რუსთავში შიშმა დაისადგურა

რუსთავში შიშმა დაისადგურა

სამი თვის წინ რუსთავში მანიაკის არსებობაზე დაიწყეს ლაპარაკი. ქალაქის ცენტრში -  შარტავას გამზირზე, ფოტორობოტი გამოფინეს. პოლიციამ კარდაკარ დაიწყო სიარული. მოსახლეობას “საეჭვო მოქალაქეზე” ინფორმაციას თხოვდა.

“ჩემთვის არ უთქვამთ, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი ამ ადამიანს. უბრალოდ, მკითხეს  თუ მეცნობოდა ფოტორობოტით მისი სახე. მოგვიანებით მთელმა ქალაქმა მანიაკზე და ასაკოვანი ქალის საზარელ მკვლელობაზე დაიწყო საუბარი“ – ამბობს რუსთაველი  ნათია ნებიერიძე.

ქალი, რომელსაც ნებიერიძე გულისხმობს, სამი თვის წინ, 5 თებერვალს ნაჯახით მოკლეს. აფხაზეთიდან დევნილ ნათელა კვარაცხელიას რამდენიმე ჭრილობა ზურგის მხრიდან თავში მიაყენეს. მოგვიანებით პოლიციამ განმარტა, რომ მკვლელობა სავარაუდოდ 20:00 საათზე, დასახლებულ ადგილას მოხდა.

საქმის გამოძიება ადგილობრივმა პოლიციამ განსხვავებული მეთოდებით დაიწყო. თუ წარსულში ფოტორობოტის შექმნა და ნახევარი ქალაქის დაკითხვა არც ერთი მკვლელობის ფაქტზე არ მომხდარა, ამჯერად ვითარება შეიცვალა.

სამი თვეა უარყოფს რუსთავში მანიაკის არსებობას, თუმცა საქმეს სწორედ სერიული მკვლელობების სპეციფიკით იძიებს. “როგორც ვიცი, ჩვენს პოლიციას მერაბიშვილმა შემოუთვალა, რომ თუ საქმე უახლოეს დღეებში არ გაიხსნება, რუსთვის შს განყოფილებების ხელმძღვანელები არათუ თანამდებობას, არამედ შსს-ში მუშაობის უფლებას სამუდამოდ დაკარგავენ. ეს დაახლოებით ერთი თვის წინ ითქვა“ – ამბობს ჩვენი წყარო.

ვუბრუნდებით მოკლული კვარცხელიას ისტორიას. 10 თებერვალს პოლიცია აკავებს 1963 წელს დაბადებულ ზურაბ სანაის. “რუსთავის 2” დაკავების თემაზე სიუჟეტს ამზადებს და ამბობენ, რომ სანაიამ ელექტროენერგიის საერთო მრიცხველთან დაკავშირებით კვარაცხელიასთან იკამთა. მოგვიანებით კი გარეთ გასულ ქალს უკან გაყვა და ნაჯახით მოკლა.

“2011 წლის 5 თებერვალს ბრალდებულმა, სანაიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის მრავალჯერადი დარტყმით თავის არეში ჭრილობები მიაყენა მეზობელს, 1952 წელს დაბადებულ, ნათელა კვარაცხელიას. ამის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სანაია მიიმალა.

გატარებული ოპერატიული-სამძებრო სამუშაობის შედეგად ზურაბ სანაია დაკავებულ იქნა 2011 წლის 10 თებერვალს ქალაქ რუსთავში. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“ – ვკითხულობთ შსს-ს ოფიციალურ საიტზე.

ყველა ხმაურიანი საქმის გახსნის შემდეგ, დაკავებულების აღიარებითი ჩვენებების ტელევიზიით ხილვით განებივრებული საზოგადოება გაოცებულია, თუ რატომ არ მიმართა ტრადიციულ მეთოდს პოლიციამ. იქნებ, იმიტომ, რომ სანაიას აღიარება არც ქონდა? გარდა ამისა, სანაიას გარშემო სხვა კითხვაც არსებობს - შეიძლებოდა, თუ არა ფსიქიურად ჯანმრთელ ადამინს ელექტროენერგიის გადასახადისთვის, რამდენიმე ლარისთვის, რომელსაც აქამდე თურმე სისტემატიურად იხდიდა, ქალი ნაჯახით მოეკლა?

მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ ე.წ მანიაკად შერაცხული სანაია, უკვე დაჭერილია, რუსთაველებმა ამოისუნთქეს, თუმცა დროებით. მარტში ახალი ინფორმაციები გაჩნდა. 

“გავიგე, მანიაკი ბავშვებს გაკიდებია. ამბობენ ბოსტანქალაქის ქუჩის ბოლოს ვიღაც მოუკლავს” – ყვებიან რუსთაველები საზოგადოების თავშეყრის ყველა ადგილას. “ბავშვს მარტო ვეღარ ვუშვებ სკოლაში. სამსახურიდან, რომ ვბრუნდებით, უკან-უკან ვიყურებით, რომ თავში რამე არ ჩაგვარტყან. რით ვერ დაიჭირეს ეს ერთი ჭკუიდან გადასული კაცი?!” – შეშფოთებულია რუსთაველი ნუნუ ფეიქრიშვილი.

ადგილობრივების  შიშს მალევე მორიგი საზარელი მკვლელობა დაემატა. 8 აპრილს რუსთვავს ტყე-პარკში გარდაცვლილი მამაკაცის გვამი იპოვეს. ცხედარს ბასრი საგნით ათი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 59 წლის რევაზ ცერცვაძეს ყველა უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებს. ის უბრალო მუშად მუშაობდა ფილტრაციის სატუმბო სადგურის სარემონტო სამუშაოებზე.

“ჩემი ძმა ცემენტის მოსატანად გავიდა. ცოტა რომ შეაგვიანდა, დაურეკეს, მაგრამ აღარ უპასუხა. მას სხეულზე 10 ჭრილობა ჰქონდა - სამო ზურგში და შვიდი  გულმკერდში. მოგვიანებით, გვითხრეს, ჭრილობა სავრაუდოდ ხანჯლით არის მოყნებულიო.

მას არანაირი მტერი არ ყავდა. ერთი მუშა კაცი იყო. მის მკვლელობას მანიაკს მივაწერთ, რადგან იმ ადგილას სადაც ჩემი ძმა მოკლეს, ცოტა ხნით ადრე მეც ვიყავი. შავ ტანსაცმელში ჩაცმული უცხო პიროვნება ვნახე, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება. ახლა იქ ამ ადამიანის ყოფმა საეჭვოდ მეჩვენება” – ამბობს მოკლულის ძმა, ანზორ ცერცვაძე.

ცერცვაძის მკვლელობა გახსნილი არ არის, თუმცა 28 აპრილს პოლიციამ მოზარდებზე ძალადობაში ეჭვმიტანილი 24 წლის გიორგი ჯიჯიშვილი დააკავა. “აღნიშნულმა პიროვნებამ რამდენჯერმე განახორციელა მოზარდებზე მუქარა” – ვკითხულბთ შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ტელევიზიებმა მოზარდებზე მუქარაში ბრალდებული პიროვნება ე.წ რუსთაველ მაინაკად შერაცხეს. ჯიჯიშვილი კი, პოლიციის მიერ გავცელებული ინფორმაციით, თავის აღიარებით ჩვენებაში მხოლოდ მოზარდებზე მუქარის ფაქტს ადასტურებს. ცერცვაძის მკვლელობაში იგი არ არის ეჭვმიტანილი.

ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ რუსთავის პოლიციას ორმა ქალბატონმა მიმართა. ისინი 40-წლამდე ასაკის, მაღალი მამაკაცის შესახებ საუბრობდნენ, რომელიც რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე გამოეკიდათ.

დღეს, რუსთავში მანიაკზე აქტუალური თემა არ არის. ეშინია ყველას. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ და რუსთავის პოლიციამ იცის ამ მასიური შიშის შესახებ, რუსთაველებისთვის დამამშვიდებელი და დამაჯერებელი განცხადების გაკეთებას არავინ ჩქარობს.

მოსახლეობას ვერ გაუგია, რეალურად მანიაკი არსებობს, თუ უბრალოდ, რუსთავში კრიმინოგენული ვითარება უკიდურესად დამძიმდა.