დიტო გელოვანი: გვარამია-კეზერაშვილი - სიყვარული რეესტრში

დიტო გელოვანი: გვარამია-კეზერაშვილი - სიყვარული რეესტრში

ტრადიციული განვითარების ეტაპზე “რქიანი” გაცუცურაკებულ ქმარს ნიშნავდა, მოდერნულ ეტაპზე “გოიმს”, “სოფლელს” ქაჯს”. რას ნიშნავს ამ ეტაპზე სიტყვა რქიანი”? ამ კითხვაზე პასუხისათვის უნდა გავიხსენოთ სააკაშვილის ცნობილი თეორია “ჩარეცხვის” შესახებ. ამ თეორიის თანახმად, უნდა განხორციელდეს ჩარეცხვის მისტიკური აქტი (ტოლფასი წარღვნის პირველაქტის რეინკარნაციისა). წარღვის შედეგად წაილეკება ყველა ცოდვილი, ანუ არამიშისტი, და არსებობას გააგრძელებენ მხოლოდ მიშისტები. ამასთან, ხელისუფლება იმუქრება, რომ მართალია ამგვარი წარღვნა ჯერ-ჯერობით ლოკალურია და მხოლოდ საქართველოს ფარგლებში ხდება, სამომავლოდ ის გაცდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და თანდათანობით მოიცავს მთელ სამყაროს. რასაკვირველია, პირველ რიგში, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს.
(კახა კაციტაძე, „რიცხვ „სამის“ მისტიკისა და სააკაშვილური პოსტმოდერნის შესახებ“ 2011წ.)

"თავისუფალი ზონისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ოთხმა წევრმა წუხელ, ქუთაისის მერიის შენობასთან უვადო შიმშილობა დაიწყო. ამ ფორმით ისინი მხარდაჭერას უცხადებენ იმ სამ ადამიანს, რომლებიც 2 ოქტომბერს, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დააკავეს.2 ოქტომბრის აქციის მიმდინარეობისას მონაწილეებსა და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები არიან ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია“ - კვირის ბოლოს იუწყებოდა ჩემი მეგობარი სააგენტო.

ასე რომ, სამი დაიჭირეს და ოთხმა შიმშილობა დაიწყო.

სამი, ოთხი...

არც "რუსთავი 2"-ის მჯერა და არც მისი მხარდამჭერების, მით უმეტეს მათი, საშიმშილოდ რომ ზიან, თუ სხედან და ზიანს აყენებენ შიმშილობის ინსტიტუტს. მოშიმშილე, მე, სულ რამდენიმე ვიცი, ერთი - მერბ კოსტავაა, ხოლო დანარჩენები - ჩრდილოირლანდიელები, რობერტ სენდსის მეთაურობით, „ლონგ ეიჩის“ ციხეში ბოლომდე რომ იშიმშილეს.

ეგ იყო ხალხი, თორემ ესენი ხალხი არ არიან, ესენი არიან გიორგი კერვალიშვილის სულიერი, უფრო სწორად, კუჭიერი შვილები.

ხომ გახსოვთ გიორგი კერვალიშვილი... აი, უვადო, მშრალი შიმშილობა 999-ჯერ რომ გამოაცხადა, მეათასედაც რომ აპირებდა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან არც მიკროფონებმა მიაკითხეს და არც დიქტოფონებმა. ასეთია პროფესიონალი მოშიმშილის ბედი.

საერთოდ, არის ადამიანების კატეგორია, რომელთა მიერ გამოცხადებული, შიმშილობის კი არა, მარხვისა და დიეტის დაჯერებაა სრულიად შეუძლებელი, რადგან ამ კატეგორიის ადამიანები მუდმივად ჭამენ და მიირთმევენ დიდი კოვზით დედის ნახელავ ლობიოს და ბებიის მიერ მოზადებულ ბადრიჯნის ხიზილალას. დიდი კოვზების რაკარუკით, ფართხაფურთხით და მერე ტუჩების მოწმენდა ავიწყდებათ და ზედ აქვთ შემხმარი ერთი ალისტრახო, მეორე ალისტრახო, ნოემბრიდან ნოემბრამდე, დონაძე, კაპანაძე, გრიშენკო, ერთი ტელევიზიის დახურვა, მეორეს დარბევა, მესამეს წართმევა... ჰოდა, პირები გამოირეცხეთ, სანამ რამეს იტყვით, მაგალითად, ამას:

