ამიერიდან ბანკებსა და კერძო პირებს აღარ შეეძლებათ, იძულებით გაუყიდონ ქონება იმ მსესხებლებს, რომლებმაც ქონება სესხის უზრუნველსაყოფად ჩადეს. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საქართველოსთვის რევოლუციურად შეიძლება შეფასდეს, რადგან საქართველოში ბევრი ადამიანი ბანკების მძევლად იყო ქცეული და ბანკი ყველანაირად ცდილობდა, მათი ქონება რეალიზაციისთვის დაექვემდებარებინა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება ყველა ბანკისთვის პრეცედენტული გახდება და კონკრეტული შემთხვევის გამო გამოტანილი ვერდიქტი მომავალში საფუძვლად დაედება ანალოგიური სასამართლო შემთხვევების გადაწყვეტას.
კონკრეტულ შემთხვევაში, უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ერთ-ერთ ბანკსა და მსესხებელს შორის დავა განიხილა და ამ ბანკს მსესხებლისთვის ქონების იძულებით გაყიდვა აუკრძალა. საუბარია საქმეზე, რომლის თანახმადაც, მოქალაქეს სესხი სხვა ბანკში გადაჰქონდა და ამ დროს ბანკმა მისი დაგირავებული ქონების რეალიზაცია მოახდინა.
ამჯერად სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა პრინციპს, რომ ბანკმა უფლების დაკმაყოფილებისას უნდა გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომელიც მეტად იქნება შესაბამისობაში მოვალის ინტერესებთან. გარდა ამისა, ბანკმა არ უნდა მოახდინოს ქონების რეალიზება, თუკი არსებობს უფლების დაკმაყოფილების სხვა ალტერნატივა და ამით ზიანი არ უნდა მიაყენოს მოვალეს, თუნდაც იმ მოვალეს, რომელიც ჯეროვნად ვეღარ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. ბანკმა უნდა გაითვალისწინოს მოვალის მდგომარეობა და ხელი შეუწყოს, რომ მოვალემ რეალურად შეძლოს ვალდებულების შესრულება. ამასთან, ამ ტიპის ურთიერთობები დამყარებული უნდა იყოს კეთილსინდისიერების პრინციპზე.
ქართველი იურისტები აცხადებენ, რომ უამრავ მოქალაქესთან უწევთ შეხვედრა, რომლებიც ვეღარ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას, რადგან სამსახური დაკარგეს. შესაბამისად, ისინი ბანკებს სთხოვენ, თანხის გადახდა გაუხანგრძლივონ, თუმცა ბანკებისგან ყოველთვის უარს ღებულობენ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი მარიკა არევაძე აცხადებს, რომ უშუალოდ იცნობს კონკრეტულ საქმეს, სადაც ბანკმა მსესხებელთან ურთიერთობისას არათუ კეთილსინდისიერების პრინციპი არ დაიცვა, არამედ დომინირებული მდგომარეობა მიზანმიმართულად გამოიყენა და მსესხებელი გააკოტრა. უზენაესი სასამართლოს ახლანდელი გადაწყვეტილება კი ბანკებს დააფიქრებს იმაზე, რომ კლიენტებს პატივი სცენ და მათი ინტერესებიც გაითვალისწინონ.
უფრო მეტიც, უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილება კატეგორიულია, ვინაიდან ბანკის მხრიდან მსესხებლის უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გაყიდვა უკვე უფლების ბოროტად გამოყენებად ფასდება, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან. თავის მხრივ, 115-ე მუხლი მიუთითებს, რომ სამოქალაქო უფლება მართლზომიერად უნდა განხორცილდეს და დაუშვებელია ამ უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ სხვას ზიანი მიადგეს.
გარდა ამისა, ქართული საბანკო სისტემის კიდევ ერთ მახინჯ მექანიზმად რჩება ე.წ. საპოლიციო გამოსახლება. ექსპერტები ამბობენ, რომ საბანკო სისტემა ყველაფერს აკეთებს, რათა საპოლიციო გამოსახლება არ გაუქმდეს. არადა, სრულიად გაუმართლებელია, როცა ადამიანს მის მიერ აღებული 20-ათასიანი სესხის გამო 50-ათასიანი ბინიდან ასახლებენ, რომელსაც აუქციონზე უყიდიან, თანაც, ხშირად ბინის ახალი მყიდველი ბანკთან დაახლოებული პირია.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბანკი ისეთი კომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული და ამის გამო არაფერზე უკან არ დაიხევს. თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოში ბანკების მოგება გაცილებით სჭარბობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპს, ნიშნავს, რომ საბანკო სექტორი ყველაზე განვითარებული სექტორია.
