საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამაზ დიასამიძე, თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ისტორიულ ტაოში 4 ქართული ძეგლის აღდგენის სანაცვლოდ, ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებას და დანარჩენ საქართველოში გარკვეული მუსულმანური საკულტო ნაგებობების აღდგენას ითვალისწინებს, საჯაროდ აფიქსირებს თავის პოზიციას.
ამ თემაზე ”ობიექტივი.ნეტ” თამაზ დიასამიძეს პარლამენტში შეხვდა და ესაუბრა.
ბატონო თამაზ, როგორია თქვენი პოზიცია, თურქეთ-საქართველო ხელშეკრულებასთან მიმართებაში?
თამაზ დიასამიძე: ჩვენი ძეგლების აღდგენისკენ სწრაფვა და ის, რომ ამისთვის ქართული სახელმწიფო შესაბამისი თანხის გამოძებნის მზაობას გამოხატავს, მისასალმებელია, მაგრამ ქართულმა მხარემ თავი ძალიან უხერხულ და წამგებიან მდგომარეობაში ჩაიგდო - ეს იმდენად ცუდი ნაცვალგების საფუძველზე ხდება, რომ ხელშეკრულების ამგვარი ფორმით ხელმოწერა, ქართული პოლიტიკისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს.
მედიასაშუალებებით გასული ინფორმაციის მიხედვით, ქართული მხარის მიერ ხელმოწერილი საოქმო შეთანხმების ტექსტი, თურქულ მხარეს ხელმოსაწერად გადაეგზავნა. ამგვარ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის საკმარისი დრო რა ხანია გავიდა და თურქული მხარის ხელმოწერა ჯერ არ ჩანს. ამ საოქმო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები საყოველთაოდაა ცნობილი, რომელშიც ქართული მხარისთვის ყველაზე მძიმედ შესასრულებელი აზიზიეს მეჩეთის თავიდან აშენება და მეჩეთად ამოქმედებაა.
აი, ამ მეჩეთის ხელახლა აშენების ინიციატორად თურქეთის სახელმწიფოს გამოსვლა ჩვენი საზოგადოებისთვის მძიმედ აღსაქმელია, რადგან ამ ხელშეკრულების მიხედვით, ისტორიულ ტაოში ჩვენი ძეგლები უნდა აღვადგინოთ, ხოლო თურქეთის სახელმწიფო ახლის აშენებას ითხოვს. ქართული მხარე მოქმედი მეჩეთის აგებას რატომღაც არ განიხილავს ისე, რომ ეს იმ მოსახლეობის გადასაწყვეტია, რომელიც მოცემულ რეგიონში, ქალაქში ცხოვრობს; 2004 წელს ამ მოსახლეობაზე დაყრდნობით მშვიდობიანად, უსისხლოდ მოხდა ამ რეგიონში მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი ოლიგარქიის მოშორება. ახლა კი მოსახლეობას აღარაფერს ეკითხებიან, გამოაცხადეს სახელმწიფომ გადაწყვიტაო და მორჩა! თუმცა, გასაკვირი ეს აღარ არის, მაშინ, როცა ამ საკითხზე იგნონირებას უკეთებენ საქართველოს საპატრიარქოს, რომელმაც ამაზე თავისი ავტორიტეტული და წონადი აზრი რამდენჯერმე გამოთქვა.
ცხადია, საკითხავია, ვინ არის სახელმწიფო? სახელმწიფო და მთავრობა არის თუ არა ხალხის, მოცემული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი?! სახელმწიფომ რომ გადაწყვიტა, თვითმართველი ერთეულის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებულ მოსახლეობას ხომ უნდა ჰკითხო, სჭირდება თუ არა ახალი მეჩეთის მშენებლობა. რატომ უნდა აიგოს თურქეთის მხარის მოთხოვნით ის მეჩეთი, რომელსაც ადგილობრივი, ბათუმის მოსახლეობა არ ითხოვს და არ სჭირდება?! ბათუმში არის ორთაჯამეს სახელით ცნობილი მეჩეთი, რომელიც არავის დაუნგრევია, მოქმედებდა, მოქმედებს, 1992 წელს მინარეთიც მიუშენდა და ადგილობრივი მოსახლეობის რელიგიურ მოთხოვნილებებს სავსებით აკმაყოფილებს.
