსპერტი და პოლიტიკური ისლამის სპეციალისტია, ეს ფაქტი გააჟღერა ოპოზიციური „დოჟდის“ სატელევიზიო სივრცეში. გეიდარ ჯემალის აბსოლუტურად მჯერა, რადგან ის მუდამ სიმართლეს ლაპარაკობს. რუსეთს აქვს ცალკე ინტერესები. იქ ბრძოლა მიდის ენერგოუსაფრთხოებისათვის და ეს ენერგეტიკული ომია. რუსეთმა შემთხვევით არ დადო ფსონი ბაშარ ასადის რეჟიმზე და თურქეთი, ყატარი და საუდის არაბეთი შემთხვევით არ არიან უკმაყოფილონი რუსეთის ამ ქმედებით, რადგან მათ უკვე ჩაუვარდათ მნიშვნელოვანი გაზსადენის გაყვანის გეგმა, რომელიც უნდა გასულიყო სირიის ტერიტორიაზე, სირია უნდა ყოფილიყო ე.წ. ენერგეტიკული ჰაბი და ყატარისა და ეგვიპტის გაზის მარაგები, სირიის მარაგებთან ერთად, უნდა შეერთებოდა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენს. ფაქტობრივად, ეს იქნებოდა ევროპის ენერგოდამოკიდებულების სრული მოხსნა, ანუ დებლოკირება. ბლოკადა მოიხსნებოდა და ევროკავშირის 90 %-იანი დამოკიდებულება რუსეთზე მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, რაც მნიშვნელოვანი დამრტყმელი ძალა გახდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასები დაეცა, რუსეთი დღეს ნაკლებად უყურებს, როგორი იქნება ფასები ნავთობზე. ამ შემთხვევაში, რუსეთის მთავარი დარტყმა არის გაზი და მისგან მიღებული დოლარები. რუსეთი ფიქრობს, რომ დოლარებს, რომელსაც კარგავს ნავთობის კუთხით, თავისუფლად მიიღებს გაზის საშუალებით. ამიტომ, თუ სირიაში ასადის რეჟიმი დაემხობა, მაშინ რუსეთმა შეიძლება, მთლიანად დაკარგოს ე.წ. გაზის დოლარების მარაგები, რამაც შეიძლება მართლაც სერიოზული დარტყმა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას.
თურქეთის ერდოღანის მთავრობა თავის საჰაერო სივრცეში რუსეთის თვითმფრინავების შეჭრას აპროტესტებს და რუსეთს სამხედრო -საჰაერო დარტყმების გამო აკრიტიკებს. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს რუსეთ-თურქეთის „დაპირისპირება“ ამ კუთხით?
- თურქეთს ერთი რამ ადარდებს - ბაშარ ასადი აქტიურად ეხმარებოდა ქურთებს. დღევანდელი პარალელებით რომ ვილაპარაკოთ, ბაშარ ასადის დამხობა თურქეთისთვის იქნება, რომ ქურთების სეპარატისტული დაჯგუფება დაკარგავს რეალურ დასაყრდენ ძალას. მეორე მომენტიცაა, ის ნავთობდოლარები, რომლებიც შედიოდა ისლამური ხალიფატის ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობის სახით და მერე ხდებოდა მისი რეექსპორტი, საკმაოდ სოლიდური შემოსავლების წყარო იყო თურქეთისთვის. რუსეთის ჩართვა ამ საქმეში კი თურქეთს ამ წყაროს უკარგავს. მესამეც, სირიის ომს თურქეთისთვის დიდი წაგება მოაქვს, რადგან თურქეთი ვეღარ გახდება სართაშორისო დონის ენერგეტიკული ჰაბი, ანუ სირია თუკი გახდებოდა რეგიონალური ჰაბი, თურქეთი იქნებოდა საერთაშორისო ჰაბი და მოხდებოდა გაზის მარაგების გადართვა ყატარიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან, ერაყიდან და მათი თავმოყრა თურქეთის ტერიტორიაზე.