"ეს არ არის ბრძოლა "რუსთავი 2"-ის, ეს არის ბრძოლა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვისთვის, განსხვავებული აზრისთვის, დემოკრატიისთვის და მათ შორის ამ ხელისუფლებისთვის სახის შენარჩუნებისთვის, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის. ჩვენ მოგმართავთ ყველა ვითარებაში, როდესაც დაგიძახებთ, იდექით ჩვენ გვერდით, იარეთ ჩვენთან ერთად სასამართლო პროცესებზე, დავანახოთ ამ ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას ჩვენი ძალა - თავისუფალი სიტყვის და უკეთესი მომავლის რწმენა იმისა, რომ ყველაფრის ყიდვა და დაყადაღება არის შეუძლებელი. მერიდება ამას რომ ვაკეთებ, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ანგარიშს, ერთი ლარიც კი იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დაეხმარეთ "რუსთავი 2"-ს და მისი სახით თავისუფალ სიტყვას. ჩვენ პირობას გაძლევთ, რომ დავიცავთ თქვენს ინტერესებს ხელისუფლებასთან და არასდროს დაგტოვებთ მარტო პირისპირ მატყუარა ხელისუფლებასთან, რომელსაც ქართული დემოკრატიისთვის დღეს განაჩენი გამოაქვს. მოუწოდეთ ყველას, რომ აღადგინონ სტატუსკვო და "რუსთავი 2"-ს მისცენ საშუალება, გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს ხელთ არის იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ განადგურდეს და ჯერ კიდევ აზრი ჰქონდეს არჩევნების ჩატარებას. იმიტომ რომ თავისუფალი მედიაგარემოს გარეშე, არჩევნები როგორც არ უნდა ჩატარდეს, არ იქნება არჩევნები, ეს იქნება ხელისუფლების მითვისება და ამას ქართველი ხალხი არასდროს არ დავუშვებს"

სხვა ვინ იტყოდა ამას, თუ არა ნიკ გვარამია? და სხვა ვინ დაუკრავდა კვერს თუ არა გიორგი გაბუნია? ვინ ჩამოუშვებდა ცხვირს, თუ არა ნოდარ მელაძე და ვინ გადაყლაპავდა სარს, თუ არა ზაალ-ბადრიჯან უდუმაშვილი?

ახლა, რა მოხდა... კეზერა  ერ2-ს ყიდულობდა, მაგრამ გაუგეს და დიდი კოვზი იმაში ჩაუვარდათ, რასაც დიდი კოვზებით მიირთმევენ. ახლა, დგანან და მათხოვრობენ, თითო ლარი გადმოგვირიცხეთო. კეზერამ რომ გადმოურიცხოთ - არა? რატომაც არა! ოღონდ, ეგრე, პირდაპირ კი არა, არამედ ირიბად. მაგალითად, კეზერა შემოვლითი გზებით ურიცხავს თავისუფალ დემოკრატებს, ურიცხავს სოროსის ფონდს, ურიცხავს თავისუფლების ინსტიტუტს და სხვა ენჯეოებს, ურიცხავს ვიღაცეებს და ა.შ. ესენი კი, თავის მხრივ, ურიცხავენ ერ2-ს. ჩვეულებრივი სქემაა, თითქოს არანაირი რისკი, მაგრამ ეს - ერთი შეხედვით, სინამდვილეში კი რისკი დიდია, რისკი იმისა, რომ გადააგდებენ. ეგეთი, სიტყვიერი შეთანხმება და შეთანხმების  შესრულება წესიერ ხალხში მოდის, ამათში კი, რომელია წესიერი?

