ვახო კომახიძე: „რუსთავი 2“-ის ერთადერთი მიზანი იყო ეჩვენებინა, როგორ ხვდება პოლიციის გარეთ პოლიციის მიერ ფარულად გადაღებული კადრები

ვახო კომახიძე: „რუსთავი 2“-ის ერთადერთი მიზანი იყო ეჩვენებინა, როგორ ხვდება პოლიციის გარეთ პოლიციის მიერ ფარულად გადაღებული კადრები

რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „რუთავი 2“-ის მიერ გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია ადვოკატ ირმა ჭკადუას, მის თანმხლებ პირებსა და პატრულს შორის ქუჩაში მომხდარი ინციდენტი. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელებმა ადვოკატისგან ალკოტესტის ჩაბარებას მოითხოვეს. მასალა პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ბაბუნაშვილმა გადაიღო.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ბაბუნაშვილმა ის ჯერ სააგენტო „თაიმერ“-ს გადასცა. სააგენტომ კი თავის მხრივ, ტელეკომპანიას მიაწოდა. ადვოკატმა ირმა ჭკადუამ „არჩევანში“ განაცხადა, რომ პატრულმა თავად მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება იმ ფაქტით, რომ იგი 500 მეტრის რადიუსში 3-ჯერ გააჩერა და ალკოტესტის გაკეთება მოსთხოვა, რამაც მისი შვილისა და ნათესავების გაღიზიანება გამოიწვია.

„რუსთავი 2“-მა იმავე გადაცემაში დაპირებული სკანდალური კადრებიც გადასცა, სადაც ნაჩვენებია როგორ სარგებლობენ შსს მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვა დაახლოებული პირები ე.წ. „ნარუშილოვკებით“. როგორც ირკვევა, „ნარუშილოვკის“ ანუ დარღვევის ბარათის გამოყენება მის მფლობელს მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ის სპეცოპერაციაზე მიდის. როგორც გიორგი გაბუნია კადრების ჩვენებისას განმარტავს, ვიდეომასალაში ნაჩვენებია შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას ძმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის მაღალჩინოსანი და ყოფილი ხელისუფლების საქმეების პროკურორი ნათია მეზვრიშვილი და სხვა პირები.

რამდენად შეესაბამება ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული მასალის ჩვენება ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს, არის თუ არა ეს ადამიანის ცხოვრებაში უხეში ჩარევა და მისი უფლებების დარღვევა თუ ეს იყო კერძო ტელეკომპანიის უფლება, გაევრცელებინა ექსკლუზიური მასალა, რომლის მოპოვებაც მან შეძლო.

ჟურნალისტი ვახო კომახიძე თვლის, რომ გავრცელებული კადრები ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეში შემთხვევაა. რადგან არსებობს იმის ვალდებულება, რომ ადამიანს როდესაც იღებ ფარული კამერით, ის წინასწარ უნდა იყოს ამის შესახებ გაფრთხილებული.

„როდესაც ადამიანს იღებ ფარული კამერით, ის გაფრთხილებული უნდა იყოს ამის შესახებ, რადგან ეს არის ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა. ვინ გადაიღო, ამ შემთხვევაში სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს. ფარული კადრებით იღებენ ორ შემთხვევაში. პირველი-როდესაც ეს არის ოპერატიული მასალა და არ ხდება მისი გასაჯაროება და მეორე - შეიძლება ეს იყო ფარული გადაღება, რომელსაც ამ შემთხვევაში პატრული ახორციელებს. ადამიანი ამ შემთხვევაში გაფრთხილებული უნდა იყოს. ევროპაში ასეა. როდესაც მაღაზიაში უღებ ადამიანს, წინასწარ აფრთხილებ, რომ არის ფარული კამერა და მოიქცეს შესაბამისად“, - აღნიშნავს ჟურნალისტი და აცხადებს, რომ არ შეიძლება სახელმწიფო ასე მოექცეს ადამიანს, რადგან კრიტიკულ სიტუაციაში მან შეიძლება სხვაგვარად იმოქმედოს და შემდეგ ამ ყველაფრის ტელევიზიით ჩვენება, ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევაა.

„არის რაღაცეები, როდესაც არ შეიძლება საზოგადოებამ უყუროს, ადამიანები როგორ იქცევიან. ამ შემთხვევაში ირმა (ადვოკატი ირმა ჭკადუა) იყო სტრესულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და არ იყო საჭირო მთელ სამყაროს დაენახა ეს. სტრესულ მდგომარეობაში ადამიანები არ გამოიყურბიან ნორმალურდ. ეს არის უღირსი ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში“, - აღნიშნავს ჟურნალისტი For.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება ვალდებულებებს და მოვალეობებს, ვახო კომახიძის აზრით, პოლიცია, ერთის მხრივ ვალდებულია, ასეთი ფარული ჩანაწერები არ გახადოს საჯარო და მეორე - ტელევიზიამ ალბათ უნდა იკვლიოს, როგორ ხდება ასეთი არასაჯარო ინფორმაციის გასაჯაროება სწორედ პოლიციის მიერ.

„ამ კადრებში სახეები დაფარული უნდა ყოფილიყო. „რუსთავი 2“-ს უნდა გამოეკვლია, როგორ დაუშვა პოლიციამ ამ კადრების გასაჯაროება და მან კი პირიქით, გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის ერთადერთი მიზანი იყო ეჩვენებინა, პოლიციის მიერ ფარულად გადაღებული როგორ კადრები ხვდება პოლიციის გარეთ“, - აცხადებს ჟურნალისტი.

„ბიზნესრეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ზვიად შვანგირაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციები მუდმივად ხვდება ტელეკომპანიის ხელში, რაც საზოგადებაში უარყოფითი ფონის შექმნას ემსახურება.

„საქმე ის არის, რომ „რუსთავი 2“ ყოველთვის აღმოჩნდება ზუსტად იმ მომენტში და ზუსტად იქ, სადაც თითქოს არავინ ელოდება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი ინფორმაცია მათ წინასწარ აქვთ და ჩასაფრებულები არიან, მის გავრცელებას შეუწყონ ხელი. ასე იყო, თუ გვახსოვს კახეთის რთველის და ვენახის გაჩეხვის ამბები, ტელეკომპანია მაშინაც ზუსტად იქ აღმოჩნდა. არ ვიცი, მათ რა ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ინფორმაციები მუდმივად ხვდება ამ ტელეკომპანიის ხელში. ეწევა ამ ფაქტების ცუდი გაგებით „პრომოუშენს“ და საზოგადოებაში უარყოფითი ფონის გაჩენას“, - აღნიშნავს ზვიად შვანგირაძე და აცხადებს, რომ ჟურნალისტები ობიექტურად უნდა მუშაობდნენ და ასე არ უნდა იყვნენ ჩასაფრებული, არ უნდა მოხდეს დესტრუქციული განწყობის დანერგვა საზოგადოებაში.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ სხვა ხელისუფლება გახლდათ ქვეყნის სათავეში, მსგავს რაღაცეებს „რუსთავი 2“ არ აკეთებდა. არც მსგავსი ფაქტები ქვეყნდებოდა და არც მსგავსი ჟურნალისტური გამოძიებები ხდებოდა. გამოდის, რომ ახლა ტელეკომპანია ნებსით თუ უნებლიედ არის მხარე.

უდანაშაულობის პრეზუმპცია და ადამიანის უფლებები პირველი უნდა იყოს და სწორედ ამას უნდა მიაქციოს ჟურნალისტმა ყურადღება, როდესაც ჯერ კიდევ არაფერია გამოკვლეული და ბრალეულობა არ არის დადგენილი, ჟურნალისტები ამ ეთიკით ვმუშაობთ და ასე ვმუშაობდით ყოველთვის. წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა სამართალდამცავებზე და პატრულზე დადებითი ინფორმაციის გავრცელება, ახლა ვრცელდება კადრები, როგორ ხდება პოლიციის დისკრედიტაცია და დესტრუქციული ქმედება, რომ ქვეყანში არის ცუდი ფონი, მომძლავრებულია კრიმინალური ფონი და მოშვებულია ჭანჭიკები, ხდება იმ ინფორმაციის გაშუქება, როდესაც ან მოქალაქე ან პატრული ამეტებს უფლებამოსილებას. დესტრქუციული განწყობის ჩამოყალიბება საზოგადოებაში არ უნდა ხდებოდეს“, - აცხადებს „ბიზნესრეზონანსის“ მთავარი რედაქტორი.

ჟურნალ „თბილისელების“ პოლიტიკის რედაქტორის, ნინო ხაჩიძის განცხადებით, ადვოკატ ირმა ჭკადუას და პატრულს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ გავრცელებულ კადრებს არანაირი დანიშნულება და ღირებულება არ ჰქონდა.

„არაფერი განსაკუთრებული ამ კადრებში არ ხდება. მეც გავუჩერებივარ პატრულს, არ მომწონს, რა თქმა უნდა, ჩაბერვის პროცედურა, რადგან ვფიქრობდი, რომ არ ვარღვევდი მოძრაობის წესებს და რატომ უნდა გავეჩერებინე, მაგრამ ისინი უზრდელად არ გექცევიან.

„რუსთავი 2“-ის გემოვნებაზეა დამოკიდებულებული, რას გაავრცელებს ან რა დანიშნულება და რა ღირებულება ექნება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის მიუხედავად, დაირღვა თუ არა ამ ადამიანის უფლებები. თუ იქნებოდა ეს ღირებული კადრები, შეიძლება უარი გეთქვა ჟურნალისტურ ეთიკაზე და საზოგადოებისთვის მიგეწოდებინა ეს კადრები, მაგრამ ამ ჩანაწერში არაფერი არ არის ისეთი, რომელიც ღირდეს იმ ადამიანების უფლებების დარღვევად, რომლებიც ჩანან იმ კადრში“, - აღნიშნავს ჟურნალისტი For.ge-სთან საუბარში.

როგორც ნინო ხაჩიძემ განაცხადა, მას აინტერესებს, როგორ მოხვდა ეს ფარული ჩანაწერი მედიის ხელში.

„ჟურნლისტები ვართ და პირად საუბრებშიც მოგვისმენია, მათი თანამშრომლები როგორ ყვებოდნენ თუ როგორ იწერდნენ ერთ რესპოდენტს და შემდეგ მის კომენტარს ადებდნენ სხვა რესპოდენტს, იმიტომ, რომ იმ საკითხისადმი დადებითი დამოკიდებულება მიეღოთ...“, - აცხადებს ჟურნალისტი.