რამდენად კარგი ალიბი აქვს რუსეთს, როცა აცხადებს, რომ სირიაში წერტილოვანი დარტყმების განხორციელებამდე მოსკოვმა ვაშინგტონს მიაწოდა ინფორმაცია დასაბომბი ობიექტების შესახებ და ამერიკული დაზვერვის მხრიდან დაბომბვის დასტური მიიღო. ამის გამო რუსები არ აღიარებენ ბრალდებას რუსული ავიაციის მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვის გამო და ამერიკული დაზვერვით აპელირებენ.
- ეს ალიბები რუსული პროპაგანდის ნაწილია, რადგან ამერიკა-რუსეთს შორის ვერ შედგებოდა თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა მოიშალა ჯერ კიდევ მაშინ, როცა დაიწყო ცივი ომი. ახლა არ ვიცი, რა დახურული შეხვედრა გამართეს ამერიკელებმა რუსებთან.
თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსების შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს ავღანეთი. 1989 წლის 15 თებერვლის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირის არმიის უკანასკნელმა შენაერთმა დატოვა ავღანეთის რესპუბლიკა, კიდევ შესაძლებელია, რუსეთი ავღანეთში შესვლას განმეორებით შეეცადოს?
- 1979 წელს ავღანეთის ინტერვენცია საბჭოთა კავშირის მხრიდან რიგით მე-13 გახლდათ. მანამდე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 12-ჯერ შეიყვანა სამხედრო კონტინგენტი. დღეს რუსეთს ამდენი ძალა არ აქვს, რომ ავღანეთში კიდევ შეიყვანოს ჯარი, რადგან ნატომაც ვერ შეძლო იქ ამოცანების შესრულება. ნატომ მხოლოდ ის შეძლო, რომ „ალ-ქაიდას“ დაჯგუფება განდევნა ავღანეთიდან, თალიბების დამარცხება კი ვერ შეძლო. ფაქტობრივად, დღეს თალიბები გამარჯვებული ძალაა და ისევე შეუძლიათ იზეიმონ, როგორც მოჯაჰიდებმა იზეიმეს საბჭოთა ჯარებზე გამარჯვება. ავღანეთიდან ISIS-ის კონტინგენტის გამოყვანა თუ მოხდება, ჩათვალეთ, რომ იქ უკვე თალიბების მოსვლა გარდაუვალია. თალიბებმა შეძლეს ნატოელების გადათამაშება თავიანთ ტერიტორიაზე. ამიტომ არა მგონია, რუსეთი ასეთ დონეზე ჩაერთოს ავღანეთში. უბრალოდ, რუსეთი შეეცდება, ცენტრალურ აზიაში შეჭრა და თავდასხმა მოიგერიოს და დარტყმები განახორციელოს ავღანეთის მიმდებარედ. გამორიცხული არაა, რუსეთმა ავღანეთის რამდენიმე მომიჯნავე ჩრდილოეთის პროვინციაც დაიკავოს და იქ გაამყაროს უსაფრთხოების ზონა. ის გამოიყენებს ნატოს გამოცდილებას, უფრო ადრეულ-ბრიტანეთის გამოცდილებასაც და, ალბათ, დაიკავებს ავღანეთის სამ პროვინციას, რომელიც ესაზღვრება ცენტრალური აზიის რეგიონს. ამის შემდეგ ავღანეთში გაამყარებენ ტომობრივ პოზიციებს. თორემ თვითონ ავღანეთის შიგნით რუსეთი აღარ შეიჭრება.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, სირიაზე თავდასხმისას რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენოს. თავის დროზე ამ საფრთხის შესახებ თქვენ აკეთებდით განცხადებას.
-კარგა ხანია, ამის შესახებ ვსაუბრობ. მოგვიანებით, ეს ზოგიერთი ექსპერტის საქილიკო თემა გახდა, მაგრამ დრომ აჩვენა, ვის აქვს საქილიკოდ საქმე. რუსები შეეცდებიან საქართველოს საჰაერო სივრცე სირიაში არსებული საარმიო დაჯგუფების გასაძლიერებლად გამოიყენონ.