აი, მაგალითად, ერთი შეხედვით, წესიერი ამბავი: „არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას "დაიცავი თავისუფლება" იწყებენ. კამპანიის მიზნების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რუმს ჰოტელში" გაიმართა. კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოში რუსული ნარატივის მხარდაჭერა იზრდება. ასევე, გაზრდილია პრორუსული და რეაქციული პოლიტიკოსების მხარდაჭერა და მაღალია ალბათობა, რომ ეს ძალები 2016 წლის არჩევნებზე ბარიერს გადალახავენ. სწორედ ამიტომ აქციის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ საჭირო იქნება იმ მითების გაფანტვა, თითქოს დასავლეთი ქართულ იდენტობას და ტრადიციას ასუსტებს, იმის ილუსტრირება, თუ რა ხელშესახები შედეგი ექნება ევროინტეგრაციას ქართული საზოგადოებისთვის, ამ მიზნით ისინი მოსახლეობასთან, მათ შორის რეგიონებში ინტენსიურ შეხვედრებს გამართავენ“.

რომელ წესიერ ადამიანს მოუბრუნდება ენა, რომ თქვას, თითქოს აღნიშნული კამპანიის მიზანი ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს? „დიახ, რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი  აგრესორია, რუსეთი ბოროტი ჯოჯოა, მაგათი დედაც, პუტინ ხუილო!!!“ - ამას ვამბობ მე, პურის რიგში გარდაცვლილი თერაპევტი. გარდაცვლილი  ვარ და ლოგიკურია, რომ „რუმს ჰოტელში“ არ ვიმყოფებოდი, მაგრამ სამაგიეროდ იმყოფებოდნენ და დამფუძნებლობაც იკისრეს ამათ: ტაბულა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ((GFSIS), Georgian Review, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ფონდი ALPE, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ფორმულა კრეატივი, თავისუფლების ინსტიტუტი, Altervision Group, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS).

ა, ბატონო, ისევ მეორდება ისტორია. როგორც ექვსი წლის წინ, სრულიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში შემოიარეს და 47 ათასი ევრო დახარჯეს 11 მარტივი ცნების ჩამოსაწერად, დაირქვეს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ და ახლა, ვინც მათთან არის მდიდარი და ეთიკურია, ხოლო ვინც მათთან არ არის - უზრდელი და მათხოვარი.

ტაბულა, ალპე და თავისუფლების ინსტიტუტი რომ დაიწყებს დასავლური ღირებულებების პროპაგანდას, სწორედ იქ იწყება დასავლეთის დედის ხსენება, სტალინი და პუტინი კი მამები არიან.

და თუ ვინ არის მათხოვარი, ამ სტრიქონებიდან შეიტყობთ: „...მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში რეგიონებში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ პრორუსული ორგანიზაციები, რომლებსაც ულევი ფული და რესურსი გააჩნიათ, გადიან რეგიონებში და ცდილობენ გავლენა მოახდინონ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ერთგვარ ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან. რაც შეეხება იმას, თუ რა ფინანსებით აპირებენ აღნიშნული კამპანიის განხორციელებას პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები, ტაბლიაშვილი აცხადებს, რომ ეს არის საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული კამპანია, რომელიც დამოკიდებული იქნება შემოწირულობებზე და ადამიანების კეთილ ნებაზე“.

ანუ, იმ ხალხს, მე რომ პრესა.ჯი წამართვა, ჩემი კეთილი ნებით უნდა მივცე ფული, რისთვისაც უნდა გავყიდო ფორ.გე, და თუ ასე არ მოვიქცევი, მოვლენ ხელისუფლებაში და ფორ.გე-ს წამართმევენ. ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო, ძმაოო... თქვენ კი ჩაგითრიათ არმაგედონის ზანგმა.

„კამპანიის "დაიცავი თავისუფლება" ფარგლებში შემდეგი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს თითოეულ რეგიონში შედგება სამდღიანი ვიზიტები და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა შეხვდეს და გაესაუბროს საზოგადოების გამოჩენილ წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილოს ის პრობლემები, რასაც აწყდება და მოისმინოს ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტები საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის სასარგებლოდ“ - ესეც იმ ოპერიდან არის. ტირიან, ფული არ გვაქვსო, ერთი წლის განმავლობაში თითოეულ რეგიონში სამდღიანი ვიზიტები კი უკვე დაგეგმილი აქვთ..

„რაც შეეხება პოლიტიკოსების ჩართვას აღნიშნულ კამპანიაში, ორგანიზატორების თქმით, ეს არ იგეგმება“ - ყველაზე საინტერესო კი, ეს არის, თუმცა იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც - სასაცილო.