ითქვა ისიც, რომ აზიზიეს მეჩეთში ისლამის ცენტრი შეიძლება გაკეთდეს და არ იყოს მოქმედი მეჩეთი. ორივე შემთხვევაში ეს იმ სოციუმმა უნდა გააკეთოს, რომელსაც ამის მოთხოვნილება აქვს. თურქეთის სახელმწიფო რატომ გამოდის მისი გახსნის ინიციატივით?! ეს არ არის თურქეთის სახელმწიფოს, მათი მთავრობის საქმე. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბათუმის მოსახლეობის გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას მეჩეთის აგება არ უნდა. ვისთვის აშენებენ ამ მეჩეთს, მე არ მესმის.
რა უნდა გაეკეთებინა ქართულ მხარეს, იმისთვის, რომ არ ყოფილიყო წამგებიან მდგომარეობაში?
- თავიდანვე, 2005 წლიდან ქართულმა მხარემ თურქეთის მთავრობასთან ტაო–კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე მოლაპარაკებისას პასიური პოზიცია დაიჭირა. ჩვენს მხარეს წინა პლანზე არ წამოუწევია უკვე გაწეული საქმიანობა, აჭარაში ოსმალების ბატონობის დროს აშენებული, მუსულმანური საკულტო ძეგლების აღდგენასთან, მშენებლობასთან და მზრუნველობასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ ისეთი კუთხით არ წარმართა მოლაპარაკებები, რომ ”რის გაკეთებასაც თქვენ ითხოვთ, ჩვენს მხარეს, ჩვენს ტერიტორიაზე, სანაცვლოდ, იმაზე ათჯერ მეტი აქვს გაკეთებული, მუსულმანური საკულტო ძეგლების აღდგენის თვალსაზრისითო”, რომელიც ჩვენი ისტორიისა და ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.
1990 წლიდან 2004 წლამდე აჭარაში 75-მდე ახალი მეჩეთი აიგო, თითქმის ამდენივე გარემონტდა და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას მინარეთები მიუშენდა. მანამდე აჭარაში მხოლოდ თითო - ოროლა მეჩეთს თუ ჰქონდა მინარეთი. მუსულმანური საკულტო ნაგებობების გარემონტება, აშენება იმ პერიოდში მოხდა, როცა საქართველოს მთავრობა აჭარის ტერიტორიაზე საკმარისად ვერ ახორციელებდა სახელმწიფო კონტროლს და ასლან აბაშიძე თავს უფლებას აძლევდა სახელმწიფოსგან განკერძოებული, პროისლამური პოლიტიკა გაეტარებინა. მაშინ დაუბრკოლებლად სრულდებოდა წინადადებები, რომელიც თურქეთის მხრიდან არაოფიციალურად მოდიოდა, ამა თუ იმ მეჩეთის აღდგენასთან დაკავშირებით.
ფული აჭარაში "ქველმოქმედ" ისლამისტ მისიონერებს შემოჰქონდათ და ამ ფულის "ჩამოწერის" პროცესი მიმდინარეობდა, რომელშიც ანგარებითი მიზნით ხელისუფლების ჩინოსნებიც იყვნენ ჩაბმულნი. ამდენი მოქმედი სალოცავი მუსლიმან მრეველს, არც სჭირდებოდა. აბაშიძე ამგვარ პოლიტიკას შეგნებულად ახორციელებდა, რადგან იმედოვნებდა, რომ შიდა სახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ჭიდაობაში აჭარის მორწმუნე მუსულმანების მხარდაჭერა და მეზობელი თურქეთის მხრიდან საიმედო ზურგი ექნებოდა. ეს ისტორიული ეპიზოდი არაფრით არ აკნინებს ქართული მხარის მიერ თავის ტერიტორიაზე გაწეული საქმიანობის სადღეისო პოლიტიკურ მნიშვნელობას.
მოლაპარაკებები კი ქართულმა მხარემ დაიწყო და წარმართა ”ცარიელი ფურცლიდან”, რადგან დღევანდელი სახელმწიფო პოლიტიკის მესვეურები წელთაღრიცხვას, როგორც პოლიტიკაში, ისე, კულტურაში, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, 2003–2004 წლიდან იწყებენ.
ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომხრეები ამბობენ, რომ ეს არანაირ ხიფათს არ შეიცავს, კიდევ ერთი მეჩეთის აშენება არაფერს დააშავებსო.
- ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენება არ არის რიგითი მეჩეთის აშენება, ეს დიდი პოლიტიკის საკითხია. ხის, რვაფერდიანი, ორსართულიანი მეჩეთი, რომელიც 1868 წელს აშენდა და აქ დისლოცირებულ ოსმალურ სამხედრო გარნიზონს ემსახურებოდა, განსაკუთრებულ შემოქმედებით ღირებულებას არ წარმოადგენდა. ეს მეჩეთი 1940 წელს ელგაყვანილობის გაუმართაობის გამო დაიწვა.
სპეციალისტების შეფასებით, ნიკა ვაჩეიშვილის მხრიდან გადაჭარბებულია იმის მტკიცება, რომ შინაგანად და გარეგნულად ეს იყო კულტურის შესანიშნავი ძეგლი, რომ მის ”მსგავს სილამაზეს ვერსად ნახავთ”.
აზიზიეს მეჩეთი ქართულ მხარეს სპეციალურად არ დაუწვავს და ამ მხრივ თურქეთის მხარის პოზიცია დაახლოებით იგივეა, ჩვენმა მხარემ ოპიზის, ტბეთისა და ანჩის ეკლესიების თავიდან აშენება რომ მოითხოვოს, რომლებიც სამოციან წლებში გაგვინადგურეს. აქედან ტბეთისა და ანჩის ეკლესიები ბოროტგანზრახვით, პოლიტიკური და რელიგიური მოტივით ააფეთქეს და ოპიზა კი ავტობანის გაყვანას შეეწირა. ქართულ მხარეს შეეძლო ამ საკითხებზეც ემსჯელა და თავი დამთმობლურ და წამგებიან პოზიციაში არ ჩაეყენებინა, მაგრამ ეს ასე არ გააკეთეს.
მოგეხსენებათ, ისლამური საკულტო ნაგებობების უმრავლესობა აჭარაშია კონცენტრირებული. მათ რესტავრაციასთან და აღდგენასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი აქ გაკეთდა და ახლა ყველაზე მძიმე მოთხოვნას აჭარის რეგიონში აყენებენ. თურქეთის მხრიდან ამ გეგმის უკან მდგომ ხალხს ბათუმი უკვე ისლამის ცენტრად აქვთ მოაზრებული. აი, ამას ამოიკითხავ მათ განზრახვაში, რისი ხელშეწყობაც ქვეყნისთვის გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს.
თურქეთის სახელმწიფო უზარმაზარი ტემპით ვითარდება, ეკონომიკურად აწყვეტილია, მზარდი მადა და თურანისტული იდეები აქვს. არ ვიტყოდი, რომ ისლამისტური და ძალიან სახიფათო სახელმწიფო გახდა, მაგრამ მისი დღევანდელი მმართველი პოლიტიკური კლასის საქმიანობასა და მენტალიტეტში ისლამი სერიოზულ როლს თამაშობს. ამ ძლიერ სახელმწიფოსთან ასეთმა უპრინციპო პოლიტიკამ და დათმობამ, დომინოს პრინციპს შეიძლება გზა გაუხსნას და ამ რეგიონში ძალიან წაახალისოს ისლამისტური ტენდენციები, თურქეთის მხრიდან, რომ იქნება გამოკვებილი. ამიტომაა ასეთ დათმობაზე წასვლა სახიფათო. მით უმეტეს, როცა არსებობს სხვა გზაც.
თვალშისაცემია თურქეთის სახელმწიფოს ფინანსური გავლენა ჩვენს სახელმწიფოზე და განსაკუთრებით აჭარის რეგიონზე; ეკონომიკური ექსპანსია ძალიან ძლიერი და დამაფიქრებელია, რადგან ერთი მხრიდან წამოსული ინვესტიციები სხვა ქვეყნის ინვესტიციებით დაბალანსებული არ არის. ინვესტიციების 70% თურქეთზე მოდის. იქაურ ბიზნესმენებს სესხი იმ პირობით გამოეყოფათ, რომ თანხა ბათუმსა და მის შემოგარენში დააბანდონ. ვიმეორებ, თურქეთი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძალიან მზარდი ქვეყანაა და რაღაც განზრახვები პოლიტიკაში სამომავლოდ ცხადია, ექნება და ჩვენმა მხარემ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
თქვენი აზრით, საერთოდ რატომ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთში ქართული ძეგლების აღდგენაზე მოლაპარაკების განახლება?
