მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე მთავარი სასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს 11:00 საათზე დაინიშნა. დღეს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენის სარჩელზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. თუმცა, პროცესს არ ესწრებოდა თავად „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ტელეკომანიის მთავარი იურისტი.
გვარამიამ სასამართლოს წერილობით წარუდგინა შუამდგომლობა, რომლის საფუძველზე სასამართლო სხდომის 19 ოქტომბრამდე გადადება მოითხოვა. მიზეზი კი ტელეკომპანიის ადვოკატის ვენაში გამგაზვრება გახდა, რომელიც საქართველოში 19 ოქტომბერს დაბრუნდება. რაც შეეხება თავად გვარამიას, მისივე შუამდგომლობით ირკვევა, რომ ის რაიონებში გადის და თბილისში არ იქნება, თუმცა წარმოდგენილ შუამდგომლობას თან არ ერთვოდა შესაბამისი მტკიცებულება.
ერთი სიტყვით, „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განმარტა:
„წარმოდგენილ შუამდგომლობას არ ერთვის ბატონი ნიკა გვარამიას მივლინების შესახებ დოკუმენტი, რაც ადასტურებს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. შუამდგომლობა, რომელიც წარმოდგენილია ბატონი ნიკა გვარამიას მიერ, წარმოდგენილია საპროცესო ნორმების დარღვევით. კერძოდ, მას თან ერთვის არასახელმწიფო ენაზე წარმოებული გარკვეული დოკუმენტი, საქართველოში სამართალწარმება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე და ეს არის ქართული ენა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული შუადგომლობა არის უსაფუძვლო.
გარდა ამისა, მე ვხედავ, რომ მხარეს სურს სასამართლო თავის რეჟიმში ამყოფოს, როცა მას აქვს საშუალება მაშინ იქნას სხდომები ჩანიშნული. სასამართლოს აქვს თავისი დღის წესრიგი. შესაბამისად, მხარეებს უნდა ჰქონდეთ იმის მოტივაცია, რომ დაესწრონ სასამართლო პროცესებს“, - განაცხადა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ.
ამის შემდეგ მოპასუხე მხარემ და კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ამის არგუმენტად კი 30 სექტემბერს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის საფუძველზე ტელეკომპანია „საქართველოს“ 100%-იანი წილი დააყადაღეს.
მოპასუხეები თავის შუამდგომლობას იმით ასაბუთებენ, რომ მოსამართლემ მოკლე ვადაში დააკმაყოფილა ხალვაშის დაცვის მხარის განცხადება ტელეკომპანია „საქართველოს“ წილების გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ნაწილშიც სასამართლოს მხრიდან არანაიარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ იმსჯელოს ამ საკითხებზე, რაც გაკეთდა კიდევაც. შესაბამისად, მოსამართლემ არც თვითაცილების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობიდან მოსამართლემ მხოლოდ ორი დააკმაყოფილა. კერძოდ, „რუსთავი 2“-ის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, შოთა ივანაშვილს დაკითხავს, რომელმაც 2005-2006 წელს „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშის წილები დაითვალა და შეაფასა.
როგორც „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, აუდიტორული დასკვნა, რომელიც შოთა ივანაშვილმა მოამზადა, არის მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტი და ეხება ბუღალტრულ გაანგარიშებებს, ექსპერტის დაკითხვა კი სასამართლოში საჭიროა რათა მხარეებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ თავად ექსპერტისაგან.
გარდა ამისა, მოპასუხე მხარემ ექსპერტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. კერძოდ, მოპასუხე მხარემ მოითხოვა მოსარჩელე მხარეს დაევალოს წარმოადგინოს ყველა ის მტკიცებულება და დოკუმენტი, რაც ექსპერტიზას საფუძვლად დაედო. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მოსარჩელე მხარეს დოკუმენტაციის სასამართლოში წარსადგენად გონივრული ვადად 6 ოქტომბერი განესაზღვრა. ასევე, მოპასუხე მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები 7 ოქტომბერს უნდა გადაეცეს და 7 ოქტომბრიდან გონივრულ ვადად ერთი კვირა განისაზღვრა.
მოპასუხე მხარის ამ შუამდგომლობას სასამართლო პროცესზე შეეწინააღმდეგა ხალვაშის ადვოკატი. პაატა სალიას განცხადებით, ექსპერტის შოთა ივანაშვილის მიერ მომზადებული დასკვნა ადასტურებს, რომ ხალვაშის მიმართ „რუსთავი 2“-ის წილების დათმობა იძულებით და ამორალური გზით მოხდა. მისივე თქმით, დასკვნა დაადასტურებს, რომ არ შეიძლება ადამიანი, თუ ის იძულების ქვეშ არ იმყოფება წილებს, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონია, ყიდდეს რამდენიმე ათასად. სალიას თქმით, მათ სარჩელს საფუძვლად უდევს, რომ ეს იყო იძულებით დადებული გარიგება.
