„რუსთავი 2“-ის მილიონერი(?!) დირექტორი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

„რუსთავი 2“-ის მილიონერი(?!) დირექტორი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტელეკომპანია საქართველოს“ წილები დააყადაღა, ძმებმა ყარამნიშვილებმა ვერ შეძლეს 100%-იანი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანზე გადაცემა. შესაბამისად, „რუსთავი 2“- მა ვერ მიიღო „ინვესტორიდან“ მოძიებული 6 მილიონის ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების შესაბამისად, „რუსთავი 2“- ს ეკრძალებოდა ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება.

ჩაშლილი ფინანსური გარიგების შემდეგ, არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფინანსური დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართა. გამოქვეყნდა ანგარიშის ნომერი სადაც მოსახლეობას შეუძლია თანხის ჩარიცხვა, რათა დაეხმარონ ტელეკომპანიას. ნიკა გვარამიას თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ტელეკომპანია ახლოს არის მაუწყებლობის შეწყვეტასთან.

ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დაცვის მხარემ საჯაროდ განაცხადა, რომ თუ ტელეკომპანიას დასჭირდებოდა დამატებითი ფინანსური სახსრები, მზად იყვნენ შემხვედრი ნაბიჯები გადაედგათ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ნაწილობრივ უარი ეთქვათ დაწესებულ შეზღუდვებზე. თუმცა, ხალვაშს არანაირი მოთხოვნა „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტისაგან არ მიიუღია.

„მხოლოდ საჯაროდ კეთდებოდა ზოგადი განცხადებები, რომ მათ დამატებით ესაჭიროებოდათ თანხები, თუ რისთვის, რატომ, რა მოცულობით, ამაზე არასოდეს კონკრეტული მითითება არ ყოფილა. ასეთი ზოგადი მოთხოვნის პირობებში, არათუ სასამართლოში მოდავე მხარე, არამედ არც ერთი საბანკო დაწესებულება არ მისცემდა უფლებას ტელეკომპანიას დამატებითი ფინანსები მოეპოვებინა, მით უმეტეს ოფშორული წყაროებიდან“, - აცხადებს ბიზნესმენის ადვოკატი პაატა სალია.

ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელობისგან უხერხულია ფინანსურ პრობლემებზე საუბარი, მაშინ, როდესაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორის ხელფასი თითქმის ნახევარ მილიონ დოლარს უტოლდება.

„საქართველოში ტელებაზარი ვერ უზრუნველყოფს,  ტელევიზიას იმხელა სარელკამო შემოსავალი ჰქონდეს, რომ არხის გენერალური დირექტორის ხელფასი ნახევარ მილიონს უტოლდებოდეს. შესაბამისად, ჟურნალისტების მაღალ ხელფასებს, ასევე საინფორმაციო საშუალების შენახვას („რუსთავი 2“-ს პროდუქტი საკმაოდ ძვირია), მხოლოდ სარეკლამო შემოსავალი ვერ დააკმაყოფილებდა. გამოდის, რომ მართლები ვყოფილვართ როდესაც ვამბობდით, „რუსთავი 2“ სხვა ფულით არსებობდა“, - აცხადებს ლელა კურდღელაშვილი

და იქვე დასძენს: „თამარ კინწურაშვილი ამბობდა, რომ საქართველოში პლურალიზმს პოლიტიკურად განწყობილი მედია უზრუნველყოფსო. გამოდის, რომ „რუსთავი 2“-ს პოლიტიკური პარტია აფინანსებდა და მაშინ, რომელ სიტყვის თავისუფლებას უნდა დავეხმარო? თუ ტელევიზია ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პლატფორმას წარმოადგენს და მხოლოდ ასეა შესაძლებელი საქართველოში პლურალიზმის უზრუნველყოფა, მაშინ სიტყვის თავისუფლება რა შუაშია? ვერ გავიგე რას უნდა დავეხმაროთ. თუ პოლიტიკური ფული მართავს ჩვენთან პლურალიზმს, მაშინ სიტყვის თავისუფლებაზე ნუ ვილაპარაკებთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლელა კურდღელაშვილმა.