- წინ არჩევნებია და ცდილობენ მოსახლეობის თვალში კარგად წარმოჩნდნენ, რაც ცუდი არ არის - ნებისმიერი მმართველი ელიტა ცდილობს კულტურის, ეკონომიკის და პოლიტიკის ხაზით კარგი სახელის მოპოვებას, მაგრამ დღევანდელი მმართველი ძალა, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ამისთვის ძალიან დიდ მსხვერპლს იღებს. ამ ძეგლების აღდგენას აქტიურად ის ხალხი ლობისტობს, ვინც იქ სხვადასხვა სახის აღდგენითი სამუშაოები უნდა შეასრულოს.
საკითხის ინიციატორთა წინასწარი გათვლით, ოთხივე ქართული ძეგლის აღდგენა სამ, ან სამწელიწადნახევარში უნდა მოესწროს (გავიხსენოთ ბაგრატის დაუსრულებელი აღდგენითი სამუშაოები!). ოცამდე მილიონ დოლარზეა საუბარი და ბევრი საეჭვო რამ იკითხება. კულტურის სამინისტროს, მის სპეციალისტებსა და მრჩევლებს ასეთი გათვლა აქვთ - ”ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ნებისმიერი მსხვერპლი უნდა გავიღოთ”. რეალურად, არც ასეა საქმე და არც ისე ტრაგიკულად, რომ სადაცაა ის ძეგლები ჩამოიქცევა.
რის საფუძველზე ამბობთ ამას?
- იმის საფუძველზე, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენმა მხარემ თურქეთის მიერ წამოყენებულ პირობებზე თანხმობა განაცხადა, წინასწარ განზრახულობათა ოქმს ხელი მოაწერა და თურქეთში გაგზავნა, ისტორიულ ტაოში ორი ექსპედიცია გაგზავნა. ამზადებენ ძვირადღირებულ სატელევიზიო გადაცემებს, ფულს ხარჯავენ, რომ რაც შეიძლება დამაჯერებელი გახადონ ძეგლების სავალალო, ტრაგიკული და კატასტროფული მდგომარეობა. არადა, რეალურად, ათ და ოც ამნაირ ხელისუფლებას გაუძლებს ეს ძეგლები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოლაპარაკება არასწორი პოზიციით დაიწყეს და თავი რთულ ვითარებაში ჩაიგდეს.
ახლა უნდათ ხელმოწერა ამ ვარიანტით შედგეს და ისტორიაში ოშკის აღმდგენებად ჩაეწერონ. ის კი, რისი გაკეთებაც იგეგმება, ჩვენი სახელწმიფოსთვის გამოუსწორებელი შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს, მომავალი ურთიერთობებისთვის აღმოსავლეთთან, მათ შორის, თურქეთთან.
საქართველოს ფართო საზოგადოება არაერთმნიშვნელოვნად აღიქვამს ჩვენი მთავრობის დაჟინებულ პოზიციას, უკმაყოფილება დიდია. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუკი თურქეთის მხარე, როგორც მეზობელი და მეგობარი სახელმწიფო, გაითვალისწინებდა იმ ფაქტს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა–აღდგენის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკების შინაარსი და შესაძლო შეთანხმება ზიანს მიაყენებს საქართველოს საშინაო საქმეს და უარს იტყვის თავის, ჩვენი ქვეყნისათვის მიუღებელ მოთხოვნებზე.
რას გულისხმობთ სხვა გზაში, რაც ზემოთ ახსენეთ?
- ეს არის იუნესკოსთან გამწვავებული ურთიერთობის მოგვარება და საქმეში მისი ჩართვა. რადგან ვთვლით, რომ ეს კულტურის ძეგლები ჩვენი სიწმინდეები, ჩვენი ისტორიისა და კულტურის განუყრელი ნაწილი და ამავდროულად, მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურია, ჩვენ უფლება გვაქვს იუნესკოსთან საუბრისას თურქეთთან ერთად მხარედაც გამოვიდეთ. მოლაპარაკებები თურქეთთან ამ კუთხით უნდა წარიმართოს.