აფხაზ ქალბატონებს რუსულ გენთან შეჯერებით ხელოვნურ განაყოფიერებას ჩაუტარებენ

აფხაზ ქალბატონებს რუსულ გენთან შეჯერებით ხელოვნურ განაყოფიერებას ჩაუტარებენ

რუსეთი აფხაზეთს გენოფონდის გადასარჩენად „გამოსავალს“ სთავაზობს - აფხაზ ქალბატონებს რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაიყვანენ, რუსულ გენთან შეჯერებით ხელოვნურ განაყოფიერებას ჩაუტარებენ, რითაც ნათესაური გენების აღრევა მოხდება.

„დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ ეს ფაქტიც ადასტურდებს, აფხაზეთს რუსეთის მხრიდან რამდენად ემუქრება დემოგრაფიული ანექსიის საფრთხე. მისი თქმით, რუსებმა აფხაზებს საკუთარი ბიორესურსის ბანკის შექმნა კი არ შესთავაზეს, არამედ -აფხაზური გენოფონდის რუსულ გენოფონდთან ასიმილაცია, რაც მცირერიცხოვანი ერისთვის დიდი საფრთხის შემცველია.

ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა 2011 წლამდე თავის მოსახლეობას უმტკიცებდა, თითქოს მათ გენოფონდს არაფერი ემუქრებოდა, თითქოს ეთნიკური აფხაზი მოსახლეობის წილობრივი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა.

„1959-1989 წლებში, ანუ 30 წლის მანძილზე, როდესაც აფხაზეთში ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო, ეთნიკური აფხაზების რაოდენობა გაზრდილია 32 074-ით, ხოლო, თუ დავეყრდნობით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ ჩატარებულ კვლევას 2003-2011 წლებში, ანუ რვა წლის მანძილზე (როდესაც ეკონომიკური და სოციალური ფონი ყველაზე მძიმე იყო აფხაზეთში და, მიგრაციასთან ერთად, ნარკომანიის ფონიც მატულობდა) მათი გენოფონდი თურმე 28 ათასით გაზრდილა. ეს სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ციფრებია“, - აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

დღემდე საქართველოში აფხაზური გენოფონდის მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა. სულ ახლახანს ჩატარებული კვლევის ავტორი, ცნობილი დემოგრაფი ანზორ თოთაძე აფხაზებისთვის საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებს. For.ge-სთან საუბარში ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, როცა აფხაზთა ისედაც შემცირებული გენოფონდის გადარჩენაზე ვსაუბრობთ, ისევ პოლიტიკა ერევა ამ საქმეში და პოლიტიკა ძალზე ცუდ როლს თამაშობს. ასეთ დროს აფხაზები ეროვნულ ფასეულობებს აღარ აქცევენ ყურადღებას.

„ამის გამო აფხაზები ძალიან დაზარალდებიან, მათი ფიზიკურად გადარჩენა ძალიან ძნელია. ამიტომ უნდა დათანხმდნენ ჩვენს შეთავაზებას, საუკუნეების განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით, ვმეგობრობდით, საქართველოს შეუძლია მათი დახმარება სამედიცინო თვალსაზრისით და ეს დახმარება უნდა მიიღონ, რადგან უფრო კარგ პირობებს თავიანთი ერის განვითარებისთვის საქართველოში ჰპოვებენ და არა - უცხო სახელმწიფოში. ჩვენ ვთავაზობთ აფხაზ მოსახლეობას, იმკურნალონ, ჩამოვიდნენ საქართველოში. როდესაც ხდება აფხაზური და რუსული გენების შეჯვარება, რა თქმა უნდა, ამით გენის სახეცვლილება გარდაუვალია. ის გენი აღარ არის, რაც ადრე იყო. აფხაზეთში ჩაატარეს მოსახლეობის აღწერა და დააფიქსირეს, თითქოს ბოლო ათ წელიწადში აფხაზების რიცხვი 28 ათასით გაიზარდა. ესეც არასწორია, შეგნებულად ბერავენ მონაცემებს. სინამდვილეში, აფხაზებს თავიანთი რაოდენობის ზუსტი მონაცემი უნდა ჰქონდეთ, რომ ამით ხელი შეუწყონ თავიანთი სატკივარის გამოსწორებას. ძალიან ცოტა აფხაზი იბადება, უფრო მეტი კვდება. გარდა ამისა, აფხაზეთში მიგრაციული პროცესები მათ სასარგებლოდ არ მეტყველებს, უფრო მეტი აფხაზი გადის, ვიდრე შედის. ასე რომ, იქაური მოსახლეობა იკლებს და არ იმატებს. იმ ომმა მარტო ქართველები კი არ შეიწირა, ბევრი აფხაზი დაიღუპა, ბევრი რუსეთში ან სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად, საქართველოშიც ჩამოვიდნენ აფხაზი ეროვნების ადამიანები“,-აღნიშნა ანზორ თოთაძემ.

რაც შეეხება თამარ ჩიბურდანიძეს, ის აცხადებს, რომ მე-19 საუკუნის ბოლომდე აფხაზეთის მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, ვინაიდან იგი რუსეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა და მეფის მთავრობას არ ჩაუტარებია აღწერა. მე-19 საუკუნის ბოლოს დაიდო პირველი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობრივი მაჩვენებელი იყო 64 000. მომდევნო 100 წლის განმავლობაში აფხაზეთის მოსახლეობა საგრძნობლად იზრდებოდა, მათ შორის, იზრდებოდა ეთნიკური აფხაზების წილობრივი შემადგენლობა. მე-20 საუკუნის ბოლოს აფხაზეთის მოსახლეობა ნახევარ მილიონზე მეტი იყო, კერძოდ 524 000, ხოლო 1991 წელს, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაიწყო, ეს ციფრი გაიზარდა 540 000-მდე. 2003 წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჩაატარა აღწერა და დადო ციფრი - 214 000. 2014 წელს კი ეს ციფრი რატომღაც 242 000-მდე გაზარდა, რაც აბსურდია.

სხვა ერების რაოდენობის შესახებ თამარ ჩიბურდანიძე აცხადებს, რომ, ზოგადად, მოსახლეობის რიცხვის ზრდა ორი გზით ხდება-ბუნებრივი მატებით და მიგრაციის შედეგად. ქართული და აფხაზური მოსახლეობა იზრდებოდა ბუნებრივი მატების საშუალებით, სომხებისა და რუსების წილობრივი ზრდა კი გამოიწვია დიდმა მიგრაციამ. ასე რომ, თამარ ჩიბურდანიძის მონაცემებით, მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში აფხაზების წილობრივი შემადგენლობა გაიზარდა 3,3-ით, ქართული ეთნოსის მოსახლეობა გაიზარდა 6,8-ით, სომეხი მოსახლეობის- გაიზარდა 70-ჯერ, ხოლო რუსი მოსახლეობის წილობრივი შემადგენლობა გაიზარდა 62-ჯერ.