რეზო არველაძე, როგორც ანასტას მიქოიანი

რეზო არველაძე, როგორც ანასტას მიქოიანი

რაც ახლა ფეხბურთში და ამ სახეობის ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებით ხდება, ზოგისთვის სასაცილოა, ზოგისთვის – ტრაგედია. ალბათ, ეს ისტორია სასაცილოცაა და ტრაგიკულიც, რადგან სათავეს უკრაინაში გახიზნული მაოხრებელი გზირის ახირებებიდან იღებს.

სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაუდო სათავე განუკითხაობასა და სიბინძურეს, რომელმაც შედეგად ქართული ფეხბურთი გაანადგურა და ისედაც არაერთგვაროვანი ეს სამყარო კიდევ უფრო დაანაწევრა. მან მთავარ მიაღწია – დაყო და იბატონა. ამიტომაა, დღეს ამ სამყაროში ერთმანეთს ახსენებენ, წარსულში ვინ რა მიქარა და ფეხბურთის ფედერაციის წინასაარჩევნოდ მყრალი ვითარება რომ არის. იარაღი რომ ჰქონდეთ, ერთმანეთს დაუნანებლად ესროდნენ. ის კი, ალბათ, ოდესაში (მომხიბლავი ლამაზმანი ჩინოვნიკების გარემოცვაში) იცინის, ჩემს დროს ამას ვინ გაბედავდაო.

რეზო არველაძის ელასტიურობა “Ленин - жил, Ленин - жив, Ленин - будет жить!” – ეს ფრაზა არველაძეზე ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ თქვა.

კომუნისტებისდროინდელი ჩინოვნიკი ანასტას მიქოიანი ტიფლისის გუბერნიის სოფელ ბორჩალოში დაბადებული კომუნისტი გახლდათ და წითელი იმპერიის იერარქიაში სტალინი-ბერიასავით ვერ “გაქაჩა”, მაგრამ წლების განმავლობაში ზედაპირზე ტივტივებდა. გარდაიცვალნენ ლენინი და სტალინი, მალენკოვი გადააგდეს, მერე ხრუშჩოვიც ზედ მიაყოლეს, მიქოიანი კი ბრეჟნევის პერიოდამდე მაღალ პარტიულ პოსტებზე მუშაობდა, მისი სახელი კი მლიქვნელობასთან და მედროვეობასთანა არის გაიგივებული. ასეთივე ელასტიური გამოდგა რევაზ არველაძე და შემთხვევითი არაა, რომ მუდმივად ფეხბურთის ზედაპირზე ტივტივებს. რასაკვირველია, სიჭინავა ამას გულისხმობდა.

სხვათა შორის, რეზის ზედმეტსახელად “მიქოიანს” ეძახიან.

მისი თანატოლები გაოცებულები იყვნენ - არველაძე დიდად ნიჭიერი არ ყოფილა, მაგრამ ნაკრებში მაინც მოხვდა. 1994 წელს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი მოლდოვასთან პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა. ძმებმა არველაძეებმა თამაშამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრე ჩივაძეს ულტიმატუმი წამოუყენეს, ან სამივე ვითამაშებთ, ან არცერთიო. “გავრილოვიჩი” მათ ხუშტურებს დათანხმდა, რადგან შოთა და აჩიკო ნაკრებს სჭირდებოდნენ და, რეზიც ათამაშა. ერთი წლით ადრე რეზი გერმანიის ბუნდესლიგის “კიოლნში” გადავიდა. არც ეს ამბავი დარჩა ჭორების გარეშე. ამტკიცებენ, თითქოს გერმანელები გოჩა ჯამარაულს ელოდნენ, მერაბ ჟორდანიამ კი რევაზ არველაძე ჩაუყვანა.

“დინამოს” მაშინდელი პრეზიდენტის ყოფილი მეუღლე მაკა ასათიანი რეზის მეუღლის, თეონა თავართქილაძის მამიდაშვილია. ამტკიცებენ, რომ ჟორდანიამ ჯამარაული ამიტომ “მოტეხა”.

ფეხბურთელის კარიერა თბილისის “დინამოში” დაასრულა და 2001 წელს გუნდის პრეზიდენტი გახდა. შსს-ს მაშინდელმა მინისტრმა, კახა თარგამაძემ გუნდი არველაძის ქვისლს, მერაბ ჟორდანიას ჩამოართვა, რეზო კი მის უახლოეს მეგობრად ითვლებოდა. გაუგებარია, რატომ ენდო შს-ს ყოფილი მინისტრი ჟორდანიას ქვისლს. ისე, შესაძლოა, ძალიანაც ადვილი ასახსნელიც იყოს.