აი, სად არის საჭირო დაგინების ინსტიტუტი!

ჩემი ვასალის ვასალი, ჩემი ვასალი არ არისო - ეს ადრე იყო. დღეს ვასალებს დამფუძნებლები ქვიათ, დამფუძნებლის დამფუძნებელი კი, თავად არის დამფუძნებელიც, მმართველიც და წარმმართველიც. მაგალითად ერ2-ის დამფუძნებელი არის შპს „ტელეკომპანია საქართველო“, რომლის დამფუძნებლებიც არიან ძმები ყარამანაშვილები, ხოლო ძმები ყარამანაშვილები, როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის მიერ არიან დაფუძნებულები. რაც შეეხება სოფელ-სოფელ მოსიარულე ევროპროპაგანდისტების გაერთიანებას, სხვებს რომ თავი დავანებოთ, აქ ჩერგოლეიშვილის გვარიც კმარა სიტუაციის მთელ სიტუტუცეში რომ დავრწმუნდეთ.

სოფელ-სოფელ მოწანწალე ევროპროპაგანდისტების გაერთიანება დააფუძნა ჩერგო-თამარამ, ხოლო ჩერგო-თამარას დამფუძნებელი მამა, ესეც ყველამ იცის, ისევ და ისევ ის არის - მიხეილ სააკაშვილი. და თუ ვინ არის თავად სააკაშვილის დამფუძნებელი, არც ეს წარმოადგენს საიდუმლოს - კაგებესა და ფეესბეს გენერალი, თემურ ალასანია.

რას გაუგებ ამ კაგებეშნიკებს!..

მოკლედ, წრე შეიკრა - რუსეთმა დააფუძნა კაგებე, კაგებემ დააფუძნა ალასანია, ალასანიამ - სააკაშვილი, სააკაშვილმა - ჩერგოლეიშვილი, ხოლო ჩერგოლეიშვილმა - სოფელ-სოფელ მოსიარულე ევროპროპაგანდისტების გაერთიანება.

ამათ რომ კაცი შეხედავს, იფიქრებს რამე კარგს  და კეთილს ბებერ ევროპაზე? უმალ, ბებერ დედას და ნორჩ კეთილებს მოუხსენიებს და იქნება ასე. თუმცა, მაგათაც რომ არ შეხედო, ისედაც არაფერს იფიქრებ კარგს. სწორედ გასულ კვირაში იყო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ცნობილი რეზოლუცია რომ მიიღო. ისე, საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის დამადასტურებელი ათასობით რეზოლუციისა  და ერთი „მაპზე უკეთესის“ შემდეგ სხვას რას უნდა ელოდო, მაგრამ, უბრალოდ, გულდასაწყვეტია, ტეთჩერის, კოლის და მიტერანის შემდეგ, „ლედ ზეპელინისა“ და „პინკ ფლოიდის“ შემდეგ, ჯორჯ ბესტისა და ფრანც ბეკენბაუერის შემდეგ, კამიუსა და ორუელის შემდეგ, ევროპა ოლანდის, ბიონსეს, გეგა გობეჯიშვილის და პაულო კოელიოს საჯიჯგნი რომ გახდა.

დიახ, პუტინი არის „ხუილო“, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა და მთელი ეს ენჯეონიკები არიან პუტინის „ხუილო“. შეგნებულად თუ შეუგნებლად - ეს სხვა საკითხია.

ევროპის სახალხო პარტია... ნუუუ, დამბურძგლა და გამაჟრიალა. 25 წლის წინ უსიტყვოდ მივენდობოდით, ამ 25 და, განსაკუთრებით კი, ბოლო 10-12 წელიწადში იმდენი ქნეს, ბევრს ევროპის გაგონება აღარ სურს. მერე და მერე, ნელ-ნელა გაგვახსენდა, რომ ეგეთებმა მიუგდეს საქართველო სტალინის რუსეთს, ჩეხეთი - ჰიტლერის გერმანიას... ეგეთები მიუგდიათ? ჩვენ მოგვიგდეს „მაპზე უკეთესი“.