„მოპასუხე მხარისთვის ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა ცნობილი არ არის და მან მოითხოვა სასამართლოში აღნიშნული ექსპერტის დაკითხვა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოპასუხე მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. ყველა შუამდგომლობა, რომელიც დღეს მოპასუხე მხარემ დააყენა მიმართულია, რომ მოხდეს დავის გაჭიანურება და სასამართლოს დასჭირდეს რაც შეიძლება დიდი დრო გადაწყვეტილების მისაღებად.
ასეთივე მცდელობად მივიჩნიეთ ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი პირის სასამართლოში წარდგენა. დასკვნა სულ სხვა რამეს ადასტურებს. მხარე არ იცნობს 2001 წელს „რუსთავი 2“ - ის წილების ღირებულებაზე მომზადებულ დასკვნებს და შესაბამისად, როგორ შეიძლება ლოგიკური შეკითხვები გქონდეს ექსპერტთან? ამის საფუძველზე მივიჩნიეთ, რომ ექსპერტის დაკითხვა პროცესის გაჭიანურების მიზნით მოითხოვა მოპასუხე მხარემ“, - აცხადებს პაატა სალია.
ქიბარ ხალვაშის კიდევ ერთი ადვოკატის, კახა მჭედლიშვილის განცხადებით, წესით „რუსთავი 2“-ის ინტერესში უნდა შედიოდეს რაც შეიძლება მალე დამთავრდეს სასამართლო დავა, რადგან მათი ქონება არის დააყადაღებული. ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიის მიზანია პროცესის ხელოვნურად გაწელვა, რადგან მათი სამართლებრივი პოზიციები სუსტია.
„წარმოუდგენელია ამხელა კომპანია, როგორც არის „რუსთავი 2“ ვერ ახერხებს წარმომადგენლის გამოშვებას ასეთ რეზონანსულ საქმეზე. წესით, მათ ინტერესში უნდა შედიოდეს რაც შეიძება მალე დამთავრდეს ეს დავა, იმიტომ, რომ მათი ქონება არის დაყადაღებული, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი ხელოვნურად წელავენ ამ პროცესს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებებს, რომ ჩვენი იურიდიული კომპანია გერმანიიდან ვახერხებთ პროცესებზე სიარულს, „რუსთავი 2“-ს უნდა ჰქოდეთ იმის საშუალება, რომ მოვიდნენ სასამართლოზე.
სრულიად მიუღებელია სხდომის წინა საღამოს ასეთი განცხადების გაკეთება, რომ მათი ერთი წარმომადგენელი სადღაც რაიონშია წაული, მეორე უცხოეთში წავიდა. მათი მიზანია პროცესის ხელოვნურად გაწელვა, მსხვერპლის როლში უნდათ იყვნენ. რადგან, მათი სამართლებლივი პოზიციები სუსტია, ცდილობენ სკანდალებით და პოლიტიკური ზეწოლით რაღაცა შედეგებს მიაღწიონ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახა მჭედლიშვილმა.
„მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დღევანდელი სხდომის განმავლობაში მოპასუხე მხარის 10 შუამდგომლობიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა, რაც მის მიკერძოებულობაზე მიუთითებს“, - ეს განცხადება სასამართლოს დასრულების შემდეგ „რუსთავი 2“ -ის ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა, რომლის განცხადებით, მოსამართლე ურთმელიძემ, სავარაუდოდ თავი ვერ აარიდა ექსპერტის დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
„ექსპერეტი ივანაშვილი უნდა დაიკითხოს მთავარ სხდომაზე, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ე.წ. ქიბარ ხალვაში, რომ „რუსთავი 2“ ჩაიგდოს ხელში. ეს დაკითხვა უნდა შედგეს 19 ოქტომბერს. ერთ-ერთი მთავარი შუამდგომლობა, რომელიც სწორედ მოსამართლე ურთმელიძის აცილებას ეხებოდა, მან არ დააკმაყოფილა.
30 სექტემბერის შემდეგ როდესაც მან ტელეკომპანია საქართველოს 100%-იანი წილი დააყადაღა, არა თუ ეჭვი გვაქვს რომ მიკერძოებულია, არამედ ცალსახად ვართ დარწმუნებული რომ ის არის ორკესტრირებული ძალისხმევის ნაწილი, რათა ხელისუფლებამ ხელში ჩაიგდოს „რუსთავი 2“. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.