მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც ლარის კურსზე დადებითი გავლენა უნდა მოეხდინა. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუმჯობესებულია, მაგრამ ეროვნული ბანკის პოლიტიკის ნეგატიური ზემოქმედების გამო, მოხდა საპირისპირო რამ - მეორე კვარტალში ლარი დასტაბილურების ნაცვლად, კვლავ გაუფასურდა.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თუ 2014 წლის მეორე კვარტალში დეფიციტი 423 მილიონ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 354 მილიონ დოლარამდე ჩამოვიდა. პარალელურად გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ტრანსფერები, რამაც დადებითი როლი შეასრულა სავაჭრო დეფიციტის დაფინანსებაში. კვარტალი კვარტალთან შედარებით, 2015 წელს 5,6%-ით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 379 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ტრანსფერების მოცულობა 15,3%-ით გაიზარდა 423 მილიონ დოლარამდე.
„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2015 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 10,4% შეადგინა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 10-წლიან მონაკვეთში, თუ არ ჩავთვლით 2013 წელს, როდესაც რუსული ემბარგოს გაუქმების შემდეგ ადგილი ჰქონდა ექსპორტის მკვეთრ მატებას.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სრულად იქნა გადაფარული პირდაპირი ინვესტიციებით, სესხებით და სხვა წყაროებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 89%-ით და 354 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო სესხების სახით შემოდინება გაიზარდა თითქმის 9-ჯერ, შარშანდელი 21 მილიონ დოლარიანი მაჩვენებლიდან წლევანდელ 184 მილიონ დოლარამდე.
შედეგად, თუ იმპორტის მაღალი დონის და სხვა მიზეზების გამო მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ადგილი ჰქონდა 354 მილიონი დოლარის გადინებას, ინვესტიციების, სესხების და სხვა წყაროების საშუალებით შემოდინებული იქნა 368 მილიონი დოლარი, ანუ შემოვიდა 14 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე გავიდა“, - აცხადებს ჭიჭინაძე.
მისი თქმით, აღნიშნული სტატისტიკაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ლარის შემდგომი გაუფასურების საფუძველი არ არსებობდა. როდესაც ვალუტის შემომავალი ნაკადი დაბალანსებულია და კურსი მაინც უფასურდება, რჩება ერთადერთი ფაქტორი, ეს არის შიდა ფაქტორი და ამ შემთხვევაში ეს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რომელიც ნეგატიურად აისახებოდა ლარზე.
„უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინების ახალმა სტატისტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და გაამყარა ის პოზიცია, რომელიც აფბას ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან მიმართებაში უჭირავს. ეროვნული ბანკის ე.წ. „იაფი ლარის“ პოლიტიკამ, რაც რბილ მონეტარულ პოლიტიკაში გამოიხატებოდა, ლარს არ მისცა გამყარების საშუალება“, - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.
ეკონომისტ მირიან გოგიაშვილის განცხადებით, მე-2 კვარტალში სწორედ ლარის კურსის გარკვეულ ნიშნულამდე გაუფასურებამ გამოიწვია საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესება. აღნიშნული ტენდენცია მომდევნო თვეებზე უნდა გავრცელებულიყო.
„ლარის კურსის გარკვეულ ნიშნულამდე გაუფასურებამ გამოიწვია ბალანსის გაუმჯობესება, ანუ ექსპორტთან ერთად შემცირდა იმპორტის მაჩვენებელიც. შესაბამისად, წინა პერიოდთან შედარებით, ფულის მყისიერი მოთხოვნა შემცირდა. აქედან გამომდინარე, ეროვნული ვალუტის მასშტაბური გაუფასურება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდარიყო.
ყველა გარე ფაქტორები და წმინდა ეკონომიკური მონაცემები გაუმჯობესებულია, გარდა რეფინანსირების კომპონენტისა. თუ ანალიზს ჩაატარებს ვინმე, დააჯამებს ყველა მაჩვენებელს, ცხადი გახდება, რომ მაკროეკონომიკურმა კომპონენტებმა ერთმანეთი დააბალანსა და პრობლემური დარჩა მარტო რეფინანსირების სესხების მოცულობა, რომელიც არის პირდაპირ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა“, - ამბობს მირიან გოგიაშვილი.