თქვენ კი მოგიგდოთ არმაგედონის ზანგმა და ფორმის პიკზე მყოფმა მენი პაკიაომ!!!

ევროპა დაბერდა, დაივიწყა ევროპული ფასეულობები - ძმობა ერთობა, თავისუფლება - და ახალი ფასეულობებით ცხოვრობს - გენდერი, ტენდერი, ბლენდერი, ანუ - ვისი ვისაში.

აბა, ეს თუ არ არის „ვისი ვისაში“, მაშ რა არის? აი, ეს: „პედრო აგრამუნტი: ის, რომ ყოფილი ხელისუფლების ნახევარი ციხეშია, ხოლო მეორე ნახევარმა ქვეყანა დატოვა, შემაშფოთებელია“.

ოეეე, ქოცებოოო... შემაშფოთებელი ის არის, რომ ყოფილი ხელისუფლების ნახევარი ქვეყნის მართვაში მონაწილეობს, მეორე ნახევარი კი თავისუფლად დასეირნობს. აი, ეს არის შემაშფოთებელიც, აღმაშფოთებელიც და ყველანაირი „შფოთებელიც“.

არველაძემ გადაკოცნა კობიაშვილი, შემდეგ ქუჩაში გამოვიდა, ცას ახედა და თქვა, ბუნება ტირისო - ეს დამფიქრებელია.

„ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ასეთი ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა. ეს რომ მეფიქრა, არც ჩემს თავს და არც ოჯახს არ ვანერვიულებდი. ყველაფერი კეთდებოდა უზენაესი მიზნისთვის - დიდი ფეხბურთისთვის და რაც გამოვიდა, გამოვიდა. უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი. მე არ ვამბობ, რომ ეს კობიაშვილის ბრალი იყო. ეს ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ. არა უშავს, გავუძლებ და მე ისევ ისე ამაყად ვივლი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში", - განაცხადა არველაძემ.

ჰო, აი, არც მე ვარ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, არც ვყოფილვარ, არც ვიქნები და არც მინდა, არც მე და არც სხვას. ყველამ თავისი საქმე აკეთოს, კობიაშვილმა ფეხბურთი, ოღონდ არა რაგბის ხარჯზე, რომან ფიფიამ კი - ფული, ოღონდ არა გუბაზ დოლიძის ხარჯზე. და არც ელისო მარგიშვილს ვურჩევ სხვის ხარჯზე მობილური ტელეფონის აქსესუარების ყიდვას.

ისე, ორი თუ სამი კვირის წინ ვთქვი, ქეთი დოლიძემ და გურანდა გაბუნიამ რომ დაუჭირონ მხარი, ბებიაჩემიც  გახდება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი-მეთქი. არ ყოფილა პროგნოზების კეთება ჩემი საქმე, რაც იმას ნიშნავს, რომ მე უკვე ექსპერტი ვარ.

ვუშვებ წვერს, ვიკეთებ სათვალეს, ხელში გაზეთები, მხარზე ლეპტოპის ჩანთა...

ფუი ეშმაკს, ფუი, ფუი!!!

ე.კ. (ეჰ, კახა...) რა არის წარღვნასგადარჩენილი მიშისტის მთავარი თვისება? ეს კარგად ჩანს გამონათქვამში, რომელსაც ხელისუფლების მომხრეებში კომპლიმენტის სახე აქვს: “არაკომპეტენტური მაგრამ ეფექტიანი”. ესაა ადამიანი, რომელიც “ეფექტიან” შედეგს აღწევის არა ცოდნით, გამოცდილებით, თავის თავზე მუშაობის უნარით ან განათლებით, არამედ იმით, რომ ის “ბოლომდე მიმწოლია”. ანუ “რქიანი” აწ იღებს “რქებით მიმწოლის”, “ბოლომდე მიმწოლის” მნიშვნელობას. ასეთი “ბოლომდე მიმწოლის” წინაშე წაყენებული მოთხოვნები განსაზღვრულია ცნობილ “ნორჩი ზვიადისტის გზისმკვლევში”.
(კახა კაციტაძე, „რიცხვ სამის მისტიკისა და სააკაშვილური პოსტმოდერნის შესახებ“ 2011წ.)