„რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია „საქართველოს“ წილები, კეზერაშვილთან ფიქტიური გარიგების მცდელობის გამო, დაყადაღებულია. როგორც ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, იგეგმებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია „საქართველოს“ გასხვისება. ძმები ყარამანიშვილების მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანზე წილების გადაცემა ორ მიზანს ისახავდა: პირველი - ტელეკომპანიის გარკვეული ვალდებულებებით დატვირთვას და მეორე - ქიბარ ხალვაშისთვის პრობლემების შექმნას.
ამასთან, პაატა სალიას განცხადებით, ქიბარ ხალვაში კიდევ ერთხელ საჯაროდ აფრთხილებს „რუსთავი 2“-ის ნომინალურ და რეალურ მფლობელებს, შეწყვიტონ არაკეთილსინდისიერი მეთოდებით ტელეკომპანიის მდგომარეობის დამძიმება, ტელეკომპანიის წილების ღირებულების მიზანმიმართული შემცირება და პოლიტიკური ნიშნით მანიპულირება. ადვოკატი დასძენს, რომ ქიბარ ხალვაშის მიზანს არ წარმოადგენს ტელეკომპანიისთვის ფინანსური პრობლემის შექმნა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
ყველა ამ თემაზე, „რეზონანსი“ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატს, პაატა სალიას ესაუბრა.
- რატომ მითხოვეთ „საქართველოს“ წილების დაყადაღება, რა იყოს ამის მიზეზი?
პაატა სალია: ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო ერთი მარტივი მიზეზით. ჩვენ გავიგეთ, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია „საქართველოს“ წილების გასხვისება. ვნახეთ ის დოკუმენტიც, რის საფუძველზე იგეგმებოდა ამ მოქმედების განხორციელება. საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულების თანახმად, ძმები ყარამანიშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია „საქართველოში“, რომელიც არანაირ საქმიანობას არ ეწევა, მათი 100%-იანი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანზე გადაცემას. ხელშეკრულებაში ასეთი განსაკუთრებული პირობა იდო, რომ დიმიტრი ჩიქოვანს, ანუ ფაქტობრივად დავით კეზერაშვილს უნდა განეხორციელებინა, დაახლოებით, 6 მლნ დოლარის დაბანდება „რუსთავი 2“-ში.
ყარამანიშვილების მიერ რეესტრში შეტანილი განცხადების დრო გახლდათ 29 სექტემბერი, 17.55 წუთი, ანუ ისინი ვარაუდობდნენ, რომ იმ დღესვე, ანუ საღამომდე დარეგისტრირებულიყო და ამ რეგისტრაციის შეჩერების არანაირი მექანიზმი არ ამოქმედებულიყო. საბედნიეროდ, საჯარო რეესტრმა დააფიქსირა, რომ მინდობილობაში გარკვეული ხარვეზი არსებობდა. მათ ეს მეორე დღესვე გამოასწორეს, მაგრამ ჩვენ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს და დაუყოვნებლივ მოვითხოვეთ ყადაღის დადება. სასამართლომ ეს დააკმაყოფილა, შემდეგ ჩვენ უკვე წარვადგინეთ სასამართლო განჩინება რეესტრში, რომელმაც დაარეგისტრირა ჩვენი ყადაღა. ამ ეტაპზე თავიდან არიდებულია „რუსთავი 2“-სთვის ფიქტიური გარიგებით, რამდენიმე მილიონიანი ფინანსური ვალდებულების დაკისრების საფრთხე.
- რა მიზანს ისახავდა წილის გასხვისება და 6 მლნ დოლარის დაბანდება?
პ.ს: ჩვენი აზრით, წილების გადაცემა ისახავდა ორ მიზანს: ერთი, რომ ვითომდა „კეთილსინდისიერმა შემძენმა“ შეიძინა ტელეკომპანია „საქართველოს“ წილები. მეორე და ჩვენი აზრით უმთავრესი - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დიმიტრი ჩიქოვანს (იგივე დავით კეზერაშვილს) უნდა განეხორციელებინა 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია. მიგვაჩნია, ეს გარიგება გამიზნული იყო იმისთვის, რომ გარკვეული ვალდებულებებით მომხდარიყო ტელეკომპანიის დატვირთვა. იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდებოდა კუთვნილი წილები, მომხდარიყო ტელეკომპანიისთვის ამ თანხების დაბრუნების მოთხოვნა და ქიბარ ხალვაშისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა.
გარდა ამისა, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ თუ „რუსთავი 2“-ს რეალურად დასჭირდებოდა დამატებითი ფინანსები, მას შეეძლო ეს დაესაბუთებინა და ჩვენ მზად ვიყავით შემხვედრი ნაბიჯები გადაგვედგა. ასეთი დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, ტელეკომპანიას უპრობლემოდ შეეძლო ამ რაოდენობით თანხა საბანკო დაწესებულებისთვის მოეთხოვა. ჩვენ არასდროს გვქონია და არც გვაქვს მიზანი, რომ ტელეკომპანიის მუშაობას ხელი შევუშალოთ. რეალურად არაფერი შეცვლილა ამ განჩინებით. ერთადერთი მიზანი აქ არის მცდელობა იმისა, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა გააკოტრონ ტელეკომპანია.
- ბოლო წლებში რა მანიპულაციები ხორციელდებოდა „რუსთავი 2“-ის წილების გადანაწილებასთან დაკავშირებით?
პ.ს: წლების განმავლობაში „რუსთავი 2“-ის წილების გადაფორმება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე არაერთხელ მოხდა, თუმცა, ძირითადად, ერთი და იგივე პირები ფიგურირებენ ამ პროცესში. რაც ყველაზე საინტერესოა, რეალურად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ თუნდაც რომელიმე მათგანმა რაიმე თანხა გადაიხადა ამ წილის ნასყიდობაში. ყველგან მითითებულია, რომ „თანხა უკვე გადახდილია“.
ეს მოხდა ქიბარ ხალვაშისთვის წილის იძულებით დათმობის შემდეგ. აქედან მოყოლებული ყველა ტრანზაქცია ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ყოფილიყო კეთილსინდისიერი შემძენების თემა. ჩვენ ვფიქრობთ და სასამართლოსაც წარვუდგინეთ მტკიცებულება, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოში იყო, შეეძლო ჰქონოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა წესებით მოხდა ხალვაშისთვის წილის ჩამორთმევა. ასევე ისიც, რომ ხალვაში მუდმივად ცდილობდა დარღვეული უფლებების აღდგენას და წილის დაბრუნებას.
ის, რაც უნდა მომხდარიყო, მცდელობაა იმის, რომ კიდევ უფრო გაართულონ ქიბარ ხალვაშისთვის „რუსთავი 2“-ის სამართლებრივი მექანიზმებით დაბრუნების შესაძლებლობა და დამატებითი ფინანსური პრობლემები შეუქმნან ტელეკომპანიას.
- გაქვთ თუ არა იმედი, რომ საბოლოო ჯამში სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს?
პ.ს: სამართლიანი მართლმსაჯულების იმედი ნამდვილად გვაქვს, სწორედ ამიტომ მივმართეთ სასამართლოს. თუკი მივიჩნევთ, რომ სასამართლო არ იყო სამართლიანი და დაირღვა ჩვენი უფლება, რა თქმა უნდა, შემდგომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელებთ ბრძოლას. ამ ეტაპზე კი, არ მიგვაჩნია, რომ სასამართლო პროცესში მონაწილე რომელიმე მხარის უფლებებს რაიმე ფორმით არღვევს.