დღეისათვის ჟორდანია და არველაძე ერთად აღარ “ძოვენ”. ექს-პრეზიდენტი მასზე ნაწყენია, რადგან რეზი ფეხბურთის ფედერაციაში მისი დაკავების შემდეგაც დარჩა. ეს იმ დროს, როდესაც ნოდარ ახალკაცი-უმცროსმა წინამორდების ლამის ყველა კადრი გაყარა. ტყუილს ვერ ვიტყვით, არველაძის მოშორებაც სურდა, მაგრამ ნაღდ თბილისელს ბევრი ნაცნობი ჰყავდს, მიდგა-მოდგა, შეაწუხა ხალხი და გოკა გაბაშვილს მიადგა, რომელიც მისი ძმაკაცი გახლდათ. მერე ახალკაცმა არათუ ვერ მოიშორა, გვერდშიც დაიყენა და ჭკუასაც ეკითხებოდა.

ამავე პერიოდის ამბავია, უახლოესი მეგობარი, გიორგი ნემსაძე, გაბაშვილის ნაცბანდის პოლიტიკურ ინტერესების გამტარებელ ნოდარ ახალკაცზე რომ გაცვალა. რეზის გაშვება სიჭინავასაც სურდა, რომელიც თავდაპირველ პრესკონფერენციებზე მის მიმართ მწარე და ხშირად, შეურაცხმყოფელ რეპლიკებს არ იშურებდა. მაგრამ ნაციონალებმა “შრომა” დაუფასეს და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი 2009 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივნად დანიშნეს. ცხადია, სიჭინავაც “დათბა” და ერთი ადგილი დააყენა.

ახლახანს არველაძემ ინტერვიუში თქვა, 2007 წლის 13 მაისს პრეზიდენტობიდან ნახევარ საათში გადაყენებულ ნემსაძეს ვიცე-პრეზიდენტობა შევთავაზე, კაცის საცოდაობით გული მიკვდებოდაო. ახლა ვინმე დაიჯერებს, რომ იმ დროს არველაძე დამოუკიდებლად რამეს გადაწყვეტდა?

მარგველაშვილი და ელიტა ამბობენ, რომ ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ არველაძეს თამაზ მეჭიაურისგან მქსოველ “ენჯეოშნიკად” მონათლული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იმედი ჰქონდა, აქაოდა, სიჭინავას შემდეგ პრეზიდენტად “გამაპრავებსო”. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში ვიზიტად ჩამოსულმა უეფას პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ საქართველოს ხელისუფლებაში მოსულ ბიძინა ივანიშვილს თხოვა, სიჭინავა და მისი ამფსონი არველაძე არ გაეშვათ. მინიმუმი მოახერხა, მაგრამ ის სულ პროგრამა-მაქსიმუმზე ოცნებობდა. მარგველაშვილმა “ენჯეოშნიკური” სულისკვეთება ვერ დამალა, ივანიშვილი გადაიმტერა და არველაძეს ახალი პატრონის მოძებნა დასჭირდა. ბედის ირონიაა. კაცი იძახის, მსოფლიოს ჩემპიონს, მუხრან ვახტანგაძე აჭარის მთავრობამ ფეხბურთის დელეგატად დაგვინიშნა, მოჭიდავეს ფეხბურთის ბედის გადაწყვეტას ვინ ეკითხებაო. ამ დროს, მისი წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდნენ TBC-ბანკისა და “კოკა-კოლას” ხელმძღვანელობა, რეჟისორები ელდერ შენგელაია, რობიკო სტურუა და ქეთი დოლიძე (დეიდამისია), კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე, ეკა მამალაძე, გურანდა გაბუნია, ნინო ანანიაშვილი, დავით ევგენიძე, “ოცნების” პარლამენტარები - ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე, ნიკო ლეკიშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, აგრეთვე, ლევან ვასაძე. ვითომ, ფეხბურთში ეს პატივცემული ადამიანები უფრო კარგად ერკვევიან, ვიდრე ვახტანგაძე?

ცხადია, დეიდა ქეთევანს არ ვგულისხმობთ.

ისე, რაც იცის, ვერ წაართმევ. ცხადია, ამ პატივცემული საზოგადოების თავშეყრებაზე გაბაშვილი და მარგველაშვილი არ დაუპატია, ეს კონიუქტურულ ამბავში კარგ ტონად არ ჩაეთვლებოდა. ახლა ეს “ძმაკაცები” სახალხოდ აღარ სჭირდება. მაგრამ ისინი ფარულად მაინც ძმაკაცობენ. არველაძისადმი “რუსთავის 2”-ის მხარდაჭერა აჩვვენებს, ვინ არის ძველი ხელისფლების ფავორიტი და ვინ – ახლის. მი-შე-ლ! მიშველე! ახლა რეზი მიშელ პლატინის ეძმაკაცება. თავის ფეიქსბუკ-გვერდზე ხშირად აქვეყნებს უეფას პრეზიდენტთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრის თუ საუბრის კადრებს. ასევე იმეორებენ არველაძის მიერ კონტროლირებადი ჟურნალისტები (“რუსთავი2”, “მაესტრო”, “TV პირველი”). ამტკიცებენ, უეფაში მართლაც ჰქონდათ იმედი, რომ ქართულ ფეხბურთს არველაძე უხელმძღვანელებდა. ამ საკითხზე კითხვა რომ დაუსვეს, არველაძე თემას გაექცა, თუმცა, ამაყად თქვა, უეფაში არჩევნებში ჩემი მონაწილეობა გაუხარდათო.

