ოპოზიცია კვლავ საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს და აპელირებს, რომ ფეხბურთის ფედერაციაში შექმნილი ვითარება მაგალითია იმისა, თუ როგორი არჩევნები გვექნება 2016 წელს. ოპოზიცია ამ თემაზე უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრებისასაც ამახვილებს ყურადღებას და როგორც ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებიდან იკვეთება, ქუჩაში გამოსასვლელადაც ემზადება. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით for.ge ექსპერტ, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციის მხრიდან აპელირება, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, ეს ტრადიციულია, ყოველი არჩევნების წინ ხდება-ხოლმე. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა განსხვავდება იმ სისტემისგან რომელიც იყო 2012 წელს, თუმცა განსხვავება არის ერთადერთ საკითხში - მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულმა უნდა დააგროვოს 50+1 ხმა.
ამ ცვლილებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ის ფარდობა, რომელიც იყო 2012 წლამდე, როდესაც 30, შემდეგ 40%-ანი ბარიერიც საკმარისი იყო მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებისთვის.
იმ ცვლილებას, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს, ანუ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება - სხვაგვარად ეს ვერ მოხერხდება.
დავუშვათ, ხელისუფლება დათანხმდა, დრო არის საკმარისი საკონსტიტუციო ცლილებებისთვის?
- ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს თემა მუდმივად ტრიალებს და ამიტომ ყველა პოლიტიკური ძალისთვის ცნობილია ოპოზიცია რას ითხოვს, ამდენად დროის ფაქტორი ხელისშემშლელი არ არის და ამას არ სჭირდება ლოდინი 2020 წლამდე. თუ ხელისუფლება ცვლილებებს დათანხმდება - ორი სხდომა და ცვლილებების არჩევნებამდე 6 თვით ადრე დამტკიცება საკმარისია.
თუმცა ხელისუფლება სხვაგვარად აფასებს ამ ცვლილებებს. მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ რევოლუციური ცვლილებები მიიღეს და არავის არ დარჩება განცდა, რომ უსამართლო არჩევნები ჩატარდება...
- არ ვიცი, სესიაშვილი რევოლუციურში რას გულისხმობს, მაგრამ 50+1 ბარიერი ნიშნავს იმას, რომ მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში მეორე ტური ჩატარდება. გარდა ამისა, საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და იქნება თანაბარი ძალის მანდატები, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან თუ ლაპარაკი არის იმ მექანიზმების გამოყენებაზე, რაზეც ოპოზიცია აპელირებდა - ამომრჩევლის მოსყიდვა და ა.შ. ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი საარჩევნო ოლქებია და შესაბამისად, მოსყიდვები, ან ხელისუფლების მხრიდან ზემოქმედება იქნება საკმაოდ რთული.
თუ ოპოზიცია არა მარტო არჩევნების პირველ, არამედ მეორე ტურშიც იქნება ერთიანი, მას საკმაოდ დიდი შანსი აქვს, რომ მაჟორიტარული ოლქები მოიგოს. რეალობაში არ ვიცი რა და როგორ იქნება, მაგრამ ეს ცვლილებები ასეთ შანსს იძლევა - ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს რევოლუციური, ვიღაცისთვის - უმნიშვნელო.
მე ვთვლი, რომ არცერთი სისტემა - არც ის, რასაც ოპოზიცია გვთავაზობს და არც ის, რაც დღეს მოქმედებს, არ არის მორგებული ჩვენი ქვეყნის რეალობას - ეს არის პოლიტიკოსებისთვის განკუთვნილი საარჩევნო სისტემები და არა ქვეყნისთვის. ამიტომ საარჩევნო სისტემა ჩემი აზრით, სხვაგვარად უნდა დალაგდეს და ეს სხვა საუბრის თემაა.
ვერ ვიტყვი, რომ ეს რევოლუციური ცვლილებებია, მაგრამ იმასაც ვერ უარვყოფ, რომ ამ ხელისუფლებამ, წინამორბედებისგან განსხვავებით, არ გაირთულა თავისი საქმე. მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები სახელისუფლებო თუ ფულიანი კანდიდატებისათვის უფრო რთული იქნება, ვიდრე იყო 2012 წელს.
არასაპარლამენტო და საპარტლამენტო ოპოზიცია ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარებულ არჩევნებს სახავს იმის მაგალითად, თუ რა შეიძლება მოხდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას ისაუბრა, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარებული არჩევნებია მაგალითი იმისა, თუ როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ვარაუდობთ, რომ ეს რიტორიკა გაგრძელდება არჩევნებამდე?
- ოპოზიცია ცდილობს, რომ ხელისუფლების რეიტინგი კიდევ ერთხელ დასცეს, ამავე დროს, ამზადებს ნიადაგს, რომ სხვაგვარი ქმედებები დაიწყოს. პარალელის გავლება საკმაოდ ძნელია, გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ანალოგიური სიტუაცია იყო ნაციონალების დროს, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის არჩეულმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა თანამდებობაზე და ხელახლა დაინიშნა არჩევნები.
მაშინაც იყო საუბარი ხელისუფლებისგან ზეწოლაზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ზეწოლა აშკარა იყო. თანაც ასეთი პარალელების გავლება ცოტა რთულია - 35 კაცსა და 3,5 მილიონ ამომრჩეველს შორის სერიოზული სხვაობაა.