„იპოთეკით დატვირთული და დაყადაღებული ქონების გაყიდვა მართლაც მტკივნეული საკითხია არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა განვითარებად ქვეყანაში, რადგან ბანკისთვის პრობლემური სესხის დაფარვის ერთ-ერთი სწრაფი გამოსავალი სწორედ ქონების რეალიზაციაა. ამ ხერხით ბანკი უმოკლეს ვადაში იღებს იმ თანხებს, რომელიც მას უნდა მიეღო და ამის შემდეგ მას არაფერი ეკისრება. თუმცა ბანკის კომერციული ინტერესების გარდა, არსებობს კიდევ მორალური მხარეც და სოციალური პასუხისმგებლობაც. მორალურ მხარეში ვგულისხმობ იპოთეკარის, ანუ დაზარალებული პირის მდგომარეობას. ბანკმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მეორე მხარის ინტერესები და გაუხანგრძლივოს ხელშეკრულების ვადა. მაგალითად, თუ ეს ვადა 5 და 10-წლიან იპოთეკას მოიცავდა, ის 15 წლამდე უნდა გახანგრძლივდეს. ბანკი მოგებას ყოველთვის მაინც მიიღებს. ადამიანი ბანკთან ურთიერთობას როდის იწყებს და იპოთეკურ სესხს როდის იღებს?! როცა რაღაცის შეძენას აპირებს და რემონტი ან გაფართოება სურს. როგორც წესი, ასეთ დროს მსესხებელს იმედი აქვს, რომ გადაიხდის ამ თანხას, მაგრამ მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, სიტუაცია არაპროგნოზირებადია. ადამიანი კარგავს სამუშაოს და ერთ უბედურებას ემატება მეორეც - ბანკი მას ცარიელს ტოვებს. სწორედ აქედან იწყება ფიქრი თვითმკვლელობაზე და ლეტალურ შედეგებს ვიღებთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ადამიანი იპოთეკით დატვირთული ქონებით გამოტანილ სესხს სხვა მიმართულებით წარმართავს და არადანიშნულებისამებრ გამოიყენებს, მაგრამ ბანკმა ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს და დაიცვას მორალური თუ სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.
მანვე განმარტა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა ბანკებზეც უნდა განივრცოს, მით უმეტეს, რომ ქადაგებისას პატრიარქმაც ბრძანა, ბანკებმა მორალური პრინციპები დაიცვანო.
პაატა აროშიძის თქმით, შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ბანკი და მორალური პრინციპი ძალიან შორსაა ერთმანეთისგან, მაგრამ მრავალი ბანკი ახორციელებს ქველმოქმედებას, გარკვეულ პროექტებს აფინანსებს და ცდილობს, საზოგადოების წინაშე დადებითი იმიჯით წარდგეს. ასე რომ, მომხმარებელზე ზრუნვის შემთხვევაში, ბანკის ბიჯი უფრო მეტად გაიზრდება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკეთესი იქნებოდა, ჯერ სასამართლო რეფორმა ჩაგვეტარებინა, ვიდრე ბანკისთვის იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვა აგვეკრძალა.
ექსპერტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსესხებელსა და ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმებულია, ადამიანს მაინც შეუძლია, წავიდეს სასამართლოში და თავისი სიმართლე დაამტკიცოს. ამ დროს კი სასამართლო პროცესი დროშია გაწელილი და რეალური ვადები არ არის დადგენილი. შესაბამისად, მსესხებელი თავის სიმართლეს დროულად ვერ ამტკიცებს.
გარდა ამისა, ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ, საერთოდ, ამგვარ აკრძალვებს უარყოფითი შედეგი მოჰყვება ხოლმე. ამ შემთხვევაშიც, ბანკი უფრო გააძვირებს მომსახურებას და კრედიტის გაცემაც გართულდება.