ქართველი ვეტერანებისთვის ახალი პროექტები ამოქმედდება

ქართველი ვეტერანებისთვის ახალი პროექტები ამოქმედდება

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ბორჯომში მედიასემინარი გამართა, რომლის მიზანი იყო მედიისა და საზოგადოებისთვის გაეცნოთ იმ ახალი პროექტების შესახებ, რომელსაც „საქართველო ვეტერანებისთვის“, ფორტუნა ჰოლდინგი და საქართველოს მთავრობა ქართველი ვეტერანებისთვის გეგმავს. პრესკონფერენციაში მონაწილეობა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანლმა ირაკლი შიხიაშვილმა, ებრაელმა ბიზნესმენებმა და ქართველმა ვეტერანებმა მიიღეს.

ამ ეტაპისთვის სამი პროექტის - „ქართული მოშავის“,„ფასდაკლების სავაჭრო ქსელის“ და „ვეტერანთა ტაქსის სერვისის“ განხორციელება იგეგმება.

როგორც ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, პროექტების მთავარ მიზანს ქართველ ვეტერანთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვა და ღირსეული ადგილის დამკვიდრება წარმოადგენს.

„ეს პროექტები ძალიან აქტუალური იქნება ვეტერანებისთვის. ხალხი, რომელთაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დაიშურეს სამშობლოსთვის, ბევრად მეტს იმსახურებენ. რამდენიმეთვიანი სერიოზული მუშაობის შედეგად, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ფაქტიურად, დასასრულისკენ მიგვეყვანა ეს პროექტები. ჩვენი მთავარი მიზანი გახლდათ, რომ ებრაელების ცოდნა და გამოცდილება გამოგვეყენებინა და ჩვენი ვეტერანებისთვის ღირსეული ცხოვრების, მუშაობის და საზოგადოებაში ჩართვის სრულყოფილი გამოცდილება მიგვეცა, გვეზრუნა იმაზე, რომ აგვემაღლებინა მათი ცხოვრების დონე და მიგვეცა მათთვის იმის განცდა, რომ ქვეყანა არ ივიწყებს თავის გმირებს. ამ პროექტების ამუშავების შემდეგ, ისინი აღარ იქნებიან დამოკიდებულნი სახელმწიფო დახმარებაზე და მათ თვითონ მიეცემათ საკუთარი ოჯახების შენახვის საშუალება “, - აღნიშნა შიხიაშვილმა.

ჰარპერ ბოასმა და ნირ ბარაკეტმა დამსწრე საზოგადოებას სამივე პროექტი წარუდგინეს, გააცნეს მათი მიზნები და მიმდინარეობები.

როგორც ნირ ბარკეტმა განაცხადა, „მოშავის“ ანუ დასახლებების ჩამოყალიბება ხელს უწყობს არა მარტო მიგრაციის პროცესის შეჩერებას სოფლიდან ქალაქისკენ, არამედ ადგილობრივი პროდუქციის წამოების განვითარებასაც და რაც მთავარია, ამ შემთხვევაში, დაეხმარება ქართველ ვეტერანთა დასაქმებას და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საშუალებას აძლევს საქართველოს აგროკულტურების ქვეყნიდან, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.

„ის მიწა, რაც თქვენ საქართველოში გაქვთ, ეს არის ღმერთის წყალობა. ის, რაც ჩვენ ისრაელის ხრიოკ მიწაზე შევძელით, თქვენ ბევრად გაგიადვილდებათ. ჩვენ ჩამოვიყვანთ სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებს ისრაელიდან, რომლებიც კურირებას გაუწევენ სოფლი მეურნეობის აქტივობებს“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ბარკეტის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების და საპარტნიორო ფონდის ჩართულობით განხორციელდება „ქართული მოშავის“ მშენებლობა.