გადა ამისა, კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო - დღევანდელ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემა ისე არ აქვს მორგებული საკუთარ თავზე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლისთვისაც 2012 წელი არ ყოფილა პირველი საარჩევნო წელიწადი.
1995 წლიდან მოყოლებული „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო გუნდი საარჩევნო პროცესებს განაგებდა. მთელი ამ წლების განმვლობაში ხვეწდნენ, რა და როგორ გაეკეთებინათ. გარდა ამისა, ორგანიზებულობა იყო სრულიად სხვა, ვიდრე ახლა არის. მაშინ იყო ერთი გუნდი და ახლა არის კოალიცია. ასე რომ, საკმაოდ ბევრი განმასხვავებელი ფაქტორია.
არ მინდა, ვთქვა, რომ ყველაფერი იქნება მაღალ დონეზე, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ფეხბურთის ფედერაციაში რაღაც მოხდა, და მოხდა თუ არა, ესეც საკითხავია - გავლენისა და ზემოქმედების მოხდენა ყრილობის დროს კალაძის გასეირნებით ვერ ამოიწურებოდა - ზეგავლენა საქართველოში როგორ ხდება, ყველასათვის კარგად ცნობილია. თანაც ცნობილია, ნარკოტიკების გამო დაპატიმრებული დელეგატის შემცვლელმა ღიად განაცხადა, რომ არველაძეს უჭერდა მხარს - არ მინდა დეტალებში ღრმად ჩავიდე, მაგრამ პირდაპირი პარალელების გავლება საპარლამენტო არჩევნებთან შეუძლებელია.
დღევანდელმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით საკუთარ თავს უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, თუნდაც მაჟორიტარულ ნაწილში 50+1 ბარიერის შექმნით - ეს არის ფაქტი, დანარჩენი - ვნახოთ, რა მოხდება.
მთლიანობაში ხომ არ არის მცდელობა შეიქმნას დესტაბილიზაციის განცდა? - მაგალითად, ირაკლი ბათიაშვილის განცხადება შესაძლო ტერაქტის თაობაზე, თითქოს ნაციონალები ივანიშვილის მოშორებას გეგმავენ რათა ხელისუფლება უფრო იოლად დაიბრუნონ. ერთი მხრივ „ნაციოინალური მოძრაობის“ აქციები, ამ ეტაპზე ივანიშვილის სახლთან, ბურჯანაძის მუქარა, რომ ყველაფერი ხავერდოვნად ვერ ჩაივლის და ა.შ...
- ოპოზიცია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ რა თქმა უნდა, შეეცდება, ვითარება კიდევ უფრო დაძაბოს და თუ მხარდაჭერა ექნება და არჩევნების შედეგები იქნება მიუღებელი, ქუჩაში გამოვიდნენ, მაგრამ ხელისუფლებაც ხომ არსებობს ამ ქვეყანაში?!
არ ვიცი, ბათიაშვილს რა მონაცემები აქვს და არც ტერაქტებში ვარ კომპეტენტური, ამიტომ ეს თემა გვერდზე გადავდოთ - რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებს, ის რა თქმა უნდა, ყველანაირად შეეცდება, რომ მაქსიმალურად დაძაბოს სიტუაცია.
ვისაც საქართველოში უცხოვრია, ყველამ კარგად იცის, რაც ხდება ასეთ დროს. ხელისუფლებამ უნდა აამოქმედოს ის დემოკრატიული მექანიზმები, რომლითაც ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა ისე, რომ ხელი არ შეეშალოს გამოხატვის თავისუფლებას. ამაში რაიმე დრამატულს ვერ ვხედავ - ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესია დამახასიათებელი ჩვენი უახლოესი წარსულისთვის.
თუ ოპოზიცია მიხვდება რომ მისი შანსები მაქსიმალურად მცირეა, მოსალოდნელია თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ვიხილოთ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად? ფაქტია, რომ დესტაბილიზაციას ორივე ემხრობა...
- არ მგონია, ეს შეძლონ ან ასეთმა გაერთიანებამ რაიმე შედეგი მოუტანოთ. თუმცა, ჩვენი წარსულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი გაერთიანებების შექმნა ვერ ხერხდებოდა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - თუ მოსახლეობა მზად არ არის ქუჩაში გამოსასვლელად, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერ სხვა რომელიმე პარტია მას ქუჩაში ვერ გამოიყვანს.
ბევრი არჩევნები ჩატარდა საქაართველოში ამ 20 წლის მანძილზე და არასდროს არ მომხდარა ისე, რომ ვინმეს ქუჩაში მოტყუებით, ფულით ან წაქეზებით გამოეყვანოს ხალხი. ზღაპარია, რომ ივანიშვილის ფულს დახარბდა ვიღაც და ქუჩაში გამოვიდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობის უმეტესობა უკვე ვერ იტანდა. კი, შეიძლება, ქუჩაში გამოიყვანო 200 ან 2000 კაცი, მაგრამ თუ მოსახლეობის მხარდაჭერა არ იქნება, ამას გაგრძელება უბრალოდ, ვერ მოჰყვება.