ევროპის სუპეთასის მატჩზე თბილისში ჩამოსული უეფას მაღალჩინოსნები ხელისუფლების წონიან პირებს მიანიშნებდნენ, რომ არველაძე ფედერაციის პრეზიდენტი გამხდარიყო, კობიაშვილი – პროფესიული ფეხბურთის ლიგის, თუმცა ვითარება შეიცვალა.

ყველაფერი უეფას იმ წერილით დაიწყო, მედია-ზონდერებმა რომ აიტაცეს, ევროპიდან სახელმწიფო გააფრთხილეს, ფედერაციის საქმიანობასა და არჩევნებში ცხვირი არ ჩაყოთო. არჩევნები ფეხბურთის ფედერაციაშიც არჩევნებია და ოტო ბისმარკის არ იყოს, ახლა დიდი ტყუილების დრო დადგა. გაირკვა, რომ ეს სპორტული აფერისტობა იყო, უეფა კი მსგავსს არაფერს წერდა.

უეფამ საქართველოში გამოგზავნილ მეორე წერილში პირდაპირ მოითხოვა, ამ ორგანიზაციის სახელით სპეკულირება შეეწყვიტათ. ხომ არ იცით, უეფა ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეში ვის გულისხმობდა? მოკლედ, ეს თემა ჩაიფარცხა და რევაზ არველაძე მძიმე ვითარებაში ჩავარდა.

რუსთავი-2 რასაც წარმოადგენს, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ უტიფრობასაც აქვს საზღვარი. 2007 წლის 13 მაისს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩეული გიორგი ნემსაძე ნაციონალებმა რომ გაიტაცეს და გადადგომა აიძულეს, ეს სიახლე ქვეყანას “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა “ლოკომოტივის” სტადიონზე სახელდახელოდ მოწყობილი ჩართვიდან აუწყა. იქ მას ნემსაძე ძალით მიჰგვარეს და კომენტარი ჩააწერინეს. ახლა ამ ტელევიზიის ჟურნალისტები ლევან კობიაშვილს კითხვას - ერევა თუ არა სახელმწიფო და მისი მეგობარი ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ფედერაციის არჩევნებში - პრესკონფერენციებზე “ალილუასავით” უმეორებენ. 13 მაისს თავისი წილი ნაციონალობა რომ გასწიეს, ეს არ ადარდებთ. მაშინ მათ მხოლოდ ფეხბურთი აინტერესებდათ (იძულებული იყვნენ), ახლა – პოლიტიკა ფეხბურთში.

ვითომ, ფეხბურთის “სიყვარულით“ დახუჭეს თვალები 2007 წელს, არჩევნებში მონაწილეობის მსურველი მამუკა კვარაცხელია აეროპორტის ტრასაზე სასიკვდილოდ რომ გაიმეტეს და სასწაულით რომ გადარჩა?

ორიოდე ფხიზელი ჟურნალისტის გარდა, ლამის ყველამ აიტაცა, რომ უეფა ხელისუფლებას ჩარევაზე აფრთხილებდა. წერილი ნორმალურად ვერც წაიკითხეს, იქ სხვა რამ ეწერა. ახლა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უეფა არა სახელმწიფოს, არამედ, ფეხბურთის ფედერაციას აფრთხილებს, მისი სახელით ნუ ვაჭრობს, ბოდიშსაც არ იხდიან. აქცენტს ისევ სახელმწიფოს ჩარევაზე აკეთებენ. ეს აღარაა სიბრმავე, მათ ჯიბეში ჩასმაზე მეტყველებს.

კაცი 60 წლის ვხდები და მსგავსი უტიფრობა კომუნისტური პროპაგანდისგანაც იშვიათად მახსენდება. ეს ტაქტიკა გებელსისეულ სტრატეგიას უფრო ჰგავს – ხალხს რაც უფრო დიდ ტყუილს ეტყვი, უფრო ჯერა, რადგან იტყვიან, ასეთ ტყუილდ არ იკადრებენო. არადა, რას არ კადრულობენ!

როდესაც მხოლოდ ფეხბურთს “უყურებენ”, “დემოკრატიის” სახელით, მშობლებსაც გაყიდიან. ის კი ვერ გავიგე, დემოკრატია ჯიბესთან და ამ თავგასულ მატყუარებთან რატომ იგივდება.