„პირველ ეტაპზე იგეგმება 550 ოჯახის ჩაახლება სოფელში და მიხარია, რომ ქართველმა ვეტერანებმა უკვე გამოთქვეს სურვილი. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ თქვენი მიწის რესურსებს, მივცემთ ვეტერანებს იმის საშუალებას, რომ დაბალ პროცენტში აიღონ სესხი, მოხდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის, სასათბურე მეურნეობების და სასაქონლე მეურნეობების განვითარება. ვეტერანებს ექნებათ იმის საშუალება, რომ აიღონ მაღალი ხელფსი, რაც არა მარტო ოჯახის გამოკვების, არამედ სესხის გადახდის საშუალებასაც მისცემს და რაც მთავარია, პროდუქციას, რომელსაც ვეტერანები აიღებენ სეზონზე, ისინი შეინახავენ სასათბურე მეურნეობებში და შემდეგ უკვე, არასეზონზე მას მაღალ ფასში გაყიდიან, ბაზრების მოძიებაში კი ჩვენ დავეხმარებით. ამით არა მარტო ვეტერანი, არამედ სახელმწიფოც მოიგებს და მის ბიუჯეტშიც ფული შევა. ჩვენ გვინდა ქართველ ვეტერანებს ვასწავლოთ თევზის ჭერა და არ მივცეთ მხოლოდ თევზი, ერთჯერადი დახმარების სახით“, - განაცხადა ებრაელმა ბიზნესმენმა.

ირაკლი შიხიაშვილის განმარტებით, დაგეგმილია „ქართული მოშავების“ გაშენება მარნეულის, ბოლნისის, წალკის, ახალქალაქის, ადიგენის, დუშეთის, კახეთის, ახალგორის, თრუსოს ხეობაში,აჭარის მთიანეში.

„თუ დავაკვირდებით, დავინახავთ რომ ისინი საქართველოს საზღვრებს მიჰყვებიან, გვინდა რაც შეიძლება მეტი „მოშავის“ ჩამოყალიბება მოხდეს ბუფერულ ზონებში და ამით საქართველოს ერთგვარი აბჯარი შემოვავლოთ“, - აღნიშნა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა.

ბიზნესმენმა ჰარპაზ ბოაზმა პროექტებზე „ვეტერანტა ტაქსის სერვისი“ და „ფასდაკლების სავაჭრო ქსელის შესახებ“ ისაუბრა. ბიზნესმენის განმარტებით. „ვეტერანებს საშუალებას მიეცემათ დაბალ ფასად, იჯარით გამოიყვანონ ახალი ეკო-მანქანები და გახდნენ ტაქსის ოპერატორები, ფასდაკლების სავაჭრო ქსელებში კი ვეტერანებს 30%-იანი ფასდკალება ექნებათ.

„ვეტერნების ტაქსის სერვისი იქნება ყველაზე მიმზიდველი, დაცული და სანდო სერვისი, პირველ რიგში, ის ხელს შეუწყობს ვეტერანების დასაქმებას, მეორე და მთავარი, შემცირდება გარემოს დაბინძურება. პროექტის ფარგლებში 3000-მდე ჰიბრიდული ტაქსის შემოყვანა იგეგმება. რაც შეეხება მეორე პროექტს, ვეტერანებს არა მარტო 30%-იანი ფასდაკლება ექნებათ, არამედ მთლიანად ქსელი შეისყიდის ქართულ პროდუქციას ქართველი გლეხებისა და მწარმოებლებისგან და მოახდენს ამ პროდუქციის რეალიზებას. მოახდენს ქართული პროდუქციის ექსპორტს. ჩვენ გვინდა საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს. ფასდაკლების ბარათი იმოქმედებს ჯანდაცვის სექტორში, დაზღვევის, განათლების სფეროებსა და აგრეთვე გართობის სფეროშიც, რადგან ვეტერანებიც საზოგადოების ისეთივე სრულყოფილი წევრები არიან, როგორც ყველა დანარჩენი, კიდევ უფრო მეტად ღირსეული, რადგან ისინი სწორედ ამ საზოგადოების და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძოდნენ“, - აღნიშნა ბოაზმა.

ქართველი ვეტერანების სახელით სემინარის მონაწილეებს ვიცე-პოლკოვნიკი დავით გულუა მიესალმა და აღნიშნა, რომ ამ ყურადღებას და დაფასებას ვეტერანებისთვის, მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ ვეტერანებს ხშირად გვეხათრება საკუთარ გაჭირვებაზე საუბარი, როდესაც ქვეყანაში ამდენი სოციალურად დაუცველია. დღე კი ყველა მოლოდინში ვართ, ყველას იმედი გაგვიჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ არავიზე დამოკიდებულნი არ ვიქნებით, თუ ჩვენ თვითონ შეგვეძლება მუშაობა და საკუთარი თავის და ოჯახის რჩენა, ეს ყველაზე საუკეთესო იქნება ვეტერანებისთვის“, - აღნიშნა გულუამ.