რამდენიმე კვირის წინ გაზეთ „კვირის ქრონიკამ“ „რუსთავი 2“-ის დირექტორის შემოსავლებზე გამოაქვეყნა ინფორმაცია. სტატიაში აღნიშნულია: „გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნა, რომ ყარამანაშვილების გარეშე ტელეკომპანიას პოლიტიკურად და ფინანსურად უფრო მომგებიანს გახდიდა. გვარამია ირწმუნებოდა, რომ მას ყარამანაშვილები ხელს უშლიდნენ და მის ამ მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია - სააკაშვილმა ყარამანაშვილები ტელევიზიას ჩამოაშორა და მისი ფინანსური მხარე მთლიანად გვარამიას გადააბარა. ე.წ. რეორგანიზაციაც სწორედ ამ თემის გაგრძელება იყო. მას შემდეგ, რაც გვარამიამ ყარამანაშვილები გზიდან ჩამოიშორა, მისი ფინანსური აღმასვლა რეაქტიული სისწრაფით განვითარდა. ნიკა გვარამიას ხელფასი დღეისათვის თითქმის, ნახევარ მილიონ დოლარს უტოლდება და მისი ყველა გართობა თუ ვოიაჟი „რუსთავი 2“-დან ფინანსდება. გვარამიამ მისთვის და მეუღლისთვისაც „პორშეს“ მარკის ჯიპებიც კი „რუსთავი 2“-ის ხარჯზე შეიძინა. ორივე ავტომობილი დღემდე „რუსთავი 2“-ის ბალანსზე ირიცხება“, - წერს „კვირის ქრონიკა“.

თუ აღნიშნული ინფორმაცია რეალობაა, ესეც აჩენს ეჭვს, რომ ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლების გარდა სხვა დამფინანსებლებიც ყავს. შესაბამისად, ლოგიკა არის იმაში, რომ არხის ხელმძღვანელების მხრიდან შემოწილულობების თხოვნა მხოლოდ პიარზეა გათვლილი.

ასე ფიქრობს ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი და ამბობს, რომ ფინანსური დახმარებისთვის საზოგადოებაზე მიმართვა და ანგარიშის ნომრის გამოქვეყნება, ტელეკომპანიის მიერ კარგად გათვლილი პიარსვლაა.

„მეეჭვება, რომ ტელეკომპპანიაში იმდენი თანხა შევიდეს, ამან რამე ცვლილება მოახდინოს ფინანსური კუთხით. უბარლოდ, ეს არის კარგად გათვლილი პიარსვლა. უნდათ დაანახონ საზოგადოებას, რომ ეს თქვენი ტელევიზიაა და მოდით, დაგვეხმარეთო. იცით, რომ ეს ტელევიზია ოფშორულ ზონაში იყო დარეგისტრირებული, იქ რა ხდებოდა და ვინ რას ურიცხავდა ახლა მაგის გარკვევა ძალიან რთული იქნება. მაგრამ რამდენი იყო სარეკლამო შემოსავლიდან შემოსული თანხა, რამდენი შემოდიოდა სპონსორებდან, ამის გარკვევა რთული არ უნდა იყოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ ჩიქოვანი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ეჭვობს, რომ „რუსთავი 2“-ს სერიოზული ფინანსური პრობლემა ჰქონდეს. მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე „რუსთავი 2“ ცდილობს მაქსიმალური დივიდენდები მიიღოს.

„ე.წ. ინვესტიცების თემა „რუსთავი 2“-ს სჭირდება არა იმდენად ფულის მოსაზიდად, რამდენადაც ზუსტად იმისთვის - რაც ახლა ხდება. ანუ - ხმაურისთვის, რომ თურმე როგორ ებრძვიან ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ „რუსთავი 2“-ს საკმაოდ ძლიერი სპონსორები ჰყავს და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, არ ვფიქრობ, რომ ფინასური პრობლემა ჰქონდეთ. „რუსთავი 2“ ცდილობს ეს ვითარება გააფორმოს როგორც თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ დევნა და არ გამოვრიცხავ, ერთ დღესაც „რუსთავი 2“-მა გამოაცხადოს, რომ უხელფასოდ მუშაობენ, რადგან ფინანსური პრობლემები აქვთ. ეს პროცესი ჯერ კიდევ არ გახურებულა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.